საქმე #ბ-1608-10(ა-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა(ა)იპ ს...
მოწინააღმდეგე მხარე - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის #ბს-1048(კ-24) განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 1 მარტს ა(ა)იპ ს...მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2021 წლის 30 იანვრის #MES 9 21 0000044742 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოსათვის ა(ა)იპ ს...ს „ფსიქოლოგიის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
2022 წლის 18 ივლისის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2021 წლის 30 იანვრის #MES 1 21 0000044735 სხდომის ოქმის ა(ა)იპ ს...ს „ფსიქოლოგიის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის ხელახალი განხილვის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს...ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ს...მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ ს...ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ს...მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ ს...ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებაზე დარჩა განუხილველი
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ საფოსტო გზავნილის ჩაბარების ამსახველ შპს „სა...ს“ ელექტრონულ ამონაწერზე, რომელიც ადასტურებდა, რომ კასატორს - ა(ა)იპ ს...ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. #...) და 2024 წლის 14 აგვისტოს ჩაბარდა ამავე უნივერსიტეტის რექტორს - ვ. ა-ეს. საკასაციო სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე მიმღების მიერ გზავნილის ჩაბარება დადასტურებული იყო მისივე ხელმოწერით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის შემცველი გზავნილი ა(ა)იპ ს...ს მათ მიერვე მითითებულ მისამართზე 2024 წლის 14 აგვისტოს ჩაჰბარდა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2024 წლის 14 აგვისტოს, შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2024 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადა 2024 წლის 4 სექტემბერს, 24 საათზე ამოიწურა. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2024 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21-დღიანი ვადის დარღვევით.
2024 წლის 13 ნოემბერს ა(ა)იპ ს...მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქრომბრის #ბს-1048(კ-24) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, ა(ა)იპ ს...ს კანცელარიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება ჩაბარდა და დარეგისტრირდა 2024 წლის 19 აგვისტოს. დაწესებულების შესაბამისმა სამსახურმა დაიწყო საქმის შესწავლა და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება. განმცხადებლის განმარტებით, უნივერსიტეტმა ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 20 აგვისტოს და შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული 21-დღიანი ვადის დაცვით 2024 წლის 9 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელ. ფოსტაზე გააგზავნა საკასაციო საჩივარი. გზავნილის ჩაბარების თარიღის განსაზღვრისთვის, გამცხადებელმა წარმოადგინა ა(ა)იპ ს...ს კანცელარიის ბეჭდით აღრიცხული დოკუმენტის ასლი, რომლის რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2024 წლის 19 აგვისტო.
ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება უკანონოა და ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც მის მიერ მითითებული გარემოება ადასტურებს, რომ მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს შეტყობინება ჩაბარდა 2024 წლის 19 აგვისტოს. შესაბამისად, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლის მომენტად საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 15 აგვისტო არ უნდა მიეჩნია.
განმცხადებელი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს მისი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის #ბს-408(კ-24) განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას და მისი განხილვის შედეგად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ა(ა)იპ ს...ს განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის #ბს-1048(კ-24) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებას, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის #ბს-1048(კ-24) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ა(ა)იპ ს...ს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი განცხადებით ა(ა)იპ ს...ს მიერ მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის #ბს-1048(კ-24) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელი მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის განჩინება მას ჩაბარდა 2024 წლის 19 აგვისტოს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საკასაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს ამავე კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული 21-დღიანი ვადის დაცვით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადრესატისთვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ამავე დათქმის მიხედვით ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღნიშნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში დაცულ გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ კასატორს - ა(ა)იპ ს...ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. #...) და 2024 წლის 14 აგვისტოს ჩაბარდა ამავე უნივერსიტეტის რექტორს - ვ. ა-ეს. უნივერსიტეტის რექტორის - ვ. ა-ეის მიერ გზავნილის ჩაბარება დადასტურებულია მისივე ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) დეფინიციას. ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით რექტორის კომპეტენციის ფარგლები იმდენად ფართოა, რომ უდავოა მისი, როგორც ა(ა)იპ ს...ს წარმომადგენლის უფლებამოსილება სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, განმცხადებელმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს გზავნილის მათივე კანცელარიაში 2024 წლის 19 აგვისტოს რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტი უნივერსიტეტის კანცელარიაში დარეგისტრირდა 2024 წლის 19 აგვისტოს, ვერ აქარწყლებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარისთვის გაგზავნილი განჩინების შემცველი გზავნილი უნივერსიტეტის რექტორმა ჩაიბარა 2024 წლის 14 აგვისტოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ თავისსავე კანცელარიაში დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღს ვერ ექნება უპირატესი ძალა ფოსტის მიერ გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ ცვლის არსებულ სამართლებრივ სურათს.
ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დოკუმენტის უნივერსიტეტში რეგისტრაციის მომენტიდან, ვინაიდან საქმეში დაცულ მხარისათვის განჩინების შემცველი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 2024 წლის 14 აგვისტო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც უნივერსიტეტის კანცელარიის მიერ რეგისტრირებულია განსხვავებული თარიღით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისთვის არ არის განმსაზღვრელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ს...ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის #ბს-1048(კ-24) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ს...ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის #ბს-1048(კ-24) განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა