საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-908(ს-24) 26 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე - შპს „ხ...“
თავდაპირველი მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
გასაჩივრებული დადგენილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის დადგენილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 15 სექტემბერს შპს „ხ...მა“ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც ჯარიმის მოხსნა მოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით, შპს „ხ...“-ს საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
საქმეზე საბოლოო მოთხოვნებად განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის 2020 წლის 26 ივნისის №... სამართალდარღვევის ოქმის, 2021 წლის 2 მარტის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, შპს „ხ...“-ს 1000 ლარით დაჯარიმების თაობაზე 2021 წლის 2 აპრილის №დად-64/09 დადგენილების, 2 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილების, 6000 ლარით დაჯარიმების თაობაზე 2021 წლის 25 თებერვლის №დად-28/09 დადგენილების, ასევე საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 ბრძანების ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის დადგენილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ხ...“-ს საჩივარი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის 2020 წლის 26 ივნისის №... სამართალდარღვევის ოქმის, 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილების, 2021 წლის 25 თებერვლის №დად-28/09 დადგენილების, 2021 წლის 2 მარტის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, 2021 წლის 2 აპრილის №დად-64/09 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნით, ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 და 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანებები რეაგირებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის დადგენილება საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და ახალი დადგენილების მიღებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის დადგენილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის დადგენილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2020 წლის 26 ივნისს შპს „ხ...“-ს მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 271 მუხლის საფუძველზე. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 26 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმის საფუძველზე, სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილებით, შპს „ხ...“ დაჯარიმებული იქნა საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 271 მუხლის შესაბამისად 2000 ლარით. ჯარიმის თანხის დროულად გადაუხდელობის გამო კი, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 25 თებერვლის №დად-28/09 დადგენილებით, შპს „ხ...“ დაჯარიმდა 6 000 ლარით. გარდა ამისა, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2021 წლის 4 მარტს შედგენილ იქნა №... ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ შპს „ხ...“-ს მიერ არ იქნა გამოსწორებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოგასამართი სადგურების და ავტოგასამართი კომპლექსის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის 181 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შეუსაბამობა სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში და ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო შპს „ხ...“ 2021 წლის 2 აპრილს დაჯარიმდა 1000 ლარით.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებებზე შპს „ხ...“-ს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილ იქნა საჩივრები. თუმცა, სამინისტროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანებით, შპს „ხ...“-ს 2021 წლის 23 აპრილის №5409/09 ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად №დად-130-06 დადგენილება შპს „ხ...“-ს დირექტორს მ. ხ-ის ჩაბარდა 2020 წლის 27 ივლისს. იმის გათვალისწინებით, რომ საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იყო გასაჩივრების ვადა, მისი ადმინისტრაციული საჩივარი №დად-130-06 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო ამავე სამინისტროს 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს „ხ...“-ს საჩივარი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 25 თებერვლის №დად-28/09 და 2021 წლის 2 აპრილის №დად-64/09 დადგენილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
იმის გათვალისწინებით, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის დადგენილება მხოლოდ საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში იქნა გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 და 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანებების კანონიერებაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს შპს „ხ...“-ს დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, მიუთითა, რომ სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილების შესახებ არ ყოფილა გაფრთხილებული და ითხოვა ჯარიმისაგან გათავისუფლება (პატიება), რაზეც სააგენტომ 2020 წლის 27 აგვისტოს №09/1196 წერილით განუმარტა, რომ სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა სცილდებოდა მის კომპეტენციას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანების გამოცემისას იმ პირობებში, როდესაც შპს „ხ...ს“ 2020 წლის 26 აგვისტოს მიმართული ჰქონდა მისი ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის, არ იმსჯელა მის მიერ ვადის გაშვების საპატიო მიზეზზე და უკიდურესად ფორმალური დასაბუთებით მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ხოლო 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 ბრძანების მიღებისას არ შეამოწმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შპს „ხ...“-ს განცხადების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განსახილველად გადაუგზავნელობის და შესაბამისად ამ განცხადების უფლებამოსილი ორგანოს მიერ განუხილველობის პირობებში, საწარმოსათვის გაზრდილი საჯარიმო თანხების დაკისრების კანონიერება და სამართლიანობა. აღნიშნული გარემოებების არსებობა კი, სასამართლომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 და 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანებების ხელახლა განხილვისათვის დაბრუნების საფუძვლად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის დადგენილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს გასაჩივრებულ დადგენილებაში მითითებულ ჩანაწერზე, რომლის თანახმად დადგენილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დადგენილების მიღებისას გამოყენებულ იქნა არასწორი სამართლებრივი საფუძველი (სასარჩელო წარმოების ნაცვლად სასაჩივრე წარმოების ნორმები), ვინაიდან მას რეალურად ჰქონდა საკასაციო საჩივრის წარმოდგენის უფლებამოსილება. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის №4/1-276-21 დადგენილებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის №-561(გ-23) განჩინებაში მოცემულ სამართლებრივ მსჯელობაზე მითითებით აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დადგენილებაში გარკვეულ სამართლებრივ ნორმებზე მითითება, სამინისტროს 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 და 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მიღებულად ვერ აქცევდა და განსახილველ შემთხვევაში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ვრცელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, რაც სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოდგენის და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის შესაძლებლობას იძლეოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის დადგენილებაზე, მიჩნეულ იქნა საკასაციო საჩივრად და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს დადგენილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დადგენილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
უპირველეს ყოვლისა საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის დადგენილებით შპს „ხ...“-ს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ხ...“-ს საჩივარი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის 2020 წლის 26 ივნისის №... სამართალდარღვევის ოქმის, 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილების, 2021 წლის 25 თებერვლის №დად-28/09 დადგენილების, 2021 წლის 2 მარტის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, 2021 წლის 2 აპრილის №დად-64/09 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნით, ამ ეტაპზე - არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 და 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანებები რეაგირებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ხოლო საჩივრის ავტორს - შპს „ხ...ს“ გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის დადგენილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის დადგენილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 ლის 5 მაისის დადგენილება. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ საჩივრის დაკმაყოფილების, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 და 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანებების კანონიერების ნაწილში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 24 ივნისის მ-230 ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 26 ივნისს შედგა №... ტექნიკური ინსპექტირების ოქმი, რომლის მიხედვით განისაზღვრა, რომ შპს „ხ...“-ს ექსპლუატაციაში მყოფ ავტოგასამართ სადგურს არ გააჩნდა ვიდეომეთვალყურეობისთვის განკუთვნილი კამერა, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოგასამართი სადგურების და ავტოგასამართი კომპლექსების შესახებ“ რეგლამენტის 181 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. შედეგად, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2020 წლის 26 ივნისს შპს „ხ...“-ს მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 271 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილებით, შპს „ხ...“ დაჯარიმდა საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 271-ე მუხლის შესაბამისად 2000 ლარით და დაევალა თანხის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ასევე, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის 15 დღის ვადაში სააგენტოსათვის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ დადგენილებაში მითითებული იქნა, რომ დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა გამოიწვევდა დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ასევე განმარტებულ იქნა დადგენილების გასაჩივრების წესი, კერძოდ, განიმარტა, რომ დადგენილება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 30 დღის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2).
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილება 2020 წლის 27 ივლისს ჩაბარდა შპს „ხ...“-ს დირექტორს მ. ხ-ის, რომელმაც 2020 წლის 26 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, მიუთითა, რომ სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილების შესახებ არ ყოფილა გაფრთხილებული და მოითხოვა ჯარიმისაგან გათავისუფლება (პატიება). განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ვადაში დაამონტაჟებდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემას. აღნიშნული წერილის პასუხად კი, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 27 აგვისტოს №09/1196 წერილით შპს „ხ...“-ს დირექტორს ეცნობა, რომ სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის პატიების საკითხის გადაწყვეტა სცილდებოდა სააგენტოს კომპეტენციას.
ასევე დადგენილია, რომ სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილების შეუსრულებლობის მოტივით, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 25 თებერვლის №დად-28/09 დადგენილებით, შპს „ხ...“ დაჯარიმდა 6 000 ლარით. ხოლო, შპს „ხ...“-ს მიერ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოგასამართი სადგურების და ავტოგასამართი კომპლექსის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის 181 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შეუსაბამობის გამოუსწორებლობის, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, შპს „ხ...“ 2021 წლის 2 აპრილის №დად-64/09 დადგენილებით, დამატებით დაჯარიმდა 1000 ლარით.
შპს „ხ...“-ს დირექტორმა როგორც 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/6 დადგენილების, ასევე 2021 წლის 25 თებერვლის №დად-28/09 და 2021 წლის 2 აპრილის №დად-64/09 დადგენილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 ბრძანებით შპს „ხ...“-ს საჩივარი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 25 თებერვლის №დად-28/09 და 2021 წლის 2 აპრილის №დად-64/09 შპს „ხ...“-ს დაჯარიმების შესახებ დადგენილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ №დად-130/06 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ №დად-130-06 დადგენილება შპს „ხ...“-ს დირექტორს - მ. ხ-ის ჩაბარდა 2020 წლის 27 ივლისს და საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იყო გასაჩივრების ვადა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით, 2 დღის განმავლობაში, წერილობით ეცნობება განმცხადებელს. განმცხადებლისთვის 5 დღის ვადაში განცხადების შესაბამისი დასაბუთებით დაბრუნებას კი კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა. ასევე ხაზგასასმელია, რომ დასახელებული მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე აღნიშნავს, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნის საკანონმდებლო დონეზე გაწერილი ვალდებულება, მიზნად ისახავს შეცდომაში შესული განმცხადებელი პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვას იმ პირობებში, როდესაც მან კეთილსინდისიერად - მისთვის კანონმდებლობით ან შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, განცხადების ან/და დოკუმენტის წარდგენით, განახორციელა მოქმედება, რომელიც მიმართულია მისთვის გარკვეული სამართლებრივი შედეგის წარმოშობისკენ. ამდენად, ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა სათანადო რეაგირება შეცდომით შესულ კორესპონდენციაზე და არ გადაიგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს შეფასებული. მაშინაც კი, როდესაც სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, რომელიც შესაბამისი წინაპირობების არსებობისას ითვალისწინებს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი დასაბუთებით, მხარისთვის განცხადების დაბრუნებას, უნდა შეფასდეს ნამდვილად შეუძლებელი არის თუ არა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს გამოკვეთა, რათა განცხადებაში მხოლოდ ორგანოს რეკვიზიტების მიუთითებლობა არ გახდეს მხარის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანების გამოცემისას, იმ პირობებში, როდესაც შპს „ხ...ს“ 2020 წლის 26 აგვისტოს მისი ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მიმართული ჰქონდა განცხადებით, სადავო საკითხზე არსებითად მსჯელობის გარეშე, უკიდურესად ფორმალური დასაბუთებით, მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ასევე სამინისტრომ, 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 ბრძანების მიღებისას, არ შეამოწმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შპს „ხ...“-ს განცხადების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განსახილველად გადაუგზავნელობის და შესაბამისად ამ განცხადების უფლებამოსილი ორგანოს მიერ განუხილველობის პირობებში, საწარმოსათვის საჯარიმო თანხების დაკისრების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არსებული, შპს „ხ...“-ს დირექტორის 2020 წლის 26 აგვისტოს განცხადების ადრესატს, თავად განცხადების თანახმად, წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, ხოლო განცხადებაში მოთხოვნილი იყო მისთვის ჯარიმის „მოხსნა და პატიება“, ამდენად, მართალია წერილობითი მიმართვა შესული იყო განცხადების და არა საჩივრის ფორმით, თუმცა იგი თავისი შინაარსით მიმართული იყო გასაჩივრებული დადგენილებით (№დად-130/06) განსაზღვრული შედეგის/დავალების შეცვლისკენ და შპს „ხ...“-სთვის განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, ამ სახით მოთხოვნის დაყენება კი მისი სათანადო გამოკვლევის და მოთხოვნის დაზუსტების შემთხვევაში, შესაძლოა საჩივრად იქნეს მიჩნეული. აღნიშნულ პირობებში კი, სააგენტოს მიერ საჩივრის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს - 2020 წლის 27 აგვისტოს, №09/1196 წერილით განმცხადებლისთვის პასუხის გაცემამ მოთხოვნილ საკითხზე სააგენტოს კომპეტენციის არარსებობის თაობაზე და განცხადების უფლებამოსილ ორგანოში გადაგზავნის გარეშე, შპს „ხ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესახებ კანონმდებლობით გარანტირებული უფლებამოსილების ფაქტობრივად შეზღუდვა გამოიწვია. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან შესაძლოა განმცხადებელს ადრესატად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ჰყავდა მითითებული, თუმცა თავად სააგენტოსთვის, როგორც სუბიექტისთვის, რომლის ზემდგომ ორგანოს სწორედ სამინისტრო წარმოადგენს, ცნობილი იქნებოდა ინფორმაცია თუ ვინ წარმოადგენდა განცხადებაში დაყენებული საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად მას ექნებოდა შესაძლებლობა განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოში გადაეგზავნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთება სადავო საკითხის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხელახლა განხილვის აუცილებლობა, რათა სამინისტრომ ერთი მხრივ იმსჯელოს რამდენად ევალებოდა სსიპ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს თვითონ გადაეგზავნა შპს „ხ...“-ს საჩივარი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, ხოლო მეორე მხრივ კიდევ ერთხელ შეაფასოს შპს „ხ...“-ს მიერ გასაჩივრების ვადის გაშვების საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ მან ფაქტობრივად, საჩივრის შემცველი განცხადება წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.
რაც შეეხება კასატორის მსჯელობას დავის განხილვისას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამართალწარმოების წესის დარღვევის შესახებ, საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ვრცელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი სასარჩელო წარმოების წესი, რაც სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოდგენის და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის შესაძლებლობას იძლეოდა (იხ. სუსგ 12.07.2022წ. №ბს-577(გ-21)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება სამართალდარღვევის ჩადენისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, წინამდებარე დავის ფარგლებში, განხილულ უნდა ყოფილიყო არა საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოების, არამედ საერთო სასარჩელო წესით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ სადავო საკითხი (კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 2021 წლის 5 აგვისტოს №1-1/360 და 2021 წლის 15 ივნისის №1-1/251 ბრძანებების კანონიერება) არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და საკასაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი მსჯელობა. ამდენად, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა წინამდებარე საქმის განხილვისას შეცდომა დაუშვეს არა მატერიალურ, არამედ პროცესუალურ ნაწილში.
აღსანიშნავია, რომ მთავარ განმასხვავებელ ელემენტს, საჩივრისა და სარჩელით ნაწარმოები სამართალწარმოების ფარგლებში, სწორედ ის წარმოადგენს, რომ ერთ შემთხვევაში მხარეებს ორი ინსტანციის სასამართლოში, მეორე შემთხვევაში კი სამივე ინსტანციის სასამართლოში აქვთ თავიანთი უფლებების დაცვის შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში კი, მხარეების ხელმისაწვდომობა საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული სამივე ინსტანციის სასამართლოზე, უზრუნველყოფილია.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ პრინციპებზე, როგორიც არის შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობის, ინკვიზიციურობის პრინციპები და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოების მიმდინარეობის არცერთ სტადიაზე მხარეებს არ შეზღუდვიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი საპროცესო უფლება, ამასთან, ისინი მიწვეულნი იყვნენ და მონაწილეობდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეხატათ თავიანთი პოზიცია, წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და ა.შ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლო უფლების რეალიზების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დროული და სწრაფი რეაგირება, სასამართლო გადაწყვეტილების სწრაფი და დროული გამოტანა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილი. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობაზე, რომლის თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-3). საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59). სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი კომპონენტებია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-25). „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების - საქმის სამართლიანი განხილვის უფლების არსებით ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განხილვა. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის მოთხოვნის დაწესებით, კონვენცია ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ადმინისტრირებას დაყოვნებების გარეშე, რომლებიც აზიანებენ მართლმსაჯულების ეფექტურობასა და მის მიმართ ნდობას“ (Scordino v. Italy (No.1)[GC], N 36813/97, პარაგრაფი 224, 29 მარტი, 2006). ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, იმგვარად მოაწესრიგონ მათი სამართლებრივი სისტემა, რათა მათმა ეროვნულმა სასამართლოებმა უზრუნველყონ მე-6 მუხლით დადგენილი, განხილვის გონივრული ვადის მოთხოვნის დაცვა (Vocaturo v. Italy, სერია A, N 206-C, პარაგრაფი 17).
ზემოხსენებულ დიდი პალატის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ განსაზღვრა, რომ თითოეულმა სახელმწიფომ [იგულისხმება სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის ეროვნული სასამართლო], მის სასამართლო სისტემაში გამოსაყენებელ წესებზე დაყრდნობით, უნდა გადაწყვიტოს, რომელი პროცედურა უზრუნველყოფს „მართლმსაჯულების ეფექტურობის“ სავალდებულო მოთხოვნის დაცვას ყველაზე უკეთ. აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანობის პრინციპს შეესაბამებოდეს“ (Scordino v. Italy (No.1)[GC], N 36813/97, პარაგრაფი 200, 29 მარტი, 2006).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართლმსაჯულების ეფექტურობის უზრუნველყოფად და მხარეთათვის სამართლებრივი შედეგის წარმომშობი, შესაბამისი სასამართლო აქტის დროულად მისაღებად, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული დადგენილებით სწორად არის გადაწყვეტილი სადავო საკითხი, პროცესუალური ხარვეზის გასწორების მიზნით, არ არის მიზანშეწონილი საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება, განსაკუთრებით იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გორის რაიონული სასამართლოს დადგენილება სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის 2020 წლის 26 ივნისის №... სამართალდარღვევის ოქმის, 2020 წლის 16 ივლისის №დად-130/06 დადგენილების, 2021 წლის 25 თებერვლის №დად-28/09 დადგენილების, 2021 წლის 2 მარტის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, 2021 წლის 2 აპრილის №დად-64/09 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ, ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებით, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრის საკასაციო საჩივრად მიჩნევითა და წარმოებაში მიღებით, მოახდინა მხარეთა უფლებების დაცვა და რეალიზაცია - საქმის კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის დადგენილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა