საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-806(კ-24) 20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. მ-იმა 2022 წლის 20 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 6 ივნისის N04-00/14079 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 ივლისის SSA 6 22 00116182 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელისათვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი - 1200 ლარის 75%) განცხადების წარდგენის მომდენო თვის პირველი რიცხვიდან (2022 წლის 01 ივნისიდან) დანიშვნის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის სახელმწიფო კომპენსაციის თანხის - მიუღებელი სხვაობის სახით (900-560 ლარი) მოსარჩელისთვის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 6 ივნისის N04-00/14079 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 ივლისის SSA 6 22 00116182 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. მ-ისათვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (1200 ლარის 75% - 900 ლარის) 2022 წლის 1 ივნისიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველ რიცხვიდან) დანიშვნის შესახებ; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის ამავე პერიოდიდან სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ანაზღაურება მიუღებელი სხვაობის სახით (900-560 ლარი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური 14 სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, ხოლო მე-20 მუხლი - სპეციალურ ნორმას, რომელიც უშუალოდ ეხება გარდაცვლილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის (ყოფილი მოსამართლის) შრომისუუნარო მეუღლეს და ადგენს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის წესს (კომპენსაცია ინიშნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით). შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სადავო საკითხი გადაეწყვიტა არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმის საფუძველზე, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს მსგავსი კატეგორიის პირთათვის კომპენსაციის თანხის ოდენობას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორად შეაფასა სამართლებრივი გარემოებები, რამდენადაც სპეციალურ ნორმასთან მიმართებით უპირატესობა მიანიჭა ზოგადი ხასიათის ნორმას, რომლითაც დადგენილია სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა და სპეციალური დათქმის/ნორმის გამოყენების გარეშე მიიღო სადავო გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 6 ივნისის N04-00/14079 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 ივლისის SSA 6 22 00116182 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას, ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ სახეზე იყო გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 6 ივნისის N04-00/14079 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები, შესაბამისად არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 ივლისის SSA 6 22 00116182 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორის მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში, კომპენსაცია ენიშნებათ მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად), მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა, ხოლო ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნულ ნორმაში საუბარი არ არის ამავე კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოს გარდაცვლილ მოსამართლეთა ოჯახის წევრები), შესაბამისად, სააგენტოს მიაჩნია, რომ მათზე უნდა გავრცელდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი პირობა.
ამასთან კასატორის მითითებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა. სააგენტოს მიაჩნია, რომ ზ. მ-ის ყოველთვიურად გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით (560 ლარი), შესაბამისად, არ არსებობს მისი ოდენობის გაზრდის სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. მ-იმა 2020 წლის 6 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მისი მეუღლის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გ. ლ-ის გარდაცვალების გამო, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 20 ნოემბრის N 1133-2-06600 გადაწყვეტილებით ზ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ზ. მ-ის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით.
ზ. მ-იმა 2022 წლის 27 მაისს N28988 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გ. ლ-ის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის 1200 ლარის 75%-ის - 900 ლარის ოდენობით დანიშვნა, ასევე სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ანაზღაურება მიუღებელი სხვაობის სახით, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დღიდან.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 6 ივნისის N04-00/14079 გადაწყვეტილებით ზ. მ-ის უარი ეთქვა კომპენსაციის ოდენობის გაზრდაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ზ. მ-იმა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 ივლისის SSA 6 2200116182 3 გადაწყვეტილებით ზ. მ-ის უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის (ყოფილი მოსამართლის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განსაზღვრულია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს უნდა დაენიშნოთ კომპენსაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის - 1200 ლარის 75%-ის - 900 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას სადავო საკითხის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-7 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტის თაობაზე, რადგან ხსენებული ნორმა წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტული, სადავო საკითხის მოწესრიგებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლის ზოგადი პრინციპის თანახმად, ერთსა და იმავე იერარქიულ საფეხურზე მდგომ სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის არსებობისას, გამოიყენება სპეციალური ნორმა, კონკრეტულ შემთხვევაში - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი (სუსგ 2021 წლის 4 მარტის საქმე №ბს-849(კ-20)). ამდენად, მოსარჩელისთვის ზემოაღნიშნული საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის 900 ლარის (1200 ლარის 75%) ოდენობით დანიშვნაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად დასტურდება, რომ სადავო აქტები გამოცემულია მოსამართლეთა და მათი ოჯახის წევრთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე