Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1167(კ-23) 5 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა...“-მა 2019 წლის 18 ივნისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №1180 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის 2019 წლის 8 იანვრის №15 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო №1180 ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია, დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებს და უკანონოდ ზღუდავს შპს „ა...“-ის კანონიერ უფლებებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თუ შპს „ა...“-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო არასრულყოფილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო დაედგინა ხარვეზი, თუმცა მოპასუხეს რეალურად არ გააჩნდა აღნიშნული საფუძველი, ვინაიდან, მან მშენებლობის ნებართვის გასაცემად წარადგინა კანონით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაცია.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 8 იანვრის №15 ბრძანებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და შეთანხმდა კ2 კოეფიციენტის სპეციალური ზონა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პროცედურული და სამართლებრივი თვალსაზრისით მან სწორად მოითხოვა არქიტექტურული პროექტის მესამე ეტაპის შეთანხმება. ამის მიუხედავად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთად განიხილა მშენებლობის ნებართვის გაცემის ყველა, სამივე ეტაპი. მოპასუხემ არ დაიცვა საქმის მომზადებისა და განხილვის ვადები, ასევე, კანონით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაში არ გასცა ნებართვა და ვადის დარღვევით - 21 დღის გასვლის შემდეგ მიიღო უკანონო აქტი. ამასთან, მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის თანახმად, დაგეგმილ მშენებლობაზე არ არის საჭირო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობის წარდგენა, თუკი დაშორება შეადგენს 3 მ-მდე მანძილს. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, მას უკანონოდ ეთქვა უარი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ა...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი - მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №1180 ბრძანება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (შესაბამის სამსახურს) დაევალა კანონით დადგენილ ვადაში შპს „ა...“-სთვის განცხადებით მოთხოვნილი მშენებლობის სანებართვო მოწმობის, შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტის შესაბამისად გაცემა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია სადავო აქტის ბათილად ცნობა და მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის №1180 ბრძანება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, აქტში არ არის მითითებული მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლები და მოტივაცია, ასევე დარღვეულია მისი გამოცემის ვადები, იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ისე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებს, საქართველოს მთავრობის №57 დადგენილებას სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების დებულებას და უკანონოდ ზღუდავს შპს „ა...“-ის კანონიერ უფლებებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ შპს „ა...“-ის მიერ განსახორციელებელ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპზე, ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში რამდენჯერმე შედგა მეზობელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლების პოზიციის დაფიქსირება განსახორციელებელი მშენებლობის საწინააღმდეგოდ. კასატორის განმარტებით, მართალია, სასაზღვრო მიჯნის ზონები არ არსებობს საპროექტო ნაკვეთსა და მეზობელ ნაკვეთებს შორის, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ, გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა იხელმძღვანელოს არსებული რეალობიდან გამომდინარე კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ იგი მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ იყო წარდგენილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობა დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს (მუხ. 1.1).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული და სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები“, კერძოდ, იგი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებით დამტკიცებული „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 22-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, უფრო კონკრეტულად: 1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 23-ე და 24-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) – 30 დღე; ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) – 20 დღე; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 10 დღე. 2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს სააგენტო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3.ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ნებართვის მაძიებელი თითოეული სტადიის შესაბამისად ნებართვის გამომცემ ორგანოს წარუდგენს დებულებით განსაზღვრულ ინფორმაციას და სავალდებულო დოკუმენტებს, სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის N15 ბრძანებით, შპს „ა...“-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში (საკადასტრო კოდი ...) სასტუმროს მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და არქიტექტურული პროექტი. 2019 წლის 23 აპრილს, შპს „ა...“-მა განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 284.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის მიზნით, მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №1180 ბრძანებით, შპს „ა...“-ის 23.04.2019წ. განცხადება სასტუმროს მშენებლობის მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ იყო წარდგენილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობა, დაგეგმილ მშენებლობაზე.

სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139) 53-ე მუხლი განსაზღვრავდა მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტებს, ხსენებული მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ; განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობის) თაობაზე; ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით; გ) არსებობის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები; დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ე) ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი; ვ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი; ზ) შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები: სახელი/იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი; ი) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი; კ) სანებართვო შენობა-ნაგებობის კლასისა და სამშენებლო საქმიანობის სახეობისათვის – ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ა...“-მა, ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე 284.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის მიზნით, ნებართვის გაცემის პროცესის პირველი და მეორე სტადიის შეთანხმების შემდეგ, 2019 წლის 23 აპრილს №... განაცხადით მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 54-ე მუხლით დეტალურად იყო რეგულირებული მშენებლობის ნებართვის გაცემის კონკრეტული წესი და ვადები, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (1-ელი პუნქტი); მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით (მე-2 პუნქტი). მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს (მე-3 პუნქტი); თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან, 7 დღის ვადაში (მე-4 პუნქტი).

ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო ხარვეზის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 45-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ მიეღო ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. ხოლო უარის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობებინა დასაბუთებული უარი დამკვეთის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის. 54-ე მუხლის მე-7 პუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნებოდა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლებოდა. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ შპს „ა...“-ის 2019 წლის 23 აპრილს წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთ თვეში. ამასთან, ხსენებული განცხადება ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე 284.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) სასტუმროს მშენებლობის მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ იყო წარდგენილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობა დაგეგმილ მშენებლობაზე. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო, სამშენებლო კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, ითვლება, რომ შპს „ა...“-ის მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკმაყოფილდა, ხოლო ამის შემდეგ ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებული იყო გაეცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. რაც შეეხება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს განსაზღვრავს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 53-ე მუხლი, რომელიც არ ითვალისწინებს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობას დაგეგმილ მშენებლობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე