საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-746(გ-24) 20 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს ,,ე...ს“ სარჩელთან დაკავშირებული დავა, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 6 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,ე...მა“, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალება. კერძოდ, მოსარჩელის შესაბამის განცხადებებზე რეაგირება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1581 მუხლით განსაზღვრული უზრუნველყოფის ზომების მიღება მოსარჩელის უფლებების დამრღვევი პირის მიმართ და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2024 წლის მარტის თვეში სამჯერ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სამართალდარღვევებზე რეაგირების განხორციელება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1581 მუხლის საფუძველზე, რაზეც მოპასუხისგან მიიღო წერილობითი უარი 2024 წლის 7 მაისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს სარჩელით, მოპასუხის მიმართ ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ივნისის განჩინებით, შპს „ე...ს“ სარჩელი, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის, ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების“ ნორმებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-301-297(გ-14)) და მიიჩნია, რომ მოსარჩელე - შპს „ე...ს“ (მის: ამბროლაური, ს. ..., ... ქ. N...) ტერიტორიული ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ შემოსავლების სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის იურიდიულ მისამართს წინამდებარე დავაზე წარმოადგენს - ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N5, რაც გამორიცხავს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, რომლითაც თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა უკავშირდება მოსარჩელის უფლებამოსილებას აირჩიოს სასამართლო. აღნიშნულ შემთხვევაში, სახეზე არ არის მოსარჩელისათვის უზრუნველყოფილი პროცესუალური შესაძლებლობა აირჩიოს უფლებამოსილი სასამართლოდან ერთ-ერთი, რამდენადაც მოცემულ დავაზე განსჯადობით საქმის დაქვემდებარების საკითხი მოწესრიგებულია საპროცესო ნორმით საერთო განსჯადობის შესახებ, რომლის მიხედვით მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯად სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით, შპს „ე...ს“ სარჩელი, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის, ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-301-297(გ-14)) და აღნიშნა, რომ სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველი საქმის დავის საგანს არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დარიცხვის კანონიერების შემოწმება. მოსარჩელე ითხოვს ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხემ მოახდინოს მოსარჩელის განცხადებაში (N41228/21) აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება და გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ასევე, 1581 მუხლით განსაზღვრული უზრუნველყოფის ზომები, კერძოდ, მოახდინოს თ. ტ-ეის (ს/ნ: ...) დაჯარიმება სხვისი რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოებისა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის გამო და მოახდინოს ასეთი საქონლისა და მისი დამზადებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების კონფისკაცია. გარდა ამისა, მოახდინოს თ. ტ-ეის (ს/ნ: ...) დაჯარიმება მომხმარებლის უფლებების განზრახ შელახვისთვის. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი, შპს „ე...ს“ მიერ 2024 წლის 7 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ გაგზავნილი განცხადებით დგინდება, რომ განმცხადებლის ინფორმაციით, თ. ტ-ეის (ს/ნ: ...) მიერ, სახელწოდებით ,,ე...“ (a...), უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და ნიშანდება ხორციელდება საქართველოში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის N..., პირველი სადარბაზო. ამასთან, სასამართლოს მითითებით, თავად თ. ტ-ეის (ს/ნ: ...) რეგისტრაციის ადგილს ამომრჩეველთა სიის მიხედვით წარმოადგენს ქალაქი გორი, ... N..., ბინა N8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახური, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16. შესაბამისად, შპს ,,ე...ს“ სარჩელი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამდენად, მოცემული საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით. „ამ უფლებით სარგებლობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 106 პ.).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივი, ასევე, ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. შესაბამისად, უნდა შეფასდეს ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი), რომელი სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება მოცემული სარჩელის განხილვა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მოპასუხედ მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ შემოსავლების სამსახურის მისამართი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არის ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16 და ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ე...ს“ მიერ, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ აღძრულია არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილებითი სარჩელი, მოპასუხის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, არამედ, ამავე კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელი, მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-301-297(გ-14) დადგენილი პრაქტიკის განსახილველ შემთხვევაზე გავრცელება, არარელევანტურია, ვინაიდან ადგილი აქვს განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დავის საგანს.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად, შპს ,,ე...მა“ 2024 წლის 7, 19 და 26 მარტს ქმედების განხორციელების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1581 მუხლით განსაზღვრული ზომების მიღება მოსარჩელის უფლებების დამრღვევი პირის მიმართ და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა) მოთხოვნით, განცხადებებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16. ამასთან, აღნიშნულ განცხადებებზე მოსარჩელეს 2024 წლის 2 მაისს ეცნობა წერილობითი პასუხი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, მ. კოსტავას N68ა/ს. ჩიქოვანის N2.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ქმედების განხორციელების დავალება და აღნიშნული სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;
დადგენილია, რომ მოსარჩელემ ქმედების განხორციელების მოთხოვნით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ქალაქ თბილისში და წერილობითი პასუხიც ეცნობა ამავე ქალაქიდან. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით (სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით), სახეზეა მოცემული დავის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის დაქვემდებარების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ე...ს“ სარჩელი, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ე...ს“ სარჩელი, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე