Facebook Twitter

საქმე Nბს-1152(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ს...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მესამე პირი - ნ. თ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 25 აგვისტოს შპს „ს...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2022 წლის 19 აპრილს ნ. თ-ემ მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ ქალაქ ქუთაისში, გ. და ვ. უ-ეების ... N...-ში (ს/კ ...) გაუსაძლისი მდგომარეობაა. ეზოს ტერიტორიაზე ...ს ქუჩის მაცხოვრებლების კანალიზაცია ჩამოედინება, რაც ქმნის ეკოლოგიურად საშიშ გარემოს. ნ. თ-ემ მოითხოვა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე შპს "ს...ისთვის" საკანალიზაციო არხის აღდგენის დავალდებულება. მითითებული კომპანიის წერილით ნ. თ-ეს განემარტა, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რადგან ქსელი თვითნებურად გააუქმა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, რომლის ტერიტორიაზეც გროვდება წყალი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 25.07.2022წ. N01/10-289 გადაწყვეტილებით ნ. თ-ეის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შპს „ს...ს“ დაევალა ნ. თ-ეის საცხოვრებელი კორპუსის (მის: ...ს ქუჩა, ჩიხი I, №...) მიმდებარედ არსებულ ნაკვეთზე გამავალი დაზიანებული წყალარინების ქსელის მოწესრიგება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სცადა დაზიანებული წყალანირების ქსელის აღდგენა, თუმცა უშედეგოდ, რადგან მეზობლად მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე (ს/კ ...) მის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარების წინააღმდეგია.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 25 ივლისის №01/10-28 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 აგვისტოს განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. თ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს...მ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით შპს „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 19 აპრილს ნ. თ-ემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითებდა, რომ ქალაქ ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის (მის: ...ს ქუჩა, ჩიხი I, №...) მიმდებარედ ჩამოედინებოდა ...ს ქუჩის მაცხოვრებლების წყალარინების დაზიანებული ქსელიდან გამომავალი ჩამდინარე წყალი, რაც ქმნიდა ანტისანიტარიასა და გაუსაძლის მდგომარეობას, შესაბამისად იგი ითხოვდა დაზიანებული წყალარინების ქსელის აღდგენას.

შპს „ს...ის“ 2022 წლის 13 მაისის №7579/1 წერილის თანახმად, განმცხადებლის საცხოვრებელ კორპუსთან მდებარეობს კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთი, რომელზეც გამავალი წყალარინების ქსელით კომპანია მომსახურებას უწევდა ...ს ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ამასთან, კერძო ნაკვეთის მესაკუთრემ თვითნებურად დააზიანა მის ტერიტორიაზე არსებული წყალარინების ქსელი, რის გამოც ...ს ქუჩაზე მცხოვრებთა ჩამდინარე წყალი გროვდება მესაკუთრის ნაკვეთზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 25 ივლისის №01/10-289 გადაწყვეტილებით ნ. თ-ეის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს „ს...ს“ დაევალა ნ. თ-ეის საცხოვრებელი კორპუსის (მის: ...ს ქუჩა, ჩიხი I, №...) მიმდებარედ არსებულ ნაკვეთზე გამავალი დაზიანებული წყალარინების ქსელის მოწესრიგება.

შპს „ს...მ“ 2023 წლის 17 აგვისტოს №16416/1 წერილით მიმართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ითხოვა ინფორმაცია ტექნიკურად შესაძლებელი იყო თუ არა ქსელის მოწესრიგება სხვა ალტერნატიული გზით ისე, რომ არ მოეცვათ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და არც სხვა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 სექტემბრის №5005858723 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ ხაზოვანი ნაგებობისთვის - საკანალიზაციო ქსელისათვის ახალი (ალტერნატიული) მიმართულების დადგენა და შესაბამისი დასაბუთება წარმოადგენდა ახალი პროექტის შედგენას, რის გამოც მოთხოვნილი ექსპერტიზა ვერ ჩატარდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, 29-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტსა და 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე. სააპელაციო პალატამ ასევე მოიხმო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 23-ე და 24-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ მხოლოდ მოსარჩელეა უფლებამოსილი აღადგინოს დაზიანებული წყალარინების ქსელი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით იმ შემთხვევაში, თუ წყალარინების ქსელის მოწყობა შეუძლებელია ისე, როგორც იყო დაერთებული მის ჩაჭრამდე, კომპანიამ ქსელის მოწესრიგება უნდა უზრუნველყოს სხვა, ალტერნატიული გზით.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აპელირება იმ საკითხზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ საქმეში დაცული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 სექტემბრის №5005858723 წერილით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხაზოვანი ნაგებობისთვის - საკანალიზაციო ქსელისათვის ახალი (ალტერნატიული) მიმართულების დადგენა და შესაბამისი დასაბუთება წარმოადგენს ახალი პროექტის შედგენას, რის გამოც ვერ ჩატარდა მოთხოვნილი ექსპერტიზა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ახალი პროექტის შედგენა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება სწორედ შპს “ს...ის" ვალდებულებაა, რაც მან არ განხორციელა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს...მ”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 25 ივლისის N01/10-289 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, კომპანია ეცადა კერძო პირის მიერ თვითნებურად დაზიანებული წყალანირების ქსელის აღდგენას, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ადგილზე გამოცხადდნენ კომპანიის წარმომადგენლები, რა დროსაც დადგინდა, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის ჭიშკარი ჩაკეტილია, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა და ეზოში შესვლა შეუძლებელია. ადგილზე დათვალიერებისას მაცხოვრებლებთან საუბრისას ასევე გამოირკვა, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე არ იმყოფება საქართველოში, ხოლო მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მესაკუთრე მის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარების წინააღმდეგია. კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, რადგან ალტერნატიული ქსელის მოწყობა შეუძლებელია, ვინაიდან მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე (ს/კ ...) შესაბამისი სამუშაოების ჩატარების წინააღმდეგია. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 25 ივლისის №01/10-289 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს...ს“ დაევალა ნ. თ-ეის საცხოვრებელი კორპუსის (მის: ...ს ქუჩა, ჩიხი I, N...) მიმდებარედ არსებულ ნაკვეთზე გამავალი დაზიანებული წყალარინების ქსელის მოწესრიგება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 19 აპრილს ნ. თ-ემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითებდა, რომ ქალაქ ქუთაისში, მისი საცხოვრებელი კორპუსის (მის: ...ს ქუჩა, ჩიხი I, №...) მიმდებარედ ჩამოედინებოდა ...ს ქუჩის მაცხოვრებლების წყალარინების დაზიანებული ქსელიდან გამომავალი ჩამდინარე წყალი, რაც ქმნიდა ანტისანიტარიას. განმცხადებელი ითხოვდა დაზიანებული წყალარინის ქსელის აღდგენას.

შპს „ს...ის“ 13.05.2022წ. წერილის თანახმად, განმცხადებლის საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე გამავალი წყალარინების ქსელით კომპანია მომსახურებას უწევდა ...ს ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ზემოაღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრემ თვითნებურად დააზიანა მის ტერიტორიაზე არსებული წყალარინების ქსელი. საკითხის შესწავლის მიზნით, კომპანიის წარმომადგენლები 2022 წლის 14 ივნისს გავიდნენ ადგილზე, სადაც იგივე ვითარება დახვდათ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 25 ივლისის №01/10-289 გადაწყვეტილებით ნ. თ-ეის განცხადება დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. კომისიის ფუნქციები განსაზღვრულია "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კომისია მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და დავების გადაწყვეტის მიზნით: ლ.ა) უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ღონისძიებების ეფექტიანობას და შესრულებას სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, რათა გარანტირებულ იქნეს: ლ.ა.ა) სამართლიანი და არადისკრიმინაციული მოპყრობა; ლ.ა.ბ) მაღალი ხარისხის მომსახურება; ლ.ა.გ) კონკურენცია და თავიდან იქნეს აცილებული კონკურენციის წინააღმდეგ შემზღუდველი ქმედებები ამ კანონისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს შპს „ს...ის” ნორმატიულად დადგენილ ვალდებულებებზე.

სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე; ხოლო 41 პუნქტის მიხედვით, ამ წესების მიზნებისათვის ტერმინები „მიმწოდებელი“ და „წყალმომარაგების ლიცენზიატი“ – გულისხმობს ყველა იმ პირს, ვისაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 391 მუხლის შესაბამისად, მიღებული აქვს წყალმომარაგების ლიცენზია. ამავე წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” და “ვ” ქვეპუნქტების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, განახორციელოს წყალარინარება, შესაბამისად ჩამდინარე სითხის გარემოსგან იზოლირება.

მითითებული წესების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინება, წყალარინების ქსელისა მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით. მომხმარებელთან მიმართებაში წყალარინების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი. ამავე წესების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მიმწოდებელი ახორციელებს წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობას მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (ნაგებობამდე), წყალარინების ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოების და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, ვის მფლობელობაშიც იმყოფება ეს ტერიტორია.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კი, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, ამასთან, განახორციელოს სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ექსპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ობიექტების სათანადო დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის მომარაგების სისტემაზე რაიმე ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 5.03.2020წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ნ. თ-ეის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე წყალარინების ქსელის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ყურადღება ამახვილებს სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 სექტემბრის №5005858723 წერილზე, რომლის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი, რომელიც შეეხებოდა საკითხს ტექნიკურად შესაძლებელი იყო თუ არა ქსელის მოწესრიგება სხვა ალტერნატიული გზით ისე, რომ არ მოეცვათ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და არც სხვა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, დასაბუთდა იმ საფუძვლით, რომ ხაზოვანი ნაგებობისთვის - საკანალიზაციო ქსელისათვის ახალი (ალტერნატიული) მიმართულების დადგენა და შესაბამისი დასაბუთება წარმოადგენს ახალი პროექტის შედგენას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ გამორიცხავს მოსარჩელის მხრიდან დაზიანებული წყალარინების ქსელის აღდგენის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შპს “ს...ის” ნორმატიულად დადგენილი ვალდებულებაა მომხმარებლებისთვის სასმელის წყლის მიწოდება და წყალარინების ქსელის ექსპლუატაციისთვის ვარგის მდგომარეობაში არსებობა, რაც მან უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამუშაოების ჩატარებით. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ს/კ ... მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წინააღმდეგობა მის ნაკვეთზე სამუშაოების ჩატარების თაობაზე გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტი აღსრულებადია. მესაკუთრესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, კომპანიას ასევე შეუძლია ალტერნატიული გზის გამონახვა და ახალი პროექტის შედგენა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ს...ს“ საკასაციო საჩივარზე 7.10.2024წ. N36992 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ს...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ივლისის განჩინება;

3. შპს „ს...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 7.10.2024წ. N36992 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა