Facebook Twitter

№ბს-773(კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ე; მესამე პირი (სასკ 16.2) - საქართველოს პრეზიდენტი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 24 ნოემბერს გ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 11 ოქტომბრის №1000823735 დასკვნის (გ. გ-ეის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გ. გ-ეისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის თაობაზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 11 ოქტომბრის №1000823735 დასკვნა, გ. გ-ეის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ. გ-ეისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს პრეზიდენტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. გ-ემ 2022 წლის 8 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. განცხადებაში მითითებული ინფორმაციის თანახმად დგინდებოდა, რომ გ. გ-ე დაიბადა ... წლის ...ს, სოხუმში. მის საცხოვრებელ ადგილს 1958 წლიდან 1990 წლამდე წარმოადგენდა გულრიფშის რაიონი, ხოლო 1990 წლიდან ქალაქი სოხუმი. მისი მშობლები და შვილები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. განცხადებაზე თანდართული 2022 წლის 08 სექტემბრის რეკომენდაციებით, ნათესავები და მეგობრები გ. გ-ეს ახასიათებდნენ, როგორც დადებით, წესიერ, პატრიოტ, ზრდილობიან, გაწონასწორებულ, მეოჯახე და ღირსეულ პიროვნებას.

გ. გ-ეის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით მოპასუხემ სახელმწიფო ორგანოებიდან გამოითხოვა ინფორმაცია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წერილით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიმართ გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობდა.

მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის გ. გ-ეის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი და ჩატარებული გასაუბრების, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ გ. გ-ე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნებს. კომისიის ორმა წევრმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი, რომელთაც დასაშვებად მიიჩნიეს გ. გ-ეისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, თუმცა, ხმათა უმრავლესობით კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წ. №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უარყოფითი დასკვნის მომზადება.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული დასკვნა ეფუძნებოდა მხოლოდ ვარაუდს და არ იყო გამოკვლეული გ. გ-ეის აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი, 1958 წლიდან გულრიფშის რაიონში, ხოლო შემდგომ ქალაქ სოხუმში. გარდა ამისა, კომისიის სხდომის ოქმით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმატებით იქნა დაძლეული კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოცდები. ასევე დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს საშუალო განათლება მიღებული ჰქონდა საქართველოში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელის განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების კანონიერ საფუძვლად მითითებული იყო სწორედ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის (საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება) მე-2 პუნქტის „ა.ა“ და ,,ა.ბ“ ქვეპუნქტები (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი). შესაბამისად, უდავო იყო, რომ გ. გ-ე მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული და ამასთან, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. აღნიშნულის მიუხედავად, გასაჩივრებულ დასკვნაში არ იყო მითითებული მოსარჩელის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პირობების გამომრიცხავი გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე -17 მუხლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას კი, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო – საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა, რომ განმცხადებლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არც ერთ სასამართლო სხდომაზე სადავო არ გამხდარა საქმეში წარმოდგენილი ოქმების შინაარსი, რომლებშიც ასახული იყო გ. გ-ეის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია. აღნიშნული პირის საქართველოსთან კავშირი გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში რომ დაიბადა საქართველოში, საშუალო განათლება მიიღო საქართველოში და მისივე განმარტებით საქართველოში ჰყავს დედმამიშვილები. გაუგებარია, როგორ დაადგინა სასამართლომ მხოლოდ ზეპირი განმარტებით ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საქართველო სამშობლოდ მიაჩნია, მაშინ როდესაც თავადვე განმარტა გასაუბრებისას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ჩამოვიდა საქართველოში, უმაღლესი განათლება ქ. როსტოვში მიიღო, შემდეგ დამკვიდრდა რუსეთში, ქ. მოსკოვში, სადაც ფლობდა საკონდიტროს, მეუღლე და შვილები ცხოვრობენ და მუშაობენ რუსეთში.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ გ. გ-ეის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების 211 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, რომელშიც ირიბად ერევა სასამართლო და უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ავალდებულებს სააგენტოს გამოსცეს დადებითი დასკვნები და გადაუგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს განსახილველ საკითხზე უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 11 ოქტომბრის №1000823735 დასკვნის (გ. გ-ეის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით) ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დადებითი დასკვნის გამოცემის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს (მუხლი 1).

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის (საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები) თანახმად, 1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. 2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. 3. ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ზოგადი პროცედურის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 24-ე მუხლის 1-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.

ამასთან, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლი ადგენს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მატერიალურ საფუძვლებს. მოცემული მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2022 წლის 8 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ გ. გ-ემ №1000823735 განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. მოსარჩელემ განცხადებაში მიუთითა, რომ დაიბადა ... წლის ...ს სოხუმში. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში ჰქონდა, სოხუმში, ...ს ქ.№...-ში მდებარე ბინა №42. საშუალო განათლება მიიღო სოხუმში. იყო დაოჯახებული და ჰყავდა სამი შვილი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, 1985-1993 წლებში, მუშაობდა ქალაქ სოხუმში, ...ის საწარმოში, ასევე დააფუძნა შპს ,,ტ...“ და სოხუმში, ...ს ქუჩა №...-ში საკუთრებაში არსებულ 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აგებულ ...ს მეშვეობით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იყო აფხაზეთის ომის მონაწილე, ომში დაეღუპა მამა - ი. (ხ.) გ-ე, რომელიც მოიხსენიება აფხაზეთის ძმათა სასაფლაოზე თბილისში განთავსებულ გმირთა სტენდზე. მის შვილებს აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. განცხადებაში მიუთითა, რომ საქართველო არის მისი სამშობლო და ძალიან უყვარს, სურს დარჩენილი ცხოვრება საქართველოში გაატაროს.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 21 სექტემბრის №00005014 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 12 სექტემბრის №1000823856/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ გ. გ-ეის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №MIA 1 22 02644187 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 სექტემბრის №01/211441 წერილის პასუხად ეცნობა, რომ გ. გ-ეის მიმართ, შსს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 01 ოქტომბრის №SSG 4 22 00183335 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 09 სექტემბრის №1000823735/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გ. გ-ეის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 7 ოქტომბრის №17568 სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის გ. გ-ეის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის ფაქტი.

კომისიამ მიიჩნია, რომ გ. გ-ე ვერ აკმაყოფილებდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციისა და გ. გ-ეის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის გ. გ-ეის მიმართ არ არსებობდა კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები (მომხრე – 4 (ოთხი); წინააღმდეგი – 2 (ორი)).

2022 წლის 11 ოქტომბერს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - გ. გ-ეისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი დასკვნა №1000823735, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა.

2022 წლის 11 ოქტომბერს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №1000760829/1 მიმართვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის უფროსს გაუგზავნა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დასკვნა გ. გ-ეის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2022 წლის 17 ოქტომბრის №7827 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ №1000823735 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გ. გ-ეის მიმართ არ არსებობდა, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: 1. პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.

ამასთან, კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა ცოდნის დონე სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში და დაადგინა რომ, გ. გ-ეის ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ. გ-ეის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ფორმალური საფუძვლები. ამდენად, კომისიას მართებდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, შეეფასებინა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რამდენად გამომდინარეობდა სახელმწიფო ინტერესებიდან.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გ. გ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი დასკვნა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არც თავად 2022 წლის 11 ოქტომბრის დასკვნაში და არც მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 7 ოქტომბრის №17568 სხდომის ოქმში არ არის მითითებული იმ გარემოებებზე და არ არის წარმოდგენილი სათანადო შეფასება, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ გ. გ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან არ გამომდინარეობდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება). „შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15 მუხლის მსგავსი „მოქალაქეობის უფლება“ ან კონკრეტული მოქალაქეობის მიღების ან შენარჩუნების უფლება არ არის გარანტირებული კონვენციით ან მისი ოქმებით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოქალაქეობის თვითნებურმა უარყოფამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება წამოჭრას საკითხი კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე, ასეთი უარყოფის გავლენის გამო პიროვნების პირად ცხოვრებაზე (Karassev, Slivenko and Others v. Latvia (dec.) [GC], no 48321/99, § 77, ECHR 2002-II). საკითხი, აქვს თუ არა განმცხადებელს სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების სადავო უფლება, უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის მითითებით (Kolosovskiy v. Latvia (dec.), no. 50183/99, 2004.29.01). კრიტერიუმების არჩევა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სახელმწიფოსა და დაინტერესებულ ინდივიდს შორის არსებული კავშირის ბუნებასთან, რომლის განმტკიცების უზრუნველყოფასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეულ საზოგადოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის მიზნებისთვის სახელმწიფო ინტერესების შეფასება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თვითნებობის გამოსარიცხად არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ კრიტერიუმები და გარემოებები, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს დასაბუთებული და განმარტებული იქნას მიღებულ დასკვნასა და ოქმებში. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კომისია ვალდებული იყო გ. გ-ეისათვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მსჯელობისას შეეფასებინა სწორედ კანონმდებლობით დადგენილი გარემოებები. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მოსარჩელის შემთხვევაში, სახეზე იყო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასების გარეშე დატოვა გ. გ-ეის აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტები, 1958 წლიდან გულრიფშის რაიონში, ხოლო შემდგომ ქალაქ სოხუმში. ასევე, მისი მხრიდან ემიგრაციაში წასვლის მიზეზები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილება ან/და სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასვლა პირისათვის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო ინტერესების შეფასებისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს. ამდენად, კანონმდებლობა მითითებული გარემოებებს დაინტერესებული პირის საქართველოსთან განსაკუთრებულ კავშირად განიხილავს, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. მართალია მხოლოდ ეს კრიტერიუმები ავტომატურად არ ქმნის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნის მომზადების საკმარის საფუძველს, თუმცა კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, ცხადად დაასაბუთოს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების დადგენა, მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ფორმალური საფუძვლების არ არსებობის პირობებში, რატომ არ არის საკმარისი დაინტერესებული პირისათვის მოქალაქეობის მინიჭებაზე დადებითი დასკვნის მომზადებისთვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოები, არ დაასაბუთა უარყოფითი დასკვნის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილება და სადავო აქტი არსებითად დააფუძნა სუბიექტურ ვარაუდს. კომისიამ მხედველობაში არ მიიღო გ. გ-ეის სტატუსი, მისი ბიოგრაფია, ქვეყნის დატოვების მიზეზები და საქართველოსთან მისი კავშირი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სახეზე იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები, გ. გ-ეისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 20/06/2024 წ. №14154 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20/06/2024 წ. №14154 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია