№ბს-394(კ-24) 13 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვით, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. შ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. შ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის №MES 5 18 01585639 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 28 ივნისის №MES 0 21 0000640435 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ა. შ-ის სახელზე 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემული EQE №000385 დიპლომის დანართის გაცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის №MES 5 18 01585639 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 28 ივნისის №MES 0 21 0000640435 გადაწყვეტილება; მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ა. შ-ის სახელზე 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემული EQE №000385 დიპლომის დანართის გაცემა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება ა. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც სრულიად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის №1585639 და 2021 წლის 28 ივნისის №640435 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. აღნიშნული აქტებით ა. შ-ის ეცნობა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მისთვის დიპლომის დანართის გაცემაზე, ვინაიდან მოცემული საკითხი არ განეკუთვნებოდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას.
კასატორის განმარტებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის არსებობის მიზანზე მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), რომლის შესასრულებლადაც ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, იგი ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში პირთა მიერ მიღებული განათლების აღიარებას. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს და ეჭვქვეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2018 წლის 9 ნოემბერს და 2021 წლის 28 მაისს ცენტრს განცხადებით მიმართა ა. შ-იმა, რომელიც ითხოვდა დიპლომის დანართის გაცემას. ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის №1585639 და 2021 წლის 28 ივნისის №640435 გადაწყვეტილებებით ა. შ-ის ეცნობა, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მისთვის დიპლომის დანართის გაცემაზე, ვინაიდან მოცემული საკითხი არ განეკუთვნებოდა მის კომპეტენციას. საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველზე, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის (შემდგომში – წესი) პირველი მუხლის მიხედვით, ცენტრი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. საყურადღებოა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გასცა ა. შ-ის სახელზე დიპლომი EQE №000385, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს ცენტრის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ფუნქციებსა და კომპეტენციას. შესაბამისად, ცენტრმა კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში განახორციელა მისი უფლებამოსილება. რაც შეეხება დიპლომის დანართის გაცემას, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს ცენტრის კომპეტენციას.
კასატორის განმარტებით, ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების პირველი მუხლის მესამე პუნქტის თანხმად, დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისად ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). მართალია, სასამართლომ მიუთითა აღნიშნულ ბრძანებაზე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, თუმცა არ შეაფასა კონტექსტი დასახელებული ნორმის გამოყენებისა. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რა შემთხვევაშია უფლებამოსილი ცენტრი გასცეს უმაღლესი განათლების დიპლომი. საყურადღებოა, რომ რადგან ცენტრის მხრიდან ა. შ-ის სახელზე გაცემულია საქმიანობაშეწყვეტილ საგანმანთლებლო დაწესებულებაში მიღებული განთლების აღიარების შედეგად ახალი დიპლომი EQE №000385, მხოლოდ ის ფაქტი რომ განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის 25(1) მუხლისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ტექსტში დადგენილი არ არის დიპლომის დანართის გამცემ ორგანოდ ცენტრი, დაუშვებელია პირს უარი ეთქვას დიპლომის დანართის გაცემაზე. თუმცა, დიპლომის დანართის გაცემა არ წარმოადგენს ცენტრის კომპეტენციას, რაც მხარეს განემარტა გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით. სადაო არ არის ცენტრის მხრიდან გარემოება, რომ დიპლომის გაცემის კომპეტენცია კანონის შესაბამისად გარკვეულ გარემოებებში აქვს ცენტრს, როგორც მიუთითებს, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება ცენტრის მხრიდან დიპლომის დანართის გაცემას, ამ მხრივ საყურადღებოა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №149 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომის დანართის ფორმა. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, დიპლომის დანართის მიზანია, მიაწოდოს მიუკერძოებელი მონაცემები საერთაშორისო ,,გამჭირვალობისა’’ და კვალიფიკაციების სამართლიანი, აკადემიური და პროფესიული, ცნობის/აღიარების გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია აღწეროს კვალიფიკაციის ორიგინალ დოკუმენტში, რომელსაც დაერთვის ეს დანართი, დასახელებული პირის მიერ გავლილი და წარმატებით დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამის ხასიათი, დონე, კონტექსტი, შინაარსი და სტატუსი. დიპლომის ეს დანართის ნიმუში შემუშავებულია ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და UNESCO-ს მიერ. დიპლომის დანართის დადგენილი ფორმა (რომელსაც დღესაც იყენებენ საგანანმანათლებლო დაწესებულებები) შემუშავებულია 2005 წლიდან, რადგან ქართული საგანმანათლებლო სივრცე 2005 წლიდან გადავიდა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო სისტემიდან სამსაფეხურიან საგანმანთლებლო სისტემაზე. ასევე, შემოღებულ იქნა საკრედიტო შეფასების სისტემა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება დიპლომის დანართში. საყურადღებოა ფაქტი, რომ ა. შ-ის სახელზე გაცემულია დიპლომის დანართი (რომლის ნოტარიულად დამოწმებული ასლი საქმეში დევს) 1995 წელს.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ მომხდარა შეფასება, რა შედეგებს გამოიწვევდა ცენტრის კომპეტენციას არ მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის ცენტრისათვის დავალება. კანონის ამგვარი ფართო განმარტება არის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგი. საკანონმდებლო რეგულაციებისაგან კანონის ამდენად რადიკალური განმარტება მოითხოვს მეტ დასაბუთებას სასამართლოს მხრიდან და არგუმენტაციას. მხოლოდ კანონის ნორმაზე მითითება, სასამართლოს მიერ, მით უფრო, ტერმინთა განმარტებაზე, რა თქმა უნდა ვერ იქნება მატერიალური საფუძველი კანონიერად გამოცემული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის მის კომპეტენციას არ მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის დავალების საფუძველი. სადაო საკითხის ამდაგვარად გადაწყვეტა ხელს შეუშლის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას. ასევე, საყურადღებოა, რომ სასამართლოების ყურადღების მიღმა არის დატოვებული მნიშვნელოვანი დეტალი, რომ კანონის მიხედვით, დიპლომის დანართის გაცემაზე უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულება რომელმაც მიანიჭა კვალიფიკაცია პირს და შეასწავლა დისციპლინები, ასევე, ის დეტალი, რომ დიპლომის დანართს ხელს აწერს უფლებამოსილი პირი - დეკანი. ამასთან, დიპლომის დანართში მითითებული უნდა იყოს კრედიტების სიტემით მიღებული შეფასებები და მთელი რიგი ამგვარი ,,დეტალები’’ რომელზედაც არ გაამახვილა ყურადღება სასამართლომ და მიიღო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება. დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ დიპლომი, დანართის გარეშე ვერ მიიჩნევა სრულყოფილ დოკუმენტად, რაც წარმოშობს ვალდებულებას ცენტრის მხრიდან დიპლომის დანართის გაცემისა. ამგვარ ჩანაწერს, არც ერთი საკანონმდელო ნორმა არ შეიცავს. ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი აღნიშნავს, რომ დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოთა მითითება, რომ დიპლომის დანართი განხილულ უნდა იქნას როგორც დიპლომის შემადგენელი ნაწილი.
კასატორის განმარტებით, ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელისათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული შედეგები გაუბათილებია. რადგან ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ცენტრის მხრიდან დიპლომის დანართის გაცემის შესაძლებლობას, ცენტრმა კანონმდებლობის და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც მოახდინა მხოლოდ მტკიცებულებების ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და არც სხვა სამართლებრივი აქტი არ ავალდებულებს ცენტრს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ პირს გააჩნია კერძო ინტერესი ქონდეს დიპლომის დანართი, უგულებელყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მმართველობითი ღონისძიება განახორციელოს კანონმდებლობის დარღვევით. ცენტრი მოქმედებდა არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და იგი მართველობით ღონისძიების განხორციელებისას მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეული იყო კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობა, რის საფუძველზეც მოსარჩელეს შეეზღუდა კერძო ინტერესი - გააჩნდეს დიპლომის დანართი, რაც საშუალებას მისცემს დაიკავოს სასურველი თანამდებობა.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია მასზედ, რომ დიპლომის დანართი წარმოადგენს დიპლომის განუყოფელ ნაწილს და მიღებული განათლების დადასტურებისთვის კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ დოკუმენტს. ამგვარ დანაწესს არ შეიცავს განათლების სფეროს მარეგულირებელი არცერთი კანონმდებლობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან, უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას. საგულისხმოა ფაქტი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, შესაბამისად, კანონმდებლობის ამგვარად განმარტება და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ისეთი დავალების დაკისრება, რაც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან, ობიექტურად ხელს შეუშლის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას.
კასატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის დანაწესის (განათლების უფლება) პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება, კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ პირიქით, სრულად არის იგი დაცული. ცენტრი, სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. შეუძლებელია ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის უფლებას მიიღოს განათლება. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელისათვის ცენტრს არ აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მოსარჩელის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ, ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ ა. შ-ის სწავლის დასრულების შედეგად მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემადგენელი ნაწილის გაუცემლობა, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დიპლომის დანართის გაცემა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის განმსაზღვრელ, ნორმატიულად მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში, სახელობითად დადგენილი არ არის, ეწინააღმდეგება განათლების კონსტიტუციურ პრინციპს და ასევე, კანონის ჩანაწერს იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების შესაბამისი საფეხურის დასრულების დადასტურებისთვის უნდა გაიცეს დიპლომი დანართთან ერთად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განჩინებებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა) პ...მა 1995 წლის 31 ივლისს ა. შ-იზე გასცა დიპლომი დუ №001245. დიპლომის თანახმად, ა. ზ.-ს ძე შ-ი 1991 წელს შევიდა „პ...ში“ და 1995 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი სამართალმცოდნისა და ეკონომისტის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის, ეკონომისტის კვალიფიკაცია. (ს.ფ. 115-117). პ...ის მიერ 1995 წლის 2 დეკემბერს გაცემულია №950085 დიპლომის დანართი ა. ზ.-ს ძე შ-ის სახელზე. დიპლომის დანართში ასახულია სტუდენტის მიერ სწავლის დროს 1991-1995 წლებში ჩაბარებული დისციპლინები და მიღებული შედეგები. (ს.ფ. 99-101). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ა. შ-ისადმი უფლების დამდგენი საბუთის - „პ...ის“ მიერ 1995 წლის 31 ივლისს გაცემული დიპლომის კუთვნილების ფაქტი (ს.ფ. 69-70); ბ) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის №MES 7 18 0000146787 გადაწყვეტილებით, ცენტრმა დაადასტურა უმაღლესი განათლების დუ№001245 დიპლომის ნამდვილობა (ს.ფ. 113-114); გ) 2018 წლის 26 თებერვალს ა. შ-ია განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 16 მარტის №MES 3 18 0000299289 გადაწყვეტილებით ა. შ-ის ეცნობა, რომ მის სახელზე გაცემული დიპლომი გათანაბრებული იყო ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან. ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე განეხილა ა. შ-ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების საკითხი (ს.ფ. 118-126, 127); დ) ა. შ-იმა 2018 წლის 13 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს „პ...ში“ 1990-1995 წლებში მიღებული განათლების აღიარება (ს.ფ. 139-141). სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის №MES 8 18 0000410784 გადაწყვეტილებით ა. შ-ის უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ იქნა მოძიებული შპს „პ...ში“ 1991-1995 წლებში მიღებული განათლების აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ს.ფ. 134-135). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის MES №2 18 00410784 გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. შ-ის მიერ „პ...ში“ მიღებული მაგისტრის საფეხურთან გათანაბრებული, უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ (ს.ფ. 33-47); ე) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის №MES 3 18 01336967 გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, დადასტურდა ა. შ-ის მიერ შპს „პ...ში“, 1991-1995 წლებში, მიღებული განათლების, სამართალმცოდნეობის და ეკონომისტის სპეციალობის, ერთსაფეხურიანი, მაგისტრის საფეხურთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და მისთვის იურისტის, ეკონომისტის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი (ს.ფ. 150-151); ვ) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემული EQE №000385 დიპლომის თანახმად, შპს „პ...ის“ 1995 წლის გადაწყვეტილებით, ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების საფუძველზე ა. შ-ის მიენიჭა იურისტის, ეკონომისტის კვალიფიკაცია (ს.ფ. 95); ზ) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 7 ნოემბრის №MES 5 18 01438515 გადაწყვეტილებით, უმაღლესი განათლების EQE №000385 დიპლომის შესაბამისად, შპს „პ...ში“ ერთსაფეხურიანი, მაგისტრის საფეხურთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე, ა. შ-ის, 1995 წელს მიენიჭა იურისტის, ეკონომისტის კვალიფიკაცია. მის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდებოდა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. შესაბამისად, დადასტურდა უმაღლესი განათლების EQE №000385 დიპლომის ნამდვილობა და განიმარტა, რომ დიპლომის მფლობელს უფლება ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში (ს.ფ. 104-105); თ) სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს 2018 წლის 9 ნოემბერს წარედგინა ა. შ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ახალი დიპლომის დანართის გაცემა (ს.ფ. 106-110). სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის №MES 5 18 01585639 გადაწყვეტილებით ა. შ-ის ეცნობა, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მისთვის დიპლომის დანართის გაცემაზე, ვინაიდან მოცემული საკითხის განხილვა არ განეკუთვნებოდა მის კომპეტენციას (ს.ფ. 106-110, 111); ი) 2021 წლის 28 მაისს ა. შ-იმა №MES 9 21 0000498073 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე გაცემული დიპლომის დანართის (ნიშნების ფურცლის) გაცემა (ს.ფ. 89-94). სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 28 ივნისის MES 0 21 0000640435 გადაწყვეტილებით, ა. შ-ის ეცნობა, რომ მისი მოთხოვნის განხილვა და დაკმაყოფილება სცდებოდა ცენტრის კომპეტენციას (ს.ფ. 89-94, 102-103).
წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების და საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით, დავის საგანი 2018 წლის 10 დეკემბერს (№MES 5 18 01585639) და 2021 წლის 28 ივნისს (№MES 0 21 0000640435) კასატორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას შეეხება, რომლებითაც მოსარჩელეს დიპლომის დანართის გაცემაზე ეთქვა უარი. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატის შეფასების მთავარი საგანია შეამოწმოს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დიპლომის დანართის გაცემასთან დაკავშირებული უფლებამოსილება, რაც კასატორის განმარტებით, სცდება მის კომპეტენციას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დიპლომის დანართის გაცემა, დაკავშირებულია განათლების უფლებასთან და პირის შესაძლებლობასთან, მოახდინოს მის მიერ მიღებული განათლების პრაქტიკული რეალიზაცია. განათლების უფლება, რომელიც დაცული და აღიარებულია როგორც შიდაეროვნული, ასევე საერთაშორისო უმაღლესი ლეგიტიმაციის აქტებით, იცავს არა მხოლოდ განათლების მიღების შესაძლებლობას, არამედ, იცავს იმ ღირებულებით სიკეთეს, რის გამოც და რა მიზნითაც, ადამიანები განათლებას იღებენ, საზოგადოდ. დღევანდელ, საბაზრო ეკონომიკის საწყისებზე აგებულ საზოგადოებაში, განათლება წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ, იგი ამავდროულად და უპირველესად ადამიანის ცხოვრების და საარსებო წყაროთი საკუთარი თავისა და მასზე დამოკიდებულ პირთა უზრუნველყოფის რესურსია. შესაბამისად, განათლების უფლება აღიარებული და დაცულია იმდენად, რამდენადაც, მას განუზომლად დიდი მნიშვნელობა გააჩნია ადამიანის განვითარების, საქმიანობის, ცხოვრების ორგანიზებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის თვალსაზრისით (ის. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საქმეზე ბს-431(კ-23)).
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ თითოეული ადამიანის განათლების უფლების აღიარება. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. განათლების მიღების უფლების აღიარება არ გამორიცხავს პირის მიერ შეძენილი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ნორმატიული აქტების მიღებას. განათლების მიღების უფლება გულისხმობს ყოველი პირისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარების და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კიელდსენი, ბასკ მადსენი და პედერსენი დანიის წინააღმდეგ“, §52, 07.12.1976წ.).
დიპლომის დანართის გაცემის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე მიუთითებს, რომლის მიზანსაც განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზემოხსენებული კანონის 251.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას. ამასთან, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი (251.2).
გარდა ხსენებული ჩანაწერისა, ცენტრის კომპეტენციას დიპლომის გაცემის თაობაზე ადასტურებს ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით, დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისად ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომის დანართი არის დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სტუდენტის მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მიღებული განათლების შინაარსის და საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მისთვის ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად.
ზემოხსენებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის − საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმებს. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ გარემოებებზე და მიუთითებს, რომ „პ...მა“ 1995 წლის 31 ივლისს მოსარჩელის სახელზე გასცა დიპლომი დუ№001245, თუმცა, საჭირო გახდა მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების აღიარება ცენტრის მხრიდან. შედეგად, დადასტურდა ა. შ-ის მიერ შპს „პ...ში“, 1991-1995 წლებში, მიღებული განათლების, სამართალმცოდნეობის და ეკონომისტის სპეციალობის, ერთსაფეხურიანი, მაგისტრის საფეხურთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და მისთვის იურისტის, ეკონომისტის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. ა. შ-იზე ცენტრის მიერ გაიცა EQE №000385 დიპლომი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ, სწავლების პროცესში დისციპლინების გავლის ფაქტი და მიღებული შედეგები მხოლოდ შპს „პ...ის“ მიერ 1995 წელს გაცემული დიპლომის დანართით დგინდებოდა, რომლის მიღებაც მოსარჩელემ მოითხოვა, თუმცა სადავო აქტებით მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №149 ბრძანებით დამტკიცდა დიპლომის დანართის ფორმა, რომლის მიხედვითაც, დიპლომის დანართის მიზანია მიაწოდოს მიუკერძოებელი მონაცემები საერთაშორისო „გამჭვირვალობისა“ და კვალიფიკაციების (დიპლომების, ხარისხების, სერტიფიკატების და ა.შ.) სამართლიანი, აკადემიური და პროფესიული, ცნობის/აღიარების გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია, აღწეროს კვალიფიკაციის ორიგინალ დოკუმენტში, რომელსაც დაერთვის ეს დანართი, დასახელებული პირის მიერ გავლილი და წარმატებით დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამის ხასიათი, დონე, კონტექსტი, შინაარსი და სტატუსი. აღწერა თავისუფალი უნდა იყოს შეფასებითი დასკვნებისაგან, ეკვივალენტობის მტკიცებისა ან აღიარების შესახებ შეთავაზებისაგან. დიპლომის დანართის, ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებული ნიმუში, შემუშავებულია ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და UNESCO-ს მიერ.
საქმეში წარმოდგენილია ,,პ...ის“ მიერ 1995 წლის 2 დეკემბერს გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული №950085 დიპლომის დანართის ასლი ა. ზ.-ს ძე შ-ის სახელზე, რომელშიც ასახულია მოსარჩელის მიერ 1991-1995 წლებში სწავლის პერიოდში ჩაბარებული დისციპლინები და მიღებული შედეგები. საკასაციო პალატა იზიარებს წინა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს მხოლოდ ამავე ინსტიტუტის მიერ 1995 წლის 31 ივლისს გაცემული დუ№001245 დიპლომის დანართს და მას დიპლომის გარეშე დამოუკიდებლად იურიდიული ძალა არ აქვს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დიპლომს, დანართისაგან დამოუკიდებლად, არ შეუძლია ვრცელ საგანმანათლებლო მიზნებს მიაღწიოს. დანართის გარეშე მისი ეფექტურობა შეზღუდულია, ისევე, როგორც დანართი ვერ ექნება ქმედითი დიპლომის გარეშე. აღნიშნული დოკუმენტების ერთობლიობა ქმნის მიღებული განათლების შესახებ საერთო სურათს და იძლევა დეტალურ ინფორმაციას პირზე, თუ სად, რა პერიოდში, რა სპეციალობის განათლება მიიღო, რომელი დისციპლინები გაიარა და რა შეფასებები დაიმსახურა. დიპლომის დანართი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, განიხილება, როგორც დიპლომის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უნდა გაიცეს დიპლომთან ერთად შესაბამისი საფეხურის დასრულების დადასტურების მიზნით. ცხადია, რომ მხოლოდ დიპლომის და მისი დანართის ერთობლიობითაა შესაძლებელი პირის განათლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, რაც შემდგომი განათლების უფლების რეალიზებას უკავშირდება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის, დანართის გარეშე გაცემული დიპლომი, ზღუდავს იმ საგანმანათლებლო შესაძლებლობებით სარგებლობას, რომელსაც დიპლომი დანართთან ერთად წარმოშობს. შესაბამისად, აუცილებელია დიპლომი მის დანართთან ერთად იქნეს გაცემული თუმცა, არსებითი მნიშვნელობის საკითხია ვინ უნდა უზრუნველყოს ეს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ,,პ...ს“, რომელმაც მოსარჩელის სახელზე გასცა დიპლომი, საქმიანობა შეწყვეტილი აქვს. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251.2 მუხლს, რომლითაც, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომის დანართს დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ასევე, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით, დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისად ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამდენად, მართალია, კანონმდებელი დიპლომის დანართის გაცემის უფლებამოსილებას საგანმანათლებლო დაწესებულებას ანიჭებს, რომელმაც პირს კვალიფიკაცია მიანიჭა და შეასწავლა დისციპლინები, თუმცა, ვინაიდან, დიპლომი და დიპლომის დანართი ერთად უნდა გაიცეს, დიპლომის გამცემმა სასწავლო დაწესებულებამ კი, ფუნქციონირება შეწყვიტა, ეს ვალდებულება სრულად სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეკისრება, რომელმაც აუცილებელია, სათანადო ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, დიპლომთან ერთად მისი დანართიც გასცეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ის არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ( ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.03.2024წ. №02677 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
თ. ოქროპირიძე
გ. აბუსერიძე