საქმე Nბს-1159(2კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) –ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კასატორი (მოპასუხე)-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – გ. ს-ე, რ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 21 დეკემბერს გ. და რ. ს-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით ვ. ს-ეს და მის ოჯახს 2006 წელს გადაეცათ ქ. თბილისში, ...ს ქ. N...-ში, N7 ბინა. ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას გადაცემის მომენტიდან ფაქტობრივად ფლობს ვ. ს-ეის ოჯახი. ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2009 წლის 2 მარტს გაიცა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტატების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქ. თბილისის პირველი რეგიონალური ბაზის თანხმობით, ვ. ს-ეს ნება დაერთო გაევლო რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ს ქ.N...-ში მდებარე N7 ბინაში. ვ. ს-ე 2012 წელს გარდაიცვალა. მისმა ოჯახის წევრებმა - გ. ს-ემ და რ. ს-ემ 2020 წლის 6 ოქტომბერს განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას და მოითხოვეს ქ. თბილისში, ...სა და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე N... შენობა-ნაგებობაში არსებული 103 კვ.მ. ფართის (...) მათთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ მოსარჩელეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2021 წლის 17 თებერვლის №36-0121048727 ადმინისტრაციული აქტი და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 აპრილის №736 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების 2021 წლის 15 მარტის №19/01210743378-21 ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისთვის ქ. თბილისში (მიღება-ჩაბარების აქტით ...ს ქ. №..., კორპუსი №...-ში მდებარე ბინა №7), ...ს და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი ...) მდებარე (მიწის უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი №...) 103,73 კვ.მ. უძრავი ნივთის გ. და რ. ს-ეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მოსარჩელეებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. ს-ეის და რ. ს-ეის წარმომადგენლის ხ. გ-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს (...) აეკრძალა გასხვისება/განკარგვა ან/და სხვა ვალდებულებით დატვირთვა უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ...ს და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი ...) მიწის, უძრავი ნივთის საკ. კოდი ...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 9076 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: ...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 1; 2; 3 (ფართი 2529,3 კვ.მ) 4; 5; 6; 7; 8; 9; მესაკუთრეები გ. გ-ე (პ/ნ ...) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი (...); შენობა-ნაგებობა 3-ის პირველ სართულზე მდებარე გ. ს-ეის (პ/ნ ...) და რ. ს-ეის (პ/ნ ...) კუთვნილი საცხოვრებელი ფართის - საერთო ფართი 103,71 კვ.მ. საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ს-ეის და გ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 აპრილის №736 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2021 წლის 17 თებერვლის №36-0121048727 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №579 ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული გამოთავისუფლებული შენობები (მათ შორის: ს/ქ №... ...ს ქუჩა №... შენობები გ.გ-ით №№5;15;19:25:34) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა საბინაო პირობების გაუჯობესების მიზნით, გადაკეთდა საცხოვრებელ ფართად და ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს სამსახურეობრივ საცხოვრებელ საბინაო ფონდში.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2009 წლის 13 იანვრის №3-11/231 მიმართვით, სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთ რეგიონისა და ქ. თბილისის №1 ბაზის უფროსს დაევალა, რომ გაეფორმებინათ საცხოვრებელი არასტანდარტული ბინის მიღება - ჩაბარების აქტი ... ვ. ს-ეის ოჯახისთვის შემდეგი შემადგენლობით: 1. თვითონ - ვ. ს-ე (დაბ. ... წ;) 2. მეუღლე - რ. მ-ი (დაბ. ... წ;) 3. შვილი - გ. ს-ე (დაბ. ... წ;) 4. შვილი - ს. ს-ე (დაბ. ... წ.) 5. შვილი - ე. ს-ე (დაბ. ... წ). მიმართვაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისი, ს/ქ №..., ...ს ქ.№... (ყოფ. ...ს) სახლი №..., ბინა №7, საერთო ფართით 103.73 კვ.მ. არის თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდი. საფუძვლად კი მითითებულია საქართველოს თავდაცვის სამინისროს ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 3 დეკემბრის №7 ოქმის გადაწყვეტილება.
2020 წლის 6 ოქტომბერს რ. ს-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას და ქ. თბილისში, ...ს და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი ...), №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული 103.73 კვ.მ. ფართის მქონე ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. უფლების დამდგენ დოკუმენტად ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით საბინაო ფონდიდან სამხედრო მოსამსახურეზე განაწილებული საცხოვრებელი ფართის 2009 წლის 2 მარტის №277 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ ვ. ს-ეის ოჯახს დროებით სარგებლობაში გაუნაწილდათ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., სახლი №..., ბინა №7 (103.73 კვ.მ), ასევე წარდგენილი იქნა სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი, რომლის თანახმად, ვ. ს-ეის რეგისტრაციის ადგილს 2012 წლის 19 აპრილიდან წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპ. №..., ბინა №7.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2021 წლის 17 თებერვლის №36-0121048727 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რ. ს-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია 2007 წლის 2 თებერვლის შემდგომ და ასევე მან ვერ წარადგინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ შესაბამისად, 2007 წლის 2 თებერვლამდე სადავო მისამართზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №736 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც განცხადებით მოთხოვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობების პრივატიზაცია, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასების მიზნით, უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცებული სპეციალური წესით, რომელიც აწესრიგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობების პრივატიზაციის განხორციელების წინაპირობებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნული კი წარმოადგენდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ისნის რაიონის გამგეობისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს. კერძოდ, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინის (საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით განაწილებული ბინის) საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წესით და განმცხადებლების მოთხოვნების შესაბამისად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გზით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძველად ვერ დაედება ის გარემოება, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ფართი დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ვ. ს-ეზე, როგორც სამხედრო მოსამსახურეზე განაწილების დროს სადავო ფართი წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას (საცხოვრებელ საბინაო ფონდში რიცხული ქონება), მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს სპეციალური წესით, რომელიც აწესრიგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობების პრივატიზაციის განხორციელების წინაპირობებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მოსარჩელე მხარემ ისნის რაიონის გამგეობაში კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახით წარდაგინა 2009 წლის 2 მარტის N277 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შედგენილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტში მითითებული თარიღის, კერძოდ 2007 წლის 2 თებერვლის შემდგომ. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ვ. ს-ეის სადავო მისამართზე რეგისტრაციის თარიღია 2012 წლის 19 აპრილი. ამდენად, საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ განსახილველ საქმეზე არაა წარმოდგენილი მოსარჩელეების მიმართ 2007 წლის 2 თებერვლამდე გაცემული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი, ასევე მითითებულ თარიღამდე განმცხადებლის მიერ პრივატიზებამოთხოვნილ ფართზე რეგისტრაციის დამადასტურდებელი საბუთი. შესაბამისად, გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლების მოთხოვნა. მოცემული დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებულ წესს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მოსაზრებით, მოსარჩელეების მიერ ისნის რაიონის გამგეობაში წარდგენილი დოკუმენტაციით არ დადასტურდა მათი მხრიდან სადავო უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის ფაქტი, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მართებულად ეთქვათ უარი სადავო ბინის პრივატიზების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2021 წლის 17 თებერვლის №36-0121048727 ადმინისტრაციული აქტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 აპრილის №736 ბრძანების (მოსარჩელეების 2021 წლის 15 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) კანონიერება. ამასთან, მოთხოვნილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისთვის მოსარჩელეების მიმართ ქ. თბილისში (მიღება-ჩაბარების აქტით ...ს ქ. №..., კორპუსი №...-ში მდებარე ბინა №7), ...ს და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი ...) მდებარე (მიწის უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი №...) 103,73 კვ.მ. ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №579 ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული გამოთავისუფლებული შენობები (მათ შორის: ს/ქ №... ...ს ქუჩა №... შენობები გ.გ-ით №№5;15;19:25:34) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა საბინაო პირობების გაუჯობესების მიზნით, გადაკეთდა საცხოვრებელ ფართად და ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს სამსახურეობრივ საცხოვრებელ საბინაო ფონდში. ამავე ბრძანებით შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნულ ფართობებზე შეედგინა ტექნიკური დოკუმენტაცია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2009 წლის 13 იანვრის №3-11/231 მიმართვით, სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთ რეგიონისა და ქ. თბილისის №1 ბაზის უფროსს დაევალა, რომ გაეფორმებინათ საცხოვრებელი არასტანდარტული ბინის მიღება - ჩაბარების აქტი ... ვ. ს-ეის ოჯახისთვის შემდეგი შემადგენლობით: თვითონ - ვ. ს-ე (დაბ. ... წ.) მეუღლე - რ. მ-ი (დაბ. ... წ), შვილი - გ. ს-ე (დაბ. ... წ); შვილი - ს. ს-ე (დაბ. ... წ.); შვილი - ე. ს-ე (დაბ. ...წ). მიმართვაში მითითებულია, რომ ქ. თბილისი, ს/ქ №..., ...ს ქ.№... (ყოფ. ...ს) სახლი №..., ბინა №7, საერთო ფართით 103.73 კვ.მ. არის თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდი. საფუძვლად კი მითითებულია საქართველოს თავდაცვის სამინისროს ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 3 დეკემბრის №7 ოქმის გადაწყვეტილება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით საბინაო ფონდიდან სამხედრო მოსამსახურეზე განაწილებული საცხოვრებელი ფართის 2009 წლის 2 მარტის №277 მიღება-ჩაბარების აქტით, ვ. ს-ეს გაუნაწილდა ქ.თბილისში, ს/ქ ..., ...ს ქ. ..., მე-... კორპუსის N7 ბინა, 103,73 კვ.მ. ფართი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთის და ქ.თბილისის №1 რეგიონალური ბაზის მიერ 2009 წლის 20 თებერვალს გაცემული №397 ცნობაში აღნიშნულია, რომ ვ. ს-ეის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი მისამართზე: ქ. თბილისი, ს/ქ №..., ...ს ქ. №..., სახლი ..., ბინა №7 ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე და განაწილებულია მასზე. ცნობა მიეცა ს.ს. ,,თ...ში“ წარსადგენად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 2 სექტემბრის ამონაწერით ვ. ს-ეის რეგისტრაციის ადგილს 2012 წლის 19 აპრილიდან წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპ. №..., ბინა №7.
დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა ვ. ს-ე. სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ რ. ს-ე არის გარდაცვლილი ვ. ს-ეის პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე - მეუღლე და მან, როგორც პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით და პასივებით, რომელიც მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის გააჩნდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ...სა და ნ....ს ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ნაკვეთზე (... ს/კ ..., შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 2529,3 კვ.მ) რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის და გ. გ-ეისა (შენობა N2, 1 სართული, 34,95 კვ.მ.) საკუთრების უფლება.
2020 წლის 6 ოქტომბერს რ. ს-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი ...), არსებული 103.73 კვ.მ. ბინის (მიწის ნაკვეთის ს/კ №...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2021 წლის 17 თებერვლის №36-0121048727 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რ. ს-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე ვინაიდან, განმცხადებლის მიერ წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია 2007 წლის 2 თებერვლის შემდგომ და ასევე ვერ იქნა წარდგენილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ შესაბამისად, 2007 წლის 2 თებერვლამდე სადავო მისამართზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2021 წლის 15 მარტს გ. და რ. ს-ეებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2021 წლის 17 თებერვლის №36-0121048727 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №736 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“.
მითითებული წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ამასთან, აღნიშნული წესი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს აღჭურავს სათანადო უფლებამოსილებით, რათა განიხილონ და გადაწყვიტონ არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე წარდგენილი განცხადებები.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ ვ. ს-ეზე სადავო ფართი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით საბინაო ფონდიდან განაწილდა საცხოვრებელი ფართის 2009 წლის 2 მარტის №277 მიღება-ჩაბარების აქტით.
ამდენად, ზემოაღნიშნული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა დადგინდეს თუ რომელი საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისად უნდა მომხდარიყო მოსარჩელეების განცხადების განხილვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული ქმნის დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. ამასთანავე, საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად (იხ. სუსგ Nბს-193(2კ-21), 2021 წლის 9 დეკემბერი). „სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ სასამართლო პროცედურები, რომლებიც სთავაზობს აუცილებელ პროცედურულ გარანტიებს და, შესაბამისად, შესაძლებელს ხდის ეროვნული სასამართლოებისთვისა და ტრიბუნალებისთვის, კერძო პირებს შორის ნებისმიერ დავაზე აწარმოონ სამართალწარმოება ეფექტიანად და სამართლიანად“(სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ (Sovtransavto Holding v. Ukraine), no. 48553/99, 25.9.02. 96-ე პარაგრაფი).
ამასთანავე, საკუთრების უფლებით დაცული სფერო იცავს არა მხოლოდ არსებულ საკუთრებას, არამედ ლეგიტიმურ მოლოდინს საკუთრების მიღების შესახებ. საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „..ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის, უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. #1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საკუთრება მოიცავს როგორც მატერიალურად არსებულ ქონებას, ასევე აქტივებს (ქონებრივ უფლებებს), მათ შორის მოთხოვნებს რომელთა მიმართაც მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს საკუთრებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობის სულ მცირე გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი (Hamer v. Belgium, no.21861/03, §§75, 76, ECHR 2007-V(extracts)). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც, განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი““ („მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Maurice v. France), no. 11810/03, 6.10.03; „პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Plechanow v. Poland), no. 22279/04, 7.7.09;). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის გათვალისწინებით, დაცული უნდა იყოს ლეგიტიმური მოლოდინები, რომელთა მიმართაც ინდივიდებს ნდობა გააჩნიათ. კანონით მინიჭებული უფლებების მიმართ მაღალია ინდივიდების ნდობის ხარისხი. აღნიშნული ნდობის გაუმართლებელი შერყევა ნეგატიურად აისახება სამართლის მიმართ ნდობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებაზე. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუცია არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43, 44). ამასთანავე, ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს „ლეგიტიმური მოლოდინი“ და „სარგებლის მიღების იმედი“. საქმეზე „რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Ramaer and Van Willigen v. the Netherlands, no. 34880/12, 23.10.2012წ. §81), აღინიშნა, რომ „სასამართლომ საკუთარ პრეცედენტულ სამართალში უკვე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება განსხვავებაზე სარგებლის მიღების იმედსა (როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს ეს იმედი) და ლეგიტიმურ მოლოდინს შორის, რომელიც აუცილებელია, იყოს უფრო კონკრეტული ბუნების ვიდრე უბრალო იმედი და ეფუძნებოდეს სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს.“
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის არა მხოლოდ კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე (საკუთრების, სარგებლობის) იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. მიუხედავად ნივთზე უფლების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის განუხორციელებლობისა, ეს უფლება სამკვიდრო მასაში შედის (სუსგ №ას-851-800-2010, 16.02.2011წ.)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები.
ნორმატიული აქტი მოქმედებას იწყებს მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და სწორედ ამ პერიოდიდან წარმოშობილ ან მიმდინარე ურთიერთობებს არეგულირებს. ნორმას უკუძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, როდესაც ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით და როდესაც იგი არ ამძიმებს/არ აუარესებს პირის მდგომარეობას. „ამ პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც თავად წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებათა არსებობის (დაცვის) საძირკველს. ღირებულებათა ნორმატიული წესრიგი ცალკეული მოქალაქის ქცევათა დეტერმინაციის საშუალებაა. ასეთი წესრიგის პირობებში ადამიანებს აქვთ გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო იმოქმედებს სამართლით დადგენილ ფარგლებში და მის მიერ ჩადენილ მოქმედებას შეაფასებს არსებული ნორმატიული სინამდვილის პირობებში.“ ამასთან, „უკუძალის აკრძალვით კონსტიტუცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სამართლის სუბიექტები დაცული იქნენ კანონთა მოქმედების შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგებისაგან. ვინაიდან ნებისმიერი კანონი საზოგადოების ცხოვრების უშუალო პროდუქტია, არ არის გამორიცხული, რომ ახალი კანონი, წინასთან შედარებით, აუარესებდეს სუბიექტის მდგომარეობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; 6).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. ს-ეზე, როგორც სამხედრო მოსამსახურეზე განაწილების დროს სადავო ფართი წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას (საცხოვრებელ საბინაო ფონდში რიცხული ქონება), შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა არა ზოგადი რეგულაციით, კერძოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის წესით“, არამედ სპეციალური საკანონმდებლო მოწესრიგებით, სახელდობრ, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულებით (ძალადაკარგულია 2013 წლის 9 ივნისის N1037 საქართველოს კანონით), რომელიც აწესრიგებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობების საკუთებაში გადაცემის წესსა და პირობებს. მითითებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში – ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. ამავე დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან; დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. დებულების 1-ლი და მე-2 მუხლების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, მითითებული დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ (ძალადაკარგულია 9.06.2013წ. N1037 საქართველოს კანონით) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერის, საბინაო წიგნაკის და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით. მითითებული წესის 4.1 პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების რეალიზებისთვის განსაზღვრული არ იყო კონკრეტული ვადა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ვ. ს-ეის მემკვიდრის მიერ უფლების რეალიზებისას ძალაში აღარ იყო ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები, აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოცემული საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მათი შეფარდების დამაბრკოლებელი გარემოება არ შეიძლებოდა გამხდარიყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელეების მოთხოვნაზე უარის თქმას საფუძველად ვერ დაედება ის გარემოება, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ფართი არსებული მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება. უდავოა, რომ ვ. ს-ეისთვის სადავო უძრავი ქონების გადაცემის მომენტისათვის იგი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ რ. და გ. ს-ეების განცხადება არ განიხილა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი რელევანტური საკანონმდებლო აქტებით.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2021 წლის 17 თებერვლის №36-0121048727 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის წინაპირობები, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა იხელმძღვანელოს სადავო საკითხის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობით და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის პირობებში, ასევე მართებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 აპრილის №736 ბრძანების ბათილად ცნობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება;
3.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა