№ბს-264(კ-24) 13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ლ...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივლისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და №... საგადასახადო მოთხოვნა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივლისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; გ) ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26458 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „ლ...-ის“ 2020 წლის 6 აგვისტოს საჩივარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ლ...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივლისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და №... საგადასახადო მოთხოვნა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივლისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26458 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „ლ...-ის“ 2020 წლის 6 აგვისტოს საჩივარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 27 მარტს №... (11111, 27.03.2017) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით სს „ლ...-ის“ მიერ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სხვადასხვა დასახელების საქონელი შენახულ იქნა კუთვნილ საბაჟო საწყობში (...). დასაწყობებული საქონლის ნაწილი მოსარჩელის მიერ 2017-2020 წლებში ეტაპობრივად, 10 საბაჟო დეკლარაციით, მოქცეულ იქნა სხვადასხვა საბაჟო პროცედურაში.
სს „ლ...-ის“ 2020 წლის 16 ივნისის №104196/21-10-21 განცხადებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციის მე-8 პოზიციით განსაზღვრული საქონლის (...) რაოდენობა ნაცვლად 200 ერთეულისა (როგორც მითითებული იყო №... (1111, 27.03.2017) დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში), უნდა ყოფილიყო 190 ერთეული. ამასთან, სს „ლ...-მა“ წარადგინა შეცვლილი შესყიდვის დოკუმენტი შემცირებული რაოდენობით და მოითხოვა საბაჟო დეკლარაციის კორექტირება. გაფორმების ეკონომიკური ზონა „...ს“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა სს „ლ...-ის“ საბაჟო საწყობში არსებული ნაშთის დათვალიერება, რომლის შედეგადაც საქონლის ნაშთი აღმოჩნდა ... 10-ცალიანი 9 შეფუთვა (სულ 90 ერთეული), ხოლო 100 ერთეული ... 2019 წლის 7 მარტს გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში №... (11111; 07.03.2019) საბაჟო დეკლარაციით. შესაბამისად, დანაკლისმა შეადგინა 10 ერთეული .... აღნიშნული დანაკლისი საბაჟო ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა განკარგულ/დაკარგულ/განადგურებულ საქონლად.
საბაჟო საწყობს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და გაფორმების ეკონომიკური ზონა „...ს“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა ჯარიმა 148,47 ლარის ოდენობით. ამასთან, სს „ლ...-ის“ მიმართ გამოცემულ იქნა №... საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც საბაჟო საწყობს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ – 148,47 ლარი) და საურავი 0,15 ლარის ოდენობით.
სს „ლ...-მა“, როგორც საბაჟო საწყობმა, ვერ გამორიცხა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ პუნქტით დადგენილი სანებართვო პირობა. გამომდინარე აქედან, გაფორმების ეკონომიკური ზონა „...ს“ უფლებამოსილი პირის მიერ სს „ლ...-ის“ მიმართ შედგენილ იქნა №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. სს „ლ...-ს“ ასევე დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26458 ბრძანებით, მოსარჩელეს გაუუქმდა 2020 წლის 17 ივლისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26458 ბრძანებით სს „ლ...-ის“ 2020 წლის 6 აგვისტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საბაჟო საწყობმა გაასაჩივრა სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო 2020 წლის 17 ივლისის №..., №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №... (...) საგადასახადო მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სსიპ შემოსავლების სამსახურმა, საჩივრის განხილვის ეტაპზე, გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიცია და გაათავისუფლა გადასახადის გადამხდელი 2020 წლის 17 ივლისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საგადასახადო ორგანოს პოზიცია არ შეცვლილა.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება იწვევს დაჯარიმებას. ამდენად, აღნიშნული მუხლის დეფინიციაში არ არის შემოტანილი ბრალეულობის ცნება (ვისი ბრალეული ქმედების შედეგად მოხდა საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება). სააპელაციო სასამართლოს მტკიცების ტვირთი სრულად გადატანილია საგადასახადო ორგანოზე, თუმცა სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის სამართლებრივი ბერკეტი, რაც საგადასახადო ორგანოს გააჩნია დანაკლისის წარმოშობის დასადგენად.
მოცემულ შემთხვევაში სწორედ საბაჟო საწყობს უნდა წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია თუ მტკიცებულება, რომელიც დაარწმუნებდა ადმინისტრაციულ ორგანოს/სასამართლოს, რომ იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად, შემუშავებული ჰქონდა საკონტროლო სისტემა, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა საწყობში განთავსებული საქონლის უკანონოდ განკარგვას, დაკარგვასა და დაზიანებას. ამრიგად მტკიცების ტვირთი იმისა, რომ საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი საკუთარ უფლებამოსილებას ნამდვილად ახორციელებდა, სწორედ მას აწევს. ამ ვითარებაში შეუძლებელია სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ სს „ლ...“ ახორციელებდა საბაჟო საწყობში საკონტროლო პროცედურებს. საბაჟო ნებართვის მფლობელის მხრიდან ვერ დასტურდებოდა, რომ მან მიიღო შესაბამისი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა საწყობში განთავსებული საქონლის სათანადოდ აღრიცხვასა და დაცვას. ამრიგად, საწყობის საქმიანობის მფლობელი ვალდებული იყო შეემუშავებინა სათანადო საკონტროლო სისტემა, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა საწყობში საქონლის სათანადოდ აღრიცხვა, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა წარმოშობილი დანაკლისის არსებობას. საბაჟო საწყობმა მიიღო და ჩაიბარა საქონელი. ამდენად, სწორედ მას უნდა ეკონტროლებინა რა რაოდენობის საქონლის დასაწყობება ხდებოდა მის კუთვნილ ტერიტორიაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2017 წლის 27 მარტის №... (11111, 27.03.2017წ.) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით სს „ლ...-ის“ მიერ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სხვადასხვა დასახელების საქონელი შენახულ იქნა კუთვნილ საბაჟო საწყობში (...). ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციის მე-8 პოზიციით განსაზღვრული საქონლის (...) რაოდენობაში მითითებულ იქნა 200 ერთეული (ს.ფ 28-31); ბ) სს „ლ...-მა“ 2020 წლის 16 ივნისს №104196/21-10-21 განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, სადაც აღნიშნა, რომ სს „ლ...“ არის ფრანგული კომპანია „S...”-ის კონტაქტორი კომპანია, რის გამოც ამ კომპანიისგან (... 27/03/2017) საბაჟო საწყობში მიიღო გამოგზავნილი ღვინის წარმოებისათვის საჭირო სხვადასხვა დასახელების საქონელი. ინვოისში ... მატერიალური კოდით მითითებულია 200 ერთეული, ხოლო რეალურად 190 ერთეული ჩამოვიდა, დასაწყობების დროს მოხდა ტექნიკური შეცდომა და ინვოისში მითითებული ერთეული 200 ცალი ჩაიწერა. ... 27/03/2017 საწყობის დეკლარაციიდან გაკეთებულია ერთი იმპორტი .../... 07/03/2019 100 ერთეულზე. მორიგი საიმპორტო დოკუმენტაციის მომზადებისას აღმოჩენილ იქნა ტექნიკური შეცდომა, რაც წერილობით ეცნობა საქონლის მფლობელს. კომპანია „S...”-იმ 2020 წლის 11 ივნისის წერილით დაადასტურა თავისი შეცდომა და გამოაგზავნა ჩასწორებული ინვოისი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა ჩაესწორებინა ... 27/03/2017 დეკლარაციის ... სასაქონლო კოდის პარამეტრები მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე (ს.ფ 133); გ) საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 8 მარტით დათარიღებულ ინვოისში, საქონლის ნომერი ..., საქონლის დასახელება ... რაოდენობაში მითითებულია 200 ერთეული, ხოლო წონის გრაფაში 200 კგ. 2020 წლის 11 ივნისის წერილის თანახმად, ექსპორტიორმა კომპანიამ დაადასტურა, რომ სს „ლ...-ისთვის“ მიწოდებული ... #-ის რაოდენობა იყო 190 ერთეული 200 ერთეული ნაცვლად, რომლის მიხედვით გაიცა ჩასწორებული ახალი ინვოისი მითითებული მონაცემებით. საქმეში წარმოდგენილ კომპანიის მიერ გაცემულ ახალ ინვოისში საქონლის ნომერი ..., საქონლის დასახელება ... რაოდენობაში მითითებულია 190 ერთეული, ხოლო წონის გრაფაში 200 კგ. (ს.ფ 146-147, 151-153); დ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 ივლისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, სს „ლ...-ს“ დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საწყობის საბაჟო დეკლარაციაში ... 2017 წლის 27 მარტს მოქცეული საბაჟო ზედამხდველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვის (საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება) გამო. საფუძველს წარმოადგენს 2020 წლის 16 ივნისის №104196/21-10-21 განცხადება (ს.ფ 16); ე) 2020 წლის 17 ივლისის №... სამართალდარღვევის ოქმის თანახმად სს ,,ლ...-ს’’ დაეკისრა ჯარიმა საბაჟო დეკლარაციაში ... მოქცეული საბაჟო ზედამხდველობის ქვეშ მყოფ საქონელზე საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისათვის, რამაც გამოიწვია საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მოსარჩელეს დაეკისრა 148,47 ლარი და წარედგინა 2020 წლის 17 ივლისის №... საგადასახადო მოთხოვნა 148.62 ლარზე. 2020 წლის 17 ივლისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სს „ლ...-ს“ დაეკისრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ,,საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ და „რ“ პუნქტებით დადგენილი პირობის დარღვევისათვის - სს „ლ...-მა“ ვერ გამორიცხა საბაჟო დეკლარაციაში ... მოქცეული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება (ს.ფ 17, 21-22, 18-20); ვ) სს „ლ...-მა“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივლისის №..., №..., №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და №... (...) საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 7 სექტემბრის №26458 ბრძანების თანახმად, სს „ლ...-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა 2020 წლის 17 ივლისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გადასახდელის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 40-42, 70-75); ზ) საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების აქტის თანახმად, სს „ლ...“-ის საწყობში დათვალიერდა ... 27/03.2017 დეკლარაციით დარჩენილი ნაშთი და აღმოჩნდა 9 პაკეტი 10-ცალიანი, სულ 90 ცალი ბრუტო წონით 70 კგ (პალეტის გარეშე) ..., რაც დადასტურებულია სს „ლ...-ის“ წარმომადგენლის თ. კ-ისა და გეზი თბილისის მთავარი მებაჟე ოფიცრის ნ. ნ-ეის მიერ (ს.ფ 165).
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული ნორმის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა (საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა) და მართლსაწინააღმდეგო შედეგის (საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება) არსებობა. სწორედ ამიტომ, გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტებში მითითებულ ოდენობასა და ფაქტობრივად არსებული საქონლის ოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას, არამედ არის შემოსავლების სამსახურის მიერ შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი. კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს დანაკლისი გამოწვეული იყო თუ არა შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებით ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევით, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემდგომ, - გამოიწვია თუ არა მან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. ამდენად, სს „ლ...-ის“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტისა და მისთვის გადასახადის დარიცხვის მართლზომიერად მიჩნევის დასადასტურებლად, აუცილებელია როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგენა.
ზემოაღნიშნული კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით, (1) საბაჟო საწყობის საქმიანობისას თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; (2) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებულ „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციაზე“ (დანართი №9), რომლის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია: ა) ბუნებრივი ცვეთით; ბ) შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით; გ) საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, სასაქონლო სახის/მდგომარეობის გაუმჯობესების, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებულ „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლის მე-8 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას; ამავე მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ტვირთის გამომგზავნის მიერ ინვოისში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მასში დაფიქსირებულია 200 ერთეული ნაცვლად 190 ერთეულისა. საბაჟო საწყობის დეკლარაციაში კი ტვირთი ასახულია არა რაოდენობით, არამედ წონით-ნეტო 200 კგ. უზუსტობის აღმოჩენისთანავე, მოსარჩელემ მიმართა გამომგზავნს. ამ უკანასკნელმა გადაამოწმა ინფორმაცია და დაადასტურა უზუსტობა იმის შესახებ, რომ რეალურად გამოგზავნილი საქონლის რაოდენობა იყო 190 ერთეული. თავის მხრივ, მოსარჩელემ მიმართა საბაჟო ორგანოს და მოითხოვა დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელება.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, (1) დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო; (2) რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ცვლილების შეტანა არ შეიძლება: ა) თუ საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა ამ დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) თუ საბაჟო ორგანომ დაადგინა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა; გ) შესაბამისი საქონლის გაშვების შემდეგ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაძლია მასზე არსებული მტკიცების ტვირთი. საგადასახადო ორგანოს არ დაუდგენია ადგილი ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას - უშუალოდ მოსარჩელის მიერ საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. ასევე, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტი, რაც გამორიცხავდა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დამატებით ყურადღების გამახვილებას იმ ფაქტზე, რომ საწყობის მიერ საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მესაკუთრისთვის არის ზიანის მომტანი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ტვირთის მესაკუთრეების მხრიდან რაიმე პრეტენზიის წარდგენა საბაჟო საწყობის მიმართ, მათ მიერ სადავოდ არ არის გამხდარი საქონლის დაკარგვა, საქონლის არაუფლებამოსილი ორგანოსათვის გაცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე