საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-907(კ-23) 5 ნოემბერი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-ემ 2021 წლის 21 იანვარს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არქიტექტურული პროექტის (ცვლილება) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ მერიის 2020 წლის 15 დეკემბრის №ბ14.14203504 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 53 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით, არქიტექტურული პროექტის (ცვლილება) შეთანხმების შესახებ 2019 წლის 8 იანვრის №15 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, ი. გ-ეს საკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუმში, შ. ...ის ქუჩა №...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი ...). აღნიშნული ქონება მოსარჩელემ შეიძინა 2010 წელს, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე. ი. გ-ეის მიერ განხორციელებულია პროექტით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, დაშენებულია მე-2 სართული, მიმდინარეობს ფასადის კეთილმოწყობისა და შიდა სარემონტო სამუშაოები, თუმცა დასასრულებელია შენობა-ნაგებობის გადახურვითი სამუშაოები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მშენებლობის პროცესში განხორციელდა შიდა კონსტრუქციის ცვლილებაც, კერძოდ, კიბის უჯრედის შემცირება და ტიხრებს შორის მანძილის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით შედგენილ იქნა შესაბამისი პროექტი, მშენებლობის ნებართვით უკვე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებების განსახორციელებლად. ... საკადასტრო კოდზე არსებული ნაგებობა ამჟამადაც განთავსებულია იგივე მდგომარეობით და მოქცეულია იმ საზღვრებში, როგორშიც არსებობდა აუქციონზე შეძენისას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურული პროექტის (ცვლილება) შეთანხმების თაობაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 დეკემბრის №ბ14.14203504 ბრძანება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. გ-ეის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით არქიტექტურული პროექტის (ცვლილება) შეთანხმების შესახებ. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებული გარემოებები მიმდინარე მშენებლობის შედეგად მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან მიმართებაში საკადასტრო საზღვრის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ პროექტის მშენებლობა მოხდება თავისივე საკადასტრო საზღვრებში და არ საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მიმდინარე მშენებლობის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ მიმდინარეობდა, კერძოდ კი, შენობა შეჭრილი იყო გიორგი სიხარულიძის საკუთრებაში არსებული, მოსაზღვრედ მყოფი მიწის ნაკვეთის საზღვრებში, გაზრდილი იყო შენობის გაბარიტები (კოლონებს შორის AB და BC მანძილი), შემცირებული იყო კოლონების რაოდენობა, შეცვლილი იყო კიბის უჯრედის კონფიგურაცია, რის გამოც დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მშენებლობის ფარგლებში მეზობლის მიწის ნაკვეთში შეჭრის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე მომართა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ. ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, აღნიშნული გარემოება დადასტურდა, ხოლო არქიტექტურულ პროექტში მოთხოვნილი ცვლილებების შესაბამისად, შეუძლებელია ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ იგი მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით, არქიტექტურული პროექტის (ცვლილება) შეთანხმების თაობაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ დადასტურდა როგორც შეთანხმებული პროექტიდან გადახვევის, ასევე, მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან მიმართებაში საკადასტრო საზღვრის დარღვევის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს (მუხ. 1.1).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული და სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები“, კერძოდ, იგი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 22-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, უფრო კონკრეტულად: 1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 23-ე და 24-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) – 30 დღე; ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) – 20 დღე; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 10 დღე. 2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს სააგენტო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ნებართვის მაძიებელი თითოეული სტადიის შესაბამისად ნებართვის გამომცემ ორგანოს წარუდგენს დებულებით განსაზღვრულ ინფორმაციას და სავალდებულო დოკუმენტებს, სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს 2010 წლის 25 ოქტომბრის ოქმის (ხელშეკრულების) და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 04 ნოემბრის №02/103 ბრძანების საფუძველზე გაცემული, 2010 წლის 4 ნოემბრის №10 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, აუქციონზე გამარჯვებულ ი. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე 53.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 50.40 კვ.მ ფართის შენობა- ნაგებობა. ი. გ-ემ გადაწყვიტა სწორედ აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია და ამ მიზნით მიმართა მოპასუხე მხარეს. მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 17 მაისის №1096 ბრძანებით დაკმაყოფილდა ი. გ-ეის განცხადება და შენობის რეკონსტრუქციის მიზნით მასზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, 2019 წლის 13 მაისის №1030 პროექტით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. ამავე ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2020 წლის 20 მაისამდე. 2019 წლის 17 მაისს გაიცა №... მშენებლობის სანებართვო მოწმობაც. ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2020 წლის 18 მაისის №462 ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 20 აპრილამდე.
ასევე დადგენილია, რომ ი. გ-ეის მიერ მშენებლობის პროცესში მოხდა შეთანხმებული პროექტისაგან გადახვევა, განხორციელდა შიდა კონსტრუქციის ცვლილება, კერძოდ, მოხდა კიბის უჯრედის შემცირება და ტიხრებს შორის მანძილის გაზრდა. აღნიშნული გარემოება დასტურდება ა(ა)იპ „ბ...ის“ 2020 წლის 30 ნოემბრის №01-06/637 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი. გ-ეის მიერ სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების თაობაზე“ და 2021 წლის 26 თებერვლის №12.14210576 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი. გ-ეის დაჯარიმების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“. ი. გ-ემ, მშენებლობის პროცესში შეთანხმებული პროექტისაგან გადახვევის აღმოფხვრის მიზნით, 2020 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს, მშენებლობის ნებართვით უკვე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებების განსახორციელებლად, რითაც პროექტთან შესაბამისობაში მოვიდოდა და გასწორდებოდა უკვე განხორციელებული მშენებლობა.
დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 დეკემბრის სადავო ბრძანებით, არქიტექტურული პროექტის (ცვლილება) შეთანხმების თაობაზე ი. გ-ეის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ბრძანების საფუძვლად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა შეთანხმებული პროექტიდან გადახვევის და მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან მიმართებაში საკადასტრო საზღვრის დარღვევის ფაქტზე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისი №257 დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება სამშენებლო დოკუმენტის ის დასაშვები ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება; ბ) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.2 მეტრით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართულის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული სართულის გადაქცევა სრულ სართულად; გ) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება არა უმეტეს 0.4 მეტრისა; დ) ინტერიერის არამზიდი და თვითმზიდი კონსტრუქციული ელემენტების გადაადგილება/შეცვლა ან/და დამატება/მოკლება; ე) შენობა-ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური სისტემების შეცვლა, დამატება ან მოკლება; ვ) სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის შეცვლა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სხვა სამშენებლო მასალებითა და პროდუქციით; ზ) შენობა-ნაგებობების ისეთი ნაწილების გადაადგილება/შეცვლა, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას; თ) შენობა-ნაგებობის მიწისპირა ან/და მიწისქვეშა ნაწილის ჰორიზონტალური გადაადგილება გრუნტის ზედაპირთან მიმართებაში არა უმეტეს 1.0 მეტრისა; ი) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალური ცვლილება აბსოლუტურ ნულთან მიმართებაში არა უმეტეს 0.4 მეტრისა, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მიწისქვეშა სართულის მიწისპირა ან მიწისზედა სართულად გადაქცევა; კ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის საძირკვლის (წერტილოვანი, ლენტური და მონოლითური ფილის შემთხვევაში) დამატებითი ჩაღრმავება არა უმეტეს 0.5 მეტრისა; ლ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის ხიმინჯებიანი საძირკვლის დამატებითი ან ნაკლები ჩაღრმავება გრუნტის მყარ ნაწილამდე; მ) ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლა, რაც არ იწვევს (ნაგებობის გაბარიტების ცვლილების მიუხედავად) საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია, შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაცია და სათანადო საექსპერტო დასკვნა წარუდგინოს სააგენტოს ცვლილების დადასტურების/შეთანხმების მიზნით. სააგენტოს მიერ სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ცვლილების დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით. კორექტირებული პროექტი, საექსპერტო დასკვნა და შეთანხმების წერილი მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილია და უნდა დაერთოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტის ყველა ეგზემპლარს. სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განსაზღვრული ცვლილებები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურის დროს წარმოადგენს დასაშვებ ცვლილებებს და მათი დადასტურება ხდება ამ დადგენილების 66-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში ამ მუხლით განსაზღვრული შეტანილი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს სხვა სანებართვო პირობებს და არ უნდა ლახავდეს მესამე პირთა უფლებებს.
აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უკვე შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანისა და მშენებლობის ნებართვის თავიდან მისაღებად, შიდა ცვლილების განსახორციელებლად ი. გ-ეის მიერ მომზადდა ახალი საპროექტო დოკუმენტაცია. ამასთან, ცვლილებით გათვალისწინებული მშენებლობა სრულად იყო მოქცეული პროექტის საზღვრებში და არ საჭიროებდა საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას. 2020 წლის 26 ნოემბერს, ი. გ-ეის მიერ ცვლილებისათვის წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში დაცული, არქიტექტორ ა. ნ-ეის განმარტებითი ბარათის თანახმად, არსებულ, დამტკიცებულ პროექტში უნდა მოხდეს შიდა ცვლილება, კერძოდ, კოლონების ადგილმდებარეობის გადაადგილება, ასევე, მესამე სართულზე ვიტრინის ფანჯრით ჩანაცვლება იგივე გაბარიტულ ზომებში, 2-3 ღერძებში. დანარჩენი რჩება უცვლელი და თავისსავე ზომებში. პროექტის მშენებლობა მოხდება იმავე საკადასტრო საზღვრებში და არ საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის ცვლილების შეთანხმების თაობაზე უარი ეფუძნება მხოლოდ დაინტერესებული პირის - გიორგი სიხარულიძის მიერ მერიისათვის წარდგენილ წერილს. გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას. ამასთან, მასში მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რაც მიმდინარე მშენებლობით საკადასტრო საზღვრის ცვლილებას უკავშირდებოდა, ადმინისტრაციული მოკვლევის შედეგად არ დადგენილა. მართალია, გამოვლინდა გარკვეული სამშენებლო სამართალდარღვევის ხასიათის გადაცდომები, რომელთან დაკავშირებითაც გამოცემულია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ი. გ-ეის მოთხოვნა უკვე შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, სწორედ გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევისა და მისი შედეგების აღმოფხვრას გულისხმობდა და აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს უარი დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან მიმართებაში საკადასტრო საზღვრის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც კასატორის წარმომადგენელმა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 13 მაისის №1030 პროექტით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული საკადასტრო საზღვრის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 დეკემბრის №ბ14.14203504 ბრძანებაში აღნიშნული ეს გარემოება რეალობას არ შეესაბამება.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე და მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე