Facebook Twitter

№ბს-940(კ-23) 29 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „ვ...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს „ვ...ს“ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე სს „ვ...ს“ ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 3441,70 ლარის გადახდა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „ვ...ს“ ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 3441.70 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „ვ...ს“ მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სს „ვ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ვ...მ“.

კასატორი აღნიშნავს, რომ სს „ვ...“ საკუთრებაში ფლობს 2060 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ. რუსთავი, ...ს გამზ. №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია ავტოგასამართი სადგური - 650 კვ.მ მოცულობის, ოფისი - 100 კვ.მ მოცულობის, სასურსათო მაღაზია - 135 კვ.მ მოცულობის და ავტოტექმომსახურება 235 კვ.მ მოცულობის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირებს 4 განსხვავებული პროფილის ობიექტი, მერიის მიერ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდში, კასატორისათვის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა მოხდა მხოლოდ ერთი პროფილის - ავტოგასამართი სადგურიდან გამომდინარე და ამასთან, გაზრდილი ფართის მიხედვით - 2060 კვ.მ-ზე, მაშინ როცა ავტოგასამართი სადგურის მოცულობა შეადგენს მხოლოდ 650 კვ.მ-ს. ზემოაღნიშნული წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №26 დადგენილების, 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილების და 2020 წლის 21 თებერვლის №172 დადგენილების უხეშ დარღვევას, ვინაიდან აბონენტებზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

2020 წლის 1 ივნისიდან ქალაქ რუსთავში გაიზარდა დასუფთავების მოსაკრებელი და აღნიშნულის შესახებ კასატორმა შეიტყო მხოლოდ 2021 წლის მარტში, როდესაც №06-382106334 წერილით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურმა. 9 თვის განმავლობაში რუსთავის მერია ისე არიცხავდა გახუთმაგებულ დასუფთავების მოსაკრებელს, რომ კომპანია ინფორმირებული არ იყო აღნიშნულის შესახებ. კომპანიას სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული აქვს ელ. ფოსტის მისამართი, რომელზეც მერიის შესაბამის სამსახურს შეეძლო მიეწერა და ეცნობებინა, რომ კომპანიას დასუფთავების დავალიანება ერიცხება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ვ...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ვ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2013 წლის 16 სექტემბერს სს „ვ...“ დარეგისტრირდა ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში. საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, (ბენზინგასამართი სადგური) ყოველთვიურად გადასახდელმა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობამ 2060 კვ. მეტრი ფართის გათვალისწინებით შეადგინა 103 ლარი (ს.ფ 14, 15); ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის №172 დადგენილებით მოხდა ტარიფის ცვლილება და სს „ვ...ს“ ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 515 ლარი (ს.ფ 33); გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2021 წლის 24 მარტის რეგისტრაციის (ცვლილების) ბარათის თანახმად, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესაბამისად, სს „ვ...ს“ ობიექტისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 281,30 ლარის ოდენობით (ს.ფ 62); დ) ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 მარტის №5999 წერილის თანახმად, სს „ვ...ს“ დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 2021 წლის თებერვლის ჩათვლით შეადგენს 3441,70 ლარს, თვეში 515 ლარის ტარიფის გათვალისწინებით (ს.ფ 33).

საკასაციო პალატა მიუთითებს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

ზემოაღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

მითითებული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად (21/02/20წ. მდგომარეობით მოქმედი რედაქცია), ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. აღნიშნული კანონის 121 მუხლი განსაზღვრავს მოსაკრებელს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №23 დადგენილებით (ძალადაკარგულია - 25.11.2021, №285) დამტკიცებულ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულებაზე, რომლის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ბ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვისთვის მათ რეგისტრაციას; გ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების და დოკუმენტაციის შედგენას; დ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის. მითითებულ დადგენილებაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის №172 და 2020 წლის 20 მარტის №182 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილებები (მათ შორის ტარიფთან დაკავშირებით), რაც გამოქვეყნებულია კანონით დადგენილი წესით საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე. ამასთან, საყურადღებოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ცვლილების თაობაზე მოპასუხე კომპანიას ეცნობა ტელეფონის მეშვეობით, რაც დასტურდება 2020 წლის 27 თებერვლით დათარიღებული აბონენტის დეტალური ამონაბეჭდით (ს.ფ. 101).

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

ზემოაღნიშნული დანაწესი სს „ვ...ს“ ავალდებულებდა, რომ მის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართის ცვლილებასთან დაკავშირებით თავად მიემართა მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურისათვის. საყურადღებოა, რომ იმავე ვალდებულებას აკისრებდა კასატორს 2013 წლის 16 სექტემბრის რეგისტრაციის აქტი, რომლის თანახმად, მოპასუხე იყო ვალდებული წერილობით ეცნობებინა მოსარჩელისთვის ობიექტის ფართის ცვლილების შესახებ 10 დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სამუშაო ფართის შეცვლის რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის მარტის თვემდე არ მიუმართავს. მას შემდეგ რაც, მოპასუხემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს დასაბეგრი ტერიტორიის ცვლილების შესახებ, განხორციელდა ცვლილება და სს „ვ...ს’’ ობიექტისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 281,30 ლარით. მოცემულ შემთხვევაში, დასუფთავების მოსაკრებლის ანაზღაურება მოთხოვნილია 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდზე, ავტოგასამართი სადგურისთვის დადგენილი ყოველთვიური გადასახდელი ტარიფით - 515 ლარი, ჯამში 3441.70 ლარის ოდენობით. ამდენად მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ვ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. სს „ვ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.06.2023წ. №1686039001 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია