გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1295-1530-05 1 ივნისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი),
თ. თოდრია
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და შპს «შ-ნის» ფულად სახსრებზე დადებული ყადაღის მოხსნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ინდივიდუალური მეწარმე დ. წ-შვილმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს «შ-ნის» მიმართ და აღნიშნა, რომ 2004წ. 15 ივნისს მას და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. ფოთში, ... მდებარე მაღაზიის დაცვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს «შ-ნს» უნდა დაეცვა მოსარჩელის ობიექტი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების გამო, ზარალის ანაზღაურება მთლიანად მას დაეკისრებოდა. მოსარჩელის ობიექტი ხელშეკრულების დადების შემდეგ ორჯერ გაიქურდა, პირველად 2004წ. 15 ნოემბერს და მეორედ 2004წ. 16 დეკემბერს. მოპასუხემ გამოიჩინა უმოქმედობა და არ მიიღო მონაწილეობა ზარალის განმსაზღვრელი აქტის შედგენაში. ორივე შემთხვევაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისგან მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება 5010 ლარის ოდენობით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
შპს «შ-ნმა» სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს «შ-ნის» სააპელაციო საჩივარი და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2004წ. 15 ივნისს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. ფოთში, ... მდებარე მაღაზიის დაცვის თაობაზე. აღნიშნული მაღაზია გაიქურდა ორჯერ, 2004წ. 15 ნოემბერს და იმავეწ. 16 დეკემბერს, საიდანაც წაიღეს სხვადასხვა დასახელების საქონელი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, იგი მოვალე იყო, რომ აენაზღაურებინა მისი უმოქმედობით გამოწვეული ზიანი.
დ. წ-შვილმა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, განცხადებით მოითხოვა «გაერთიანებული ქართული ბანკის» ფოთის ფილიალში «შ-ნის» ანგარიშის დაყადაღება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო შპს «შ-ნის» ფულად სახსრებს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის _ 5260 ლარის ფარგლებში.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «შ-ნმა» და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 ოქტომბრის განჩინებით შპს «შ-ნის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
შპს «შ-ნმა» ასევე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 სექტემბრის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ იმსჯელა იმის შესახებ, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. აღნიშნულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 415-ე მუხლი _ დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, თუ რეალურად რა რაოდენობის საქონელი ჰქონდა დ. წ-შვილს მაღაზიაში. გარდა ამისა, მეორე გაქურდვის დროს, შპს «შ-ნს» შეწყვეტილი ჰქონდა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, რადგან ობიექტი ვერ აკმაყოფილებდა შპს «შ-ნის» რეკომენდაციებს ტექნიკურ გამაგრებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო და კერძო საჩივრები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი. სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სადავო არ არის, რომ 2004წ. 15 ნოემბერს შპს «შ-ნის» თანამშრომლებმა განგაშის მიღებისთანავე სათანადო რეაგირება მოახდინეს და ოპერატიულად მივიდნენ ობიექტზე, რითაც შეასრულეს ხელშეკრულების 2.5 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ გაქურდვის თაობაზე არ შეატყობინა პოლიციას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა და სწორად არ შეაფასა თვით მოსარჩელის ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ რომ პოლიცია არ იქნა გამოძახებული მხარეთა შეთანხმებით. კერძოდ, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაცვის თანამშრომელს «ვუთხარი, რომ დილით გამყიდველი მოვიდოდა, რომელიც დაიანგარიშებდა ზარალს და მერე გადავწყვეტავდი ამ საკითხს“ (პოლიციისათვის შეტყობინების საკითხი). ამასთანავე, ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, «კ-» ვალდებულია აუნაზღაუროს აბონენტს ზარალი, «კ-ს» მონაწილეობით შედგენილი ზარალის ოდენობის დამადასტურებელი სათანადო საბუთების საფუძველზე. კასატორის პრეტენზია ამ საკითხთან დაკავშირებითაც დასაბუთებულია, რადგან მოსარჩელის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი ზარალის აქტი შედგენილია 2004წ. 15 ნოემბერს, მოპასუხე კი აღნიშნული აქტის შედგენაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნა 2004წ. 16 დეკემბრის წერილით. მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, თუ რა ოდენობის ზარალი განიცადა მოსარჩელემ. სააპელაციო პალატა თავის განჩინებაშიც უთითებს, რომ ზარალის ოდენობა შეიძლება არ იყოს ზუსტი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ რატომ არ უნდოდა მოსარჩელეს ზარალის დადგენამდე პოლიციისათვის შეტყობინება, ასევე რატომ შეადგინა ზარალის აქტი მოპასუხის მონაწილეობის გარეშე. ამდენად, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების 2.5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენა სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად‚ სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაა წარმოდგენილი ასევე მეორე ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, «კ-» უფლებამოსილია ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება და შეატყობინოს ამის შესახებ აბონენტს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს გააჩნია ერთი თვის დავალიანება, ასევე, თუ შეიქმნა ტექნიკური მიზეზები, რაც არ იძლევა ობიექტის დაცვის საშუალებას. აღნიშნული პუნქტი არ ითვალისწინებს წერილობით შეტყობინებას. სააპელაციო პალატამ ამ შემთხვევაშიც სრულად არ გამოარკვია ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის 2005წ. 21 სექტემბრის განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც, იგი სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
რაც შეეხება შპს «შ-ნის» კერძო საჩივარს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემული მუხლის შინაარსის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზანია დაიცვას დავის საგანი, კერძოდ, არ დაუშვას მოვალის მიერ დავის საგნის განკარგვის შესაძლებლობა.
ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო. მოცემული ნორმის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიება უნდა შეარჩიოს, რომლითაც ზიანი არ მიადგება მოპასუხეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 4 ოქტომბრის განჩინებით, ყადაღა დაედო შპს «შ-ნის» ფულადი სახსრებს მხოლოდ დავის საგნის 5260 ლარის ფარგლებში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სიძნელეებს არ შეუქმნის მოპასუხე ორგანიზაციას შემდგომი საქმიანობისათვის. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასხვისების შემთხვევაში საწარმოს ახალ ხელმძღვანელობას დაეკისრება შპს «შ-ნის» კრედიტორების წინაშე ვალდებულება, აღნიშნული ვერ გახდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე უარის თქმის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა შერჩეული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად – შპს «შ-ნის» ფულადი ანგარიშების ნაწილზე ყადაღის დადება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «შ-ნის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაურუნდეს იმავე პალატას;
შპს «შ-ნის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება