საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-371(კ-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - თ. თ-ა, მ. კ-ე, თე. თ-ა, ნ. თ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. თ-ამ, მ. კ-ემ, თე. თ-ამ და ნ. თ-ამ 2022 წლის 02 ივნისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხის 2021 წლის 22 აპრილის №03-1410/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის თ. თ-ას, მ. კ-ეის, თე. თ-ასა და ნ. თ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, თ. თ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ჰყავს მეუღლე - მ. კ-ე (არადევნილი) და ორი არასრულწლოვანი შვილი, დევნილები - თე. და ნ. თ-აები. თ. თ-ა არის შშმ პირი, მკვეთრად გამოხატული. ოჯახს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ცხოვრობენ ქ. თბილისში, სხვის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ჰქონდა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, სადაც მიენიჭათ 5.5 ქულა, აქედან 1.5 ქულა - სხვის საკუთრებაში ცხოვრების ნაწილში, 1 ქულა - ორი არასრულწლოვანი შვილის ნაწილში და 3 ქულა - შშმ პირის ნაწილში. მოსარჩელის განმარტებით, ბინები მიიღეს უფრო დაბალი, 4.5 ქულის მქონე ოჯახებმა. 2021 წლის 25 მაისს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღეს №03/6745 წერილი, თანდართული 2021 წლის 22 აპრილის №03-1410/ო ბრძანებით, რომლის მიხედვითაც თ. თ-ას დევნილ ოჯახს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო უარი ეთქვათ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ სადავო გადაწყვეტილება იყო უკანონო, მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და გათვალისწინების გარეშე, რის გამოც დაირღვა მათი ოჯახის კანონიერი უფლებები და ინტერესები, რაც გახდა სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით თ. თ-ას, მ. კ-ეის, თე. თ-ასა და ნ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1410/ო ბრძანება და მოპასუხეს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს გააჩნდა, თუმცა, მატერიალური და ფინანსურის რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო იყო ვალდებული დაემტკიცებინა, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობდა ფართო მიხედულების ფარგლებით, რაც მაღალი ხარისხით წარმოშობდა მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონიერ ვალდებულებას. დამატებით აღნიშნა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, სწორედ, მათ შეფასებას უნდა მიეყვანა ადმინისტრაციული ორგანო საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავდა გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
პალატამ დამატებით განმარტა, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე ნაქირავები ფართით სარგებლობა არ გამორიცხავდა დევნილი ოჯახის უფლებას შეფასებულიყო შესაბამისი კრიტერიუმით (1.5 ქულა). ამასთან, აღნიშნული შეფასების კრიტერიუმი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, საკანონმდებლო დანაწესის მიხედვით, კრიტერიუმების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. პალატის მოსაზრებით, დევნილი ოჯახის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და ალტერნატიული საცხოვრებლის არქონის უტყუარად დადასტურება წარმოადგენდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობას. აგრეთვე, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, თუ რაში მდგომარეობდა „საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაცია“.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი კრიტერიუმების მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმა ეწინააღმდეგებოდა ნორმატიულ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, რაც ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის თ. თ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენლის მოსაზრებით, საქმეში დაცული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ თ. თ-ას დევნილმა ოჯახმა ადმინისტრაციულ ორგანოს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით, რაც დადასტურებულია მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით. კასატორის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის დედას მ. ჩ-ა-თ-ას დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი მისამართზე - ქ. თბილისი, ვაკე, ...ის ქ. №..., რომელიც გაასხვისა 2018 წელს მ. ხ-იზე.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით, რადგან სახელმწიფოსგან მიეღო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართი კანონის გვერდის ავლით. სააგენტო ეტაპობრივად ახორციელებს დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეისწავლა რა თ. თ-ას ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები, კომისიამ განიხილა მისი მოთხოვნა და 2021 წლის 2 აპრილის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №19 სხდომის ოქმით უარი უთხრა გრძელვადიან განსახლებაზე, რადგან საცხოვრებელთან დაკავშირებით წარდგენილი ჰქონდა მცდარი ინფორმაცია.
კასატორის წარმომადგენლის მითითებით, სააგენტომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებით, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1410/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით თ. თ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების გამო, ამ ეტაპზე უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ (შემდგომში - წესი) შესაბამისად. აღნიშნული წესის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“.
მითითებული წესის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი (6.1 მუხ.).
განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმების კომპეტენცია გააჩნია დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე (3.1 მუხ.). თუ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით (3.5 მუხ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაციის არსებითად მცდარად მიჩნევა დაკავშირებულია ისეთი სახის გარემოების დადგენასთან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულათა ჯამზე და, შესაბამისად, დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობაზე. ცალსახაა, რომ აღნიშნული გარემოების დადგენა განეკუთვნება ფაქტის საკითხს. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ზოგადად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (affirmanti, non negati, incumbit probatio), ამიტომაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანო, არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. ამ სახის ინფორმაციად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი მისამართი, რის დასადასტურებლად მიუთითა მონიტორინგის ჯგუფის მოკვლევის მასალებზე, რომლის მიხედვით 2021 წლის 14 მარტს, მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე და მისი ოჯახი იმყოფებოდნენ ...ში, მოსარჩელის დედის სახლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელისა და მისი ოჯახის მოსარჩელის დედის სახლში ყოფნის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტზე, ამ გარემოების საპირისპიროდ მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ იგი ხსენებულ მისამართზე ძირითადად დადიოდა დედის მოსანახულებლად. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების შესახებ განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი, სადაც დახვდათ მ. კ-ე, თე. თ-ა და ნ. თ-ა, ხოლო თ. თ-ა მისამართზე არ იმყოფებოდა.
საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო განხილვის შედეგად შეგროვებული არცერთი მტკიცებულება ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ქ. თბილისში, ..., ..., კორპ. №..., ბინა №... -ში დედასთან ერთად ცხოვრების და შესაბამისად საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებით სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტს, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა