საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-927(კ-24) 10 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე კ. ხ-ა)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ხ-ამ 2020 წლის 05 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა კომისიის ვირტუალური უარის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (მიწის ნაკვეთის, საერთო ფართით 3308 კვ.მ., მდებარე: თბილისი, ... №..., მე-... მიკრორაიონი, კორპუსი №...-ის მიმდებარედ. კ. ხ-ას საკუთრებად აღიარების თაობაზე) გამოცემის დავალება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი შესაგებლისა და თანდართული მასალების გადაცემის შემდგომ, მოსარჩელე მხარის მიერ (08.06.2022 წელი) დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 აპრილის №661 განკარგულება კ. ხ-ასთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც აღიარებული იქნება კ. ხ-ას საკუთრებად მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 3308 კვ.მ., მდებარე: თბილისი, ... №3, მე-... მ/რაიონი, კორპუსი №...-ის მიმდებარედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით კ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 აპრილის №661 განკარგულება და დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა კ. ხ-ას მოთხოვნასთან მიმართებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კ. ხ-ასა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით კ. ხ-ასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-51 მუხლის მე-3 პუნქტი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლი და ყურადღება გაამახვილა სადავო აქტის შინაარსზე, კერძოდ, იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ მოცემულობაზე, რამაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განაპირობა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შესაბამისად მნიშვნელოვნად მიიჩნია შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების და მის შედეგად გამოცემული აქტის კანონიერება არამარტო იმ კუთხით, რამდენად დაიცვა ადმინისტრაციულმა ორგანომ საკანონმდებლო მოთხოვნები, არამედ, რამდენად შესრულდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ასახული მითითებები.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებებისგან განსხვავებით, ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკომუნიკაციო ქსელების კომპანიებში რეგისტრირებული აბონენტის ვინაობას. იმ გარემოების დასადგენად, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ფიზიკური პირის მფლობელობაში არსებობდა თუ იურიდიული პირის, ყურადღება გაამახვილა კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის N465 ოქმში მოსარჩელის განმარტებაზე, საქმეში დაცულ ექსპერტის დასკვნებზე და აზომვით ნახაზებზე რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთზე განაშენიანების არსებობისა და ფართობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მითითებული საკითხის თაობაზე ინფორმაციის შესწავლა/გაანალიზება წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩატარებული, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის ვალდებულებას. საგულისხმოდ იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა - ნაგებობის სამართლებრივი მდგომარეობა ფიზიკური პირის სასარგებლოდა არის გადაწყვეტილი, ასეთ პირობებში კი, ადმინისტრაციული ორგანოს ცალსახა მითითება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირის ფლობის დაუდასტურებლობაზე და აპელირება იმ გარემოებაზე, რომ აბონენტად ფიქსირდება მხოლოდ იურიდიული პირი, სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საქმის გარემოებების გამოკვლევის, ადგილზე დათვალიერებისა და დამატებითი ინფორმაციის მოძიების შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ დასტურდება უშუალოდ კ. ხ-ას, როგორც ფიზიკური პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კასატორი მიუთითებს სს „თ...ს“ 2021 წლის 11 თებერვლის N0211/352/21 წერილზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ... 3, ... მკრ. სკოლა N... მიმდებარედ, საერთო ფართობი - 3308.00 კვ.მ) აბონენტად რეგისტრირებულია ა(ა)იპ კავშირი საფეხბურთო კლუბი „...“. შპს „ჯ...ს“ 2021 წლის 21 ოქტომბრის NOG21-056149 წერილის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ... ..., ... მკრ. სკოლა N... მიმდებარედ, საერთო ფართობი - 3308.00 კვ.მ) აბონენტად ფიქსირდება საფეხბურთო სკოლა „...“. აპელირებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის N399011 წერილზე და მიუთითებს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, კ. ხ-ა რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კ...ს“ ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად. ასევე გასათვალისწინებლად მიიჩნია აღიარების კომისიაში 2010 წლის 23 მარტს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი N187) კ. ხ-ას იმ განმარტებას, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობდა იურიდიული პირი - ს.... კასატორის განმარტებით, კომისიამ მართებულად მიიჩნევს, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ კ. ხ-ა, როგორც ფიზიკური პირი დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს, ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, კომისია მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს ემსჯელა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების აღიარებაზე. რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულ ექსპერტიზის დასკვნას რომელიც მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობებისა და ღობის ხანდაზმულობას ეხება, კასატორის განმარტებით, აღნიშნული დასკვნა ვერ გახდება განსახილველი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან გამორიცხავს კ. ხ-ას, როგორც ფიზიკური პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების საფუძველს, რაც მოქმედი კანონმდებლობით, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა.
2016 წლის 10 ნოემბრის N542 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მართალია, 2017 წლის 12 სექტემბრის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, თუმცა კომისიას, როგორც აქტის გამომცემ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, თავადვე შეუძლია ბათილად ცნოს მის მიერვე გამოცემული აქტი. კასატორის განმარტებით, სწორედ ეს უფლებამოსილება განახორციელა კომისიამ 2022 წლის 15 აპრილის N661 განკარგულების გამოცემისას. მიუთითებს, რომ სადავო განკარგულებით უარის თქმის საფუძველი გახდა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის იურიდიული პირის - "კ...ს" მიერ ფლობა - სარგებლობა, ამდენად მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, რაც კასატორის მსჯელობით წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 აპრილის №661 განკარგულების (მიწის ნაკვეთზე კ. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერება. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლებასთან ერთად კანონმდებლის მიერ გაწერილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდველი გარემოებები, საკასაციო პალატა დეტალურად მიუთითებს შემხებლობაში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის ბედს.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 2 მარტს, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას №12/21516-7 განცხადებით მიმართა კ. ხ-ამ და 500.8 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონება მოითხოვა.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2010 წლის 23 მარტის სხდომაზე განიხილა კ. ხ-ას განცხადება. სხდომაზე კ. ხ-ამ განმარტა, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთით სარგებლობდა ს.... ამავე სხდომაზე მიღებული კომისიის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ „ვ...ს“ უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... ..., ... მ/რ, №... სკოლის მიმდებარედ, 500.8 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარებას იურიდიული პირი ითხოვდა და მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა საკუთრების მომიჯნავედ.
დადგენილია, რომ 2015 წლის 13 მაისს, კ. ხ-ამ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ... ..., მე-... მიკრორაიონი, №... კორპუსის მიმდებარედ, 3308 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის №542 სხდომაზე კ. ხ-ამ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრების უფლების აღიარებასაც მოითხოვს, მდებარეობს იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული ნაკვეთის გვერდით. ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კ. ხ-ას მიერ განცხადებით მოთხოვნილ, ქ. თბილისი, ... ..., მე-... მ/რაიონი, №... სკოლის მიმდებარე მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და მასზე კ. ხ-ას საკუთრება აღიარებულ იქნა ნაწილობრივ - მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობების ფარგლებში, კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით. კომისიამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ქ. თბილისში ... ..., მე-... მ/რაიონი, №... სკოლის მიმდებარე 3308 კვ.მ მიწის ნაკვეთის სრულად ფლობის ფაქტი.
კ. ხ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის №542 გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის №3/8975-16 გადაწყვეტილებით, კ. ხ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის №542 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება (მე-12 საკითხი) კ. ხ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე მხარეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, მოსარჩელის მიმართ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი: საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ ქალაქ თბილისში, ... ..., მე-... მიკრორაიონი, №... კორპუსის მიმდებარე 3308 კვ.მ მიწის ნაკვეთის კ. ხ-ას მიერ 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დადგენისას კომისიამ სათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა საქმის გარემოებები და არსებული მტკიცებულებები. სასამართლომ მიუთითა, რომ 2005 წლის ორთოფოტოს მიხედვით ცხადი იყო, რომ შენობა - ნაგებობა, რომლის 2007 წლამდე კ. ხ-ას მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტიც კომისიამ დაადგინა, მდებარეობდა ღობით შემოსაზღვრულ, ერთ სივრცედ აღქმად, 3308 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობები და ღობე განაშენიანებული იყო 2005 წლამდე. ამდენად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის პოზიცია კ. ხ-ას მიერ, 2015 წლის 13 მაისის განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთზე მისი მფლობელობის ფაქტის მხოლოდ ნაწილობრივ დადგენასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/8975-16 ადმინისტრაციულ საქმეზე შესულია კანონიერ ძალაში.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2020 წლის 26 ივნისს მიღებული იქნა დადგენილება №000004 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმადაც, მოქალაქე კ. ხ-ა დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ... ...-ის დასახლება, მ/რ ..., №... კორპუსის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (თვითმმართველი ერთეულის საკუთრება), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (ნაკვეთის აღმოსავლეთით და დასავლეთით მოწყობილია ორი კაპიტალური შენობა - ნაგებობა, ნაკვეთზე განთავსებულია ორი მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხური, მოწყობილია კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ღობეები, კაპიტალური ღობე ნაწილობრივ გადადის სახელმწიფო მიწაზე და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №...)). ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მოქალაქე კ. ხ-ას დაევალა ქ. თბილისში, ... ...-ის დასახლება, მ/რ ..., №... კორპუსის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (თვითმმართველი ერთეულის საკუთრება), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი (ნაკვეთის აღმოსავლეთით და დასავლეთით მოწყობილია ორი კაპიტალური შენობა - ნაგებობა, ნაკვეთზე განთავსებულია ორი მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხური, მოწყობილია კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ღობეები, კაპიტალური ღობე ნაწილობრივ გადადის სახელმწიფო მიწაზე და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №...)).
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული №3/8975-16 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე 2021 წლის 16 სექტემბრის №42 სხდომის ოქმით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის მიზნით. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, სს „თ...დან“, შპს „ჯ...დან“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.
სს „თ...ს“ 2021 წლის 11 თებერვლის №0211/352/21 წერილის თანახმად, მიწის ნაკვეთზე, სს „თ...ს“ მონაცემთა ბაზაში, აბონენტად რეგისტრირებულია ა(ა)იპ კავშირი საფეხბურთო კლუბი „...“, მისამართი: ... - ... დასახლება, მე-... მ/რ., №...-ის მიმდებარედ. აბონენტის №....
შპს „ჯ...ს“ 2021 წლის 21 ოქტომბრის №OG21-0565149 წერილის თანახმად, საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულია აბონენტი - №... (საფეხბურთო სკოლა ...).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 ოქტომბრის №399011 წერილით ირკვევა, რომ კ. ხ-ა რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კ...ს“ ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 31 მარტის №19 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ იმსჯელა კ. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე და მიიჩნია, რომ არ დასტურდება უშუალოდ კ. ხ-ას, როგორც ფიზიკური პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის №542 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის საკითხი №12) კ. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, მისი ძალაში შესვლის დღიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 31 მარტის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე, ამავე კომისიის 2022 წლის 15 აპრილის №661 განკარგულებით, კ. ხ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ... ..., ... მ/რ, სკოლა №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 3308.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლეოდა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ კ. ხ-ა, როგორც ფიზიკური პირი, დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს. ვინაიდან, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, კომისია მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, ემსჯელა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთზე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების აღიარებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში ექსპერტიზის დასკვნაზე მითითება ვერ გახდებოდა კ. ხ-ას განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, გამორიცხავდა კ. ხ-ას, როგორც ფიზიკური პირის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების საფუძველს, რაც მოქმედი კანონმდებლობით, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი პირობას წარმოადგენდა.
საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომლის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში. მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც საკუთრების უფლების აღიარება განმარტებულია როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობანაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა. მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტს, აღნიშნულის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა - დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
მითითებულ სამართლებრივ ნორმათა ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების და მის შედეგად გამოცემული აქტის კანონიერება არამარტო იმ ფარგლებში, რამდენად დაიცვა ადმინისტრაციულმა ორგანომ საკანონმდებლო მოთხოვნები, არამედ, რამდენად შესრულდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ასახული მითითებები. სადავო განკარგულების შეფასების მიზნით, თანაბარმნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს როგორც აღსრულებასდაქვემდებარებული სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე აღსრულების შედეგად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შინაარსზე და მათი შეფასებით დადგინდება შესრულდა თუ არა როგორც საკანონმდებლო წინაპირობები, ისე სასამართლოს მითითებები. სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებებისგან განსხვავებით, ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკომუნიკაციო ქსელების კომპანიებში რეგისტრირებული აბონენტის ვინაობას. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის N465 ოქმზე, სადაც ასახულია მოსარჩელის ის განმარტება, რომ ტერიტორია, რასაც ადრე ითხოვდა, მდებარეობს ამ მიწის ნაკვეთის გვერდით, რომელიც დარეგისტრირებულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში; მოთხოვნილი ტერიტორია წარმოადგენდა ნაგავსაყრელს, რომელიც მან გაათავისუფლა, შემოღობა, ააშენა კაპიტალური შენობები, გარკვეული პერიოდი იყო ავტომანქანის სადგომი, დღეისათვის არის ავტოსერვისი. გასათვალისწინებელია საქმეში დაცული ექსპერტის დასკვნები და აზომვითი ნახაზები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთზე განაშენიანების არსებობისა და მათი ფართობის შესახებ და სწორედ მითითებული საკითხის თაობაზე ინფორმაციის შესწავლა და გაანალიზება წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას. საკასაციო პალატის მსჯელობით, არსებული საკანონმდებლო ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, არსებითად და სრულყოფილად უნდა შეესწავლა, დაედგინა და შეეფასებინა ფაქტობრივი გარემოებები და მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო არ იზიარებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს მისი, როგორც ფიზიკური პირის მიერ ნაკვეთის ფლობის თაობაზე უნდა დაესაბუთებინა საწინააღმდეგო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ იურიდიული პირის სახელზე სერვისების განხორციელების თაობაზე მითითება არ არის საკმარისი დასაბუთება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის N542 საოქმო გადაწყვეტილებით, შენობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთს (ქ. თბილისი, ... ..., ... მკრ. სკოლა N... მიმდებარედ) მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლება უღიარდა კ. ხ-ას. ამავე საოქმო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემოდა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ. საოქმო ჩანაწერის თანახმად, ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დგინდება, რომ კ. ხ-ას საკუთრება უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, არ წარუდგენია მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და საკუთრების უფლების აღიარების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, მასზე არ გაცემულა საკუთრების უფლების მოწმობა.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მფლობელი, კომისიის მიერ საკითხის განხილვისას არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ არის დასაბუთებული რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა კომისია იმ დასკვნამდე, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ინფორმაციას აბონენტის შესახებ, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული და სრულყოფილად რეალიზებული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაძლებლობის თაობაზე. დავის გადაწყვეტის თვალსაზრისით საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, აღიარების კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის №542 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურებულად მიიჩნევს კ. ხ-ას მფლობელობას შენობებთან არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით. აქვე მიუთითებს, რომ კ. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 10 ნოემბრის №542 საოქმო გადაწყვეტილება, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოთხოვნის იურიდიულ ბედს განსაზღვრავს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაც მის შესაბამისად წარიმართება, განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ჩანაწერს 2016 წლის 10 ნოემბრის №542 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. საკითხზე მსჯელობის დროს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპზე, რამდენადაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის N542 სხდომაზე მე-12 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით კ. ხ-ას მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და დაუკმაყოფილებელ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის პირობებში, საკითხის კვლავ ადმინისტრაციული ორგანოში განხილვისას საწინააღმდეგოს დადგენა წარმოადგენს მითითებული პრინციპის დარღვევას. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა გარემოებები მოსარჩელის მიერ ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც 2021 წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმის თანახმად, მიწა შემოღობილია, დგას ბოქსები, განმცხადებლის განმარტებით, გააჩნია ელექტროენერგიისა და წყლის ქვითრები. მითითებული გარემოებების საფუძველზე, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების ის მსჯელობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული კომუნალური მომსახურების გამწევი კომპანიების მიერ გაცემული ინფორმაცია ა(ა)იპ კავშირი საფეხბურთო კლუბი „...ს“ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არ გამორიცხავს კ. ხ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ფლობა - სარგებლობისა და მასზე შენობა - ნაგებობების აღმართვის ფაქტებს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება მიწის ნაკვეთის რა ნაწილს ფლობდა და სარგებლობდა, ასევე რა ნაწილზე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას იურიდიული პირი ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ... და დანარჩენ ნაწილზე რა ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს ფიზიკური პირის კ. ხ-ას მიერ მიწის ნაკვეთისა და შენობა - ნაგებობების ფლობა/სარგებლობას. უნდა აღინიშნოს, რომ საფეხბურთო კლუბი „...“ 2010 წელს შენობა - ნაგებობებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის დაკანონებას ითხოვდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკითხის ხელახალი განხილვისას კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე თამარა ჩანქსელიანის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სადავო აქტში მითითებული გარემოებები არ არის დასაბუთებული, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტება მტკიცებულებების გარეშე დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთად, მსჯელობას არ ქმნის სარწმუნოდ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის გაზიარებით, განმარტავს, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე