Facebook Twitter

საქმე #ბს-1055(კ-24) 13 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი, ასკ 16.2) – ნ. ყ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. კ-ა

მოპასუხეები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 26 სექტემბერს გ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 3 აპრილის #... განცხადების განხილვა დაიწყო იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ყ-ას საკასაციო საჩივარი, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონშესაბამისი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება დაევალა.

მოსარჩელის მითითებით, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ივლისის #... გადაწყვეტილების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მოსარჩელემ 2019 წლის 31 ივლისს საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტომ 2019 წლის 27 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოსარჩელე თვლის, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი, არის კანონსაწინააღმდეგო, არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი ანალიზიდან და არის მიკერძოებული, უკანონო აქტი, რომელიც ლახავს გ. კ-ას კანონიერ ინტერესს. გადაწყვეტილებით არ არის გაქარწყლებული საჩივარში დასაბუთებული ფაქტები და არგუმენტები.

მოსარჩელის განმარტებით, მაშინ, როდესაც მესაკუთრის პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრს განხორციელებული აქვს კანონიერად და მესაკუთრედ რეგისტრირებული ჰყავს უძრავი ქონების რეალური მესაკუთრე და მფლობელი, გადაწყვეტილება უნდა იყოს შესაბამისი და მხარეს უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი რეგისტრაციაზე უარის შესახებ.

ამდენად, მოსარჩელემ (1) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს #... გადაწყვეტილების პირველი პუნქტისა და მესამე პუნქტის ბათილად ცნობა და (2) მოპასუხისათვის გ. კ-ას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. კ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ყ-ა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს #... გადაწყვეტილების პირველი და მე-3 პუნქტები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გ. კ-ას 31.07.2019წ. #353703/17 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრმა გასაჩივრებული 2019 წლის 28 აგვისტოს #... გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის უგულებელყოფით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რის შედეგადაც, საჯარო რეესტრმა ბათილად ცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #... (18.07.2019წ.) გადაწყვეტილება და ამავე სამსახურს დაავალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის #ბს-803(კ-18) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით #... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ თავისუფალი სივრცის გამოძებნის შემთხვევაში (სადაც შესაძლებელი იქნებოდა დაზუსტებული საკადასტრო მონაცმებით დარეგისტრირებულიყო გ. კ-ას საკუთრების უფლება) ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის #ბს-803(კ-18) გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრს ადგილმდებარეობის დადგენასთან დაკავშირებით უნდა გამოეკვლია - შეესაბამებოდა თუ არა ზ. დ-ას (გ. კ-ას წინამორბედი მესაკუთრე) სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, რომელიც რეგისტრირებულია დაყოფის შედეგად, იმას, რაც იყო რეგისტრირებული დაყოფამდე (მათ შორის, დაუზუსტებელი მონაცემებითაც), რასაც რეესტრის მიერ არ მისცემია სათანადო შეფასება. ასევე, სარეგისტრაციო სამსახურს უზენაესი სასამართლოს მითითებების მიხედვით, მასთან დაცული მონაცემების და მხარეთა მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის, ექსპერტზის დასკვნების) საფუძველზე, უნდა დაედგინა ნ. ყ-ას საკუთრების უფლების ობიექტი და მისი ზუსტი ადგილმდებარეობა და მიეღო რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის არ იმსჯელა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებსა და სასამართლოს დავალებაზე, რაც, პალატის შეფასებით, გადაწყვეტილების აღუსრულებლობას უტოლდებოდა, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა დაედგინა კონკრეტული ფაქტები, გარემოებები და საკუთარი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შედეგად, მიეღო გადაწყვეტილება ნ. ყ-ას სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2018 წლის 27 დეკემბრის #ბს-803(კ-18) გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო შპს „ზ...ს“ #398 დასკვნას, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003770817 დასკვნას. კასატორის მოსაზრებით, ორივე დასკვნა ადასტურებს ნ. ყ-ას და, ამავდროულად, გამორიცხავს გ. კ-ას კავშირს სადავო მიწის ნაკვეთთან. ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც აშკარაა, რომ ზაურ კორტავას ოჯახზე გაცემულ მიწის საკუთრების მოწმობაში მითითებული ნახაზი არ შეესაბამება რეალურად დაკავებულ ტერიტორიას, ხოლო ნ. ყ-ას ოჯახზე გაცემულ საკუთრების მოწმობაში მითითებული მონაცემები ძირითადად ემთხვევა სადავო ტერიტორიას.

კასატორის მოსაზრებით, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კ-ამ (ზ. დ-ამ) მისთვის გამოყოფილი ნაკვეთის ადგილმდებარეობა შეცვალა, საჯარო რეესტრში წარადგინა არასწორი კოორდინატები, მოახდინა სხვა ტერიტორიაზე, სხვა კონფიგურაციისა და სხვა ფართის რეგისტრაცია და ამ გზით დაიკავა ნ. ყ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთი. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ზ. დ-ამ პირველადი რეგისტრაცია 4181 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) განახორციელა, რაც არ ემთხვევა ზ. კ-ას ოჯახზე გაცემულ მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებულ ფართობს - 4355.13 კვ.მ-ს და აშკარაა, რომ მან დაისაკუთრა სხვა ტერიტორია, სადაც ფიზიკურად არ იყო საკმარისი ფართი.

ამასთან, კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია არქივში დაცული ძველი ორთოფოტოები, რომლებზეც დატანილია სახელობითი მონიშვნები და ზუსტად არის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების მდებარეობა, რომლის თანახმადაც, ნ. ყ-ას ნაკვეთი შეესაბამება სადავო მიწის ნაკვეთის მდებარეობას და პროპორციებს (სიგრძე და სიგანე), ხოლო ზ. კ-ას ნაკვეთი მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთიდან ერთი მეტრის მოშორებით (ჩრდილო-დასავლეთით) და მისი კონფიგურაცია სრულიად შეუსაბამოა სადავო ნაკვეთის ფორმასთან.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომლითაც გ. კ-ას გაუუქმდა რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე იმ მოტივით, რომ მას დაკავებული ჰქონდა სხვისი, კერძოდ, ნ. ყ-ას მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ წინამდებარე დავა წარმოიქმნა არა იმიტომ, რომ ორ სუბიექტს პრეტენზია აქვს ერთსა და იმავე ნაკვეთზე, არამედ იმიტომ, რომ გ. კ-ამ მოითხოვა საკუთრების რეგისტრაცია იმ ნაკვეთზე, რომელზედაც ეს უფლება მას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა გაუქმებული. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კვლავ აქტუალური გახადა იმ საკითხებზე მსჯელობა, რაც უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადგენილი.

კასატორის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ექსპერტიზის დასკვნები, არქივში დაცული ორთოფოტოები, სიტუაციური რუკები, საკუთრების მოწმობები (მიწის ნაკვეთების ნახაზებით) და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარად ადასტურებს, რომ გ. კ-ას სადავო მიწის ნაკვეთზე უფლება არ გააჩნია, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გ. კ-ას მიწის ნაკვეთი მდებარეობს სადავო ნაკვეთიდან ჩრდილო-დასავლეთით.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, უზენაესმა სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ გ. კ-ამ განახორციელა საკუთრების რეგისტრაცია ნ. ყ-ას კუთვნილ ტერიტორიაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამით გ. კ-ას საკუთრების უფლება არ ეკარგებოდა და მას სხვა, ანუ მისი საკუთრების მოწმობის შესაბამის ტერიტორიაზე შეეძლო უფლების რეგისტრაცია.

კასატორის მითითებით, იმ შემთხვევაში, თუკი საკასაციო სასამართლო ძალაში დატოვებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას, გასაჩივრებული განჩინება და უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვა, რამდენადაც ერთი მათგანი აუქმებს გ. კ-ას რეგისტრაციას და ავალებს სააგენტოს ნ. ყ-ასათვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, ხოლო მეორე ავალებს სააგენტოს დაადგინოს, რომელ მოქალაქეს აქვს უფლება მიწის ნაკვეთზე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას და მის აღსრულებას გ. კ-ასთან მიმართებით. სასამართლო უთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს გ. კ-ასთან მიმართებით, რაც კასატორის შეფასებით, სრულიად უსაფუძვლოა, რამდენადაც მასთან მიმართებით გადაწყვეტილება უკვე შესრულებულია, კერძოდ, გაუქმებულია რეგისტრაცია, რომლითაც მას არაკანონიერად ჰქონდა დასაკუთრებული ნ. ყ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ გ. კ-ას სახელმწიფოსაგან ეკუთვნის მიწის ნაკვეთი სხვა ადგილზე, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სულ სხვა დავის საგანს და იგი არ შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ნ. ყ-ას კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნოტარიუსთან დანიშნულ მედიაციის პროცესზე თითქოს მხოლოდ გ. კ-ა გამოცხადდა, ხოლო ნ. ყ-ა კი - არა. კასატორის განმარტებით, სასამართლო გვერდს უვლის მის მიერ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ნოტარიუსთან და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაფიქსირებულ წერილობით პოზიციას, სადაც აღინიშნა, რომ გ. კ-ა უსაფუძვლოდ ითხოვდა რეგისტრაციას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მას რეგისტრაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჰქონდა გაუქმებული. შესაბამისად, კასატორმა ამ საფუძვლით მედიაციის პროცესის შეწყვეტა მოითხოვა.

ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მის საფუძველზე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვას ითხოვს. კასატორი თვლის, რომ საკითხი საჭიროებს ორი სხვადასხვა დავის ერთობლივ შეფასებას, რასთან დაკავშირებითაც შესაძლებელია ვერ იქნას წარმოდგენილი ამომწურავი წერილობითი პოზიცია. ასევე, შესაძლებელია, საკასაციო პალატას გაუჩნდეს დამატებითი შეკითხვები ან საჭირო გახდეს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ყ-ას საკასაციო საჩივარი; ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე ნ. ყ-ას შუამდგომლობა განხილული იქნებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ყ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია (1) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს #... გადაწყვეტილების პირველი პუნქტისა და მესამე პუნქტის ბათილად ცნობა და (2) მოპასუხისათვის გ. კ-ას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს #... გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2018წ. #ბს-803(კ-18) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. კერძოდ, მითითებული გადაწყვეტილებით, ნ. ყ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ყ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 მაისის #... გადაწყვეტილება და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის #... გადაწყვეტილება; მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ყ-ას უძრავ ქონებაზე დაზუსტებული რეგისტრაციის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულ მსჯელობას, რომლის თანახმად, „...მოსარჩელის - ნ. ყ-ას სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ 2000 წლის 1 აგვისტოს მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე ზუგდიდის რაიონის, სოფელ ...ის ტერიტორიაზე მის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა 3576.43 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., რაც #13511/00 განაცხადით, დაუზუსტებელი მონაცემებით, დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მოსარჩელის მტკიცებით, სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა უკანონოდ ზ. დ-ას საკუთრებად #...საკადასტრო კოდით, რაც ხელს უშლის მოსარჩელეს საკუთრების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციაში. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით, რომელიც გაცემულია 2000 წლის 1 აგვისტოს, ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა - ზუგდიდი, კოდი ..., სექტორი - სოფელი ..., კოდი ... კვარტალი ..., ნაკვეთის #..., დაზუსტებული ფართობით 3576.43 კვ.მ - მესაკუთრეა ნ. ყ-ას ოჯახი. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების #582 აქტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, კერძოდ, ნაკვეთის არასწორი მდებარეობის მითითების გამო რეგისტრაციის გაუქმება, რამაც გამოიწვია სადავო მიწის ნაკვეთის ზედდება გ. კ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. ამდენად, სადავოა არა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, არამედ მისი პარამეტრები და ადგილმდებარეობა...

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო საკითხთან მიმართებით გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის განუხორციელებლობის გამო, მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე, მით უფრო, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს ნ. ყ-ას სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, ასევე, ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის - ნ. ყ-ასათვის ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას...

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა შედეგად არ იწვევს გ. კ-ას საკუთრების უფლების შელახვას, ვინაიდან მის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის კოორდინატების კორექტირება არ გამოიწვევს ნაკვეთის შემცირებას. დავის საგანს შეადგენს ნაკვეთის ადგილმდებარეობის შეცვლა, რის შედეგადაც მოსარჩელეს დაეკარგა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ნაკვეთების კოორდინატების კორექციის შესაძლებლობაზე. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის კორექციას, კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. აღნიშნული კანონი ასევე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სააგენტოს მიერ მოხდეს მიწის ნაკვეთის კორექტირება და თავისუფალი სივრცის გამოძებნა.“

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 აპრილს გ. კ-ამ #... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 3327 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების, კერძოდ, საკადასტრო მონაცემების დაზუსტების მოთხოვნით. დაინტერებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია, საკადასტრო რუკა.

2019 წლის 10 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს - გ. კ-ას აცნობა, რომ #... და #... სარეგისტრაციო განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ან ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით გ. კ-ას განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო სადავო საკითხის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავდა სანოტარო მედიაციას.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #.... (17.06.2019წ.), #.... (24.06.2019წ.), #... (25.06.2019წ.), #... (10.07.2019წ.) და #... (10.07.2019წ.) გადაწყვეტილებებით, დაინტერსებულ პირს - გ. კ-ას ეცნობა, რომ #... და #... განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, 2019 წლის 31 მაისს, 12:00-12:30 საათზე დანიშნულ მედიაციის შეხვედრებზე გამოცხადდა მხოლოდ გ. კ-ა, ხოლო 2019 წლის 17 ივნისს, 12:00- 12:30 საათზე, დანიშნულ მედიაციის შეხვედრაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე და მედიაცია შეწყდა. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.

2019 წლის 18 ივლისის #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (18.07.2019წ., #...) გ. კ-ას მიერ 31.07.2019 წლის #353703/17 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. კ-ას წარმომადგენლის - ვ. ს-ეის #353703/17 (31.07.2019წ.) ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #... (18.07.2019წ.) გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს დაევალა #... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ამავე გადაწყვეტილების 4.2.21 პუნქტის შესაბამისად.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს #... გადაწყვეტილების 4.2.21 პუნქტში კი მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #391 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებადაურეგისტრირებელი მიწა არის სახელმწიფო საკუთრება და მისი განკარგვის უფლებამისილება გააჩნია სახელმწიფოს. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურს ევალება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აცნობოს ის გარემოება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3330 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია გ. კ-ას საკუთრების უფლება, თუმცა, ვერ ხდება თავისუფალი სივრცის გამოძებნა, რათა მოხდეს საკადასტრო მონაცემების დაზუსტება. აგრეთვე, უნდა ეთხოვოს კომპეტენციის ფარგლებში ამ საკითხის განხილვა და თავისუფალი სივრცის გამოძებნა, სადაც შეიძლება დაზუსტებული საკადასტრო მონაცმებით დარეგისტრირდეს გ. კ-ას საკუთრების უფლება და განხორციელდეს 2018 წლის 27 დეკემბრის საქართველოს უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილების (საქმე #ბს-803(კ-18)) აღსრულება სააგენტოს მიერ.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საჯარო რეესტრს ადგილმდებარეობის დადგენასთან დაკავშირებით უნდა გამოეკვლია - შეესაბამებოდა თუ არა ზ. დ-ას (გ. კ-ას წინამორბედი მესაკუთრე) სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, რომელიც რეგისტრირებულია დაყოფის შედეგად, იმას, რაც იყო რეგისტრირებული დაყოფამდე (მათ შორის, დაუზუსტებელი მონაცემებითაც), რასაც რეესტრის მიერ არ მისცემია სათანადო შეფასება. ასევე, სარეგისტრაციო სამსახურს უზენაესი სასამართლოს მითითებების მიხედვით, მასთან დაცული მონაცემების და მხარეთა მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის, ექსპერტზის დასკვნების) საფუძველზე, უნდა დაედგინა ნ. ყ-ას საკუთრების უფლების ობიექტი და მისი ზუსტი ადგილმდებარეობა და მიეღო რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის არ იმსჯელა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე და მათზე დაყრდნობით არ დაადგინა კონკრეტული ფაქტები, გარემოებები, რათა საკუთარი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შედეგად, მიეღო გადაწყვეტილება ნ. ყ-ას სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პასუხი გასცეს კასატორის - ნ. ყ-ას მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს. კერძოდ, იგი თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის #ბს-803(კ-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთზე გ. კ-ას რეგისტრაციის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შედეგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უპირობოდ დაევალა ამავე მიწის ნაკვეთზე ნ. ყ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მხრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის #ბს-803(კ-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამგვარ ინტერპრეტაციას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა განმარტავს, რომ მითითებული გადაწყვეტილებით გ. კ-ას რეგისტრაციის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ამავდროულად, უძრავ ქონებაზე ნ. ყ-ას უფლების რეგისტრაციის დავალების საჭიროება ხსენებული ორი ფიზიკური პირის უფლებრივი მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით გასამართი ორი სარეგისტრაციო წარმოების პარალელურად წარმართვის აუცილებლობამ წარმოშვა. უფრო კონკრეტულად, მითითებული გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრს დაევალა გამოერკვია, თუ ვის ეკუთვნოდა მოთხოვნილი კოორდინატებით კონკრეტული მიწის ნაკვეთი - გ. კ-ას თუ ნ. ყ-ას. ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა იმგვარი პროცესუალურ-სამართლებრივი საშუალება, რომლითაც საჯარო რეესტრს მიეცემოდა ორი სარეგისტრაციო წარმოების ერთობლივად წარმართვის პრაქტიკული შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმგვარად გაგება, რომ თითქოს პალატამ a priori ნ. ყ-ას საკუთრებად მიიჩნია სადავო მიწის ნაკვეთი კონკრეტული მდებარეობით, უსაფუძვლოა იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის #ბს-803(კ-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. კ-ას უფლების რეგისტრაცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა გაბათილებული, ხოლო ნ. ყ-ას სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს გადაწყვეტილების მიღება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა. შესაბამისად, თუკი საკასაციო სასამართლო ჩათვლიდა, რომ ნ. ყ-ას საკუთრების უფლება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უპირობოდ უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, იგი არსებითად გააბათილებდა გ. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციას და საჯარო რეესტრს პირდაპირ კონკრეტული მიწის ნაკვეთის კონკრეტული კოორდინატებით ნ. ყ-ას სახელზე აღრიცხვას დაავალებდა.

რაც შეეხება საჯარო რეესტრისათვის გ. კ-ას უფლების რეგისტრაციის მიზნით თავისუფალი სივრცის გამოძებნის შეთავაზებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული შეფასება უზენაესი სასამართლოს მხრიდან გაკეთებულ იქნა საკასაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გ. კ-ას საკუთრების უფლების შელახვის გამორიცხვის დასაბუთების მიზნით. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არ გულისხმობდა გ. კ-ას საკუთრების უფლების დაკარგვას მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. თუმცა თუკი ხელახალი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, ნ. ყ-ას და გ. კ-ას უფლებრივი მდგომარეობის ერთობლივი გამორკვევის შემდგომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, საჯარო რეესტრი დაადგენდა, რომ სადავო საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთი ნ. ყ-ას საკუთრებას წარმოადგენდა, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო სათანადო ზომები გ. კ-ას საკუთრების უფლების შელახვის თავიდან არიდების მიზნით, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გამოეძებნა თავისუფალი სივრცე გ. კ-ასათვის (წინამორბედი მესაკუთრე - ზ. დ-ა) შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტებით გადაცემულ 3 330 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციისათვის.

საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული განმარტება ავტომატურად არ გულისხმობდა იმ ფაქტის დადასტურებას, რომ სადავო ადგილმდებარეობით მიწის ნაკვეთი ნ. ყ-ას ეკუთვნის. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ. კ-ას საკუთრების უფლების აღრიცხვისათვის თავისუფალი სივრცის გამოძებნა დაევალა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხელახალი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანო უტყუარად დაადგენდა, რომ მიწის ნაკვეთი სადავო ადგილმდებარეობით ნ. ყ-ას კუთვნილებას წარმოადგენდა, რის გამოც მასზე გ. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია ფიზიკურად შეუძლებელი გახდებოდა. შესაბამისად, საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უპირველესად, სწორედ ნ. ყ-ას და გ. კ-ას უფლებრივი მდგომარეობის ურთიერთშეპირისპირებით უნდა განესაზღვრა, თუ ვის ეკუთვნოდა სადავო საკადასტრო საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთი - გ. კ-ას თუ ნ. ყ-ას. გ. კ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისათვის თავისუფალი სივრცის გამოძებნის მიზნით კი საჭირო ზომები მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხელახლა გამართული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში იგი უპირობოდ დაადგენდა სადავო ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულ მიწაზე ნ. ყ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლების არსებობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე, გ. კ-ას სარჩელის მოტივს წარმოადგენდა სწორედ ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის #ბს-803(კ-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო და სამოტივაციო ნაწილების არასწორი ინტერპრეტირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს დაავალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის თავისუფალი სივრცის გამოძებნის მიზნით მიმართვა, რათა აღსრულებულიყო ზემოხსენებული გადაწყვეტილება და გ. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი გამხდარიყო. აღნიშნული ქმედებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ სადავო ადგილმდებარეობით მიწის ნაკვეთი ნ. ყ-ას ეკუთვნოდა და, შესაბამისად, მასზე გ. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა. ყოველივე აღნიშნული სააგენტომ სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის #ბს-803(კ-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს დაუკავშირა, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებული გადაწყვეტილების არასწორმა ინტერპრეტაციამ განაპირობა. შედეგად, საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით საჯარო რეესტრმა სადავო ტერიტორია ნ. ყ-ას კუთვნილებად გამოაცხადა იმგვარად, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ შეუპირისპირებია ნ. ყ-ასა და გ. კ-ას უფლებრივი მდგომარეობა და არ გამოურკვევია სადავო ადგილმდებარეობით მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს. ამავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაევალა გ. კ-ას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ხელახალი მსჯელობა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ასევე, წინამდებარე განჩინებაში ასახული განმარტებები და მათი გათვალისწინებით, მიიღოს კანონშესაბამისი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ. ყ-ას შუამდგომლობაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის #ბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“).“

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ყ-ას (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე გ. ღ-ეს (პ/ნ ...) 28.10.2024წ. #8987 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ღ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ნ. ყ-ას (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ყ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;

3. გ. ღ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ყ-ას (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 28.10.2024წ. #8987 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა