Facebook Twitter

ბს-1314 (კ-24) 5 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2024წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ქ-ამ, გ. გ-იმა, მ. გ-იმა და მა. გ-იმა 01.03.2024წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024წ. №IDP 9 24 00000109 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელეების ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2024წ. გადაწყვეტილებით ნ. ქ-ას, გ. გ-ის, მ. გ-ისა და მა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024წ. №IDP 9 24 00000109 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2024წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის დევნილი პირი, სამი არასრულწლოვანი შვილით, რომელსაც არ აქვს საკუთრებაში რაიმე სახის უძრავი ქონება, იგი არის განქორწინებული და არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას განმცხადებლის სადავო მისამართზე არ ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აღნიშნული წარმოადგენს ვარაუდს, ვინაიდან არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023წ. №86 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. ქ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისში, ...ის გამზირი №... „... კორპ. №...-ში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო, რასაც საფუძვლად დაედო განაცხადში დაფიქსირებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართსა და განმცხადებლის ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ მისამართზე განხორციელებული მონიტორინგის მასალები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი შინ არ იმყოფებოდა ან დახვდათ სხვა მისამართზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ დევნილი ოჯახები უმრავლეს შემთხვევაში სულადობასთან შეუსაბამო, მცირე ფართში ცხოვრობენ და რიგ შემთხვევებში, შესაძლოა მოუწიოთ გაერიდონ ძირითად საცხოვრებელს, რაც სასამართლოს მითითებით, არ შეიძლება ისე იქნეს გაგებული, თითქოს მათ მიატოვეს დაკავებული ფართი და არ საჭიროებენ სახელმწიფოსაგან პრიორიტეტულ დახმარებას.

პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ზეპირი განხილვის სხდომაზე ნ. ქ-ას მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომელიც იდენტურია მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებისა და აღნიშნა, რომ არ არსებობდა მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების ფაქტის დადასტურების საფუძველი. კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის გამზირი №... „... კორპ. №...-ში არსებულ მისამართზე ნ. ქ-ა ცხოვრობს 1993 წლიდან. დაოჯახების შემდგომ, ის გადავიდა მეუღლის სახლში - სოფელ ...ში, თუმცა განქორწინების შემდეგ, კვლავ დაბრუნდა სტუდქალაქში არსებულ საცხოვრებელში. მისი განმარტებით, 3 შვილის განთავსება 15 კვ.მ ბინაში შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ მიიღო ყოფილი მეუღლის დედის შეთავაზება, ბავშვები დაეტოვებინა სოფელ ...ში, სადაც პერიოდულად აკითხავდა მათ. მონიტორინგიც დაემთხვა მის ერთ-ერთ ასეთ ვიზიტს, რაც განუმარტა კიდეც ადგილზე ჩასულ სააგენტოს თანამშრომლებს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი და ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება. სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია და შეაფასა.

კასატორი მიუთითებს, რომ მხარის განმარტებით მეუღლესთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და დღეს დაშორებულები არიან, თუმცა განახლებული მონაცემებითაც სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ლაგოდეხის რაიონი, სოფ, ...ი. ადმინისტრაციული ორგანო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს და პრიორიტეტს ანიჭებს იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში, წარმოდგენილი საქმის მასალებით კი კასატორი უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარე არ იყო ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სააგენტო გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი ფართის მიღებასთან დაკავშირებით იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას და მხოლოდ ამის შემდგომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეს სურს ურიგოდ და ყველანაირი კრიტერიუმის გარეშე მიიღოს საცხოვრებელი, მაშინ, როცა ამისი არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში დაცული მასალების მიხედვით ნ. ქ-ა, გ., მ. და მა. გ-იები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ნ. ქ-ამ 02.02.2015წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით.

07.08.2020წ. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად ნ. ქ-ა 1993 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის №..., კორპუსი №..., ბინა №...-ში. 2008 წლიდან 2014 წლამდე ცხოვრობდა ლაგოდეხში, ...ში. 2014 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის №..., კორპუსი №..., ბინა №...-ში. აღნიშნული ინფორმაცია მხარემ დაადასტურა ასევე როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე.

09.10.2020წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ოჯახი შეფასდა 5,5 ქულით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ამ მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) - 2 ქულა, საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1,5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 3 არასრულწლოვანი - 2 ქულა. ნ. ქ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მშობლები, ორი და, ერთი ძმა, სამი შვილი და ოთხი დისშვილი. განაცხადს აკეთებს სამ შვილთან ერთად.

24.11.2020წ. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის №...-ში (...) მონიტორინგის ჯგუფს მისამართზე დახვდა ნ.-ს და - თ. ქ-ა, რომელმაც განმარტა, რომ ნ. ქ-ა ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ...-სასტუმროში, ...ს ქუჩაზე ...-ის გამო.

29.01.2021წ. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მისამართზე: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ...ი ნ. ქ-ას ყოფილი მეუღლის ზ. გ-ის მამაპაპისეულ სახლში მონიტორინგის ჯგუფს დახვდა განმცხადებელი ნ. ქ-ა, რომელმაც განმარტა, რომ მისული იყო ბავშვების წამოსაყვანად.

21.11.2023წ. აღწერის ფორმის მიხედვით, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის №..., კორპუსი №..., ბინა №...-ში, 15 კვ.მ საცხოვრებელ ფართში აღრიცხულ იქნენ მოსარჩელეები. დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეების გარდა ასევე ცხოვრობენ ნ. ქ-ას მშობლები. აღნიშნულ ფართში ცხოვრობს სულ 6 სული. ამავე აღრიცხვის ფორმაში მითითებულ იქნა, რომ გვერდზე ოთახში ცხოვრობენ ნ. ქ-ას და თ. ქ-ა და მისი ოჯახი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023წ. №86 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა ქ. თბილისში, ...ის გამზირი №... “ა“ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობებში, როგორც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველ, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობებში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში) მცხოვრებ პირთა, კრიტერიუმების გარეშე განსახლების თაობაზე საკითხი და კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. ქ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისში, ...ის გამზ. №... “ა“ „... კორპ. №2-ში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024წ. №IDP 9 24 00000109 ბრძანებით ნ. ქ-ას ოჯახს (განცხადებაში გათვალისწინებულ პირებს) სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (მის: ქ. თბილისი, ...ის გამზირი №... „... კორპ. №2“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო 13.3 მუხლის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დანართი 1-ს 2.ა მუხლის თანახმად, დევნილი ოჯახი განმარტებულია შემდეგნაირად − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, ამავე წესის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ქ-ა, გ. გ-ი, მ. გ-ი და მა. გ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ექვემდებარებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. კრიტერიუმების მიხედვით დევნილი ოჯახი შეფასებულია 5,5 ქულით. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ნ. ქ-ას არ აქვს საკუთრებაში რაიმე სახის უძრავი ქონება, იგი არის განქორწინებული და არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023წ. №86 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. ქ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისში, ...ის გამზირი №... „... კორპ. №2-ში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი და ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობას. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი შინ არ იმყოფებოდა ან დახვდათ სხვა მისამართზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ნ. ქ-ა განაცხადს მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად აკეთებს. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ამავე კანონის 5.3 მუხლის თანახმად კი ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. ნ. ქ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2024წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე