Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-140(კ-24) 20 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. გ-ე (ნ. ე-ეის უფლებამონაცვლე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ე-ემ 2021 წლის 11 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2020 წლის 21 დეკემბრის №2506 განკარგულების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის დ. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისი, ...ს ..., კორპუსი N5-ის მიმდებარედ 284.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე) ახალი განკარგულების გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით დ. გ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, N3/1308-21 ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელე - ნ. ე-ეის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა დ. გ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე ნ. ე-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 21 დეკემბრის №2506 განკარგულება; მოპასუხეს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 21 დეკემბრის №2506 განკარგულებით ნ. ე-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ. თბილისი, ... ...ს ქუჩა, კორპუსი ...-ის მიმდებარედ - 284 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ნ. ე-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კომისიის მხრიდან მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის უარყოფა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. მოსარჩელე მხარის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობისა და სარგებლობის დადასტურების მიზნით წარდგენილ იქნა რიგი მტკიცებულებები, რომელიც მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული სათანადო წესით. კერძოდ, დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ამჟამად განთავსებულია 4 შენობა-ნაგებობა, ასევე საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებით დასტურდება, რომ 2005 წლის მდგომარეობით მასზე ასევე არსებობდა მშენებარე ობიექტი. ამასთან, მოსარჩელის მეზობლები ადასტურებენ ნ. ე-ეის მიერ ხსენებული უძრავი ქონების 2005 წლიდან ფლობას და თანახმა არიან მის სარგებლობაში არსებული მიწის ლეგალიზებაზე.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ კომისიის მითითება იმის თაობაზე, რომ არ დასტურდებოდა ნ. ე-ეის (უფლებამონაცვლე - დ. გ-ე) მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე - არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხზე მსჯელობისას დეტალურად არ შეუსწავლია და არსებული თუ დამატებით მოსაძიებელი მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხზე ხელახლა მსჯელობის დავალების საფუძვლები. კასატორი მიუთითებს სადავო საკითხის მომწესრიგებელ ნორმებზე და აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორია არ ენიჭება და საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი ნაგებობა ან/და მსუბუქი კონსტრუქცია (მათ შორის, ხის კონსტრუქცია), რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად არ დადასტურდა ნ. ე-ეის სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილია 4 შენობა, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი ითხოვს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, კასატორის განმარტებით კი, 2 შენობა არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ შენობათაგან არცერთი ყოფილა აშენებული კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლამდე, ამრიგად სახეზე არ არის ნ. ე-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. კასატორი მიუთითებს საკასაციო პალატის 2015 წლის 14 ივლისის Nბს-311-307(2კ-14) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ სახეზე არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს ნ. ე-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია 284 კვ.მ. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა, კორპუსი ...-ის მიმდებარედ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №... წერილობითი მიმართვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ნ. ე-ეის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 21 დეკემბრის №2506 განკარგულებით ნ. ე-ეს უარი ეთქვა 284 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა, კორპუსი ...-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული.

სადავო აქტის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გაცნობისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად, არ დადასტურდა ნ. ე-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ამასთან, კომისიის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი იყო 4 შენობა, რომელთაგან 2 არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს და რომელთაგან ყველა შენობა მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო კანონის ამოქმედების შემდეგ. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე ეთქვა ნ. ე-ეს უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს უარის თქმის საკმარის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. მოწმის ჩვენება კი არის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე (მე-2 მუხ. 1-ლი პუნქტ. „თ“ ქვ.პ.). საქმეში დაცულია 2005 წლის ორთოფოტო, სადაც იკვეთება სადავო მიწის ნაკვეთზე მშენებლობის მიმდინარეობა, ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია ნოტარიალურად დამოწმებული „თანხმობა“, რომლის შესაბამისად, ნ. ე-ეის მეზობლები ადასტურებენ სადავო უძრავი ქონების ნ. ე-ეის მიერ 2005 წლიდან ფლობას, თანხმობას აცხადებენ მოსარჩელის მიერ ხსენებული ქონების ლეგალიზებაზე. მართალია, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ ქმნის საკუთრების უფლების აღიარებაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს, თუმცა ასეთ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას განცხადებაზე დართული და კანონით დადგენილი წესით შეგროვებული დოკუმენტების ერთობლივი შეფასებით. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა 2007 წლამდე არ არის განთავსებული და ამასთან, არ დასტურდება ნ. ე-ეის მიერ სადავო უძრავი ქონების თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. სადავო გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება გარემოებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტულ შედეგამდე მივიდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო პალატა აგრეთვე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვისას კომისია ვალდებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (მათ შორის 97-ე მუხ.) გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის, საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით, მათ შორის, გამოიკვლიოს და შეისწავლოს მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების, მასზე ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელების, მასზე მშენებლობის 2007 წლამდე დაწყების ფაქტები. კომისიამ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოებაც, რომ მართალია, ერთ-ერთი შენობა 2014 წლის მდგომარეობით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, თუმცა მოსარჩელე თანახმაა მიწის ნაკვეთის კორექტირებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე