საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-545(კ-24) 19 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ნ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე. ნ-ამ 2023 წლის 13 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 1 23 00000184 ბრძანების ბათილად ცნობა, ე. ნ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და 2023 წლის 14 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ე. ნ-ას სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის დაკისრების დავალება.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 1 23 00000184 ბრძანება, რომლითაც ე. ნ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭებაზე იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, იგი არსებითად ზღუდავდა პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რა გარემოებების მისი ბათილად ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ე. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 1 23 00000184 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა ე. ნ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ე. ნ-ას სასარგებლოდ დევნილის მიუღებელი შემწეობის გადახდა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, 2023 წლის 14 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 29.11.2022წ №0001162 ცნობაზე, რომლის მიხედვით ე. ნ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან. ე. ნ-ას მამა - ზ. ნ-ა (პ/ნ - ...) ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში, ...ს ქუჩის №...-ში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მშობლისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენდა არა მხოლოდ შვილის არასრულწლოვანების განმავლობაში, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ მშობლებისთვის ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა, მათ შორის, როცა მშობელმა ვერ/არ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების დროს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6 მუხ.). პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მშობლები შეზღუდული არ იყვნენ რაიმე ვადით, რომლის განმავლობაშიც სავალდებულოდ უნდა მიეღოთ ამგვარი სტატუსი. პალატის მოსაზრებით, იძულებით გადაადგილებულ პირს ნებისმიერ დროს შეეძლო მოეთხოვა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ამგვარი წინაპირობების არსებობისას.
შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ე. ნ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტის გამოცემის დროს მისი ერთ-ერთი მშობელი - მამა დევნილის სტატუსის მფლობელი იყო, პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, ამავდროულად აღნიშნა, რომ ვინაიდან სახეზე იყო მოსარჩელისთვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მართებულად დაევალა ე. ნ-ას სასარგებლოდ 2023 წლის 14 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დევნილის მიუღებელი შემწეობის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაკმაყოფილდა სარჩელი.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დაიბადა 2004 წელს ქ. მოსკოვში. საშუალო სკოლა დაამთავრა ქ. მოსკოვში. ამჟამად არის სტუდენტი და სწავლობს ქ. თბილისში. აფხაზეთში არ უცხოვრია. მშობლები დაოჯახდნენ აფხაზეთის ომის შემდგომ ქ. მოსკოვში. მამას - ზ. ნ-ას 2023 წლამდე არ ჰქონდა დევნილის სტატუსი. დედას - ნ. ჭ-ას არ აქვს დევნილის სტატუს და არც არასდროს ჰქონია. მოსარჩელის განმარტებით, დაბადებიდან 2022 წლამდე ცხოვრობდა ქ. მოსკოვში, მამის ბინაში. ამჟამად ცხოვრობს ნათესავის საკუთრებაში ქ. თბილისში. მისი არასრულწლოვანების პერიოდში არც მის მშობლებს ჰქონიათ დევნილის სტატუსი. აქვს ორმაგი მოქალაქეობა (საქართველო-რუსეთი).
კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და აღნიშნავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა არსებობდეს ამ ნორმაში ნიშანდებით და ამომწურავად მითითებული სამი გარემოებიდან ერთ-ერთი. სხვა რაიმე საგამონაკლისო ნორმა, რომელიც ამ სამი გარემოების გარდა, კიდევ რაიმე გარემოების საფუძველზე დასაშვებად მიიჩნევდა პირისათვის სტატუსის მინიჭებას, არ არსებობს. რაც შეეხება მოსარჩელის კონკრეტულ მაგალითს, ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ე. ნ-ასთან მიმართებაში არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, რამდენადაც მოსარჩელე დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და არ უცხოვრია აფხაზეთში, იგი არის სრულწლოვანი, მის ერთ-ერთ მშობელს, ზ. ნ-ას დევნილის სტატუსი მიენიჭა 2023 წელს, ამ პერიოდში კი მოსარჩელე უკვე იყო სრულწლოვანი.
რაც შეეხება სასამართლოს დავალებას ე. ნ-ასთვის მიუღებელი დევნილის შემწეობის გადახდის დაკისრების შესახებ, კასატორის წარმომადგენელი არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც აქტი მოსარჩელის მიმართ კანონიერად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, არ იკვეთება ბრალეული ქმედება, წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედება და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 1 23 00000184 ბრძანება. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეულ ადგილს, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისის შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ მშობლისთვის ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა, მათ შორის, როცა მშობელმა ვერ/არ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების დროს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. ნ-ამ 2022 წლის 06 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. 2022 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ 2004 წელს დაიბადა ქ. მოსკოვში, სკოლა 2022 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვში, 2022 წლამდე ცხოვრობდა რუსეთში, დაბრუნდა საქართველოში საცხოვრებლად და სურს სტატუსის მინიჭება. არასრულწლოვანების დროს არც მის მშობლებს არ ჰქონდათ დევნილის სტატუსი. ამჟამად არის სტუდენტი და სწავლობს ქ. თბილისში. 2023 წლის 07 თებერვალს ზ. ნ-ას (პ/ნ ...) (მოსარჩელის მამა) სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმეზე დასტურდება მოსარჩელის მამისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, რაც ავტომატურად გულისხმობს შვილზეც იმავე სამართლებრივი სტატუსის გავრცელებას არასრულწლოვანების დროს, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. მართალია, მშობელს დევნილის სტატუსი აღუდგა შვილის სრულწლოვანების პერიოდში, თუმცა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესი არ გამორიცხავს სრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაშიც, თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა ვერ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში. ამრიგად, ვინაიდან დადასტურდა მოსარჩელის მშობლისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების კანონიერი საფუძვლის არსებობა, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის პირადი განცხადების საფუძველზე, დასახელებული ნორმების გავრცელებისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს ქმნიდა (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. სუსგ №ბს-883(კ-21), 17.12.21წ.).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამასთან, ხსენებული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - უკანონო ბრძანების გამოცემით, არსებობს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა