საქმე Nბს-935(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – გ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო
გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინება
დავის საგანი– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 1 მარტს გ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 128-ე მუხლითა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მოსარჩელეს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოგვიანებით კი ამნისტიის კანონის საფუძველზე, მას სასჯელი შეუმცირდა 75 დღით. გ. ს-ემ სასჯელის მოხდა დაიწყო 10.02.2019წ. და სასჯელის მოხდა უნდა დასრულდეს 27.11.2026წ. ვინაიდან მოსარჩელემ 2023 წლის 2 იანვარს მოიხადა სასჯელის ნახევარი, მას წარმოეშვა კანონისმიერი საფუძველი, რათა შუამდგომლობით მიემართა მოპასუხისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. 2023 წლის 10 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გ. ს-ეის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ. ს-ეის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა შეუძლებელია.
ამდენად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის №02/23/შ/პ/ზ-001 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის გ. ს-ეისთვის დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინებით გ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით, გ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 128-ე მუხლით და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.11.2019 წლის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.07.2020წ. განჩინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.01.2021წ. განჩინებით არ გავრცელდა 11.01.2021წ. „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონი, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 12.04.2022წ. საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ს-ეს სასჯელი შეუმცირდა 75 დღით. მსჯავრდებულ გ. ს-ეის საჯელის დასაწყისია – 10.02.2019 წელი, სასჯელის დასასრული - 27.11.2026 წელი, ხოლო საქართველოს სსკ–ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო ვადის 1/2 გ. ს-ემ მოიხადა 2.01.2023 წელს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის N02/23/შ/პ/ზ001 გადაწყვეტილებით გ. ტ.-ს ძე ს-ეის შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მითითებული საკითხის განხილვისას საბჭო გაეცნო მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას, გაითვალისწინა პიროვნული მახასიათებლები - სასჯელის მოხდის პერიოდში დამხმარე სოციალურ აქტივობებში ჩართვა, დადებითად შეაფასა წახალისების ფაქტები, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სატრანსპორტო დანაშაული - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწია, ამასთან მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, ესე იგი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, რასაც შედეგად მოჰყვა ორი ადამიანის სიკვდილი. საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საბჭოში არ წარდგენილა დაზარალებულის უფლებამონაცვლეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, მის მიმართ კანონით დადგენილი შეღავათების გამოყენების თაობაზე, მეტიც, საკითხის განხილვისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ საბჭოს მიმართა და კატეგორიული უარი განაცხადა მსჯავრდებულის მიმართ შეღავათების გამოყენებაზე. საბჭომ ასევე დადებითად შეაფასა მსჯავრდებულის ჩართულობა დამხმარე სოციალური აქტივობებში, თუმცა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანად მიიჩნია ძირითად სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულობა, სოციალურ აქტივობებში იმ მიმართულებით ჩართვა რა პრობლემაც იკვეთება კონკრეტული მსჯავრდებულის შემთხვევაში. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა, ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „პატიმრობის კოდექსის“ 41-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის‘’ პირველ, მე-6 და მე-13 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საბჭომ ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს ე.წ. მოქმედების ნულოვან თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, რადგანაც არ არსებობს როგორც სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ასევე - სრული მოწესრიგება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. №ბს-448-443(კ-12)).
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა შეფასების ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში. საბჭომ იმსჯელა ასევე ისეთ კრიტერიუმზე, როგორიცაა დანაშაულის ხასიათი. საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს საბჭოში არ წარუდგენია დაზარალებულის უფლებამონაცვლეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, მის მიმართ კანონით დადგენილი შეღავათების გამოყენების თაობაზე, მეტიც, საკითხის განხილვისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ საბჭოს მიმართა და კატეგორიული უარი განაცხადა მსჯავრდებულის მიმართ შეღავათების გამოყენებაზე. ადგილობრივი საბჭო მოქმედებდა რა დისკრეციული უფლებამოსილებას ფარგლებში, მან საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით, სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები. ასევე, სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი - ფორმალური და მატერიალური კანონიერება, რის გამოც პალატამ მიაჩნია, რომ გ. ს-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მართებულად ეთქვა უარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება იმ მსჯელობას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების საფუძველი დაზარალებულის თანხმობის არარსებობაა. მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანო არ არის ვალდებული გამოითხოვოს დაზარალებულის წერილობითი თანხმობა, მაშინ როდესაც სახეზეა სასჯელის შეცვლის ყველა სხვა წინაპირობა. ასევე უსაფუძვლოა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება გ. ს-ეის ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე მითითებით, რადგან მსჯავრდებული სრულად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ს-ეის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით გ. ს-ეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გ. ს-ეისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის №02/23/შ/პ/ზ-001 გადაწყვეტილების კანონიერება და მოსარჩელისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით, გ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 128-ე მუხლითა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.11.2019წ. განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.07.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. “ამნისტიის შესახებ“ 12.04.2022წ. საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ს-ეს სასჯელი შეუმცირდა 75 დღით.
მსჯავრდებულ გ. ს-ეის საჯელის დასაწყისია – 10.02.2019 წელი, სასჯელის დასასრული - 27.11.2026 წელი, საქართველოს სსკ–ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო ვადის 1/2 გ. ს-ემ მოიხადა 2.01.2023 წელს.
N12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 3 იანვრის დახასიათების თანახმად, მსჯავრდებული გ. ს-ე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, ხოლო წახალისებულია ორჯერ, კერძოდ, 16.03.2020 წელს N12 დაწესებულების დირექტორის N89 ბრძანებით მიეცა „ხანგრძლივი პაემანი“, 17.05.2022წ. N12 დაწესებულების დირექტორის N139 ბრძანებით, მიეცა „დამატებითი ხანგრძლივი პაემანი". სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2023 წლის 30 ივნისის წერილის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ს-ე სასჯელის მოხდის - 2023 წლის 3 იანვრის ჩათვლით პერიოდში - თავისუფალ დროს დაკავებული იყო ვარჯიშით, დადიოდა ტაძარში, სარგებლობდა საბიბლიოთეკო მომსახურებით, ასევე მონაწილეობა მიიღო სპორტულ აქტივობებში, ითამაშა შაში, ფეხბურთი და მაგიდის ჩოგბურთი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის წერილის თანახმად, მსჯავრდებული გ. ს-ე აქტიურად იყო ჩართული „პენიტენციური სტრესის მართვის“ პროგრამაში, ხოლო აღნიშნული პროგრამა დაიწყო მიმდინარე წლის 21 მარტს და დასრულდა 6 ივნისს.
გ. ს-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს და მოითხოვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის N02/23/შ/პ/ზ-001 გადაწყვეტილებით გ. ტ.-ს ძე ს-ეის შუამდგომლობა იმ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, მითითებული საკითხის განხილვისას საბჭო გაეცნო მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას, გაითვალისწინა პიროვნული მახასიათებლები - სასჯელის მოხდის პერიოდში დამხმარე სოციალურ აქტივობებში ჩართვა, დადებითად შეაფასა წახალისების ფაქტები, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სატრანსპორტო დანაშაული - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწია, ამასთან მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, ესე იგი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, რასაც შედეგად მოჰყვა ორი ადამიანის სიკვდილი. საბჭომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ ფაქტზე, რომ საბჭოში არ წარდგენილა დაზარალებულის უფლებამონაცვლეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, მის მიმართ კანონით დადგენილი შეღავათების გამოყენების თაობაზე, მეტიც, საკითხის განხილვისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ საბჭოს მიმართა და კატეგორიული უარი განაცხადა მსჯავრდებულის მიმართა შეღავათების გამოყენებაზე. საბჭომ ასევე დადებითად შეაფასა მსჯავრდებულის ჩართულობა დამხმარე სოციალური აქტივობებში, თუმცა აღნიშნა, რომ რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ძირითად სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულობა, სოციალურ აქტივობებში იმ მიმართულებით ჩართვა რა პრობლემაც იკვეთება კონკრეტული მსჯავრდებულის შემთხვევაში. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა, ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის‘’ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
მითითებული წესის მე-6 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
პატიმრობის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის (ძალადაკარგულია 15.12.2023წ. N3988 კანონით) 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია. ხოლო, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის‘’ მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის ორი სახისა: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მითითებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმებით, როგორებიცაა:ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საბჭომ, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს ე.წ. მოქმედების ნულოვან თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, რადგანაც არ არსებობს როგორც სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ასევე - სრული მოწესრიგება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ№ბს-448-443(კ-12), 13.02.2013წ.).
შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის, დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ №ბს-1655-1627(კ-11), 11.04.12წ., №ბს-342-331(კ-10), 20.10.10წ.). დისკრეციული უფლებამოსილების არაგონივრული გაფართოება ან პირიქით შევიწროება წარმოშობს ნეგატიურ დისკრეციას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, რადგანაც სადავო საკითხი შეეხება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლას, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების შემოწმება გამკაცრებული ტესტის გამოყენებით ხორციელდება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ გ. ს-ეის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი არ არის მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უპირობოდ უარის თქმის საფუძველი, აღნიშნული ფასდება ყველა სხვა შეფასების კრიტერიუმებთან ერთობლიობაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ს-ეის მოთხოვნის უარყოფის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, რადგან მასში ასახულია, როგორც მსჯავრდებულის მიმართ არსებული დადებითი ხასიათის კრიტერიუმები (მისი ჩართულობა სოციალურ პროქტებში, კარგი ყოფაქცევა, ოჯახური პირობები), ასევე ნეგატიური კონტექსტის მახასიათებლები (ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რესოციალიზაციის მიზნებისთვის შეუსაბამო სოციალურ აქტივობებში ჩაბმა). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ გ. ს-ეის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების უფლებამონაცვლის კატეგორიული უარი მის მიმართ საკანონმდებლო შეღავათების გამოყენების თაობაზე მისი შუამდგომლობის გადაწყვეტისთვის აბსოლუტურად არარელევანტური გარემოებაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია ასევე მსჯავრდებულის პიროვნების შეფასება, ამ მხრივ კი საგულისხმოა, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მსჯავრდებული გ. ს-ე აცხადებდა, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ადგილობრივი საბჭოსადმი წარდგენილი ნ. ს-ას განცხადებით საწინააღმდეგო დასტურდება. საბჭომ ყურადღება ასევე გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ. ს-ე მსჯავრდებული იყო სატრანსპორტო დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწია, ამასთან, მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, ესე იგი დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, რასაც შედეგად მოჰყვა ორი ადამიანის სიკვდილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეორე ადგილობრივი საბჭო მოქმედებდა რა დისკრეციული უფლებამოსილებას ფარგლებში, მან საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით, მართებულად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები. ასევე, სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი - ფორმალური და მატერიალური კანონიერება და გ. ს-ეის მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, გ. ს-ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განჩინება;
3. გ. ს-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა, შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა დაარ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა