საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-740(კ-23) 26 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
კასატორი (მესამე პირი) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. ს-ი
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. ს-იმა 2019 წლის 02 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ნ. ს-ის ნაწილში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 მარტის №803710 ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისათვის მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე გაცდენილი დროის სამსახურებრივ სტაჟში ჩათვლა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისათვის ნ. ს-ის სასარგებლოდ განაცდური თანხის - ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის (ხელფასის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) 2019 წლის 28 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად ანაზღაურების დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 22 მარტს სამუშაო დღის დასრულებისას დაიბარა აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსმა და განუცხადა, რომ „სამინისტროს დასჭირდა შტატი“, რომლის უზრუნველსაყოფადაც აკადემიაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით გაუქმდებოდა მოსარჩელის თანამდებობა, შესაბამისად მიუთითა, რომ 25 მარტიდან შეეძლო აღარ ევლო სამსახურში. რაც შეეხება მის დასაქმებას, განუცხადეს, რომ უახლოს პერიოდში გადაწყვეტდნენ და დაურეკავდნენ, ამასთან, უთხრეს, რომ პარალელურად შეეძლო ეძებნა სხვა სამსახური, აგრეთვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემაში ბევრი ვაკანტური თანამდებობა იყო. მოსარჩელის მითითებით, იმავე დღეს შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, იმ იმედით, რომ რაიმე კონკრეტული გახდებოდა მისთვის ცნობილი, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულის მიუხედავად, 25 აპრილს, ორშაბათ დილით მოსარჩელე გამოცხადდა სამსახურში და მთელი კვირის განმავლობაში გააგრძელა სამსახურებრივი საქმიანობა, ვინაიდან მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რაიმე დოკუმენტი არ გადაუციათ და სამსახურის გაცდენა არასაპატიოდ ჩაითვლებოდა.
მოსარჩელის მითითებით, 25 აპრილს დაახლოებით 20:00 საათზე ზემოხსენებულ თანამდებობის პირს პირადად გადასცა ...ის - გ. გ-ას სახელზე გამზადებული ღია წერილი. წერილის დაწერა გადააწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ 22 აპრილს, თანამდებობის პირთან შემდგარი 3 წუთიანი დიალოგის შედეგად დარჩა შთაბეჭდილება, რომ მის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამინისტროს ხელმძღვანელობას ჰქონდა ცალმხრივი სუბიექტური ინფორმაცია. ნ. ს-ი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 1 აპრილს, ორშაბათს, ჩვეულებრივად გამოცხადდა სამსახურში და დაახლოებით 12:00 საათზე გადაამოწმა ელექტრონული მიმოწერის სისტემა, სადაც აღმოაჩინა გადმოგზავნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საორგანიზაციო საშტატო საკითხების შესახებ“ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 10 იანვრის 2 ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2019 წლის 28 მარტის №793222 ბრძანება. ცვლილებების მიხედვით, საბაზისო მომზადების სამსახური მთლიანად გაუქმდა (სულ 14 საშტატო ერთეული), 13 ახალი საშტატო ერთეული კი დაემატა პოლიციელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახურს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მე-3 პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ...ის თანამდებობა.
კოლეგიამ აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, უფლებამოსილ პირს, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ენიჭებოდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ხოლო შტატების შემცირება თავის მხრივ ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა რეორგანიზაციას, მაგრამ მარტოოდენ რეორგანიზაციის ფაქტი არ ქმნიდა სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს, კერძოდ განთავისუფლება დასაშვები იყო იმ დროს, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 10 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საშტატო ნუსხის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გათვალისწინებული იყო საბაზისო მომზადების სამსახურის 14 საშტატო ერთეული, მათ შორის სამსახურის უფროსის 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტი - 2200-2.20). სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 28 მარტის №MIA 0 19 00793222 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. კერძოდ, სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში გაუქმდა საბაზისო მომზადების სამსახური (სულ 14 ერთეული), მათ შორის ის საშტატო ერთეული, რომელზეც დასაქმებული იყო ნ. ს-ი. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 მარტის №MIA 4 19 00803710 ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ...ი, ... - ნ. ს-ი 2019 წლის 28 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც ერთმნიშვნელოვნად დადგენილი იყო რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების ფაქტი, კერძოდ, სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში გაუქმდა საბაზისო მომზადების სამსახურის 14 შტატი, მათ შორის ის საშტატო ერთეული, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი უფლებამოსილი იყო 2019 წლის 29 მარტის №MIA 4 19 00803710 ბრძანებით შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ...ი, ... - ნ. ს-ი, 2019 წლის 28 მარტიდან გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან და აეყვანა კადრების განკარგულებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ, გამოცემული იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანება ნ. ს-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. შესაბამისად, ნ. ს-ის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნებოდა ხსენებული 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანების ბათილად ცნობაც, თუმცა მისი სარჩელის მე-2 და მე-3 მოთხოვნა - სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება ცალსახად ადასტურებდა მოსარჩელის ნებას - სამსახურიდან გათავისუფლების ყველა აქტის გაუქმების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ნ. ს-ის მიერ სასამართლოში წამოწყებული დავის საგანს სამსახურიდან დათხოვნის უკანონოდ ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება შეადგენდა, სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანების ბათილად ცნობა უნდა ყოფილიყო. პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს სარჩელის მოთხოვნა არ იქნა დაზუსტებული და სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ნ. ს-ის კადრების განკარგულებაში აყვანის კანონშესაბამისობის შესახებ. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნ. ს-იმა წარადგინა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანება მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე და საქმეზე დართვა მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა შეთავაზებული სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება. სააპელაციო პალატის შეფასებით, ასეთად ვერ ჩაითვლება ზოგადი მითითება სარჩელის მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლი ადმინისტრაციული წესით საქმის განმხილველ მოსამართლეს აძლევს საფუძველს: განუმარტოს მოსარჩელე მხარეს, რომ სარჩელის ტრანსფორმირების გარეშე იმ იურიდიული მიზნის მიღწევა, რომელსაც ისახავს მოსარჩელე მიზნად, შეუძლებელია. აღნიშნული, ცხადია არ გულისხმობს იმას, რომ სარჩელი უცილობლად დაკმაყოფილდება. ხსენებული წარმოადგენს საკანონმდებლო მექანიზმს საიმისოდ, რომ მოსარჩელემ სწორი სასარჩელო მოთხოვნებით აწარმოოს დავა და სწორი მოლოდინი ჰქონდეს დავის დასრულების შედეგების მიმართ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელი აღძრული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვერ იქნებოდა მიღწეული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი. კერძოდ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 მარტის №803710 ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც შეუძლებელი იყო ნ. ს-ის მომდევნო სასარჩელო მოთხოვნების - სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკმაყოფილება, რადგან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანების ბათილად ცნობა არ წარმოადგენდა სარჩელის მოთხოვნას.
პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სასკ-ის 281 მუხლის შესაბამისად, მხარისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას შეადგენს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილი დავების სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, პროცესის ეკონომიის და დაჩქარების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შეჯიბრებითობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მოსარჩელის ცხადი იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებული იყო დახმარება აღმოეჩინა მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაზუსტებაში.
პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას არ გადაეგზავნა საქმე საქალაქო სასამართლოში და თვითონ გადაეწყვიტა იგი, ვინაიდან საქმეზე დადასტურებული იყო როგორც სარჩელის ტრანსფორმირების, ისე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანების გამოცემამდე არსებული რიგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადგენის აუცილებლობა. საქმის მასალებით და დადგენილი გარემოებით დასტურდებოდა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანების ნაწილში პირველი ინსტანციის მიერ საქმე არ განხილულა, არ იყო მნიშვნელოვანი გარემოებები დადგენილი და შეფასებული. ამ ნაწილში (სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანების კანონშესაბამისობის თაობაზე) არ იყო მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატაში მოთხოვნის დაზუსტებისა და შესაბამისად საქმის განხილვის შემთხვევაში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანების ნაწილში საქმის განხილვის ინსტანციური წესის დაცვა არ იქნებოდა შესაძლებელი. ხსენებული გარემოების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანი შემოიფარგლა მხოლოდ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანებით. ამდენად, ვერ იქნა შეფასებული ნ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, არ იქნა დადგენილი საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებები. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.19წ. Nბს-847(2კ-18) განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების პროცესი, მათ შორის შტატების შემცირების საფუძვლით, საუკეთესოს შერჩევის პრინციპით უნდა წარიმართოს. გათავისუფლება ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცედურებსა და კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც შედეგობრივად განთავისუფლებულ პირს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, სრულად აღიქვას მისი განთავისუფლების, ასევე, მასთან შედარებით სხვა კონკრეტული პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები. ნ. ს-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება ეფუძნებოდა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაედგინა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ობიექტური შეფასების საკითხი. აპელანტის განმარტებით, პოლიციელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახურს დაემატა საბაზისო მომზადების სამსახურის ფუნქციები, სადაც იმ დროს არსებობდა მთავარი ინსტრუქტორის ერთი ვაკანტური თანამდებობა, როდესაც ნ. ს-ი გაათავისუფლეს თანამდებობიდან რეორგანიზაციის საფუძვლით. დროის ამავე მონაკვეთში ვაკანტური იყო ასევე აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობა, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს უფროსის თანამდებობა და მთავარი ინსტრუქტორის თანამდებობა. ასევე ვაკანტური იყო აკადემიის სამინისტროს არქივის დირექტორის მოადგილის შტატი. დამსაქმებელს ნ. ს-ისათვის არ შეუთავაზებია აკადემიის საშტატო განრიგში არსებული რომელიმე ვაკანტური თანამდებობის დაკავება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მარტოოდენ რეორგანიზაციის ფაქტი არ ქმნის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. პალატის მოსაზრებით, გათავისუფლება დასაშვებია იმ დროს, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. ამავე დროს შტატების შემცირების დროს დამსაქმებელმა უნდა დაიცვას კანონით გათვალისწინებული წესი და მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ობიექტური შეფასების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საქმის ხელახლა არსებითად განხილვის დროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ს-ი მსახურობდა სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში პროფესიული მომზადების სამმართველოს ...ის თანამდებობაზე. აკადემიის რექტორის 2019 წლის 28 მარტის MIA 0 19 00793222 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანების მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შეტანილი იქნა ცვლილება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საორგანიზაციო-საშტატო საკითხების შესახებ“ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 10 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში, თანდართული ნუსხის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაზე დართული ნუსხის მიხედვით, სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში გაუქმდა საბაზისო მომზადების სამსახური (სულ 14 ერთეული). სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 მარტის №MIA 4 19 00803710 ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ...ი, ... ნ. ს-ი, 2019 წლის 28 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
კასატორის მითითებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის No995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. ამავე წესის 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან. სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2018 წლის 13 აგვისტოს №1957714 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ყოფილი ...ი, ... ნ. ს-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2019 წლის 29 ივლისიდან.
კასატორი აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, უფლებამოსილ პირს, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე ენიჭებოდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ხოლო შტატების შემცირება თავის მხრივ ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა რეორგანიზაციას, მაგრამ ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მარტოოდენ რეორგანიზაციის ფაქტი არ ქმნის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს, კერძოდ განთავისუფლება დასაშვებია იმ დროს, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. სსიპ საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 10 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საშტატო ნუსხის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გათვალისწინებული იყო საბაზისო მომზადების სამსახურის 14 საშტატო ერთეული, მათ შორის სამსახურის უფროსის 1 საშტატო ერთეული. ამასთან, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 28 მარტის NoMIA 019 00793222 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურას და საშტატო განრიგში. კერძოდ, სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში გაუქმდა საბაზისო მომზადების სამსახური (სულ 14 ერთეული) მათ შორის ის საშტატო ერთეული, რომელზეც დასაქმებული იყო ნ. ს-ი.
კასატორის მითითებით, საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შესაძლოა მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციონალური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად პირის მიერ სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შესაძლოა შეიცვალოს. აგრეთვე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოხელის კვალიფიკაციის შესაბამისი ფუნქციონალური დატვირთვის სამსახურში მისი დასაქმების შესაძლებლობა ან თუ ასეთ გადაყვანაზე უარი. მიმდინარე სადავო საქმეზე ერთმნიშვნელოვნად დადგენილი იქნა რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების ფაქტი, კერძოდ, სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში გაუქმდა საბაზისო მომზადების სამსახურის 14 შტატი, მათ შორის ის საშტატო ერთეული, რომელზედაც დასაქმებული იყო ნ. ს-ი. აგრეთვე, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ეტაპზე და არც კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ არის გათვალისწინებული სამსახურის შეთავაზების ვალდებულება, თუმცა მოსარჩელეს მისმა უშუალო უფროსმა მაინც შესთავაზა სამსახური.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებას, კასატორის მითითებით, რა ფორმის სარჩელი უნდა იქნას აღძრული, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნის მიღწევა სურს მოსარჩელეს. პირმა, რომელიც საჭიროებს სამართლებრივ დაცვას, პირველ რიგში, თვითონ უნდა შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც ესაჭიროება მიზნის მისაღწევად. მართალია, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია პირს გაუწიოს სათანადო დახმარება (დაეხმაროს სარჩელის ტრანსფორმირებაში), მაგრამ დავის საგნის განსაზღვრა მთლიანად მოსარჩელის კომპეტენციას მიეკუთვნება. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 მარტის No803710 ბრძანება (ბრძანების მე-2 პუნქტი, ნ. ს-ის ნაწილში) კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 10 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საშტატო ნუსხის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გათვალისწინებული იქნა საბაზისო მომზადების სამსახური 14 საშტატო ერთეულით, მათ შორის სამსახურის უფროსის 1 საშტატო ერთეული. ნ. ს-ი მსახურობდა სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში პროფესიული მომზადების სამმართველოს ...ის თანამდებობაზე.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 28 მარტის №MIA 0 19 00793222 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანების მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შეტანილი იქნა ცვლილება „სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საორგანიზაციო-საშტატო საკითხების შესახებ“ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის 2006 წლის 10 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში, თანდართული ნუსხის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაზე დართული ნუსხის მიხედვით, სსიპ საქართველოს შსს აკადემიაში გაუქმდა საბაზისო მომზადების სამსახური (სულ 14 ერთეული).
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 მარტის №MIA 4 19 00803710 ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და „სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სსიპ საქართველოს შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ...ი, ... - ნ. ს-ი, 2019 წლის 28 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, 37- ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო), „სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, „სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულების დროებით დაკისრების შესახებ“ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2018 წლის 13 აგვისტოს №1957714 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ყოფილი ...ი, ... - ნ. ს-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2019 წლის 29 ივლისიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 მარტის №803710 ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა, ნ. ს-ის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია სადავო საკითხზე. სააპელაციოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების აუცილებლობა, ვინაიდან გასაჩივრებული არ იყო ნ. ს-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის თაობაზე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანება. აღნიშნული კი გამორიცხავდა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნების განხილვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსარჩელის მხრიდან ეფექტური შედეგის მიღწევისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირების ინსტიტუტს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო, პროცესის დაჩქარების მიზნით, მხარეს ეხმარება მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებაში. სასამართლო, დაჩქარებული საქმისწარმოების მიზნით იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა პროცესუალურ შესაძლებლობას, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით; კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს; უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ნორმის რეალიზებისას, სასამართლომ უნდა დაიცვას ორი პირობა: 1. სარჩელის ტრანსფორმირება უნდა ემსახურებოდეს პროცესის დაჩქარებას და 2. სარჩელის ტრანსფორმირებისას მოსამართლე არ უნდა გასცდეს სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს. ამრიგად, მიუხედავად ადმინისტრაციულ პროცესში გათვალისწინებული სარჩელის ტრანსფორმირების შესახებ ჩანაწერისა, სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოქმედებით, რომლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისის გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი.
ნიშანდობლივია, რომ კანონმდებლის მიზანი სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების უფლების შესახებ, გამომდინარეობს საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან, და უზრუნველყოფს სასამართლო წესით უფლების დაცვას გონივრულ ვადაში. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების შეცვლისას სავალდებულოა, ეს განახორციელოს მოსარჩელემ სასამართლოს დახმარებით; სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მოსარჩელის ნების გარეშე თავად ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნის ახალი ფორმულირება და იმსჯელოს მასზე. იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელის მხრიდან ასეთი თანხმობა ვერ იქნება მიღებული, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნაზე პირვანდელი სახით.
ამდენად, დასკვნის სახით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილი დავების სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, პროცესის ეკონომიის და დაჩქარების მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შეჯიბრებითობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოვლინებაა (სუსგ საქმე №ბს-294-294 (კ-18), 09.12.2019წ.).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი კი ადგენს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ აბსოლუტურ საფუძვლებს: გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას; გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება; დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები; ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; ვ) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი; ზ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ; თ) საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი. ამასთან, 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი (სუსგ საქმე №ბს-1224(კ-19), 25.11.2021წ.).
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა არ მიუთითებს მის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შეუძლებლობაზე. გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება მხოლოდ იმ მოტივაციას, რომ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების საჭიროება და აღნიშნული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ მოხდება, რადგან სააპელაციო პალატაში მოთხოვნის დაზუსტებისა და შესაბამისად საქმის განხილვის შემთხვევაში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანების ნაწილში საქმის განხილვის ინსტანციური წესის ვერ იქნება დაცული. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ხსენებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მართალია, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს პირის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების კანონიერების დადგენას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აგრეთვე გასაჩივრებულია ნ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 მარტის №MIA 4 19 00803710 ბრძანება, შესაბამისად სხვა მოთხოვნებთან შეჯერებით სასამართლოს მიერ სრულად იყო შესაძლებელი მოსარჩელის საბოლოო მიზნის დადგენა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის დანაწესი რეორგანიზაციას, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, უკავშირებს პოლიციელის შესაძლო თანამდებობიდან გათავისუფლებას (არა სამსახურიდან დათხოვნას) და არა უმეტეს 4 თვის ვადით კადრების განკარგულებაში აყვანას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. მითითებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 მარტის №MIA 4 19 00803710 ბრძანების კანონიერების თაობაზე, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე მოთხოვნის ტრანსფორმაცია და სასარჩელო მოთხოვნებს შორის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დამატება არ გამოიწვევს ინსტანციურობის წესის დარღვევას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება არ გამოიწვევს საქმეში სხვა მოპასუხის ჩაბმას, რაც შესაძლოა ინსტანციურობის წესის დარღვევის საფუძველი გამხდარიყო. საკასაციო პალატა ადასტურებს, რომ სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, გასაჩივრებას ასევე უნდა დაქვემდებარებოდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2019 წლის 29 ივლისის №MIA 0 19 01981718 ბრძანების კანონიერების შეფასებაც, რაც შესაძლებელი იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის პირობებშიც.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს არა უფლებას, არამედ ვალდებულებას შეადგენს. მოსარჩელის ცხადი იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო დახმარება აღმოეჩინა მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაზუსტებაში (სუსგ საქმე №ბს-294-294 (კ-18), 09.12.2019წ.). საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი, იურიდიული თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელახლა იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, იმთავითვე არ ქმნის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს. არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის სრულყოფილად დაცვისა და პროცესის დაჩქარების მიზანს ემსახურება, შესაბამისად მოსარჩელეს, ადმინისტრაციულ პროცესში არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც შეუძლია აღნიშნული უფლების რეალიზაცია სააპელაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გაანალიზა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. უკეთუ სასარჩელო მოთხოვნის არსებული ფორმულირებით სარჩელის მიზნის მიღწევა შეუძლებელია, სააპელაციო პალატამ უნდა გამოიყენოს მისთვის სასკ-ის 281 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება და დაეხმაროს მოსარჩელეს (აპელანტს) სასარჩელო მოთხოვნის სათანადოდ ფორმულირებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა