№ბს-725(კ-24) 27 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 4 ივლისს ნ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისის №IDP 8 23 00001234 ბრძანების ბათილად ცნობა და ნ. მ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისის №IDP 8 23 00001234 ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ. მ-ის ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ნ. მ-ის სახელზე გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A151317 მოწმობა. ნ. მ-ის ოჯახი შედგებოდა სამი წევრისგან, თავად ნ. მ-ი და შვილები: მ. ჯ-ე და გ. ჯ-ე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, ნ. მ-ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. სსგს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2020 წლის 10 სექტემბრის №67202000293 განქორწინების მოწმობით დასტურდებოდა, რომ ნ. მ-ი და გი. ჯ-ე იყვნენ განქორწინებულნი.
2021 წლის 9 აგვისტოს, ნ. მ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამასთან, შეავსო შესაბამისი კითხვარი.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2022 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 6.0 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი, 1,5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები, 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი, 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით, 2 ქულა). სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა ყოფილი მეუღლე და ორი შვილი, განაცხადს აკეთებდა ორ შვილთან ერთად.
გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ნ. მ-ის განაცხადიდან გამომდინარე, მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 18 აპრილს, მისამართზე: ქ. გორი, ...ს ქ. №5, ბინა №.... მონიტორინგის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ქირით 2019 წლიდან. მანამდე, 2008 წლიდან, ცხოვრობდა ქ. გორში, ...ს ქ. №9-ში ყოფილი მეუღლის მშობლების ბინაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისის №IDP 8 23 00001234 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ. მ-ის ოჯახს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს), მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ნ. მ-ის მიერ მეუღლესთან თანაცხოვრებასთან დაკავშირებით მიწოდებული იყო არსებითად მცდარი ინფორმაცია, რაც დასტურდებოდა იმით, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს, კერძოდ ნ. მ-ის ყოფილი მეუღლის მამის ს. ჯ-ეის საკუთრებაში განხორციელებული მონიტორინგისას, 2023 წლის 24 თებერვალს, ადგილზე დახვდათ განმცხადებლის უფროსი შვილი მ. ჯ-ე, რის გამოც მიჩნეულ იქნა, რომ ნ. მ-ის მიერ არსებითად მცდარი ინფორმაცია იქნა მიწოდებული სააგენტოსთვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. მ-ი და გი. ჯ-ე იყვნენ განქორწინებულნი. სასამართლომ ასევე, მიუთითა, რომ მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე: ქ. გორში, ...ს ქ. №9, ბინა №22-ში, განმცხადებლის ყოფილი მეუღლის გი. ჯ-ეის საცხოვრებელ ბინაში (რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გი. ჯ-ეის მამას ს. ჯ-ეს), სადაც დახვდათ განმცხადებლის ყოფილი დედამთილი ც. ე-ე და განმცხადებლის შვილი მ. ჯ-ე. აღნიშნული მონიტორინგის/გასაუბრების ოქმში მითითებული იყო, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ, ც. ე-ე, მეუღლე - ს. ჯ-ე, ასევე, შვილი - გი. ჯ-ე და შვილიშვილები: მ. ჯ-ე და გ. ჯ-ე. ც. ე-ეის განმარტებით მისი შვილი გი. ჯ-ე და ნ. მ-ის გაშორებულები იყვნენ უკვე 2 წელი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის უფროსი შვილი - მ. ჯ-ე მონიტორინგის დროს იმყოფებოდა მამის ოჯახში, არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებულ მცდარ ინფორმაციად. საქმეზე წარმოდგენილი იყო განქორწინების მოწმობა, ასევე წარმოდგენილი იყო 2021 წლის 29 იანვრის №... ნოტარიულად დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 2021 წლის პირველ იანვარს ქ. გორში, ...ს ქ. №..., ბინა №...-ი ს/კ ... უძრავი ქონება დამქირავებელს - ნ. მ-ის გადაეცა მესაკუთრე - მ. ხ-ისგან. ასევე, წარმოდგენილი იყო 2023 წლის 12 ივნისის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის №20-202316397 წერილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნ. მ-ი შვილებთან: მ. ჯ-ესთან და გ. ჯ-ესთან ერთად ნამდვილად ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. გორში, ...ს გამზირი №...-ში.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ნ. მ-ის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით 2021 წლის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 6,0 ქულით. საქმეზე წარმოდგენილი 2023 წლის 3 მაისის №30 კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულ იქნა არაერთი ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლი, ან ნაკლები იყო მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გაქარწყლებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლები
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, განქორწინების მოწმობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ ოჯახი ერთად არ ცხოვრობს. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობას, აღნიშნული არ წარმოადგენს სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებას ადმინისტრაციული ორგანოსთვის ოჯახის შემადგენლობის დასადგენად, რადგან აღნიშნული საკითხის შესწავლა და მოკვლევა სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს. მოსარჩელის განმარტებიდან ირკვეოდა, რომ 2019 წლიდან ცხოვრობს ქირით, თუმცა მხოლოდ 2021 წელს შედგენილი ქირავნობის ხელშეკრულება წარმოადგინა, ისიც სასამართლო პროცესზე და არა ადმინისტრაციულ ორგანოში. 2008 წლიდან ცხოვრობდა ქ. გორში, ...ს ქ. №...-ში ყოფილი მეუღლის მშობლების ბინაში. 2023 წლის 24 თებერვალს ქ, გორში ...ს ქ. №..., ბინა №22-ში განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის მეუღლის მამის საკუთრებაში. მისამართზე იმყოფებოდა ნ. მ-ის დედამთილი ც. ე-ე და განმცხადებლის შვილი მ. ჯ-ე.
საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი მთლიანად საჭიროებებზეა მორგებული და ყველა ფაქტობრივი გარემოების თუ წერილობითი მტკიცებულებების კვლევისა და შესწავლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო იკვლევს საჭიროებებს, საცხოვრებლის პირობებს, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნულის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის შედეგად დადგინდება ინფორმაციის მცდარობა, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს უფლება აღნიშნული ინფორმაციის მცდარობის გამო, დაინტერესებულ პირს უარი უთხრას მოცემულ ეტაპზე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის ოჯახის საკითხს სააგენტო არ განიხილავს არსებული სიტუაციის შეცვლის შემდეგ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, 1. ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. 2. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. 3. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე წესით აღიარებულია ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილების, ოჯახის მთლიანობის, ოჯახის ან მეურვის/მზრუნველის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნებისა და მათი განსაკუთრებული დაცვის, ასევე, სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის, დოკუმენტაციისა და საჯარო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.
მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
მოცემული მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №5) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ ამ დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ნ. მ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A151317 მოწმობა. ნ. მ-ის ოჯახი შედგება სამი წევრისგან, თავად ნ. მ-ი და შვილები: მ. ჯ-ე და გ. ჯ-ე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ნ. მ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. 2020 წლის 10 სექტემბრის, სსგს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის №67202000293 განქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ნ. მ-ი და გი. ჯ-ე არიან განქორწინებულნი.
2021 წლის 9 აგვისტოს, ნ. მ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამასთან, შეავსო შესაბამისი კითხვარი.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2022 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 6.0 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი, 1,5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები, 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი, 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით, 2 ქულა). სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ყოფილი მეუღლე და ორი შვილი, განაცხადს აკეთებს ორ შვილთან ერთად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. მ-ის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით 2021 წლის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 6,0 ქულით, რაც საკმაოდ მაღალ ქულას წარმოადგენს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნისთვის. საქმეზე წარმოდგენილი 2023 წლის 3 მაისის №30 კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულ იქნა არაერთი ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იყო მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულაზე (ტ.1 ს.ფ. 130-340).
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ნ. მ-ის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის თანახმად, ნ. მ-ის მიერ მეუღლესთან თანაცხოვრებასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ იქნა არსებითად მცდარი ინფორმაცია, რაც გამოიხატა იმაში, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს, ნ. მ-ის ყოფილი მეუღლის მამის ს. ჯ-ეის საკუთრებაში განხორციელებული მონიტორინგის დროს, 2023 წლის 24 თებერვალს, ადგილზე დახვდათ განმცხადებლის უფროსი შვილი მ. ჯ-ე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო არის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილის მიერ წარდგენილი განცხადების, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა სისწორის შემოწმებაზე კომპეტენტური ორგანო, თუმცა გარემოებების დადგენა უნდა მოხდეს სრულად და ყოველმხრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. ამასთან, დევნილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება გარანტირებულია როგორც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებით მტკიცდება.
საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ ნ. მ-ი განქორწინებულია მეუღლე - გი. ჯ-ესთან. საქმეზე წარმოდგენილია 2021 წლის 29 იანვარს ნოტარიულად დამოწმებული (რეგისტრაციის №...) ქირავნობის ხელშეკრულება რომლის თანახმად, 2021 წლის პირველ იანვარს ქ. გორი, ...ს ქ. №..., ბინა №... უძრავი ქონება დამქირავებელს - ნ. მ-ის გადაეცა მესაკუთრე - მ. ხ-ისგან.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 12 ივნისის №20-202316397 წერილით დასტურდება, რომ ნ. მ-ი შვილებთან: მ. ჯ-ესთან და გ. ჯ-ესთან ერთად ნამდვილად ფაქტობრივად ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის ქ. გორში, ...ს გამზირი №...-ში. ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მ. მ-ეის მიერ, ნ. მ-ის მეზობლების (ვ. ზ-ის, ი. ბ-ისა და მ. თ-ის) ხელმოწერილი აქტით დგინდება, რომ ნ. მ-ი შვილებთან მ. ჯ-ესთან და გ. ჯ-ესთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს გორში, ...ს გამზ. №...-ში. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ასევე წარმოდგენილია 2022-2023 წლებში ქ. გორში, ...ს ქ. N5, ბინა N...-ის ...ს აბონენტის ბარათი (ამონაწერი) და ასევე, მოსარჩელის მიერ აღნიშნული ამონაწერის შესაბამისად სს „თ...ს“ ინტერნეტ-ბანკინგით განხორციელებული გადახდების ქვითრები.
წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის დასკვნა, მოსარჩელის ოჯახის ქ. გორში, ...ს ქ, №..., ბინა №...-ში ცხოვრების ფაქტის შესახებ, რითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციულ ორგანოში, მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენას. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია