#ბს-1164(კს-24) 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები: ნ. ჩ-ე, თ. ჩ-ე, თო. ჩ-ე და ლ. ჩ-ე
მოსარჩელე: ა. ფ-ე
მოპასუხე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 24 მარტს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ფ-ემ მოპასუხის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
2020 წლის 20 ნოემბერს ა. ფ-ემ დააზუტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ნ. ჩ-ე.
2020 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელემ წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ...ის საკრებულოს, როგორც არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული და კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნ. ჩ-ეის ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე 1993 წლის 30 აპრილს #12 გადაწყვეტილების არარად ცნობა; ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა ხელვაჩაურის კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს რწმუნებულთა კრების 1996 წლის 7 თებერვლის ნ. ჩ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სხვა აქტების, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, რომლის მიხედვითაც ნ. ჩ-ეს შეერჩა მიწის ნაკვეთი და შემდგომ გადაეცა ის. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 თებერვლის #51 განკარგულების ბათილად ცნობა;
2023 წლის 28 ივნისს სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელე ა. ფ-ეის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა შემდეგი მოთხოვნების დაზუსტებაზე და ჩამოაყალიბა შემდეგი სახით: - გამოცემის მომენტიდან ბათილად იქნეს ცნობილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის #... გადაწყვეტილება, ნ. ჩ-ეზე, თ. ჩ-ეზე, თო. ჩ-ეზე, ლ. ჩ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 2100 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის, ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდეგო და გამოცემული როგორც კანონსაწინააღმდეგო და გამოცემული მისი მომზადებისა და დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო. - დაევალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას,გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომლის შესაბამისად ა. ფ-ეის საკუთრებაში აღიარებული იქნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ...ში მდებარე ს/კ ...-ის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ....
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. ჩ-ე, თო. ჩ-ე და ლ. ჩ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ფ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 თებერვლის #51 განკარგულება ა. ფ-ეზე 1 497 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს რწმუნებულთა კრების 1996 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება ნ. ჩ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე, ა. ფ-ეის მიერ მოთხოვნილი 1 497 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 მაისის #... გადაწყვეტილება ნ. ჩ-ეზე, თ. ჩ-ეზე, თო. ჩ-ეზე, ლ. ჩ-ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 2 100 კვმ. მიწის ნაკვეთის, ს.კ. ... რეგისტრაციის შესახებ, ა. ფ-ეის მიერ მოთხოვნილი 1 497 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ა. ფ-ე ითხოვდა ...ის საკრებულოს 1993 წლის 30 აპრილის N12 გადაწყვეტილების ნ. ჩ-ეის ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტიის არარად ცნობას; ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თობაზე, რომლის მიხედვითაც ა. ფ-ეის საკუთრებაში აღიარებული იქნებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფ. ...ში მდებარე ს.კ. ...-ის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 100 კვმ. მიწის ნაკვეთი, ს.კ. ....
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, გაასაჩივრეს როგორც ა. ფ-ემ, ასევე ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეებმა და თავის მხრივ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამაც.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი, ხოლო 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ა. ფ-ეის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების სააპელაციო საჩივრი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვლებლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით ნ. ჩ-ეს, თ. ჩ-ეს, თო. ჩ-ესა და ლ. ჩ-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრათ ვადა 10 (ათი) დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ხელვაჩაური, სოფელი ...ი და ერთ-ერთ აპელანტს - თო. ჩ-ეს, რომელიც ამავდროულად დანარჩენი აპელანტების ოჯახის წევრია ჩაჰბარდა - 2024 წლის 2 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, 2024 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით აპელანტებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავთ და არც ხარვეზის აღმოსაფხვრელად მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოუდგენიათ. ამდენად, 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა ნ. ჩ-ეს, თ. ჩ-ეს, თო. ჩ-ესა და ლ. ჩ-ეს სააპელაციო საჩივარი;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეებმა, რომელებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
2024 წლის 15 ოქტომბერს წარმოდგენილი კერძო საჩივრით ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეები მოითხოვენ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას და განმარტავენ, რომ მათ დადგენილ ვადაში შეავსეს ხარვეზი და შესაბამისი გზავნილი ფოსტის მეშვეობით გააგზავნეს სასამართლოში. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორებმა წარმოადგინეს ბილი, სადაც ნ. ჩ-ეის გზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის დათარიღებულია 2024 წლის 12 აგვისტოთი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. .
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2024 წლის 25 ივლისის ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეებს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ხელვაჩაური, სოფელი ...ი; 2024 წლის 2 აგვისტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარდა ერთ-ერთ აპელანტს - თო. ჩ-ეს, რომელიც ამავდროულად დანარჩენი აპელანტების ოჯახის წევრია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების სააპელაციო საჩვარი დარჩა განუხილველი. თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის ბეჭდით 2024 წლის 27 აგვისტოს რეგისტრირებულია ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელსაც ასევე ერთვის ბაჟის გადახდის ქვითარი (დათარიღებული 12.08.2024წ. საგადასახადო დავალება N3050) და ბილი, სადაც გზავნილი დათარიღებულია - 12.08.2024 წლით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორებმა წარმოადგინეს ბილი, რომლის მიხედვითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის გადასაცემად განკუთვნილი ნ. ჩ-ეის გზავნილი დათარიღებულია 2024 წლის 12 აგვისტოთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეავსეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2024 წლის 2 აგვისტოს, ხოლო 2024 წლის 12 აგვისტოს, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში ნ. ჩ-ემ ფოსტას ჩააბარა სააპელაციო სასამართლოსთვის გადასაცემად ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფოსტისთვის ან ტელეგრაფისთვის ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე დოკუმენტის ჩაბარება, ვადაში ჩაბარებულად ითვლება.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების სააპელაციო საჩივარი და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ., თ., თო. და ლ. ჩ-ეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება და საქმე ნ. ჩ-ეის, თ. ჩ-ეის, თო. ჩ-ეისა და ლ. ჩ-ეის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა