Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-708(კ-22) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის უფლებამონაცვლე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისია

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ქ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ქ-ამ 2018 წლის 11 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის (მოპასუხეთა წრე დაზუსტდა 2018 წლის 02 აპრილის სასამართლო სხდომაზე) მიმართ და მოითხოვა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის №10/2 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №11 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისთვის მ. ქ-ას თანამდებობაზე წარდგენის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში და იგი გამოირჩევა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, უსაფუძვლოა მისთვის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმა. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ბოროტად გამოიყენა კანონით მინიჭებულ დისკრეციული უფლებამოსილება, მისი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მ. ქ-ამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული გასაუბრების აუდიო ჩანაწერი ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები გასცა მის მიმართ დასმულ შეკითხვებს, მას აქვს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ცოდნა და გამოცდილება. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ 2015 წლის ივლისში მისთვის ჩატარებული გასაუბრების შედეგად კომისიის ერთმა წევრმა მ. ქ-ა შეაფასა 4 ქულით, ხოლო 2015 წელს ჩატარებული გასაუბრების შედეგად, კომისიის იმავე წევრის მიერ მოსარჩელე შეფასდა 2 ქულით. მოსარჩელემ მიუთითა საკასაციო პალატის პრაქტიკაზე (საქმე Nბს-136-134(კ-17)) და აგრეთვე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება არ გულისხმობს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. მოცემულ საქმეში, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა მ. ქ-ასთვის თანამდებობაზე დანიშვნის რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოტივაციას, ხოლო ზოგადი მითითება მინიმალური ზღვრის ვერ გადალახვის თაობაზე, კომისიის წევრების შეხედულებების, მოსაზრებების, საფუძვლების მითითების გარეშე, არ წარმოადგენს გადაწყვეტილების საკმარის დასაბუთებას, რაც ქმნის მისი ბათილად ცნობის საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიასთან ერთად, მოპასუხედ დასახელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. ამავე საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ქ-ას სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის N10/2 სხდომის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის N11 სხდომის ოქმი; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მ. ქ-ას თანამდებობაზე წარდგენა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის №3/2822-15 გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის №3/2822-15 გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №2 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ. ქ-ას მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №11 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ. ქ-ას მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ. ქ-ას მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის №3/2822-15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 19 ივნისის №10 სხდომაზე კომისიამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების წამყვანი სპეციალისტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობებზე მ. ქ-ას კანდიდატურის ხელახლა შეფასება დაავალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №3 ბრძანებით შექმნილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სპეციალიზებულ შემადგენლობას, რომელშიც პროფესიული პრინციპით წარდგენილი იქნებოდნენ კომისიის წევრები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის სხდომაზე გამოცხადებული იქნა მ. ქ-ა ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე დასანიშნად გასაუბრების მიზნით, რომლის თაობაზე შედგა №10/1 სხდომის ოქმი, ასევე განხორციელდა გასაუბრების აუდიო ჩაწერა. კომისიის სხდომას ესწრებოდა 3 წევრი და თითოეულმა მათგანმა მ. ქ-ა ინდივიდუალურად შეაფასა ზემოაღნიშნულ თანამდებობებთან დაკავშირებით. აღნიშნული შეფასებებით დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე კომისიის წევრთაგან მ. ქ-ა საბოლოოდ შეფასდა 2.61 ქულით (2.17+2.83+2.83/3); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე კომისიის წევრთაგან საბოლოოდ შეფასდა 2.56 ქულით (2.17+2.83+2.67/3); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე კომისიის წევრთაგან საბოლოოდ შეფასდა 2.72 ქულით (3.00+3.00+2.17/3); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე კომისიის წევრთაგან საბოლოოდ შეფასდა 2.61 ქულით (2.17+2.83+2.83/3); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე კომისიის წევრთაგან საბოლოოდ შეფასდა 2.72 ქულით (2.17+3.00+3.00/3).

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის №10/2 სხდომის ოქმის, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიებმა ერთხმად არ გასცეს მ. ქ-ას ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე წარდგენის რეკომენდაცია.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის - ნ. გ-ის მოსაზრება, რომ მ. ქ-ამ ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები გასცა მის მიმართ დასმულ შეკითხვებს. გაცემული პასუხები არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებსა და მოთხოვნებს.

სასამართლომ მიუთითა, რომ განმეორებით ჩატარებულ გასაუბრების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო შეეცადა დაეცვა პროცედურული საკითხები: შეადგინა სხდომის ოქმი, დაამტკიცა შეფასების ფორმა, თუმცა მაინც ვერ უზრუნველყო გამჭვირვალე, საჯარო და ობიექტური კონკურსის ჩატარება. გატარებულმა ღონისძიებებმა სასამართლოს შეუქმნა ვარაუდის საფუძველი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს წარმოადგენდა მ. ქ-ასათვის უარის თქმა პროცედურულ საკითხთა დარღვევის გარეშე. სასამართლომ განმარტა, რომ კონკურსისთვის კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის პროცედურული საკითხები, განსაზღვრულია გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, არადისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. სასამართლოს მითითებით, საჯარო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარება და კანდიდატის გამოვლენა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ საჯარო ინტერესს - ვაკანტური თანამდებობისათვის ყველაზე უფრო მისაღები, კანდიდატთაგან მაღალი შედეგის მქონე პირის გამოვლენას. ამასთან, კომისიის ყოველი ქმედება, რომელიც გავლენას ახდენს საბოლოო შედეგის ფორმირებაზე, უნდა იყოს დასაბუთებული, რათა ერთის მხრივ გასაგები იყოს კონკურსანტისთვის, თუ რატომ იქნა მის მიმართ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რატომ შეაფასეს იგი ამა თუ იმ ქულით, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლებელი იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კონტროლის განხორციელება, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კომისიის წევრთა მიერ შევსებულ №1.1 დანართზე, სადაც კონკურსანტი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. კომუნიკაციის (მაგ: საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის) უნარი; 2. მოტივაცია; 3. პროფესიული მიღწევები; 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზი (მაგ: სიტუაციური მაგალითი); 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა; 6. დამატებით კითხვებზე პასუხი. კომისიის წევრთა შეფასების შედეგად, მ. ქ-ამ ვერ გადალახა 3 ქულა. სასამართლოს მითითებით, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების ჩამონათვალიდან კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმს არ წარმოადგენდა კვალიფიკაციის დონის განსაზღვრა. ანუ, კომისიის წევრებმა მ. ქ-ას დაუსვეს პროფესიული ტიპის კითხვები, თუმცა მათ არ გააჩნდათ ამის უფლება, რადგან პროფესიული დონის შესაფასებელი ეტაპი კანდიდატს უკვე გადალახული ჰქონდა და არ დაუსვეს იმგვარი კითხვები, რომელზე გაცემული პასუხებითაც კომისიის წევრები შეძლებდნენ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით მ. ქ-ას შეფასებას. ამასთან, აუდიო ჩანაწერის გაცნობის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასმული კითხვებით შეუძლებელი იყო კანდიდატის, მაგალითად კომუნიკაციის უნარის, მოტივაციის, ლოგიკური მსჯელობის და ა. შ. შეფასება. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დასმულ კითხვებს სრულად გაართვა თავი, რასაც ადასტურებს საქმეში მოწვეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი - ნ. გ-ის მოსაზრება („მ. ქ-ამ ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები გასცა მის მიმართ დასმულ შეკითხვებს. გაცემული პასუხები არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებსა და მოთხოვნებს“). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კითხვების დასმა მიმართული იყო კონკურსის პროცედურული კუთხით გამართულობისა და რეგლამენტის ფორმალური დაცვისკენ და არა კითხვარში არსებული კრიტერიუმების მიხედვით მ. ქ-ას რეალურად შეფასებისაკენ. აღნიშნული გარემოება კი ვერ გახდებოდა თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმის საფუძველი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკურსის გამჭვირვალობა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა ეჭვქვეშ დგება, როდესაც ბუნდოვანი რჩება კომისიის წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი. იმ პირობებში, როდესაც კომისიის არც ერთი წევრი არ დაასაბუთებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ საფუძველზე გამოცემული აქტიც ვერ დააკმაყოფილებს დასაბუთების კანონით გათვალისწინებულ სტანდარტს. საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიღო დაბალი შეფასება მოსარჩელემ კომუნიკაციის, მოტივაციის, პროფესიული მიღწევების, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის, შესასრულებელი სამუშაოს ხედვასა და მზადყოფნის, დამატებით კითხვებზე პასუხის კომპონენტებში. შეფასების თითოეული კომპონენტი საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას, მიზეზს თუ რატომ შეფასდა კონკურსანტი პირობითად 3 ქულით და არა 4 ან 5 ქულით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იქნება დაცლილი სუბიექტური ფაქტორისგან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც კომისიის წევრებისთვის მ. ქ-ას კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, გამოცდილება ცნობილი და აღიარებულია, მისი დაბალი ქულებით შეფასება არალოგიკურია, რასაც ემატება ის გარემოებაც, რომ კომისიის წევრებს არ დაუსვამთ შეკითხვები წინასწარ შემუშავებულ კითხვარში ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მიუთითებს სუბიექტური მოტივებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაც სადავო აქტს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს ანიჭებს და სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, ამ პირობებში კი, არ არსებობს მ. ქ-ასთვის ვაკანტურ თანამდებობაზე რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის წინაპირობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდა დაევალოს მ. ქ-ას თანამდებობაზე წარდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულმა შემადგენლობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის უფლებამონაცვლის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის N10/2 სხდომის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის N11 სხდომის ოქმი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის უფლებამონაცვლეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მ. ქ-ას თანამდებობაზე წარდგენა.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტზე, 33–34-ე, 361 მუხლებზე, გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4, მე-10 მუხლებზე და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები, განმარტებები, სამართლებრივი შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ განმეორებით ჩატარებულ გასაუბრების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო შეეცადა დაეცვა პროცედურული საკითხები: შეადგინა სხდომის ოქმი, დაამტკიცა შეფასების ფორმა, თუმცა მაინც ვერ უზრუნველყო გამჭვირვალე, საჯარო და ობიექტური კონკურსის ჩატარება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმად, გატარებული ღონისძიებები ქმნის იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს წარმოადგენდა იმგვარად ეთქვა უარი მ. ქ-ასათვის, რომ პროცედურულ საკითხთა დარღვევას ადგილი აღარ ჰქონოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კონკურსისთვის კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის პროცედურული საკითხებიც, განსაზღვრულია იმ მიზნით, რომ მოხდეს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, არადისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება. საჯარო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარება და კანდიდატის გამოვლენა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ საჯარო ინტერესს - გამოვლინდეს ვაკანტური თანამდებობისათვის ყველაზე უფრო მისაღები, კანდიდატთაგან მაღალი შედეგის მქონე პირი. ამასთან, კომისიის ყოველი ქმედება, რაც გავლენას ახდენს საბოლოო შედეგის ფორმირებაზე, უნდა იყოს დასაბუთებული, რათა ერთის მხრივ გასაგები იყოს კონკურსანტისთვის, თუ რატომ იქნა მის მიმართ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რატომ შეაფასეს იგი ამა თუ იმ ქულით, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლებელი იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კონტროლის განხორციელება, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ კითხვების დასმა მიმართული იყო კონკურსის პროცედურული კუთხით გამართულობისა და რეგლამენტის ფორმალური დაცვისკენ და არა კითხვარში არსებული კრიტერიუმების მიხედვით მ. ქ-ას რეალურად შეფასებისაკენ. აღნიშნული გარემოება კი ვერ გახდება თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმის საფუძველი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია იმ კუთხით, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს, თუ რატომ იქნა შეფასებული კონკურსანტი ამა თუ იმ ქულით, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებშია მიღებული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თვითნებურ გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობას, აღნიშნული უფლებამოსილება კიდევ უფრო მეტად აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას დაასაბუთოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებები.

პალატამ დამატებით მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 07 სექტემბერს ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით აპელანტის (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მ. ქ-ას თანამდებობაზე წარდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ნაცვლად უნდა დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის უფლებამონაცვლეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის უფლებამონაცვლემ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

კასატორები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის გაუქმებას, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობასა და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ქ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვენ.

კასატორები მიუთითებენ საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავენ, რომ საქმეში წარმოდგენილია კომისიის თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალური შეფასების ფორმა (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით დამტკიცებული წესი), რომელშიც პუნქტობრივადაა მოცემული 6 კრიტერიუმი: 1. კომუნიკაციის უნარი; 2. მოტივაცია; 3. პროფესიული მიღწევები; 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზი; 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა; 6. დამატებით კითხვებზე პასუხი. ამასთან, კანდიდატი თითოეულ კრიტერიუმში შეფასებულია მინიმალური 1-დან მაქსიმალური 5 ქულის ჩათვლით, ინდივიდუალურად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 20 ივლისის N1-1307 ბრძანების N1 დანართის თანახმად, გასაუბრების ეტაპზე მინიმალურ გამსვლელ ზღვარს შეადგენს 3 ქულა. მ. ქ-ამ წარდგენილი 5 თანამდებობიდან ვერც ერთზე გადალახა დადგენილი 3-ქულიანი მინიმალური ზღვარი, რაც გამორიცხავს მოთხოვნილ ვაკანსიებზე მის კანდიდატად განხილვას.

კასატორების მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა საკონკურსო საატესტაციო კომისიას არ ავალდებულებდა გასაუბრების ეტაპის საოქმოდ ჩაწერას, კომისიამ გაითვალისწინა სასამართლოს მითითება და განახორციელა გასაუბრების აუდიოჩაწერა, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მ. ქ-ამ პროფესიულ შეკითხვებს ვერ გასცა პასუხი და განმარტა, რომ რიგი საკითხები დეტალურად არ ახსოვდა, რაც, კასატორების მოსაზრებით, ეჭვქვეშ აყენებს მის პროფესიონალიზმს. (იხ. აუდიო ჩანაწერი 3:57 წუთიდან).

რაც შეეხება ექსპერტი ნ. გ-ის მოსაზრებას მ. ქ-ას მიერ დასმულ შეკითხვათაგან უმრავლესობაზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით, კასატორები აღნიშნავენ, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ მიეკუთვნება მის კომპეტენციას, ხოლო მის მიერ რამდენიმე შეკითხვაზე გაცემული პასუხით ცალსახად იკვეთება, რომ ექსპერტი ვერ ადგენს მ. ქ-ას კვალიფიკაციის შესაბამისობას წარსადგენი თანამდებობებისთვის. ამდენად, ექსპერტის დასკვნა არ ატარებს დადებით შინაარსს და კასატორისთვის დაუსაბუთებელია სასამართლოების მიერ აღნიშნული დასკვნის დადებითი შეფასების კონტექსტში გამოყენება. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლო ფორმალურად მიუდგა საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს და ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია გარემოებები. გასაუბრების მიმდინარეობის ამსახველ სხდომის ოქმში კონკურსანტის მიმართ დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისია კომისიის მიერ დაწერილ ქულათა ჯამი. ამასთან, გასაჩივრებული აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, განხორციელდა თუ არა კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, ხოლო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული მოსაზრებების ერთობლიობა და ამ მოსაზრებების შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ. განსახილველ შემთხვევაში, სადავო შეფასების კანონიერების საკითხი მიეკუთვნება საკონკურსო კომისიის ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას. აქვე აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინება Nბს-1312(კ-18), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კონკურსანტის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლო კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი შეფასების ფართო ველის აღიარება იწვევს გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული სივრცის აღიარებას. კანდიდატების შეფასების სრული სასამართლო შემოწმების დაშვების შემთხვევაში ეს ფუნქცია უცილობლად მთლიანად სასამართლოში გადაინაცვლებს. საკასაციო პალატის მითითებით, დისკრეციული უფლებამოსილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა ფაქტებისა და ნორმის სუბსუმციის შედეგად მიიღოს კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო შეეფასებინა ის გარემოება, თუ რამდენად გამჭვირვალე იყო გასაუბრების პროცესი და ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე პროცედურულ დარღვევას, რაც ცალსახაა, რომ სახეზე არ არის. დისკრეციული უფლებამოსილება, რა თქმა უნდა, არ არის შეუზღუდავი, თუმცა, როდესაც სასამართლო ერევა დისკრეციული უფლებამოსილებაში და მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი ფარგლები, მინიმუმ თვითონ უნდა დაასაბუთოს, რატომ გასცდა ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, მსგავს დასაბუთებას სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს.

რაც შეეხება სადავო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტს, რომლითაც სასამართლომ კომისიას დაავალა მ. ქ-ას თანამდებობაზე წარდგენა, კასატორები თვლიან, რომ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა უსაფუძვლოა, თუნდაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ქ-ას განაცხადი გაკეთებული ჰქონდა ხუთ ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელ და განსხვავებულ პოზიციაზე. შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისა და მის აღსასრულებლად მიქცევის პირობებში, გაურკვეველია, რომელ ვაკანტურ თანამდებობაზე უნდა წარადგინოს კომისიამ იგი. ზემოხსენებული თანამდებობების ვაკანტურობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად, ამ კუთხითაც სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანია და არ შეიცავს ფაქტობრივ/სამართლებრივ დასაბუთებას.

კასატორების მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის უფლებამონაცვლის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მ. ქ-ას კანდიდატურა წარდგენილი ჰქონდა შემდეგ თანამდებობებზე: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების უფროსი.

დადგენილია, აგრეთვე, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის N3/2822-15 გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის N2 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ. ქ-ას მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის N11 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ. ქ-ას მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მ. ქ-ას მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისისა (N10/2 სხდომის ოქმი) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის (N11 სხდომის ოქმი) საოქმო გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ მ. ქ-ას კანდიდატურა წარდგენილ თანამდებობებზე შეფასდა უარყოფითად, გასაუბრების ეტაპზე მან ვერ გადალახა მინიმალური ქულა. შესაბამისად, სპეციალიზებული კომისიის მიერ მ. ქ-ას არ გაეწია რეკომენდაცია ზემოხსენებულ თანამდებობებზე დანიშვნის თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკურსანტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო კონკურსანტის უნარ-ჩვევების, კომპეტენციის დადგენა ხდება განუსაზღვრელი სამართლებრივი ცნებების განმარტების საფუძველზე და არის შეფასების თავისუფლების ნაწილი, რომლის სასამართლო კონტროლი გარკვეულწილად შეზღუდულია, სასამართლო ასეთ შემთხვევაში ამოწმებს მხოლოდ იმ კრიტერიუმების დაცულობის ფარგლებს, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს შეფასების თავისუფლება (იხ. სუსგ 2021 წლის 24 დეკემბრის საქმე Nბს-590(კ-20)). სასამართლო ახდენს არა გამომცდელის ჩანაცვლებას, არამედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ადგენს შეფასების თავისუფალი სივრცის საზღვრებს და ამოწმებს ამ საზღვრების დაცულობას (იხ. სუსგ 2019 წლის 07 მარტის საქმე Nბს-797(კ-18)). გამოცდის შეფასების კონტროლი არ აკისრებს ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებას საგამოცდო უწყების როლს, ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი არ გულისხმობს იმ დონის იურისდიქციის ხელმისაწვდომობას, რომელსაც შეუძლია სრულიად უგულებელყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე, „შპს „სიგმა რადიო-ტელევიზია“ კვიპროსის წინააღმდეგ“ (Sigma RadioTelevision LTD v. Cyprus) §153; 20.10.15წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ფაზია ალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Fazia Ali v. the United Kingdom) §77) (იხ. სუსგ 2021 წლის 24 დეკემბრის საქმე Nბს-590(კ-20)).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მ. ქ-ას კომუნიკაციის, მოტივაციის, პროფესიული მიღწევების, ლოგიკური მსჯელობის, ანალიზის უნარები, შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მისთვის მზადყოფნა, ვინაიდან აღნიშნული კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს და განსახილველი საკითხი უკავშირდება გამომცდელი ორგანოს შეფასების თავისუფალ სივრცეს, სასამართლო კი არ არის უფლებამოსილი იკისროს გამომცდელის ფუნქცია, შეაფასოს როგორც კომისიის წევრთა პროფესიული კომპეტენცია, ასევე კონკურსანტის ცოდნის დონე, უნარ-ჩვევები, თუმცა, მეორე მხრივ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც კონკურსანტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ამავდროულად, კონკურსი არის ის სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ზღუდავს დამსაქმებლის დისკრეციას და მას აძლევს უფლებამოსილებას მხოლოდ კანონით წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებში, სწორედ სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს კომისიის მიერ გადაწყვეტილების კანონით დადგენილი კრიტერიუმებითა და პროცედურების დაცვით მიღების შეფასება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება) საკასაციო პალატის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასებასთან ერთად, განესაზღვრა კონკრეტული მითითებები, კერძოდ, პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობის მიუხედავად, მის მიერ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების არსებობის პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა, თუ რატომ ეთქვა უარი მ. ქ-ას კანდიდატურას და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა უპირატესობა სხვა კანდიდატებს. საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ იყო გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, ხოლო გასაჩივრებული აქტები ვერ უზრუნველყოფდა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რაც აჩენდა ეჭვს კონკურსის გამჭვირვალობის თაობაზე. პალატის მითითებით, საქმის მასალებიდან ვერ დგინდებოდა კანდიდატის მიმართ დასმული შეკითხვებისა და მასზე გაცემული პასუხების შინაარსი, კანდიდატების შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მისი ანალიზი, რაც შეუძლებელს ხდიდა სადავო აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმებას (იხ. სუსგ. 2017 წლის 3 მაისის საქმე Nბს-136-134(კ-17)).

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N 11-22 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია კომისიის მიზანი და ფუნქციები. კომისიის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპებისა და წესების შესაბამისად თბილისის მერიაში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის, აგრეთვე თბილისის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის ჩატარება. კომისიის ფუნქციებია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის და ატესტაციის ჩატარება (ა); პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა (ბ); თბილისის მერთან შეთანხმებით, კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის განსაზღვრა (გ); თბილისის მერთან შეთანხმებით, ატესტაციის ჩატარების ფორმების და შეფასების ფორმულარების განსაზღვრა (დ); თბილისის მერთან შეთანხმებით, ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარის დადგენა (ე);კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან მის წარდგენაზე უარის თქმა (3); თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაცია დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა და საქართველო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება (ზ).

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 20 ივლისის N1-1307 ბრძანების N1 დანართით განსაზღვრულია მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ეტაპების, შეფასების ფორმების, პირობებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსის პროცესში ფასდება კანდიდატის კვალიფიკაცია, პროფესიული დონე, ცოდნა, პიროვნული თვისებები, მოტივაცია და უნარ-ჩვევები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 20 ივლისის N1-1307 ბრძანების N1 დანართით დგინდება, რომ გასაუბრების ეტაპზე სპეციალიზებული კომისიის თითოეული დამსწრე წევრი ავსებს კანდიდატის ინდივიდუალური შეფასების ფორმას და ახდენს კანდიდატის ინდივიდუალურ შეფასებას ანკეტა-კითხვარის მიხედვით, მინიმალური 1-დან მაქსიმალური 5 ქულის ჩათვლით. ანკეტა-კითხვარში პუნქტობრივადაა მოცემული ექვსი კრიტერიუმი: 1. კომუნიკაციის უნარი (მაგ: საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის), 2. მოტივაცია, 3. პროფესიული მიღწევები, 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზის უნარი (მაგ: სიტუაციურ მაგალითი), 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა, 6. დამატებით კითხვებზე პასუხები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინების აღსრულების მიზნით, მ. ქ-ას ჩაუტარდა ხელახალი გასაუბრება. კომისია დაკომპლექტებული იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სპეციალიზებული შემადგენლობით, რომელშიც პროფესიული პრინციპით წარდგენილნი იყვნენ კომისიის წევრები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურიდან. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საქმეზე დადგენილია, რომ მოთხოვნილ თანამდებობებზე კანდიდატად განხილვისათვის განსაზღვრული იყო 3-ქულიანი მინიმალური ზღვარი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დაცული ინდივიდუალური შეფასებისა და საბოლოო შეფასების ფორმების შესაბამისად, მ. ქ-ამ ვერ გადალახა. სწორედ 3-ქულიანი შეფასება გახდა მ. ქ-ას მიმართ უარყოფითი შედეგის დადგომის საფუძველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად შესრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით განსაზღვრული მითითებები, კერძოდ, კომისიის მიერ საქმეში წარმოდგენილია მ. ქ-ასთან ჩატარებული გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის ამსახველი აუდიო ჩანაწერი, რომლიდანაც პალატა გაეცნო კანდიდატის მიმართ დასმულ შეკითხვებს, მათზე გაცემული პასუხების შინაარსს, კანდიდატის შეფასების პროცესში გამოყენებულ კრიტერიუმებს, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესს და თვლის, რომ განმეორებით ჩატარებულ გასაუბრების ეტაპზე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიცვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესით“ სავალდებულოდ დადგენილი პროცედურული საკითხები, ამასთან, კომისიის მიერ დასმული შეკითხვები პასუხობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 20 ივლისის N1-1307 ბრძანების N1 დანართით კანდიდატის ინდივიდუალური შეფასებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. მაგალითისთვის, მ. ქ-ასთან ჩატარებული სხდომის ოქმის შესაბამისად დგინდება, რომ კომისიამ კანდიდატს სთხოვა საკუთარი თავის კომისიის წინაშე წარდგენა, კომისიის წევრებმა მოსარჩელეს ჰკითხეს მის მოტივაციაზე, პროფესიულ მიღწევებზე, დაუსვეს პროფესიული შეკითხვები, როგორებიცაა, მაგალითად, “ჯანდაცვის შესახებ კანონით დელეგირებული რომელი ფუნქციები გააჩნიათ ადგილობრივ თვითმმართველობებს?”(აღნიშნულ შეკითხვაზე მ. ქ-ას პასუხი იყო “იმუნიზაცია, ეპიდსაწინააღმდეგო დეზინფექზია, სანიტარული ნორმების განსაზღვრა”, რაზედაც კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეპიდსაწინააღმდეგო დეზინფექზია დელეგირებული არ იყო, ამასთან სანიტარული ნორმები აღარ არსებობდა უკვე 10 წლის განმავლობაში), ასევე, “რა ძირითადი ფუნქცია აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას სოციალური კანონის მიხედვით?” (აღნიშნულ შეკითხვაზე მ. ქ-ამ ვერ შეძლო პასუხის გაცემა და კომისიას აუხსნა, რომ მოუმზადებელი იყო, რადგან გასაუბრებაზე 2 დღით ადრე დაიბარეს), “რა ეტაპებია გასავლელი პროექტი რომ დაიწეროს?”. კანდიდატს ჰკითხეს ასევე მის სამომავლო გეგმებზე შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით - “არსებული პროგრამების მიმდინარეობაში თქვენ რას შეცვლიდით?”, “როგორ უნდა განვითარდეს მუნიციპალური ჯანდაცვის სერვისები?”(რაზედაც კანდიდატმა უპასუხა, რომ დაამატებდა მონიტორინგს, ხოლო კომისიის წევრმა აღნიშნა, რომ მონიტორინგი უკვე არსებობდა). ამდენად, კომისიის მიერ ხელახლა ჩატარებული გასაუბრების შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცულია პროცედურული საკითხები, გათვალისწინებულია კანდიდატის ინდივიდუალური შეფასებისთვის დადგენილი კრიტერიუმები, კერძოდ, შეფასებულია კანდიდატის კომუნიკაციის უნარი, მოტივაცია, პროფესიული მიღწევები, ლოგიკური მსჯელობა და ანალიზის უნარი, შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა. ამდენად, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესის შეფასება, საკასაციო პალატას აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის №10/2 სხდომის ოქმი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №11 სხდომის ოქმი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მ. ქ-ას თანამდებობაზე წარდგენის დავალების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მ. ქ-ას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის უფლებამონაცვლის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე