№ბს-836(კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. მ-ა; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ 16.2) - რ. ბ-ი, მ. პ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 28 სექტემბერს ა. მ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნათა არაერთხელ დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე რ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 ივლისის №152 საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე 2009 წლის 24 სექტემბერს გაცემული №2936 საკუთრების უფლების მოწმობის, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარე 117 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე ა. მ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა (ვირტუალური უარის) და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 09 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარე 117 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე ა. მ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება რ. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ვირტუალური უარი), ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარე 117 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობებზე ა. მ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 სექტემბრის №152 საოქმო გადაწყვეტილება რ. ბ-ის საკუთრებაში 467 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარების ნაწილში და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 16 ივლისს რ. ბ-იმა №07/50129-7 განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება ქ. თბილისში, ...ის ქ. №.... 467 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის 14 იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 ივლისის №152 საოქმო გადაწყვეტილებით განხილულ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია- სასყიდლიანი და აღიარებულ იქნა რ. ბ-ის საკუთრების უფლება.
2020 წლის 14 აგვისტოს, ა. მ-ამ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ბ. ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ არსებულ 117 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია, თუმცა სააგენტოს 2020 წლის 20 აგვისტოს №... და 01 სექტემბრის №... გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და №... (მესაკუთრეები: ი. შ-ა და სახელმწიფო) და №... (მესაკუთრე: რ. ბ-ი) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ზედდება, შესაბამისად, დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნისთვის, დაინტერესებულ პირს ეთხოვა ზედდების ნაწილში კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის მიზნით, 2020 წლის 25 დეკემბერს 11:00 საათზე დანიშნა №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერება.
სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადგილზე დათვალიერებისა და აღნიშნულის შედეგად მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის მიხედვით დგინდებოდა, რომ ა. მ-ას მიერ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი მოქცეული იყო მყარ სასაზღვრო მიჯნაში და მისი ფაქტობრივი ფართობი შეადგენდა 122.9 კვ.მ-ს, ამავდროულად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მესაკუთრე: რ. ბ-ი) რეგისტრირებული საზღვარი სცილდებოდა უძრავი ნივთის რეალურ მდებარეობასა და მყარ მიჯნას და იჭრებოდა №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის კონტურში, ამასთან, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საზღვარში მდებარე შენობა-ნაგებობის ნაწილი მოქცეული იყო საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრების შიგნით. ამასთან, ა. მ-ას მიერ წინამდებარე საქმეზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და რ. ბ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ (საკადასტრო კოდი: №...) უძრავ ნივთებს შორის არსებული სადავო ტერიტორიით სარგებლობა (მფლობელობა) შესაძლებელი იყო მხოლოდ ა. მ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ეზოში შემავალი ჭიშკრის გავლით, ვინაიდან მიწის ნაკვეთების გამყოფ ღობეს სამეზობლო მიჯნაზე გასასვლელი კარი არ ჰქონდა. ადგილზე დათვალიერებისას საჩივრის ავტორის წარმომადგენლისა და ადგილზე გამოცხადებული რ. ბ-ის შვილის, გ. ბ-ის ახსნა-განმარტებებით ვერ დადგინდა ის გარემოება, რომ სადავო ტერიტორიით სარგებლობდა ან სარგებლობს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ერთმანეთისგან ჰყოფდა მყარი მიჯნა-ღობე, რომელიც, თავად რ. ბ-ის შვილის განმარტებით, აშენებული იყო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებამდე. ამდენად, კოლეგიამ დაადგინა, რომ რეგისტრირებული და ფაქტობრივი მდგომარეობა ურთიერთშეუსაბამო იყო.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და განსაკუთრებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილზე დათვალიერების შედეგებზე დაყრდნობით, კოლეგიამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2009 წლის 24 ივლისის №152 საოქმო გადაწყვეტილების მიღების მომენტში საქმის გარემოებები სათანადოდ და სრულყოფილად არ გამოუკვლევია. ამდენად, არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ზემოხსენებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 09 ოქტომბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მესამე პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის დროს ძალაში იყო აღიარების კომისიის 2009 წლის 24 ივლისის N152 საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული 2009 წლის 24 სექტემბრის №2936 საკუთრების უფლების მოწმობა, სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სახეზე არ იყო რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. პ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 სექტემბრის №152 საოქმო გადაწყვეტილება მიღებული იყო გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად. რ. ბ-იმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რომლის შეფასების საფუძველზე, კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა გასაჩივრებული აქტების მიმართ მესამე პირის - რ. ბ-ის კანონიერი ნდობის საკითხი.
კასატორის მითითებით, არ არსებობდა დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტის წინაპირობები და გაურკვეველია, დამატებითი რა გარემოებები უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ვირტუალური უარი ა. მ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის საკითხს, კასატორი მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენს კერძო საკუთრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო, თავდაპირველად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება გასაჩივრებულია მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს შედავება არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ა. მ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ აქტისა (ვირტუალური უარი) და რ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში 2009 წლის 24 სექტემბრის №152 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1).
მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2009 წლის 16 ივლისს რ. ბ-იმა №07/50129-7 განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. თბილისში, ...ის ქ. №...- ში მდებარე 467 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. კომისიის 2009 წლის 24 ივლისის №152 სადავო გადაწყვეტილებით რ. ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უფლება დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
2020 წლის 14 აგვისტოს ა. მ-ამ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ბ. ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ არსებულ 117 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 აგვისტოს №... და 01 სექტემბრის №... გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და №... (მესაკუთრეები: ი. შ-ა და სახელმწიფო) და №... (მესაკუთრე: რ. ბ-ი) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ზედდება, შესაბამისად, დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნისთვის, დაინტერესებულ პირს ეთხოვა ზედდების ნაწილში კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა. სააგენტოს 2020 წლის 23 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს კიდევ ერთხელ განემარტა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან ზედდების თაობაზე და ეთხოვა დოკუმენტაციის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნისთვის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (ზედდების ნაწილში) ან №... და №... კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის (№... განცხადებაზე წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში) წარდგენა. ხსენებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის მიზნით, 2020 წლის 25 დეკემბერს 11:00 საათზე დანიშნა №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების საფუძველზე შედგენილი სიტუაციის ამსახველი ნახაზის მიხედვით, ა. მ-ას მიერ №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი მოქცეულია მყარ სასაზღვრო მიჯნაში და მისი ფაქტობრივი ფართობი შეადგენს 122.9 კვ.მ-ს, ამავდროულად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მესაკუთრე: რ. ბ-ი) რეგისტრირებული საზღვარი სცილდება მყარ მიჯნას და იჭრება №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საზღვარში, ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საზღვარში მდებარე შენობა-ნაგებობის ნაწილი მოქცეულია საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრის შიგნით და მიწის ნაკვეთების გამყოფ ღობეს სამეზობლო მიჯნაზე გასასვლელი კარი არ გააჩნია. ხოლო №... (მესაკუთრეები: ი. შ-ა და სახელმწიფო) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვარი მცირედით სცილდება ფიქსირებულ საზღვარს და იჭრება №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საზღვარში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 მარტის №127698 წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ა. მ-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარე 117 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე ა. მ-ას საკუთრების უფლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, არ გამოუცია.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის მიერ ჩატარებული ადგილზე დათვალიერების შედეგებით დასტურდება, რომ №... (მესაკუთრეები: ი. შ-ა და სახელმწიფო) და №... (მესაკუთრე: რ. ბ-ი) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების (რომელთანაც დაფიქსირდა ზედდება) რეგისტრირებული და ფაქტობრივი მდგომარეობა ურთიერთშეუსაბამოა. უძრავი ქონების რ. ბ-ის სახელზე რეგისტრაციას კი საფუძვლად სწორედ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 ივლისის №152 სადავო გადაწყვეტილება დაედო. ამდენად, დგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას კომისიას არ შეუსწავლია უძრავი ქონების რეალური მდებარეობა და კონფიგურაცია. არ დასტურდება რ. ბ-ის განცხადების განხილვის ფარგლებში კომისიის მიერ ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგენილია, რომ ა. მ-ას მიერ მოთხოვნილ და რ. ბ-ი საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს ჰყოფს მყარი სასაზღვრო მიჯნა - ღობე, ხოლო რ. ბ-ის რეგისტრირებული მონაცემები იჭრება ა. მ-ას სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთის საზღვრებში. თავად რ. ბ-ის შვილის განმარტებით, ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი მიჯნა აშენებული იყო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებამდე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
ამდენად, საკითხის ხელახალი განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს რ. ბ-ისა და ა. მ-ას მიერ აღიარებამოთხოვნილი ნაკვეთების ზუსტი მდებარეობა, მათი საზღვრები, ნაგებობების განლაგება, მათი აშენების პერიოდი და სწორედ აღნიშნულის შედეგად მიიღოს საკითხზე დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია