ბს-742 (კ-24) 5 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. თ-იმა, მ. თ-იმა და ა. თ-იმა 04.08.2023წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელეებმა მოითხოვეს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.07.2023წ. №IDP 3 23 0001518 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, გ. თ-ის ოჯახის 2 (ორი) ოთახიანი ბინით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.2024წ. გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების მ. თ-ის, ა. თ-ის და მათი კანონიერი წარმომადგენლის - მამის - გ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.07.2023წ. №IDP 3 23 0001518 ბრძანება და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. თ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.01.2024წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. თ-ი და მისი არასრულწლოვანი შვილები მ. თ-ი და ა. თ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელია ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №29, ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №.... 28.09.2021წ. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №71869 განაცხადით მიმართა გ. თ-იმა და მეუღლესთან და შვილებთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 22.11.2021წ. მდგომარეობით გ. თ-ის ოჯახი შეფასდა 4.00 ქულით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 1994 წლის 1 იანვრიდან და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.50 ქულა, საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში - 1.50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები 2 არასრულწლოვანი 1.00 ქულა. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.07.2023წ. №IDP 3 23 00001518 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, გ. თ-ის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო (კერძოდ, სიდედრის სახლში ცხოვრების გამო).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მისი საჭიროებების პრიორიტეტულობის განსაზღვრა მითითებული ნორმატიული აქტით ამომწურავად არის განსაზღვრული და მის მიღმა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობის დადგენა არღვევს კანონიერების პრინციპს და სცდება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის უდავო გარემოებებზე, რომ მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და არ აქვს მიღებული ფულადი კომპენსაცია, ასევე, მის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება საცხოვრებელი სახლი/ბინა და საკუთრებაში აქვს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მითითება მოსარჩელის ოჯახის განსახლების აუცილებლობის არარსებობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ დროებით, სიდედრის ბინაში ცხოვრების ფაქტი არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მ. თ-ი და ა. თ-ი არიან არასრულწლოვნები და მიუთითა „ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე“, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად, ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას, ხოლო მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვნების - მ. თ-ის და ა. თ-ის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული და სათანადოდ დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სათანადოდ არ შეაფასა ოჯახის და მათ შორის ბავშვების საცხოვრებელი პირობები და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითებს, რომ გ. თ-ი წყალტუბოს რაიონში სოფ. ...ში ფლობს ორ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2021 წელს აქვს შეძენილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სააგენტო თავისი მტკიცების ფარგლებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების მითითებით დადასტურებულად მიიჩნევს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მიზეზს. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება სზაკ-ის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით სხდომის ჩატარება, ასევე არ იკვეთება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საჩივრის თანახმად, საქმის გარემოებების გამოსაკვლევად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა, რაც ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად. კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელე გ. თ-ი, არასრულწლოვნები - მ. თ-ი და ა. თ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. გ. თ-იმა 28.09.2021წ. მეუღლესთან - ს. მ-ესთან და შვილებთან ერთად №71869 განაცხადით მიმართა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ქ. ქუთაისი ...ს ქ. №29, ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №....
04.03.2022წ. მონიტორინგის ფორმის თანახმად, მისამართზე ქ. ქუთაისი ...ს ქუჩა №... იმყოფებოდა განმცხადებელი მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მან მონიტორინგის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მისამართზე ცხოვრობენ ბოლო 2 თვეა და ბინა ეკუთვნის მის სიდედრს. მანამდე ცხოვრობდნენ ამავე მისამართზე №84 ბინაში ქირით, რაც შეეხება საკუთრებას, განმარტა, რომ აქვს მხოლოდ მიწის ნაკვეთი და არ აქვს საცხოვრებელი.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 11.05.2011წ. მდგომარეობით, ქუთაისში, ...ს №..., ბინა №83-ში მდებარე 45.95 კვ.მ. უძრავი ქონება (ს.კ. ...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თინა ხ-ეის სახელზე.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, წყალტუბოს რაიონი, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2181 კვ.მ. და 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე, რეგისტრირებულია გ. თ-ის საკუთრების უფლება.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. №30 სხდომის ოქმის თანახმად, გ. თ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა სიდედრის საკუთრებაში ცხოვრების გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 04.07.2023წ. №IDP 3 23 0001518 ბრძანებით გ. თ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო 13.3 მუხლის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი 1-ს 2.ა მუხლის თანახმად, დევნილი ოჯახი განმარტებულია შემდეგნაირად − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, ამავე წესის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. თ-ი, მ. თ-ი და ა. თ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ექვემდებარებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. კრიტერიუმების მიხედვით დევნილი ოჯახი შეფასებულია 4.00 ქულით. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ გ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად აღრიცხულია მხოლოდ 2181 კვ.მ. და 700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ხოლო საცხოვრებელი სახლი/ბინა მას არ აქვს საკუთრებაში, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023წ. №30 სხდომის ოქმისა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 04.07.2023წ. №IDP 3 23 0001518 ბრძანების თანახმად, ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა სიდედრის საკუთრებაში ცხოვრების გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს უარი გ. თ-ის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) განსახლებაზე, სიდედრის საკუთრებაში ცხოვრების გამო. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 4 ქულიდან 1.5 ქულა მოსარჩელეებს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც დროებით, სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტს ადგენს. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინა, სადაც გ. თ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს წარმოადგენს თ. ხ-ეის საკუთრებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ადგენს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა, კასატორის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი და ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობას.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ გ. თ-ი განაცხადს მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად აკეთებს. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ამავე კანონის 5.3 მუხლის თანახმად კი ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვნების - მ. თ-ის და ა. თ-ის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული და სათანადოდ დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სათანადოდ არ შეაფასა ოჯახის და მათ შორის ბავშვების საცხოვრებელი პირობები და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე