Facebook Twitter

საქმე #ბს-1223(კ-24) 6 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): ა. ჯ-ა, მ. თ-ა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 15 იანვარს ა. ჯ-ამ და მ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მათი განმარტებით, ვინაიდან არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი, უწევთ ქირით ცხოვრება. ა. ჯ-ამ და მ. თ-ამ წარმოდგენილ სარჩელში აღნიშნეს, რომ 2018 წელს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც 2023 წელს განიხილა ზემოაღნიშნული განაცხადი, 6 ქულით შეაფასა მოსარჩელეთა ოჯახი და 2023 წლის 8 დეკემბრის #IDP 8 23 00002882 ბრძანებით უარი განუცხადეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 8 დეკემბრის #IDP 8 23 00002882 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს, რომლითაც დაკმაყოფილდება ა. ჯ-ასა და მ. თ-ას განცხადება კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ასა და მ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 8 დეკემბრის #IDP 8 23 00002882 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ა. ჯ-ასა და მ. თ-ას განცხადება კერძო საკუთრებაში არსებული ფართის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჯ-ა და მ. თ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით მოსარჩელეთა დროებით საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - თბილისი, ნაძალადევი, ... მე-... მ/რ, ... კვარტალი, კორპუსი ..., ბინა .... ამასთან, ასევე უდავოა, რომ ა. ჯ-ა არის ომის მონაწილე და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. 2018 წლის 18 აპრილს ა. ჯ-ამ წარადგინა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი, სადაც ასევე მიუთითა, მეუღლე მ. თ-ა. ზემოაღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ოჯახი შეფასდა 6.00 ქულით (1.50 ქულა - საცხოვრებელი ფინანსური პირობები, ნაქირავები; 1.00 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან; 2.00 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები, ორი წევრი. 1.50 ქულა-ა. ჯ-ა ომში მონაწილე, ომის ვეტერანი).

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2023 წლის 27 იანვარს ჩატარდა მონიტორინგი თბილისში, ...ს მე-... მ/რ-ში, პირველ კვარტალში, მე-... კორპურსში, #... ბინაში, სადაც იმყოფებოდნენ ა. ჯ-ა და მ. თ-ა. მონიტორინგის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ 1993-2015 წლებში მოსარჩელეები ცხოვრობდნენ ზუგდიდში „...ში“ დევნილთა კომპაქტურად დასახლებულ პუნქტში. 2015 წლიდან ისინი ქირის გარეშე ცხოვრობდნენ თბილისში, ...ს მე-... მ/რ-ში, ... კვარტალში, მე-... კორპუსში, #... ბინაში, მ. თ-ას ძმის ე. თ-ას შვილის მ. თ-ას მეუღლის ზ. მ-ას საკუთრებაში. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება 2007-2011 წლებში რეგისტრირებული იყო მზ. თ-ას სახელზე, 2011-2017 წლებში რეგისტრირებული იყო განმცხადებლის სახელზე. 2017 წლიდან რეგისტრირებულია ზ. მ-ას სახელზე, რომელიც, როგორც ზემოთ ღინიშნა არის განმცხადებლის მეუღლის ძმის ე. თ-ას შვილის მ. თ-ას მეუღლე და ოჯახით ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ზ. მ-ა არის ორმაგი მოქალაქე. ა. ჯ-ამ ბინის გასხვისებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ზ. მ-ას აქვს ბევრი საკუთრება და ამიტომ მითითებულ მისამართზე ბინა და ზუგდიდში მიწის ნაკვეთი, ზედ არასებული შენობა-ნაგებობით ყიდვის დროს გაფორმდა განმცხადებელზე, თუმცა რეალურად იყიდა თავად ზ. მ-ამ. 2017 წელს ზ. მ-ამ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დაირეგისტრირა თავის სახელზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ...ში მიწის ნაკვეთი იყიდა შვილმა ლ. ჯ-ამ და გაიფორმა მ. თ-ამ.

სააპელაციო სასამართომ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის #85 ოქმით მიხედვით კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ა. ჯ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 8 დეკემბრის #IDP 8 23 00002882 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ა. ჯ-ას ოჯახს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 10 იანვრის ინფორმაციით მ. თ-ასა და ა. ჯ-ას სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ იყო რეგისტრირებული.

სააპელაციო პალატის შეფასებით, კანონმდებლის მიერ მკაფიოდაა დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა, დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია. პალატის მითითებით სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზი იძლევა იმ სამართლებრივი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ მოცემულობაში არ გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, ქულების განსაზღვრის შემდეგ, დამატებით შეაფასოს გადაუდებელი განსახლების საჭიროების აუცილებლობა (გამონაკლისია მხოლოდ, დევნილის დროებითი განსახლების წესი, რაც სხვა შემთხვევას წარმოადგენს).

კონკრეტულ ეტაპზე, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც დაგროვილი აქვს ქულათა ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია კონკრეტულ ეტაპზე, ბინის მისაღებად. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი საჭიროებების პრიორიტეტულობის განსაზღვრა მითითებული ნორმატიული აქტით ამომწურავად არის ნორმატიულ-სამართლებრივად განსაზღვრული და მის მიღმა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობის დადგენა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნულ ნორმატიულ აქტს და არ გამომდინარეობს მისგან, არღვევს კანონიერების პრინციპს და სცდება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ უდავოდ შეფასდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული, როგორც დევნილი საცხოვრებელი ფართით და მათზე არც ფულადი კომპენსაციაა გაცემული. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუ სააგენტო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, შეიქმნება ქაოსური სიტუაცია და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც საზოგადოებაში გააჩენს უსამართლობის განცდას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ სააგენტომ საფუძვლიანად გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ რამდენადაც საქმის გარემოებებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროება, სააგენტომ მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელეებს სწორედ გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით უთხრა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის 2023 წლის 8 დეკემბრის #IDP 8 23 00002882 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ა. ჯ-ასა და მ. თ-ას განცხადება კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ..

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. 2018 წელს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც 2023 წელს განიხილა ზემოაღნიშნული განაცხადი, 6 ქულით შეაფასა მოსარჩელეთა ოჯახი და 2023 წლის 8 დეკემბრის #IDP 8 23 00002882 ბრძანებით უარი განუცხადეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე .

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის #85 ოქმის თანახმად კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის #01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ა. ჯ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 8 დეკემბრის #IDP 8 23 00002882 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ა. ჯ-ას ოჯახს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ დევნილ ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი, რომლის მუდმივ საცხოვრისად გამოყენებას შეძლებდნენ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელისა და მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ა. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე;

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი #7-ის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1.5 ქულით. ამდენად, თავად სახელმძღვანელო კანონმდებლობით დამატებითი ქულის განსაზღვრის შესაძლებლობა ამ კრიტერიუმით ნიშნავს კანონმდებლის ნებას - ასეთ დევნილ ოჯახს შესაბამისი ქულების მოგროვების შემთხვევაში, მიანიჭოს პრიორიტეტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი, ერთი მხრივ, ქულა მიანიჭოს განმცხადებელს სხვის ფართში ცხოვრების გამო და, მეორე მხრივ, ამავე საფუძვლით მიიჩნიოს, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა