საქმე #ბს-1265(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. კ-ი
მესამე პირები: პ., დ. და ნ. ბ-იები
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 28 ივლისს ნ. კ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ის არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულილ პირი - დევნილი. ნ. კ-ი აღნიშნავს, რომ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ვინაიდან ამოეწურა მატერიალური რესურსი ქირის გადახდისა, მიმართა სახელმწიფოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით. მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის #IDP 0 23 00001687 ბრძანებას ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო განმცხადებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელე არ ეთანხმება სააგენტოს მითითებას დედამთილის საკუთრებაში არსებული საცხოვრისზე და განმარტავს, რომ მას 2012 წლიდან საკუთარ ოჯახთან ერთად უწევს ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, რამეთუ არ გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრისი.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის #IDP 0 23 00001687 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ნ. კ-ისა და განაცხადით გათვალისწინებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ პ., ნ. და დ. ბ-იები .
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის #IDP 0 23 00001687 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. კ-ისა და განაცხადით გათვალისწინებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამხვილა იმ ფაქტზე, რომ ნ. კ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი; 2021 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელემ მეუღლესთან, პ. ბ-ითან და შვილებთან, ნ. და დ. ბ-იებთან ერთად შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი. ამასთან, მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით - 68 600. ასევე, 2021 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით მოსარჩელის ოჯახი შეფასდა 4 ქულით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაზე, რომლის თანახმად, ნ. კ-ი 2000 წლიდან 2012 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა წყალტუბოში, ...ს ქუჩაზე, კორპუსი №..., ბინა №23-ში, რომელიც წარმოადგენს დედამთილის - მ. მ-ეის საკუთრებას; ხოლო 2012 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით, წყალტუბოში, ...ს ქუჩაზე, კორპუსი №..., ბინა №...-ში. 2016 წლის 21 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე - წყალტუბო, ...ს ქუჩა, კორპუსი №..., ბინა №..., (ს/კ №...), რეგისტრირებულია ზ. დ-ეის სახელზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ შესაბამისად, განიხილა ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. კ-ის დედამთილ-მამამთილის ალტერნატიული საცხოვრების ქონის მიზეზით, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №IDP 0 23 00001687 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (№30 ოქმი), ნ. კ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სააპელაციო პალატამ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმ მომენტისათვის მოსარჩელეთა გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, რაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, რომ სადავოდ ქცეული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის #IDP 0 23 00001687 ბრძანება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავდა მას. შესაბამისად, არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის განმარტებით, დავის გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გამოკვლევა, საჭიროებდა თუ არა მოსარჩელე სასწრაფოდ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე ნ. კ-ის უთხრა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ იმ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭირობას არ წარმოადგენდა. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ასევე, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. კასატორის შეფასებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ არსებობს დევნილი ოჯახები, რომელთაც უპირველესად ესაჭიროებათ განსახლება და არ აქვთ საშუალება ისარგებლონ ნათესავისა თუ ახლობლის საკუთრებით. სააგენტოს მითითებით, სწორედ ამიტომ აწესებს კანონმდებლობა გარკვეულ რიგითობას და პრიორიტეტულობას; კასატორი მიუთითებს, რომ სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით ეტაპობრივად აკმაყოფილებს განმცხადებლებს, ამ პროცესში კი პრიორიტეტად მიიჩნევს იმ ოჯახებს, რომელთაც არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი. კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახს ხელი მიუწვდება ალტერნატიულ საცხოვრებელზე. სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე იმ ეტაპზე უპირობოდ არ საჭიროებდა ბინით უზრუნველყოფას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი : საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის #IDP 0 23 00001687 ბრძანებისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელის ნ. კ-ისა და განაცხადით გათვალისწინებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონიერება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. კ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი. ნ. კ-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4 ქულა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი #7-ის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1.5 ქულით. ამდენად, თავად სახელმძღვანელო კანონმდებლობით დამატებითი ქულის განსაზღვრის შესაძლებლობა ამ კრიტერიუმით ნიშნავს კანონმდებლის ნებას - ასეთ დევნილ ოჯახს შესაბამისი ქულების მოგროვების შემთხვევაში, მიანიჭოს პრიორიტეტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი, ერთი მხრივ, ქულა მიანიჭოს განმცხადებელს სხვის ფართში ცხოვრების გამო და, მეორე მხრივ, ამავე საფუძვლით მიიჩნიოს, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის #IDP 0 23 00001687 გადაწყვეტილებით ნ. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს განემარტა, რომ დედამთილ-მამამთილის ალტერნატიული საცხოვრისის ქონის მიზეზით, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის ნათესავის საკუთრებაში არსებული ქონება არ გამორიცხავს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მათი ინტერესის პრიორიტეტულობას; საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად ვერ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კი, საგულისხმოა, რომ მოსარჩელისა და მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ნ. კ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობაზე, კერძოდ, სააგენტო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს შეუძლია ისარგებლოს ნათესავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რის გამოც არ არსებობს მისი განსახლების გადაუდებელი საჭიროება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მონიტორინგის ოქმის თანახმად, განმცხადებლის ოჯახი ნათესავის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობდა 2000 წლიდან 2012 წლამდე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლიდან ნ. კ-ის ოჯახი ცხოვრობს ქირით წყალტუბოში, ...ს ქუჩაზე, N... კორპისში, ბინა N...-ში, ზ. დ-ეის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რაც ქმნიდა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა