საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1013(კ-23) 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ფ. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. კ-იმა 2021 წლის 30 დეკემბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1470 მ2 მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ფ. ჯ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 1 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნ. კ-ის მამკვიდრებელი - ე. კ-ი ცხოვრობდა კასპის რაიონის სოფელ ...ში, ფლობდა სახლსა და მიწის ნაკვეთებს და იყო კომლის უფროსი და ერთადერთი წევრი (მარტოხელა). ფ. ჯ-ი (პირ. № ...) და მისი დედა - ც. ჯ-ი უკანონოდ იყვნენ მიწერილები ე. კ-ის კომლში, რადგან ც. ჯ-ი არ იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში ე.-სთან, ხოლო ფ. ჯ-ი არ იყო ე. კ-ის შვილი. გარდა ამისა, 1992 წლიდან ამოქმედებული კანონმდებლობით, გაუქმდა კოლმეურნეობები და საზოგადოებრივი მეურნეობები, კომლმა შეწყვიტა არსებობა და კომლის ქონება ჩაითვალა იმ ოჯახის წევრთა საერთო ქონებად, რომლებიც კომლში რეგისტრირებული იყვნენ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ამ ქონებაზე ამოქმედდა სანივთოსამართლებრივი ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სახლი, ასევე რეფორმის პერიოდში მიღებული მიწები წარმოადგენდა მხოლოდ ე. კ-ის საკუთრებას, რამდენადაც ც. და ფ. ჯ-იები მის ოჯახში დარეგისტრირდნენ მხოლოდ 1992 წლის შემდეგ და ისიც უკანონოდ. საარქივო ცნობით და მიწის ნაკვეთების განაწილების სიითაც ირკვევა, რომ ე. კ-ი იყო სადავო უძრავი ქონების ერთპიროვნული მესაკუთრე. საჯარო რეესტრის სამსახურმა კი უსაფუძვლოდ ჩათვალა ფ. ჯ-ი, როგორც ე. კ-ის კომლის ბოლო წევრი, ამ ქონებაზე ერთადერთ უფლებამოსილ პირად, და მთლიანად მასზე აღრიცხა ე. კ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება ფ. ჯ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1470 მ2 მიწის ნაკვეთის ფ. ჯ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 1 დეკემბრის №... გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისს დაევალა მხარეთა მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეესწავლა: ა) როდის დარეგისტრირდნენ ც. და ფ. ჯ-იები ე. კ-ის კომლში (ოჯახში); ბ) იმ შემთხვევაში, თუკი ისინი იყვნენ ერთი ოჯახის წევრები (რეგისტრირებულები) 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების ფარგლები განსაზღვრულიყო იმ თვალსაზრისით, რომ ისინი წარმოადგენენ ე. კ-ის ოჯახისათვის მიწის რეფორმის პერიოდში მიკუთვნებული ქონების თანამესაკუთრეებს თანაბარ წილში. გ) ე. კ-ის დანაშთი სამკვიდროსა და მემკვიდრეობის საკითხი; დ) ც. ჯ-ის დანაშთი სამკვიდროსა და მემკვიდრეობის საკითხი; ე) ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება მხარეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებასა და ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილებაზე და აღნიშნა, რომ ე. კ-ის კომლის შესახებ ჩანაწერის მიხედვით, 1986-1996 წლებში მისი კომლის წევრები იყვნენ ც. და ფ. ჯ-იები. საკომლო წიგნის ჩანაწერის თანახმად, ც. ჯ-ი ე. კ-ის კომლის წევრი გახდა, სავარაუდოდ, 1987 წლიდან, ფ. ჯ-ის კომლის წევრობის შესახებ კი წარმოდგენილ მასალებში წელი არ ფიქსირდებოდა.
სასამართლოს მითითებით, მიწის რეფორმის პერიოდში გამოცემული ნორმების შინაარსი ცალსახად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მითითებული ნორმატიული აქტები არ აკეთებდა დათქმას საკოლმეურნეო და მუშა-მოსამსახურის კომლების განსხვავების შესახებ და თანაბრად გავრცელდა მათზე მიწის საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობა - მიწის ნაკვეთები, მათ შორის საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს, ანუ ოჯახებს და არა ინდივიდუალურ პირებს - ოჯახის უფროსებს. შესაძლებელია, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულიყო ან სისტემური რეგისტრაციით აღრიცხულიყო ოჯახის (ყოფილი კომლის) უფროსზე, მაგრამ მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებდა არა მხოლოდ ეს პირი, არამედ მის ოჯახში (ყოფილ კომლში) 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული ყველა პირი. ე. კ-ის ოჯახი წარმოადგენდა მუშა-მოსამსახურის საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელთანაც 1986-1996 წლების მდგომარეობით, მასთან ერთად, რეგისტრირებული იყვნენ ც. და ფ. ჯ-იები (რეგისტრაციის ზუსტი თარიღი უცნობია). სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, უნდა გარკვეულიყო, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ირიცხებოდნენ თუ არა ეს პირები ე. კ-ის კომლში, რამდენადაც, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, მიწის რეფორმის პერიოდში ოჯახის ყველა ის წევრი იქნა მიჩნეული მოსახლეობისათვის გადასაცემ, მათ შორის საკარმიდამო მიწებზე უფლებამოსილ პირებად, ვინც ერთ ოჯახად იყვნენ აღრიცხულნი ამ დროისათვის.
სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო არ იხსნებოდა და გარდაცვლილი წევრის კუთვნილი წილი რჩებოდა კომლის საკუთრებად მხოლოდ 1993 წლამდე არსებულ საკოლმეურნეო კომლებში (საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლი). საკოლმეურნეო კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში (იმავე კოდექის 128-ე მუხლი). შესაძლებელი იყო საკოლმეურნეო კომლის გაყრა, გამოყოფა (იმავე კოდექსის 125-ე, 126-ე მუხლები). სოფლად კომლებისა და მათი წევრების აღრიცხვა ხდებოდა მხოლოდ საკომლო წიგნების მეშვეობით; ამ წიგნებითვე ირკვეოდა, რა ოდენობის მიწის ფართი და საცხოვრებელი შენობა ერიცხებოდა მათ და რომელ წლებში, რა ცვლილებები ხდებოდა კომლის შემადგენლობაში და ა. შ. რეფორმის შედეგად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდა რა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, გულისხმობს იმას, რომ მიწა გადაეცათ კომლებს, ოჯახებს და იქ რეგისტრირებულ პირებს. აქედან გამომდინარე, ე. კ-ის მუშა-მოსამსახურის ,,კომლმა“ (ოჯახმა) მიიღო რა რეფორმის პერიოდში საკუთრებაში საკარმიდამო და სხვა მიწა, ეს ნიშნავს იმას, რომ ანალოგიური უფლება მიიღეს მხოლოდ მისი კომლის იმ წევრებმა, ვინც რეგისტრირებული იყვნენ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. იმის გამო, რომ წარმოდგენილი მასალებით ზუსტად და ნათლად ვერ ირკვეოდა, ც. და ფ. ჯ-იები იყვნენ თუ არა რეგისტრირებულნი ე. კ-ის კომლში 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მათი საკუთრების უფლების ცალსახად განსაზღვრა საქმის განხილვის ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ თუკი ეს პირები (ორივე ან ერთ-ერთი) ე. კ-ის ოჯახში დარეგისტრირდებოდნენ 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც ე. კ-ი უკვე იყო მისთვის (მისი ოჯახისათვის) გადაცემული მიწის ნაკვეთების მესაკუთრე, მის ოჯახში შემდგომ წლებში რეგისტრირებულ პირს (პირებს) თანასაკუთრების უფლება ვერ წარმოეშობოდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ, 2021 წლის 25 ნოემბერს გაცემული №39118614 საარქივო ცნობის შესაბამისად, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფ. ჯ-ის დაბადების თარიღად მითითებულია ... წლის ..., ც. ჯ-ის კომლში ჩაწერის თარიღად (იხ. „სოფლის საბჭოს ტერიტორიაზე ახლად ჩამოსულ პირთა აღნიშნა“ გრაფა) მითითებულია 1987 წლის 22 მაისი, ხოლო ფ. ჯ-ის მონაცემებში მითითებულია მეორე კლასელი“. აღნიშნული უტყუარად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ე. კ-ის კომლში ც. ჯ-ის და ფ. ჯ-ის ჩაწერა განხორციელდა 1992 წლამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბერის №487 ბრძანების მე-40 მუხლის პირველი და მე-3 ქვეპუნქტების თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა; უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო საკუთრების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა კომლის ქონებას, რაც დასტურდებოდა შესაბამისი ცნობებით და დგინდებოდა, რომ ნ. კ-ის მამის გარდაცვალებით ქონებაზე სამკვიდრო არ გახსნილა, ვინაიდან იგი არ იყო კომლის უკანასკნელი წევრი. ამდენად, ფ. ჯ-ის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი იყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება ნ. კ-იმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით რეფორმის ფარგლებში, დარეგისტრირებულია 1 მლნ. ჰექტარზე მეტი ფართობის მიწა, ხოლო რეგისტრაციების უმეტესი ნაწილი განხორციელებულია კომლის იმ წევრებზე, რომელთა შემადგენლობა დგინდება 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. ამდენად, საჯარო რეესტრისათვის არანაირი მნიშვნელობა არა გააჩნია იმ გარემოებას, თუ სინამდვილეში ვის ეკუთვნის საკუთრების უფლება მიწაზე. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით კომლის წევრის საკუთრების უფლება არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მაშინ, როდესაც ეს მიწის ნაკვეთი კომლის ამავე წევრის მართლზომიერ მფლობელობაშია (სარგებლობაშია). მოცემულ შემთხვევაში, ფ. ჯ-ი არასდროს ყოფილა სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელი.
კასატორის მითითებით, განსახილველ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალებში არ იძებნება სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის არც დათვალიერების ოქმი და არც მომიჯნავე მეზობლების თანხმობა, რომლითაც დადასტურდებოდა ფ. ჯ-ის მიერ ამ მიწის ნაკვეთის ფლობის საკითხი. ამასთანავე, ზემოხსენებული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომლის კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით განიმარტა, რომ (ინსტრუქციის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი), საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. კასატორის მითითებით, ფ. ჯ-ი გათხოვდა 2000 წელს და მიუხედავად იმისა, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 25.11.2021წ. №39/118614 საარქივო ცნობაში აღნიშნული მითითებული არ არის, ფაქტობრივი გარემოება არ იცვლება. 2020 წლის შემდეგ მას არ მიუღია არანაირი მონაწილეობა ე. კ-ის ოჯახის სამეურნეო ცხოვრებაში. ზემოხსენებული ფაქტის დადასტურება აგრეთვე შეუძლია სოფელ ...ს მთელ მოსახლეობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. კ-ის არ ჰქონდა ინფორმაცია საჯარო რეესტრში ფ. ჯ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიმდინარეობის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მის წარმომადგენელს მიმართული ჰქონდა საჯარო რეესტრისათვის განცხადებით. ამდენად, ნ. კ-ის წაერთვა კანონით გარანტირებული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება. იგი იყო დაინტერესებული პირი, რომლის კანონიერი ინტერესიც შეიზღუდა საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილებით. კასატორს სრულად აქვს მიღებული პაპის - ე. კ-ის მემკვიდრეობა, რომელიც იყო ერთპიროვნული მესაკუთრე არამარტო ამ მამაპაპისეული, ძირძველი მიწის, არამედ მთელი ქონების, რაც აღნიშნულია საარქივო ცნობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ კასპის ადგილობრივ არქივში დაცული, ...ს სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1986-1996 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ე. გ.-ს ძე კ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ე. გ.-ს ძე კ-ი - მარტოხელა (ასეა დოკუმენტში); 2. გ. გი.-ს ძე გ-ი - ნათესავი (ამოეწერა ქ. თბილისში წასვლასთან დაკავშირებით 1987); 3. ც. გ.-ს ასული ჯ-ი - მეუღლე, 4. ფ. ვ.-ს ასული ჯ-ი - დამოკიდებულება ოჯახის უფროსი ან მითითებული არ არის, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 81 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.
...ს სოფლის გამგეობის 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილები არიან ე. გ.-ს ძე კ-ი და ც. გ.-ს ასული ჯ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ე. გ.-ს ძე კ-ი - ოჯახის უფროსი (გარდაიცვალა); 2. ც. გ.-ს ასული ჯ-ი - ცოლი (გარდაიცვალა); 3. ფ. ვ.-ს ასული ჯ-ი - ქალიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 2000 წლის ჩანაწერით 65 კვ.მ საცხოვრებელი სახლი; 1996-1999 წლებში საცხოვრებელი სახლი და 1995-2000 წლებში მიწის ფართობი მითითებული არ არის.
სოფელ ...ს 1992 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების განაწილების სიით – ე. გ.-ს ძე კ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართობი ზონარგაყრილი წიგნით (0,15; ფაქტობრივად ფლობს 0,45; ნორმის ზევით დაკავებული 0,30; ეძლევა: ახლად გაცემული ფართობი 0,30, სულ (ჩანაწერები ასეა დოკუმენტში). 1995 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების აზომვის წიგნით ე. გ.-ს ძე კ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება - 29,20 კვ.მ. მიწის ფართობი (დოკუმენტი არის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე). 1996 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების აზომვის წიგნით ე. გ.-ს ძე კ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება (0,13 (ჩანაწერი ასეა დოკუმენტში) მიწის ფართობი (დოკუმენტი არის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე). 1998 წლით დათარიღებული პრივატიზებული მიწის ნაკვეთების აზომვის წიგნით ე. გ.-ს ძე კ-ის (გვარი ჩასწორებულია) პირად საკუთრებაში ერიცხება 0,18 3ა მიწის ფართობი. იმავე წიგნის ჩანაწერით ე. გ.-ს ძე კ-ის (ეწერა მ. ჯ-ი და გადახაზულია) პირად საკუთრებაში ერიცხება 0,15 ჰა მიწის ფართობი (დოკუმენტი არის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე). სოფელ ...ს 1998 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში, 1998 წლის 20 ოქტომბრის №185 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით - ე. გ.-ს ძე კ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება სულ 0,75 ჰა მიწის ფართობი. სოფელ ...ს მოსახლეობის 1999 წლით დათარიღებულ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებში, 1999 წლის 10 დეკემბრის სარეგისტრაციო მოწმობებით ე. გ.-ს ძე კ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება 2276,02 კვ.მ და 1499,96 კვ.მ მიწის ფართობები.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ე. კ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ც. მ-ითან 1953 წლის 6 ნოემბრიდან, რომელიც გარდაიცვალა 1987 წლის 6 ნოემბერს. ე. კ-ი გარდაიცვალა 2000 წლის 15 იანვარს, რომლის სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა - ზ. კ-იმა, რომელიც გარდაიცვალა 2016 წლის 4 მარტს. ამ უკანასკნელის სამკვიდრო კი მიიღო შვილმა - ნ. კ-იმა.
დადგენილადაა ცნობილი, რომ ე. კ-ის სახელზე 1999 წლის 10 დეკემბრის სისტემური რეგისტრაციისა (ს/კ ...) და კასპის არქივის 2021 წლის 25 ნოემბრის №39/118614 საარქივო ცნობით დადასტურებული საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, 2021 წლის 1 დეკემბერს №... საკადასტრო კოდით ფ. ჯ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 470 მ2 მიწის ნაკვეთი.
2021 წლის 06 დეკემბერს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს წარედგინა ნ. კ-ის №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1437 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები და სამკვიდრო მოწმობა N211434707. ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ. კ-ი არის მამის - ზ. კ-ის კანონისმიერი მემკვიდრე, რომელიც თავის მხრივ, არის ე. კ-ის მემკვიდრე (შვილი). იმ მოტივით, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ უძრავ ქონებზე დადგენილ იქნა ზედდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან (მესაკუთრე - ფ. ჯ-ი), მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს მოსთხოვა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი ინფორმაცია, შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სადავო გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1470 მ2 მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ფ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება წარმოადგენს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამრიგად, მარეგისტრირებელ ორგანო მართალია, არ ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობას, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ფ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო კასპის არქივის 2021 წლის 25 ნოემბრის №39/118614 საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით, დგინდებოდა, რომ ე. კ-ის კომლის ერთადერთ ცოცხალ წევრს წარმოადგენდა სწორედ ფ. ჯ-ი.
პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანების მე-40 მუხლის პირველი და მე-3 ქვეპუნქტების თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა; უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო საკუთრების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ ბოლო მონაცემებით ე. კ-ის კომლის შემადგენლობაში ც. გ.-ს ასული ჯ-ისა (გარდაცვლილია) და ფ. ვ.-ს ასული ჯ-ის გარდა სხვა პირი არ ირიცხებოდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის რეფორმის პერიოდში მიწის ნაკვეთები, მათ შორის საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს, ანუ კომლის შემადგენლობაში რიცხულ ყველა წევრს, ანუ ოჯახებს და არა ინდივიდუალურ პირებს - ოჯახის უფროსებს (სუსგ №ბს-803(კ-23), 25.01.2024წ). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად: „არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). ამავე ნორმატიული ბაზიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება, ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას“ (სუსგ №ას-402-2021, 04.11.2021წ; №ას-464-2022, 06.10.2022წ; №ას-516-2021, 30.11.2021წ.).
საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ როგორც კომლთან, მის წევრებთან და ქონებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სადაც ძირითად საკვლევ საგანს წარმოადგენს თუ რა ქონება ჰქონდა კომლს, ასევე ვინ და რა პერიოდში წარმოადგენდა მის წევრს) კომლის ქონებაზე მასში შემავალი პირების თანასაკუთრების უფლების გავრცელების შესაძლებლობას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უკავშირებს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მათ ერთ ოჯახად/ერთ კომლად აღრიცხვის ფაქტს (სუსგ №ბს-1034(კ-21) 23.04.2024 წ.). ამ განმარტებას ადასტურებს ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე (1997 წლის 25 ნოემბერი) მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. ასეთივე ჩანაწერი იყო მითითებული 1971 წლის 01 ნოემბრიდან ამოქმედებულ მიწის კოდექსში, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ 2021 წლის 25 ნოემბერს გაცემული N39118614 საარქივო ცნობით, ფ. ჯ-ის დაბადების თარიღად მითითებულია ... წლის ..., ც. ჯ-ის კომლში ჩაწერის თარიღად (იხ. „სოფლის საბჭოს ტერიტორიაზე ახლად ჩამოსულ პირთა აღნიშნა“ გრაფა) მითითებულია 1987 წლის 22 მაისი, ხოლო ფ. ჯ-ის მონაცემებში მითითებულია მეორე კლასელი“. აღნიშნული უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე. კ-ის კომლში ც. ჯ-ის და ფ. ჯ-ის ჩაწერა განხორციელდა 1992 წლამდე, ამდენად დასტურდება, რომ ფ. ჯ-ის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი იყო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის განცხადებით, საკომლო ჩანაწერის კანონიერების თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, კერძოდ, ნ. კ-ის სარჩელით ითხოვს ფ. ჯ-ის ე. კ-ის კომლიდან ამორიცხვას. პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, იმ პირობებში, თუ დადგინდება საკომლო ჩანაწერების უკანონობა, იარსებებს სადავო რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება;
3. ხ. ხ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 14.08.2023წ. №1 საგადასახადო დავალებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა