Facebook Twitter

№ბს-168(კ-24) 23 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - მოძრაობა „მ...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - მოძრაობა „მ...ს“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) დაევალოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებისათვის გამოყოფილი თანხიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მ...სათვის“ 45 161 ლარისა და 29 თეთრის ჩარიცხვა; ბ) დაევალოს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს ფონდიდან პარტიებისათვის გამოყოფილი თანხიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მ...სათვის“ 12 808 ლარისა და 48 თეთრის ჩარიცხვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - მოძრაობა „მ...ს“ მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - მოძრაობა „მ...ს“ მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის №40/2018 განკარგულების თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „მ...ს“ განესაზღვრა საბიუჯეტო სახსრებიდან წლიური დაფინანსება 600 000 ლარის ოდენობით, ყოველთვიურ დაფინანსებად კი - 50 000 ლარი. სს „თ...ს“ 09.02.2021წ. №135/102-01 ცნობით დადასტურებულია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „მ...ს“ 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ყოველთვიურად ერიცხებოდა 50 000 ლარი, დეკემბრის თვის გარდა, რა დროსაც ჩაერიცხა მხოლოდ 4 838,71 ლარი. ე.ი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჩასარიცხი აქვს 45 161 ლარი და 29 თეთრი. მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „მ...ს“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2020 წლის 30 დეკემბრის №30/98 წერილით მოთხოვა 2020 წლის დეკემბრისათვის გამოყოფილი თანხის სრულად გადაცემა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქმედების განხორციელებაზე, კერძოდ, მოთხოვნილი თანხის ჩარიცხვაზე უარი განაცხადა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 30-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებაზე მითითებით, რაც მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „მ...ს“ აცნობა 2021 წლის 18 იანვრის №01-05/18;18-01-05-2-202101181551 წერილით.

კასატორის განმარტებით, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „მ...ს“ 2020 წლის ივლისში კანონში განხორციელებულ ცვლილებებამდე, წარმოეშვა დაფინანსების მოთხოვნის უფლება. ამასთან, აღნიშნული კანონით ცვლილების უკუძალა არ ყოფილა დადგენილი და კასატორს ფულადი სახსრების მიღებაზე უარი არ განუცხადებია. „პარტიების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 11 მაისის №40/2018 განკარგულების და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 291 მუხლის, 30-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-7 პუნქტების და 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნების შესატყვისად, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „მ...ს“ 2020 წლის დაფინასება სრულად უნდა მიეღო (600 000 ლარი), რაც არ მიუღია, კერძოდ, დეკემბრის თვის 45 161 ლარი და 28 თეთრი. აღნიშნული განკარგულება ძალაშია და მისი აღსრულება ევალება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ყურადღების ღირსია უდავო ფაქტი მასზედ, რომ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს თანხა ბიუჯეტში ასახული იყო. ამავე კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტად განსაზღვრული იყო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის მიერ ამ თანხის ჩარიცხვაზე უარი ასევე ეწინააღმდეგება სზაკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტს, სზაკ-ის მე-5 მუხლს, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „მ...ს“.

კასატორის განმარტებით, სს „თ...ს“ 08.02.2021წ. №141/102-0 ცნობა ადასტურებს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „მ...ს" 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისაგან ჩაერიცხა თანხები პირველ სამ კვარტალში 42 085 ლარის ოდენობით, მეოთხე კვარტალში, 02.10.2020 წელს - 21 042 ლარი და 50 თეთრი, ხოლო 09.12.2020 წელს - 8 234 ლარი და 02 თეთრი, ანუ მესამე კვარტალში ჩაერიცხა 29 276 ლარი და 52 თეთრი, ჩასარიცხი დარჩა 12 808 ლარი და 48 თეთრი. მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „მ...ს’’, 2020 წლის 30 დეკემბრის №34/97 წერილით სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს მოსთხოვა მისთვის 2020 წლის დეკემბრისათვის გამოყოფილი თანხის ჩარიცხვა. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „მ...ს’’ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა 2021 წლის 26 იანვრის №3; 3-1-2-20210126838 წერილით აცნობა უარი ქმედების განხორციელებაზე - მოთხოვნილი თანხის ჩარიცხვაზე. აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 30-ე და 301 მუხლში განხორციელებული ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ სარჩელში მითითებულ გარემოებებს მოპასუხეები არ ხდიდნენ სადავოდ. ამასთან, აღნიშნული კანონით ცვლილების უკუძალა არ ყოფილა არც პირდაპირ და არც ირიბად დადგენილი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მოთხოვნილი თანხები ასახული იყო საქართველოს 2020 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პირველ მუხლში, გადაცემული ჰქონდათ მოპასუხეებს მოსარჩელის ანგარიშზე ჩასარიცხად, რაც მოპასუხეთა მიერ დადასტურებულ იქნა საქმის ზეპირი განხილვის დროს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა როგორც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი, ისე ამავე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმადაც, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით აღნიშნული კანონის 291, 311 მუხლები ამოღებულია და არა ძალადაკარგული, 30-ე მუხლი კი, წარმოდგენილია ახალი რედაქციით. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2020 წლის 2 ივლისს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებში არა თუ პირდაპირ, არც ირიბად არაა დადგენილი, რომ ამ ცვლილებებს უკუძალა აქვთ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

სზაკ-ის 61-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 11 მაისის №40/2018 განკარგულება, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლიური დაფინანსება განისაზღვრა 600 000 ლარით, ხოლო ყოველთვიური დაფინანსება 50 000 ლარის ოდენობით, ძალადაკარგულად გამოცხადებული არ ყოფილა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 11 დეკემბრის №263/2020 განკარგულება, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 4 დეკემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები, სადაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ არ არის გათვალისწინებული, ძალადაკარგულად არ აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 11 მაისის №40/2018 განკარგულებას. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით არ ყოფილა წარმოდგენილი პატივსადები დასაბუთება სარჩელის უარსაყოფად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში 2020 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებების და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ ორგანული კანონის 2.1, 2.4 და 25.6 მუხლების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიყენა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2020 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებებით დადგენილი ნორმები, არ გამოიყენა 2020 წლის ივლისში განხორციელებულ ცვლილებებამდე ამ კანონში არსებული 291, 30-ე და 301 მუხლები და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25.1 მუხლები, არასწორად განმარტა ამავე კანონის 25.6 მუხლი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - მოძრაობა „მ...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - მოძრაობა „მ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 11 მაისის №40/2018 განკარგულებით ცვლილება შევიდა „პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 27 ნოემბრის №138/2017 განკარგულებაში და საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და 72 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 27 ნოემბრის №138/2017 განკარგულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.“ პირველი მუხლის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: ,,მუხლი 11 . ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ 2018 წლის მაისის თვის დაფინანსება განისაზღვროს 150 000 ლარის ოდენობით.“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 11 მაისის №40/2018 განკარგულების დანართის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანება ,,მ...ს“ წლიური დაფინანსება განისაზღვრა 600 000 ლარის, ხოლო ყოველთვიური დაფინანსება - 50 000 ლარით (ტ.1, ს.ფ 41-43); ბ) სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა 2020 წლის 1 ოქტომბერს კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის, პოლიტიკურ გაერთიანება ,,მ...ს“ გაუგზავნა №96 შეტყობინება, რომლითაც 2020 წლის IV კვარტლის დაფინანსების გაცემასთან დაკავშირებით აცნობა შემდეგი: ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება 30-ე მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ მისაღები დაფინანსების გამოანგარიშების წესი საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან; ამასთან, უქმდება სწავლების ცენტრის მანდატი ფონდის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით (2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მე-2 დღიდან). იმის გათვალისწინებით, რომ სწავლების ცენტრი ვერ განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების თარიღს, შესაბამისად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას აღნიშნული იურიდიული ფაქტის დადგომამდე პერიოდზე დაიანგარიშონ პოლიტიკური პარტიების მიერ მისაღები დაფინანსების ოდენობა. მოცემული გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ეფექტიანი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად, სწავლების ცენტრი კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებზე 2020 წლის IV კვარტლის დაფინანსებას გასცემს ეტაპობრივად, კერძოდ: ოქტომბრის თვის დასაწყისში პოლიტიკურ პარტიებზე გაიცემა პირველი ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდის პროპორციული დაფინანსება (არჩევნების შედეგების შეჯამებისთვის შესაძლო უადრესი ვადის გათვალისწინებით), ხოლო არჩევნების შედეგების 15 ნოემბრის შემდგომ პერიოდში შეჯამების შემთხვევაში, დანარჩენი თანხა (16 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით პერიოდზე გაანგარიშებით) ჩაირიცხება საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ (ტ.1, ს.ფ 108-109); გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის ოქმის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 70-ე მუხლის, 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 196-ე მუხლის მე-13 და მე-16 პუნქტების, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 13 ნოემბრის ,,საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა’’ და ,,საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები და დაადგინა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მ...ს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობამ შეადგინა - 1048, პროცენტმა - 0.05%, რომელიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლის 4 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ 110-120, 91-92); დ) „პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 11 დეკემბრის №263/2020 განკარგულებით საქართველოს ორგანული კანონის ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ 30-ე მუხლის, 391 მუხლის, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის 2020 წლის 2 ივლისის №6724-რს ცვლილების მე-2 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და პარტიების მიერ წარმოდგენილი წინასწარი წერილობითი თანხმობების საფუძველზე, 2020 წლის 4 დეკემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრა დანართის შესაბამისად, სადაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ არ არის გათვალისწინებული იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლის მიმართაც დადგინდა წლიური და ყოველთვიური დაფინანსება (ტ.1, ს.ფ 89-90); ე) სს „თ...ს“ 2021 წლის 9 თებერვლის №135/102-01 ცნობით ირკვევა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ,,მ...ს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ყოველთვიურად ჩარიცხული აქვს 50 000 ლარი (2020 წლის 15 იანვარი, 2020 წლის 14 თებერვალი, 2020 წლის 16 მარტი, 2020 წლის 15 აპრილი, 2020 წლის 15 მაისი, 2020 წლის 15 ივნისი, 20020 წლის 16 ივლისი, 2020 წლის 14 აგვისტო, 2020 წლის 15 სექტემბერი, 2020 წლის 15 ოქტომბერი, 2020 წლის 16 ნოემბერი), ხოლო 2020 წლის 16 დეკემბერს 4 838,71 ლარი, დანიშნულებით - პოლიტიკური პარტიის დაფინანსება (ტ.1, ს.ფ 44). სს „თ...ს“ 2021 წლის 8 თებერვლის №138/102-0 ცნობის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 1-ლი, მე-2 და მე-3 კვარტალში ჩარიცხული აქვს 42 085,00 ლარი (2020 წლის 10 იანვარი, 2020 წლის 2 აპრილი, 2020 წლის 2 ივლისი), მე-4 კვარტალში ჩარიცხულია 21,042.50 ლარი (2020 წლის 2 ოქტომბერი) და 2020 წლის 9 დეკემბერს 8 234,02 ლარი, დანიშნულებით - პოლიტიკური პარტიების დაფინანსება (ტ.1, ს.ფ 44-45); ვ) 2020 წლის 30 დეკემბერს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მ...ს“ თავმჯდომარემ ზ. ტ-ემ №30/98 (ცესკოში რეგისტრაციის №..., 31.12.2020წ.) წერილით მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლითა და ,,პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის №221/2016 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილი თანხის (ყოველწლიური/ყოველთვიური დაფინანსების) ნაწილის პარტიისათვის ჩარიცხვა - 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 12 დეკემბრის პერიოდის გათვალისწინებით (ტ.1. ს.ფ. 93-94). ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 18 იანვრის №01-05/18 წერილით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მ...ს“ ეცნობა, რომ ცესკოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძვლები განახორციელოს მოთხოვნილი თანხის ნაწილის ჩარიცხვა მითითებულ პერიოდზე (2020 წლის 3-12 დეკემბერი). ამავე წერილით განიმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ 30-ე მუხლის ახალი (დღეისათვის მოქმედი) რედაქცია ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან. ამასთან, საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის 2020 წლის 2 ივლისის №66724-რს ცვლილების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ამ კანონის (ხსენებული ცვლილების) პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს ორგანული კანონის 30-ე მუხლის ახალ, 2020 წლის 4 დეკემბრიდან ამოქმედებულ რედაქციას. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი მიღებულ იქნა 2020 წლის 3 დეკემბერს, ხოლო ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 4 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცესკოს თავმჯდომარის 2020 წლის 11 დეკემბრის №263 განკარგულების პირველი მუხლის თანახმად, პოლიტიკურ გაერთიანებებს (რომელთაც წარადგინეს კანონით დადგენილი თანხმობები) საბიუჯეტო დაფინანსებები განესაზღვრათ 2020 წლის 4 დეკემბრიდან. ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და გარემოებების შედეგად, ვინაიდან დეკემბრის თვეში არის 31 კალენდარული დღე, შესაბამისად, პარტიების 2020 წლის დეკემბრის თვის დაფინანსება განხორციელდა შემდეგი წესით: 1) პარტია, რომელიც იღებდა დაფინანსებას და დაფინანსების მიღების უფლება აღარ წარმოეშვა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე, მიეცა მხოლოდ 3 დღის დაფინანსება (ძველი წესით) და იმავდროულად შეუწყდა დაფინანსება; 2) პარტია, რომელიც არ იღებდა დაფინანსებას და დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშვა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე, მიეცა მხოლოდ 28 დღის დაფინანსება (ახალი წესით); 3) პარტია, რომელიც იღებდა დაფინანსებას და დაფინანსების მიღების უფლება, ასევე წარმოეშვა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე, მიეცა 3 დღის დაფინანსება ძველი წესით, ხოლო 28 დღის დაფინანსება ახალი წესით. მოცემულ შემთხვევაში პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ იღებდა დაფინანსებას, თუმცა დაფინანსების მიღების უფლება აღარ წარმოეშვა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე. შესაბამისად, პოლიტიკურ გაერთიანებას „მ...ს“ მიეცა მხოლოდ 3 დღის დაფინანსება (ძველი წესით) და იმავდროულად შეუწყდა დაფინანსება (ტ.1, ს.ფ. 91-92); ზ) 2020 წლის 30 დეკემბერს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ თავმჯდომარემ ზ. ტ-ემ №34/97 წერილით მიმართა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორს და მოითხოვა ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის შესაბამისად, პარტიისათვის თანხის ჩარიცხვა 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე (ტ.1, ს.ფ 50-51). ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის 2021 წლის 26 იანვრის №3 წერილით მპგ ,,მ...ს“ ეცნობა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით დამდგარი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილება სცილდება სწავლების ცენტრის კომპეტენციას. ამავე წერილით განიმარტა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2020 წლის 2 ივლისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა კვალიფიციური პარტიების მიერ 30-ე მუხლით მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების გამოანგარიშების წესი, მათ შორის, გაუქმდა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობის გაანგარიშებისთვის ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საბაზო დაფინანსების კომპონენტი. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან - 2020 წლის 3 დეკემბრიდან და ახალი რეგულაციით დადგინდა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. ამასთან, ამავე ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 30-ე მუხლით დადგენილი ახალი წესის შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა კვალიფიციურ პარტიებზე იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან, 2020 წლის 3 დეკემბრიდან. ცესკოს მიერ გამოცხადებული 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით პარტიამ „მ...ს“ მიიღო ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1%-ზე ნაკლები, შესაბამისად დაკარგა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის სტატუსი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება (აღნიშნული ეხება, როგორც ორგანული კანონის 30-ე მუხლით, ისე 301 მუხლით განსაზღვრულ საბიუჯეტო სახსრებს, რომლის მისაღებად კანონით დადგენილი სავალდებულო პირობაა, რომ პარტიას არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ჰქონდეს კვალიფიციური პარტიის სტატუსი). დამდგარი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სწავლების ცენტრის მიერ პარტიას „მ...ს“ საბიუჯეტო დაფინანსება ჩაერიცხა დაფინანსების მისაღებად სავალდებულო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში - კვალიფიციური პარტიის სტატუსის დაკარგვამდე; შესაბამისად, პარტიას 2020 წლის IV კვარტლის თანხა გადაერიცხა 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2020 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე გაანგარიშებით. ასევე, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლში განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის საფუძველზეც გაუქმდა პარტიების საბაზო დაფინანსების კომპონენტი, შედეგობრივად სამართლებრივი გავლენა იქონია ორგანული კანონის 301 მუხლზე, რომელიც იმპერატიულად ადგენდა სწავლების ცენტრის მიერ ფონდის ფუნქციის შესრულების მანდატის ფარგლებში პარტიებისთვის თანხის განაწილებას სწორედ საბაზო დაფინანსების პროპორციულად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც ამოღებულ იქნა 301 მუხლი, ამოქმედდა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენიდან მეორე დღეს - 2020 წლის 12 დეკემბერს, 301 მუხლმა ფაქტობრივად ორგანული კანონის 30-ე მუხლის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან (2020 წლის 3 დეკემბრიდან) დაკარგა სამართლებრივი ქმედუნარიანობა საბაზო დაფინანსების პროპორციულად პარტიების დაფინანსების საკითხის დარეგულირებასთან მიმართებით, თუმცა სწავლების ცენტრს შეუნარჩუნა ფონდის მანდატის ფარგლებში საბიუჯეტო თანხების ადმინისტრირების ფუნქცია. აღნიშნული კი იმაში გამოიხატა, რომ სწავლების ცენტრმა, პარტიების კუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსების თანხების ეტაპობრივად გადარიცხვის პროცესში, მეორე ტრანში (2020 წლის 16 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე გაანგარიშებით) 2020 წლის 7 დეკემბერს გადაურიცხა იმ პარტიებს, რომლებიც 2020 წლის არჩევნების ახალი შედეგების დადგომამდე წარმოადგენდნენ კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ჰქონდათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების მიღების უფლება (ტ.1, ს.ფ. 53-54); თ) 2021 წლის 5 თებერვალს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ თავმჯდომარემ №34/101 და №34/102 წერილებით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 11 მაისის №40/2018 განკარგულების მიხედვით, განსაზღვრული თანხის - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რაც შეადგენს 45 161.29 ლარს, ასევე ფონდიდან დარჩენილი თანხის - 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით, რაც შეადგენს 13 015,00 ლარს, სრულად ჩარიცხვა (ტ.1, ს.ფ 172-176, 178-182); ი) 2021 წლის 12 თებერვალს, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა №5 წერილით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ აცნობა, რომ მის განმეორებით დასმულ მოთხოვნასთან მიმართებით სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ქმედების განხორციელებისთვის აუცილებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ შეცვლილა და აღნიშნულთან დაკავშირებით სწავლების ცენტრის დასაბუთებული პოზიცია ეცნობათ სწავლების ცენტრის დირექტორის 2021 წლის 26 იანვრის №3 წერილით (ტ.1, ს.ფ 212).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და გარანტიებს, საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვისა და პასუხისმგებლობის დაკისრების წესს (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განკარგულებით განსაზღვრავს პარტიების დაფინანსების ოდენობას. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 11 მაისის №40/2018 განკარგულებით ცვლილება შევიდა „პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 27 ნოემბრის №138/2017 განკარგულებაში და განკარგულების დანართის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანება ,,მ...ს“ წლიური დაფინანსება განისაზღვრა 600 000 ლარით, ხოლო ყოველთვიური დაფინანსება - 50 000 ლარით. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელეს ყოველკვარტალურად ერიცხებოდა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან თანხა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს პარტიის უფლებებსა და ვალდებულებებს, სტატუსს, შექმნისა და საქმიანობის წესებს, მისი ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის (1.2 მუხლი).

2020 წლის 2 ივლისს ცვლილების შეტანამდე მოქმედი რედაქციით ზემოაღნიშნული ორგანული კანონის 291 მუხლის თანახმად, (1) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი თანხებით პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებისათვის თანხის გადაცემის გზით; ბ) ამ კანონის შესაბამისად, ფონდიდან პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის თანხის განაწილების გზით. მითითებული ნორმა ამოღებულ იქნა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონით (დოკუმენტის ნომერი 6724-რს, გამოქვეყნების თარიღი 03/07/2020).

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად (საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღემდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილი თანხა პარტიებს გადაეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით. პარტიის დაფინანსების უფლება წარმოიშობა საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის მომდევნო დღიდან, აგრეთვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან. პარტიის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ამ კანონის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის, პარტიის მიერ საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნების შედეგების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც: ა) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით); ბ) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, თუ მისი ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნა მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ეს პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონით ორგანული კანონის 30-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: (1) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის; (2) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. ცვლილების შეტანის თაობაზე ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ აღნიშნული რედაქცია ამოქმედდებოდა საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის თანახმად (ამოღებულია - 02.07.2020, №6724, გამოქვეყნდა 03.07.2020წ. ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენიდან მე-2 დღეს), (1) ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გადაირიცხება თანხა ფონდში, რომლის მიზანიცაა პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; (3) ამ მუხლით გათვალისწინებული ფონდის ფუნქციას ასრულებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი; (4) ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასარიცხი თანხა უნდა იყოს ამ კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად პარტიებზე პირდაპირ გასანაწილებელი თანხის ნახევარი; (5) ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გადარიცხვა განხორციელდება ყოველკვარტალურად.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, (1) ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან; (2) საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით; (3) თუ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა წლის განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლომდე დარჩენილია სულ მცირე 6 კალენდარული თვე, პარტია ამ წლის საბიუჯეტო დაფინანსებას სრულად მიიღებს და თანხა განაწილდება პროპორციულად, დარჩენილი თვეების მიხედვით, ხოლო თუ წლის ბოლომდე დარჩენილია 6 კალენდარულ თვეზე ნაკლები, პარტია დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ დარჩენილი თვეების ოდენობით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საბიუჯეტო დაფინანსების გაცემის წესის შესაბამისად.

საკასაციო პალატა მიუთითებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ორგანული კანონის (№6724-რს, მიღების თარიღი 02/07/2020, გამოქვეყნების თარიღი 03/07/2020) მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით. თავის მხრივ, კანონის 1-ლი მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით 30-ე მუხლის ზემოაღნიშნულ ახალ რედაქციას მოიაზრებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან უნდა ამოქმედებულიყო და ითვალისწინებდა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მიღებას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების მინიმუმ 1%-ის მიღების შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები და დაადგინა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მ...ს“ მიერ მიღებული ხმების პროცენტულმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.05%. აღნიშნული შემაჯამებელი ოქმი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლის 4 დეკემბერს. „პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 11 დეკემბრის №263/2020 განკარგულებით 2020 წლის 4 დეკემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრა დანართის შესაბამისად, სადაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მ...ს“ არ არის გათვალისწინებული იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლის მიმართაც დადგინდა წლიური და ყოველთვიური დაფინანსება. აღნიშნული განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მოსარჩელის მიერ მიღებულმა ხმების პროცენტულმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.05% (1%-ზე ნაკლები). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას, რომ მას დაფინანსების უფლება მოპოვებული ჰქონდა კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებამდე და განმარტავს, რომ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან ამოქმედდა ახალი წესი, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან - 2020 წლის 4 დეკემბრიდან მოსარჩელემ დაკარგა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამასთან, სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს დაფინანსება მიღებული აქვს 2020 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, 4 დეკემბრიდან კი მას აღნიშნული უფლება აღარ წარმოშობია. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არარსებობის შესახებ და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.

კასატორის შუამდგომლობაზე, რომ მოპასუხეებს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი თანხა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხეთათვის სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების საფუძველი.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კოლეგია უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისაგან განსხვავებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არსებითად საქმე არ წყდება, აღნიშნულ ეტაპზე განიხილება მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და მაშასადამე, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი. გარდა ამისა, არამხოლოდ დასაშვებობის, არამედ საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.

მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით. ამდენად, კასატორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, კასატორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - მოძრაობა „მ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება - მოძრაობა „მ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 08.02.2024წ. №5831 საგადასახადო დავალებით მ. წ-ეის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - მოძრაობა „მ...ს“ შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე