Facebook Twitter

№ბს-739(კ-24) 13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ი-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჯ. ი-ეემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №43/9 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 6 აპრილის №405 ბრძანება ადინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. ი-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. ი-ეის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ი-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჯ. ი-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №43/9 ბრძანება და დაევალა მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 6 აპრილის №405 ბრძანება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ჯ. ი-ეის მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს მიერ არ იქნა სწორად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელე არის უსახლკარო პირი და 2016 წლიდან 2018 წლამდე ცხოვრობდა ... თავშესაფარში. გარკვეულ პერიოდი პენსიიდან იხდიდა ქირას 150 ლარის ოდენობით, თუმცა ბოლო წლებში ბინის ქირის საბაზრო ღირებულების რადიკალურმა ცვლილებამ აიძულა დაეტოვებინა ქირავნობით მფლობელობაში არსებული საცხოვრისი და ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადადიოდა საცხოვრებლად. ზოგჯერ ახერხებდა ქირის გადახდას, ზოგჯერ - უსასყიდლოდ აძლევდნენ ცხოვრების უფლებას. უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმით სახელმწიფომ მოსარჩელე ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დატოვა.

კასატორის განმარტებით, დაახლოებით 2022 წლის მაისში დაუკავშირდა გამგეობის წარმომადგენელი და ჰკითხა, ცხოვრობდა თუ არა ქირით, რამდენს იხდიდა გადასახადს და ვინ ეხმარებოდა გადახდაში. კასატორმა დაუდასტურა ქირით ცხოვრების ფაქტი, თუმცა გამგეობის თანამშრომელს არ უკითხავს უწყვეტად იხდიდა თუ არა ქირას ჯ. ი-ეე. ამ უკანასკნელმა, რომელსაც არ აქვს კანონის განმარტების შესაბამისი ცოდნა, უპასუხა კონკრეტულ შეკითხვებს და არ გაუმახვილებია ყურადღება უწყვეტობის საკითხზე. კასატორი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად ქირის თანხის გადახდას ვერ ახერხებდა, იყო შემთხვევები, როდესაც ქონების მესაკუთრე აღარ სთხოვდა დავალიანებას, ვინაიდან ითვალისწინებდა მისი მოწყვლადობის საკითხს. შესაბამისად, კომიისთვის მიმართვამდე 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი სახეზე არ იყო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ი-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ი-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2022 წლის 20 იანვარს ჯ. ი-ეემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა უსახლკარო პირად რეგისტრაცია (ს.ფ 51-53); ბ) 2023 წლის 10 მაისის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით ჯ. ი-ეის ოჯახი შედგება ერთი პირისაგან - ჯ. ი-ეე. ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 19370 და იღებს შემწეობას 60 ლარის ოდენობით (ს.ფ. 29); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის 2023 წლის 26 იანვრის №55 ოქმით ჯ. ი-ეეს უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია (ს.ფ 56-60); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №43/9 ბრძანებით ჯ. ი-ეეს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 2023 წლის 26 იანვრის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოvრისით უზრუნველყოფის კომისიის №55 ოქმი (ს.ფ 20); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის 2022 წლის 15 ივნისის №34-01221662741 წერილზე თანდართული ინფორმაციის მიხედვით, ჯ. ი-ეე ქ. თბილისი, ...-ნაძალადევის რაიონი, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ქირას იხდის პირადად, 150 ლარის ოდენობით (ს.ფ 62-65); ვ) 2023 წლის 7 მარტს ჯ. ი-ეემ საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №43/9 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე (ს.ფ 91-95); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 6 აპრილის №405 ბრძანებით ჯ. ი-ეეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ 22-27); ვ) დ. თ-ის (ნოტარიალურად დამოწმებული) განცხადების მიხედვით, ჯ. ი-ეე მის ბინაში მდებარე თბილისი, ...ს მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ...-ში შევიდა 2021 წლის 7 მაისს, რისთვისაც უნდა გადაეხადა ყოველთვიურად ქირა 150 ლარის ოდენობით. მან მხოლოდ ორი თვის ქირის გადახდა შეძლო (მაისი და ივნისი). როდესაც შეატყო მისი პრობლემები ბინის დაკარგვასთან იყო დაკავშირებული, ძალიან შეეცოდა და უფასოდ აცხოვრა 2022 წლის ივნისამდე (ს.ფ 125).

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №43/9 ბრძანების კანონშესაბამისობის შემოწმება და იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არსებობდა მოსარჩელისთვის უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა მოპასუხეების მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესზე“ (ძალადაკარგულია - 19.05.2023, №25-28), რომელიც განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში და უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის უწყვეტად რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ შორის, ისეთი პირი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში; ბ) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი არის სრულწლოვანი; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; დ) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; ე) შესაბამისი გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდება პირის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტად გადახდის ფაქტი; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირს არ გააჩნია საკუთრებაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების არსებობის შემთხვევაში, კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება მიიღება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მარკის, გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით; ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში მის მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციასა და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის 2 (ორი) და მეტი გადაკვეთა (სახელმწიფო ტერიტორიის დატოვება). გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლოშემოქმედებითი მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით; ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი (თუ ის არის შრომისუნარიანი) რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად უნდა ხდებოდეს მისი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველი საკითხის გამოკვლევა, აუცილებელია მას დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს იმ პირების შესახებ, ვინც არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან სათანადო საცხოვრისის მხრივ, მათ შორის, განსაკუთრებულ კატეგორიას უსახლკარო პირები წარმოადგენენ, ვინაიდან ეჭვქვეშ დგება მათი უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრების პირობები. იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე, ამის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, თითოეული უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების სრულყოფილად შესწავლა, მათი განხილვა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯ. ი-ეეს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული მოსაზრება ეყრდნობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის 2022 წლის 15 ივნისის №34-01221662741 წერილზე თანდართულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჯ. ი-ეე ქ. თბილისი, ...-ნაძალადევის რაიონი, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ქირას იხდის პირადად 150 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია დ. თ-ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ჯ. ი-ეე მის ბინაში მდებარე: თბილისი, ...ს მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ..., შევიდა 2021 წლის 7 მაისს, რისთვისაც უნდა გადაეხადა ყოველთვიურად ქირა 150 ლარის ოდენობით. მან მხოლოდ ორი თვის ქირის გადახდა შეძლო (მაისი და ივნისი). როდესაც შეატყო მისი პრობლემები ბინის დაკარგვასთან იყო დაკავშირებული, ძალიან შეეცოდა და უფასოდ აცხოვრა 2022 წლის ივნისამდე. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ მოპასუხეს სრულად არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება არ მიუღია მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან უტყუარად არ დადგენილა ჯ. ი-ეის მიერ დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის (იჯარის) უწყვეტად გადახდის ფაქტი, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომლის დადგენაც მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №43/9 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ი-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე