Facebook Twitter

№ბს-304(კ-23) 25 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ. ბ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის - დ. ჩ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 მარტის ბრძანება №ბ47.74220603, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას (... დ. ჩ-ი) და ხ. ბ-ეს შორის 2021 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; ბ) დადგინდეს ხ. ბ-ეის მიმართ ტყიბულის მერის მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი პოლიტიკური და გენდერული ნიშნით; გ) დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ხ. ბ-ე აღდგება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ...ის წარმომადგენლის თანამდებობაზე; დ) ხ. ბ-ეის სასარგებლოდ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1430 ლარის ოდენობით, 2022 წლის 01 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას და ...ს დ. ჩ-ის დაეკისროთ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის სახით 5000 ლარის გადახდა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით ხ. ბ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ხ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ხ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

2022 წლის 15 დეკემბერს ხ. ბ-ეის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია და მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 მარტის ბრძანება №ბ47.74220603, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას (... დ. ჩ-ი) და ხ. ბ-ეს შორის 2021 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს 2021 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი ხელახლა განიხილოს დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში; ბ) დადგინდეს ხ. ბ-ეის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი პოლიტიკური და გენდერული ნიშნით; გ) ხ. ბ-ეის სასარგებლოდ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1430 ლარის ოდენობით, 2022 წლის 01 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის სახით 5000 ლარის გადახდა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ხ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა-გადაწყვეტა არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რამდენადაც ხ. ბ-ეის სარჩელი შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლას, რასთან დაკავშირებული დავაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა) - სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს. საქმეში დაცული 27.10.2021 წლის №02-9 ხელშეკრულებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ...ს - დ. ჩ-ისა და ხ. ბ-ეს შორის, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტით ხელშეკრულების საგანი იყო, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იკავებდა საჯარო დაწესებულებაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობას (მუხლი 1.2.). ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გაწერილ იქნა დასაქმებული პირის ფუნქცია-მოვალეობები. ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლში გაიწერა ხელშეკრულების მოქმედების ვადები, კერძოდ, ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო 2022 წლის 01 იანვრამდე (მუხლი 6.1.). ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელი იყო გაფორმებულიყო ახალი ხელშეკრულება (მუხლი 6.1.). 8.1 მუხლით კი, დადგენილია ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, ხელშეკრულების ვადის გასვლა (მუხლი 8.1.1.), ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმება (მუხლი 8.1.2.), შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში - შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტა (მუხლი 8.1.3.), საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება (მუხლი 8.1.4.), სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (მუხლი 8.1.5), ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა (მუხლი 8.1.6.), მძიმე დისციპლინური გადაცდომის განზრახ ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა (მუხლი 8.1.7.), სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა (მუხლი 8.1.8.), ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდება (მუხლი 8.1.9.), გარდაცვალება (მუხლი 8.1.10), ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივა (მუხლი 8.1.11.). 8.2. მუხლში მითითებულია, რომ ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზეც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ხელშეკრულება წყდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში - შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 11 იანვრის №ბ74.742201122 ბრძანებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ...ში ხ. ბ-ეს, გაუგრძელდა 2021 წლის 27 ოქტომბერს დადებული №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 თებერვლამდე. ამავე ბრძანებით ხ. ბ-ეის შრომითი პირობები განისაზღვრა ადმინისტრაციული ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად. 2022 წლის იანვრის №02-40 შეთანხმებით ირკვევა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ...მა - დ. ჩ-იმა და ხ. ბ-ემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 11.01.2022 წლის №ბ74.742201122 ბრძანების საფუძველზე, დადეს შეთანხმება ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 თებერვლამდე, ხოლო ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1 პუნქტში შეტანილი ცვლილებებით, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში და შეადგენს 1430 (ერთი ათას ოთხას ოცდაათი) ლარს’’. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 27 იანვრის №ბ74.74220273 ბრძანებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ...ში ხ. ბ-ეს, გაუგრძელდა 2021 წლის 27 ოქტომბერს დადებული №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2022 წლის 01 თებერვლიდან 2022 წლის 01 მარტამდე. ამავე ბრძანებით ხ. ბ-ეის შრომითი პირობები განისაზღვრა ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად. 2022 წლის 01 თებერვლის №02-70 შეთანხმებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა - დ. ჩ-იმა და ხ. ბ-ემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 27.01.2022 წლის №ბ74. 74220273 ბრძანების საფუძველზე დადეს შეთანხმება ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 თებერვლიდან 2022 წლის 01 მარტამდე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 მარტის №ბ74.74220603 ბრძანებით ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, 2022 წლის 01 მარტიდან შეწყდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან (...) - ხ. ბ-ესთან, 2021 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ზემოაღნიშნულის შესახებ ხ. ბ-ეს ეცნობა 11.03.2022 წლის №74-742207017 წერილით. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 22 აპრილის №74-742210134 წერილით ხ. ბ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ 78-ე მუხლი პოლიტიკური თანამდებობის პირს - მუნიციპალიტეტის მერს ანიჭებდა უფლებამოსილებას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი სამსახურში მიიღოს კონკურსის გარეშე, სუბიექტური შეხედულების საფუძველზე, მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულების იდეის გათვალისწინებით, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ საჭიროებდა დასაბუთებას. რაც შეეხება ხ. ბ-ეის წერილში მოყვანილ გარემოებას გენდერულ ნიშანთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ ამჟამად მერის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს ქალბატონი. ასევე განიმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის (ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა) არსებობა ავტომატურად გულისხმობდა მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, 78-ე მუხლის პირველ პუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ პუნქტზე, 81-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 82-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54.2 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხ. ბ-ე წარმოადგენდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში 27.10.2021 წლის №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ...ში, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოქმედება. 27.10.2021 წლის №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, კერძოდ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 11 იანვრის №ბ74.742201122 ბრძანებით 27.10.2021 წლის №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 01 იანვრიდან გაგრძელდა - 2022 წლის 01 თებერვლამდე, ხოლო 2022 წლის 27 იანვრის №ბ74.74220273 ბრძანებით №02-9 ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 01 თებერვლიდან - 2022 წლის 01 მარტამდე.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, კანონი უშვებს ხელშეკრულების შეწყვეტას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას. მოდავე მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82.1 მუხლთან მიმართებით, კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია დაასაბუთოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძვლები, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ ვადის გასვლის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რა დროსაც ის ფართო დისკრეციით სარგებლობს და არ არის ვალდებული მიუთითოს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზებზე და ამ მიმართებით არ ევალება დაასაბუთოს მიღებული გადაწყვტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მერის წარმომადგენელი არ შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირთა

ჩამონათვალში, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, როგორც კანონის, ისე ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს რა საჯარო უფლებამოსილებას, მასზე ვრცელდება ის შრომითი გარანტები, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით არის დადგენილი. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. 76-ე მუხლის მე-2 პუნქტით, თვითმმართველი ერთეული, ორგანული კანონის შესაბამისად, დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას, ორგანული კანონისა და საჯარო სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს. საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას - არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, თუმცა შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის კანონიერების გამორკვევაა, რაც სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუსაბუთებელია აპელანტის პოზიცია, რომ ვინაიდან ტყიბულის მერმა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულს კვლავ გაუგრძელა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ანალოგიურად მოხდებოდა მასთან მიმართებითაც. მხარის ამგვარი მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც სამსახურთან დაკავშირებული ხელშეკრულება მხარეთა ორმხრივ ნებაზეა დამოკიდებული, რაც კონკრეტულ საკითხზე რეალურად შეთანხების პროცესში გამოვლინდება, შესაბამისად, ვარაუდი რომ მხარეები შეთანხმდებოდნენ ასეთი ხელშეკრულების დადებაზე - ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო სამართალში მოქმედ მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენისა და ავტონომიურობის პრინციპს. ამასთან, 2021 წლის 27 ოქტომბრის №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულების მე-8 მუხლით, განისაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, 8.1.1 მუხლით ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ხელშეკრულების ვადის გასვლა. დადგენილია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით №ბ47.74220603, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო 2022 წლის 01 მარტიდან შეწყდა ტყიბულის მუნიციპალტეტის მერის წარმომადგენლთან ...ში - ხ. ბ-ესთან, 2021 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მოსარჩელეს გაეგზავნა 2022 წლის 11 მარტს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, 2021 წლის 27 ოქტომბრის №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მხარეებს შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 712-ე და 720-ე მუხლებიდან გამომდინარე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, ხ. ბ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, კანონშესაბამისია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-14 მუხლსა და მე-12 ოქმის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის 2.2 მუხლზე, ,,შრომის და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ’’ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1958 წლის №111 კონვენციაზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა განსხვავებულ მოპყრობას. დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახელებული მიზნის არათანაზომიერია.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს გენდერული და პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციის შესახებ. აპელანტი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ...ის საარჩევნო უბანზე (საარჩევნო ოლქის №...), სადაც მერის წარმომადგენლობას ახორციელებდა ის (ხ. ბ-ე), დ. ჩ-იმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში №... საარჩევნო უბანზე მიიღო 199 ხმა, ხოლო ოპოზიციურმა კანდიდატმა - ბ. ზ-იმა 261 ხმა. ამასთან, ხ. ბ-ეის მიერ მოპოვებულ აუდიო ჩანაწერში ნათლად იკვეთება მერის უკმაყოფილება, პირადი წყენა საარჩევნო პროცესებთან მიმართებით. მერი როგორც 2022 წლის 14 ივნისის სხდომის ოქმში, ასევე მტკიცებულების სახით წარდგენილ აუდიო ჩანაწერში ადასტურებს, რომ ხ. ბ-ესთან ჰქონდა საუბარი და განამრტავს შემდეგს - ,,მე არჩევნების პერიოდში ხ. შემხვდა ერთხელ და არჩევნების დასრულების შემდგომ მოვიდა ოფისში მეორე დღეს, როცა მოვიდა ოფისში მან დამიწყო საუბარი, იცი რა დეპუტატმა იქ რაღაცა კარგად ვერ გააკეთა, ვინც იყრიდა კენჭს რაღაცა პრობლემებია და ვეკითხები ეხლა რატომ საუბრობ ჩემთან ამ თემაზე, ეხლა დავამთავრეთ არჩევნები და ეხლა რატომ ვსაუბრობთ, ნუ არ ვიციო ესე მითხრესო, რომ აქ უნდა მოვსულიყავიო და ვინ გითხრა მეთქი, მითხრესო, დავამთავრე მაგ თემაზე საუბარი თქო და ვუთხარი ჩვენ საქმინობას ვიწყებთ მერიაში, როცა ესე შევხვდით და დანარჩენი გავაგრძელოთ მერის უფლებამოსილება როცა შევა ძალაში’’. ზემოაღნიშნული საუბრის შესახებ დაადასტურა თავად დ. ჩ-იმაც, ამდენად მოსარჩელის აზრით, მისი (ხ. ბ-ეის) გათავისუფლების რეალური საფუძვლი იყო არჩევნების შედეგები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მოსარჩელის მოსაზრებასთან მიმართებაში მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად არ დასტურდება ხ. ბ-ეის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი. ხ. ბ-ეს ხელშეკრულება შეუწყდა ვადის გასვლასთან დაკავშირებით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 78.2 მუხლის თანახმად, პირი საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება პოლიტიკური თანამდებობის პირის სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე. ეს არის მისი პოლიტიკური უფლებამოსილებების შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად, კანონი არ ადგენს კონკურსის ჩატარების ვალდებულებას. საჯარო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარება ემსახურება საუკეთესო კონკურსანტის მიუკერძოებლად შერჩევის მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შემთხვევაში კადრების შერჩევას საფუძვლად არ უდევს მიუკერძოებლობის პრინციპი. ამდენად, საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი თანამდებობები არის ის გამონაკლისი, რაზეც არ ვრცელდება საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულება არის სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. გენდერული ნიშნით მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად ხ. ბ-ემ მიუთითა ფარულ ჩანაწერზე, სადაც ასახულია მისი საუბარი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან. საუბრის პროცესში მერმა განაცხადა: „არის ძალიან სარბენი საქმე, ძალიან შავი და უმადური საქმე, დღე და ღამე სარბენი სამუშაო საქმე...ბავშვი გყავთ... ისეთი საქმეა, იქ უნდა იყოს სოფლის მოურავი, ნაჯახი უნდა ეჭიროს, უნდა ირბინოს...რატომ უნდა ჩააცივდეთ ამ მოურავის საქმეს...“. სწორედ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით მიუთითებს მოსარჩელე გენდერული ნიშნით დიკრიმინაციაზე, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მითითება სამუშაოს სიმძიმეზე არ ნიშნავს, რომ ამ საქმის შესრულება მხოლოდ მამაკაცს შეუძლია, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა მოვალეობის შემსრულებლად ხ. ბ-ეის შემდეგ კვლავ ქალი დაინიშნა იგივე პოზიციაზე. ამასთან, როგორც გენდერული ნიშნით, ასევე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას გამორიცხავს ის გარემოებაც, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 81.2 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმება ხდება არა უმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით, განსახილველ შემთხვევაში მერმა - დ. ჩ-იმა მას შემდეგ, რაც იგი აირჩიეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ...ს პოზიციაზე, ხ. ბ-ე დანიშნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ...ის წარმომადგენლად, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უკვე ცნობილი იყო არჩევნების შედეგები და არც მოსარჩელის სქესის გამო შეუკავებია თავი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნა - დადგინდეს მოპასუხის მხრიდან ხ. ბ-ეის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია გენდერული და პოლიტიკური ნიშნით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ხ. ბ-ემ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს ერთიანი მიდგომის სტანდარტი მოსარჩელეების მიერ გაკეთებული განცხადებების სანდოობასთან დაკავშირებით (მაგალითად, მოსარჩელეების განცხადებები, ერთი მხრივ, ეროვნულ დონეზე და, მეორე მხრივ, საერთაშორისო სასამართლოში). მაშინაც კი, თუ მოსარჩელის განცხადება ზოგიერთი დეტალის შესახებ შეიძლება არათანმიმდევრულად გამოიყურებოდეს, სასამართლოსთვის ეს არ ამცირებს განმცხადებლის პრეტენზიის საერთო სანდოობას. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა გამოკვლევა, თუ რატომ დაწერა საჯარო მოხელემ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, მერმა დისკრიმინაციულად, პირდაპირ სქესსა და მცირეწლოვან ბავშვზე მითითებით სამსახურიდან გაათავისუფლა ხ. ბ-ე. თავისთავად, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა ურთიერთობა, არ აქარწყლებს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა გამამართლებელი საფუძველი, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე სააპელაციო სასამართლო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, ხ. ბ-ეის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფარულ ჩანაწერში ასახულ თავის საუბარს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან. საუბრის პროცესში მერმა განაცხადა: „არის ძალიან სარბენი საქმე, ძალიან შავი და უმადური საქმე, დღე და ღამე სარბენი სამუშაო საქმე...ბავშვი გყავთ... ისეთი საქმეა, იქ უნდა იყოს სოფლის მოურავი, ნაჯახი უნდა ეჭიროს, უნდა ირბინოს...რატომ უნდა ჩააცივდეთ ამ მოურავის საქმეს...’’ ამ გარემოების მიუხედავად სასამართლოებმა კანონით გათვალისწინებულზე მეტი მტკიცების ტვირთი დააკისრეს მოსარჩელეს. ამასთან, სხვა მტკიცებულება ვერ იარსებებს დისკრიმინაციის ბუნებიდან გამომდინარე (დისკრიმინაციული მოტივი მადისკრიმინირებლის მხრიდან ხშირ შემთხვევაში დაფარულია). სასამართლოებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე ერთობლივად, მტკიცების ტვირთის კანონის შესაბამისად გადანაწილებით უნდა ემსჯელათ, რომლის შემდგომაც გაეცემოდა პასუხი თუ რა ედო საფუძვლად ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტას და დადგინდებოდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ხ. ბ-ეის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, რამაც განაპირობა მისთვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უკანონო უარი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, პასუხი არ არის გაცემული იმ არსებით საკითხებზე, რასაც აპელანტი სადავოდ ხდიდა - დადგენილიყო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი იმ მტკიცებულებების სათანადოდ შეფასებით, რაც მოსარჩელის მიერ იქნა წარდგენილი. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დისკრიმინაციის ფაქტის დასადასტურებლად წარდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 3633 მუხლებით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ შეფასეს.

საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმე ეხება ადმინისტრაციული ხელშეკურულებით დასაქმებულ პირს - მერის წარმომადგენელს. ადმინისტრაციულ ორგანოებში დადგენილი პრაქტიკაა, რომ მერები წარმომადგენლებთან აფორმებენ მოკლევადიან ხელშეკრულებებს (1-1 თვით), რაც მათ მუდმივი შიშის ქვეშ - გათავისუფლების წინაშე ამყოფებს. კანონმდებელი კი, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ზედა ზღვარს მერის უფლებამოსილების - ვადას განსაზღვრავს. საქმის განმხილველმა სასამართლოებმა არც მაშინ გამოიჩინეს საკითხისადმი შესაბამისი ინტერესი, როცა ხ. ბ-ე დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მიუთითებდა შესაბამისი დადასტურებული მტკიცებულებებით (არა თუ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდზე, არამედ პირდაპირ მტკიცებულებებზე). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (აუდიო ჩანაწერით) დასტურდება, რომ ტყიბულის ... - დ. ჩ-ი პირად საუბარში ხ. ბ-ეს პირდაპირ მიუთითებს მის გენდერულ ნიშანზე, დედობაზე, მცირეწლოვან შვილზე, რომლის გამოც მერის წარმომადგენლობას თითქოსდა ის ვერ შეძლებდა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ წარმოშობს კერძოსამართლებრივ ურთიერთობას. ამ შემთხვევისთვის ხელშეკრულების მეორე მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებული მოვალეობების შესრულება საჯარო უფლებამოსილებაა. შესაბამისად, მხოლოდ კერძო (სახელშეკრულებო) ავტონომიაზე მითითება, მით უფრო, როცა დისკრიმინაციულ მოპყრობას აქვს ადგილი, არის არასწორი. წინამდებარე დავა მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისითაც, რომ მოსარჩელეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არც ეს გარემოება არ ყოფილა გათვალისწინებული და ხ. ბ-ე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის თანახმად, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო. კანონის 56-ე მუხლის მიხედვით კი, საჯარო დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს მოხელეების მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული წინსვლის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. საჯარო დაწესებულება ვალდებულია სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის მიზნით, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს საჯარო დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.

დადგენილია, რომ ხ. ბ-ე ტყიბულის მერიაში მუშაობდა 2015 წლიდან. მან 2017 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღო ტყიბულის მერის წარმომადგენლის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის შედეგად დაინიშნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლად ...ში. 2015 წლიდან, ტყიბულის მერიაში მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში ხ. ბ-ეის მიმართ არცერთი დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა და არც შესაბამისი ღონისძიება არ გამოყენებულა. უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ხ. ბ-ე მუშაობდა სამი ახალი მერის პირობებში და არასდროს მისი სამუშაოს შესრულების მიმართ არავის პრეტენზია არ ჰქონია, მათ შორის, არც ...ში მცხოვრებ არცერთ მოქალაქეს არ წარუდგენია განცხადება/საჩივარი. მუდმივად იყო ადმინისტრაციული ერთეულის სამსახურში და ყურადღებას ყველა გზით აქცევდა მოსახლეობას. ხ. ბ-ეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ... წლის ...ს დაბადებული გ. გ-ე. 2021 წლის 27 ოქტომბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას (... დ. ჩ-ი) და მოსარჩელეს შორის საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაფორმდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება №02-9. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულების 6.2. პუნქტის მიხედვით „ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება’’. დასახელებული სახელშეკრულებო დათქმა გულისხმობს ხელშეკრულების გაგრძელების შესაძლებლობას. სწორედ ამ დათქმის შედეგად, 2022 წლის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2022 წლის 01 იანვრიდან გაგრძელდა 2022 წლის 01 თებერვლამდე, ასევე გაიზარდა შრომის ანაზღაურება და შეადგინა 1430 ლარი. 2022 წლის 27 იანვრის №74.74220273 ბრძანებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 01 მარტამდე. 2021 წლის 9 სექტემბერს (ამ დროს ტყიბულის ... იყო თ. ჩ-ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ყოველკვირეული თათბირი, სადაც მაშინდელმა ...მ - ნ. კ-ემ გააჟღერა კითხვები, თუ რა ხდებოდა არჩევნების კუთხით ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში. მოსარჩელემ განუმარტა, რომ არც ისე სახარბიელო მდგომარეობა იყო კურსებში და განსაკუთრებით 21-ე უბანზე, რაზეც ნ. კ-ემ მკაცრად უთხრა, თუ რატომ ხდებოდა მსგავსი და მოუწოდა აქტიურად ჩართულიყო საარჩევნო პროცესებში, რადგან მოსარჩელე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არ იყო ჩართული, რაც შემდგომ დასტურდება მერთან დიალოგითაც. ნ. კ-ეის მითითებით, ხ. ბ-ე შეხვდა ...ის ხელმძღვანელს (მოქმედ ტყიბულის ...ს), ი. რ-ეს, რომელმაც იმავე მოწოდებით მიმართა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ...ის №... საარჩევნო უბანზე (საარჩევნო ოლქის №....), სადაც მერის წარმომადგენლობას ახორციელებდა ხ. ბ-ე, დ. ჩ-იმა მიიღო 199 ხმა, ხოლო ოპოზიციურმა კანდიდატმა - ბ. ზ-იმა 261 ხმა. ხ. ბ-ემ 2022 წლის 01 მარტს მერის გადაწყვეტილებით მოულოდნელად დაკარგა სამსახური და აღმოჩნდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი. ...მა - დ. ჩ-იმა 10 ადმინისტრაციული ერთეულიდან მხოლოდ მას არ გაუგრძელა ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ეს მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელე არის მცირეწლოვანი შვილის დედა, ქალი და 2021 წლის არჩევნებში მოქმედი მერი უკმაყოფილო დარჩა ...ში არჩევნების შედეგებით. 2022 წლის 5 მარტს, 17:00 საათზე, ხ. ბ-ე შეხვდა ...ს - დ. ჩ-ის, მის კაბინეტში, რა დროსაც ხ. ბ-ემ ფარულად ჩაიწერა მათი დიალოგი. მერთან შეხვედრისას პირველი შეკითხვა იყო თუ რატომ ხდებოდა განსხვავებული მოპყრობა მხოლოდ ხ. ბ-ეის მიმართ და მხოლოდ მას რატომ შეუწყდა ხელშეკრულება სხვა 9 მამაკაცი წარმომადგენლისგან განსხვავებით. მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ სხვები დაკვირვების ქვეშ იყვნენ და მათთან გაფორმდა ერთთვიანი ხელშეკრულებები. საუბარში მერმა პირდაპირ მიუთითა მოსარჩელეს, რომ წარმომადგენლის პოზიციაზე ესაჭიროებოდა/ესაჭიროება კაცი. ასევე, ჰკითხა თუ რატომ ჰქონდა სურვილი დაეკავებინა მოურავის ადგილი. ამასთან, საუბრისას აღნიშნა, რომ ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი და შეეძლო მისთვის მეტი დრო დაეთმო. უნდა აღინიშნოს, რომ მერს დღემდე არ ჰყავს ახალი თემის რწმუნებული დანიშნული ...ში. დღემდე დასახელებულ პოზიციაზე მუშაობს მოვალეობის შემსრულებელი.

აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ მერმა მას შემდგომ, რაც საუბარში გამოარკვია მოსარჩელის შესაძლებლობები (რაც იმას ნიშნავს, რომ მერმა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მოსარჩელეს საერთოდ არ იცნობდა), დაიწყო სხვა პოზიციაზე მისი დანიშვნის შეთავაზება. აღნიშნული ნიშნავს, რომ თემის რწმუნებულის პოზიციაზე კვალავ არ უგრძელებდა ხელშეკრულებას, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ არის ქალი, ჰყავს ბავშვი და ეს ადგილი მოურავის ადგილი იყო, სადაც ნაჯახიც უნდა ეჭიროს და ბევრი ირბინოს. აუდიო ჩანაწერში არის შემდეგი ფრაზები: „- არ გიცნობთ, პირდაპირ გეუბნებით, აი დღეს გავიგე ორი თუ სამი უცხო ენა ვიციო. თუ სამსახურის შანსი არის და მეც მოვიკითხავ, რატომ უნდა ჩააცივდეთ ამ მოურავის ადგილს, თქვენ ნახეთ თუ რაიმე სხვა სამსახურს ნახავთ გამაგებინეთ, ოღონდ სრული სერიოზულობით გეუბნებით, თუ ორი ენა იცით, ინგლისური იცით. - დიახ საშუალო დონეზე ვიცი, კარგად ვიცი რუსული და თურქული; - აი რამდენ ხანში გექნება სხვა სამსახურთან დაკავშირებით ინფორმაცია, მე გეკითხებით ამას რაღაც ცვლილებებს ვგეგმავ პროცესები წასულია, მერიაში არა ოღონდ ტურიზმის მიმართულებით ვამბობ; - არა ბატონო დ. ჩემი ტყიბულში გადმოსვლა შეუძლებელია, თუ გადმოვალ უნდა გადმოვიდე ძალიან მაღალ თანამდებობაზე, სადაც ხელფასიც მაღალი იქნება, ჩემთვის რთულია კურსებიდან ტყიბულში სიარული მანძილის გამო; - აქ საწვავის თანხა განისაზღვრება, ბევრი ფაქტორია; - ვორდთან და ექსელთან როგორ ხართ; - კარგად ვარ ყველა პროგრამა თავისუფლად ვიცი; - სად ფიქრობთ ქუთაისში; - უფრო არასამთავრობოში, მე ვიცი როგორი რთულია საჯარო სამსახურში მოხვედრა, ამიტომ ამ მიმართულებით ვფიქრობ, მართალია, ძალიან მიყვარს საჯარო სამსახური, ჩემი მიმართულება ეს არის, მაგრამ ასე ვფიქრობ; - კარგით თქვენ გამაგებინეთ აუცილებლად, როგორ იქნება და ჩემი ტელეფონის ნომერი ხომ ჩაინიშნეთ და გამაგებინეთ”.

კასატორის განმარტებით, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს უფლება, რომლით სარგებლობაშიც განმცხადებელს ხელი შეეშალა. ხ. ბ-ეს ხელშეკრულებითვე ჰქონდა განსაზღვრული ხელშეკრულების გაგრძელების უფლება, რაც დისკრიმინაციულად შეეზღუდა. აღნიშნული დგინდება შემდეგი გარემოებებით: 1. 2021 წლის 27 ოქტომბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას (... დ. ჩ-ი) და მოსარჩელეს შორის საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაფორმდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება №02-9. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულების 6.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება”. 2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას. კანონში განსაზღვრულია მაქსიმალური ზღვარი, თუმცა კანონმდებელი მოწესრიგების მიღმა ტოვებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შრომითი ურთიერთობის მინიმალური ვადებით განსაზღვრას. ტყიბულის მერიას კი, პრაქტიკად აქვს დადგენილი მხოლოდ მინიმალური ვადებით ხელშეკრულებების გაფორმება, რათა ვადა გახდეს შემდგომი დასჯის მექანიზმი. ევროკავშირის ფარგლებში შემუშავებულია დირექტივა, რომელიც ეხება მოკლევადიან ხელშეკრულებებს. დირექტივის მიზანია, მოკლევადიან შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციისა და უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. დირექტივის მე-3 მუხლი აკონკრეტებს, რომ ვადიანი ხელშეკრულება ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულების ან ურთიერთობის დასრულება დაკავშირებულია ობიექტური პირობების არსებობასთან, როგორიცაა, კონკრეტული თარიღის დადგომა, კონკრეტული დავალების შესრულება ან/და სპეციფიკური მოვლენის დადგომა. ვადიანი ხელშეკრულებით დასაქმებულის მიმართ უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, დირექტივის მე-5 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების განახლება უნდა დასაბუთდეს ობიექტური გარემოებით, უნდა განისაზღვროს ვადიანი ხელშეკრულების მაქსიმალური ვადა, უნდა გაკეთდეს დათქმა აღნიშნული ხელშეკრულების განახლების რაოდენობის თაობაზე. ამდენად, ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის საკითხი ექცევა დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილი წესით განხორციელების ვალდებულებასა და ასევე, ხელშეკრულების დებულებებში. დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, ამავდროულად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება უშვებს ხელშეკრულების გაგრძელების შესაძლებლობას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომ შესაძლებელია განუსაზღვრელად ხელშეკრულებების დადება 1-თვიანი ვადებით, არ არის შრომის პირობების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და არც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ იყო სამართლიანი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, რომ ხ. ბ-ეს ნამდვილად ჰქონდა უფლება ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

საყურადღებოა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოწმეებმა დაადასტურეს მოსარჩელის პროფესიონალიზმი. ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ნაკისრ ვალდებულებას ხ. ბ-ე სათანადოდ არ ასრულებდა. სააპელაციო სასამართლოში დამატებით იქნა წარდგენილი მტკიცებულებები (ამონარიდები სოციალური ქსელიდან) იმის თაობაზე, რომ მერის სხვა წარმომადგენლების მიმართ თებერვლის თვეში უამრავი პრეტენზია არსებობდა, თუმცა მათ შემთხვევაში (9 მამაკაცი) ხელშეკრულებები მარტის თვიდან გაგრძელდა. ხ. ბ-ეის მიმართ ხელშეკრულების გაგრძელება არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ მოსახლეობის მხრიდან არანაირი წერილობითი და ზეპირი პრეტენზია არ არსებობდა. მართალია, აღნიშნულზე მოპასუხე მიუთითებდა სასამართლო სხდომებზე, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. 2022 წლის მარტის თვეში ათი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლიდან მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთან - ხ. ბ-ესთან არ მოხდა ხელშეკრულების გაგრძელება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლის თანახმად, მოხდა მხოლოდ ერთი ქალი მოვალეობის შემსურლებლის (ე. ბ-იის) და ასევე, თვეების შემდეგ (აგვისტოში) ო. ა-ას დანიშვნა, აღნიშნული არ არის რელევანტური მტკიცებულება, რადგან დასახელებული პირები არ არიან იმავე დროს და იმავე სტატუსით დანიშნული, როდესაც ხ. ბ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო მერის მამაკაც წარმომადგენლებს გაუგრძელდათ ხელშეკრულებები.

კასატორის განმარტებით, მერი, როგორც 2022 წლის 14 ივნისის სხდომის ოქმში (13:42:56), ასევე აუდიოჩანაწერში ადასტურებს, რომ ხ. ბ-ესთან ჰქონდა საუბარი და განმარტავს შემდეგს: „მე არჩევნების პერიოდში ხ. შემხვდა ერთხელ და არჩევნების დასრულების შემდგომ მოვიდა ოფისში მეორე დღეს, როცა მოვიდა ოფისში მანდ დამიწყო საუბარი, იცი რა დეპუტატმა იქ რაღაცა კარგად ვერ გააკეთა, ვინც იყრიდა კენჭს, რაღაცა პრობლემებია და ვეკითხები ეხლა რატომ საუბრობ ჩემთან ამ თემაზე, ეხლა დავამთავრეთ არჩევნები და ეხლა რატომ ვსაუბრობთ, ნუ არ ვიციო, ესე მითხრესო, რომ აქ უნდა მოვსულიყავი და ვინ გითხრა მეთქი, მითხრესო. დავამთავრე მაგ თემაზე საუბარი-თქო და ვუთხარი ჩვენ საქმინობას ვიწყებთ მერიაში, როცა ესე შევხვდით და დანარჩენი გავაგრძელოთ მერის უფლებამოსილება როცა შევა ძალაში”. ამ განმარტებით მოპასუხემ დაადასტურა, რომ ხ. ბ-ე მასთან ნამდვილად იმყოფებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დროს მოსარჩელე იყო წნეხის ქვეშ, მას პასუხს სთხოვდა ...ი არჩევნების შედეგების გამო და იძულებული გახდა უკვე არჩეულ მერთან მისულიყო განმარტებებისთვის. აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით საყურადღებოა მოწმე კ-იის ჩვენება, რომელიც აცხადებს შემდეგს: „არჩევნების პროცესში ხ.მ როგორც მითხრა მას პრეტენზიები წაუყენეს თუ რატომ წააგო 21-ე უბანზე არჩევნები, კერძოდ, მაშინდელმა ...მ - ნ. კ-ემ ამაზე მისცა მას შენიშვნა.” ასევე საყურადღებოა, რომ თავად ...ც - დ. ჩ-იც ადასტურებს იგივეს. მნიშვნელოვანი დიალოგი იყო ფარულ აუდიოჩანაწერში, რისთვისაც სასამართლოს არც მიუქცევია სათანადო ყურადღება: ,,.....მითუმეტეს, რომ შეახსენებენ კიდევ ერთხელ და ეტყვიან, რომ შენ ორი თვის განმავლობაში არ ჩანდი ისე ჯეროვნად; - ეს როდის მითხარით, რომ ორი თვე არ ვჩანდი?!; - აი არჩევნების პერიოდში გითხარით; - თქვენ იყავით რამდენიმე დღის არჩეული მე რომ შეგხვდით; - დიახ, მაშინ გითხარით, რომ არ ჩანდით’’. აღნიშნული დიალოგიდანაც ნათლად ჩანს, რომ ხ. ბ-ეს, როგორც პოლიტიკურად არააქტიურ მერის წარმომადგენელს პასუხს სთხოვდნენ. დასახელებული ფრაზები ...ს მხრიდან, და შტაბში შეხვედრების გამართვა მიუთითებს, რომ ხ. ბ-ე იყო წნეხის ქვეშ და მას არჩევნების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე და დამდგარ შედეგებზე პასუხებს სთხოვდნენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა შექმნოდა წარმოდგენა ხ. ბ-ეის გათავისუფლების რეალურ საფუძვლებზე - არჩევნების შედეგებზე.

კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების 3.5. პუნქტი დაწესებულებას ავალდებულებდა შეექმნა სამუშაო გარემო, აგრეთვე, უზრუნველეყო ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული წინსვლის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. იმავე ვალდებულებას აწესებს კანონი, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს მოხელეების მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული წინსვლის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით საჯარო დაწესებულება ვალდებულია სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის მიზნით, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს საჯარო დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება. ამავე კანონის მე-80 მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლები, 57-ე მუხლის პირველი პუნქტი, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლები, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი და X თავი, აგრეთვე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლი, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 55-ე–57-ე, 61-ე, 63-ე–69-ე, 75-ე–78-ე და მე-80 მუხლები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „შრომისა და დასაქმების სფეროში” №111 კონვენციის თანახმად, შრომით ურთიერთობაში დაუშვებელია რაიმე ნიშნით განსხვავება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოებს არ შეუფასებიათ ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო დათქმა გულისხმობს ხელშეკრულების გაგრძელების შესაძლებლობას. ასევე, არ შეუფასებიათ ის, რომ ხ. ბ-ეს ხელშეკრულების გაგრძელების შესაძლებლობა წაერთვა დისკრიმინაციული მოტივებით (გენდერული და პოლიტიკური ნიშნით). რაც შეეხება, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, განსახილველ შემთხვევაში, ხ. ბ-ე არახელსაყრელ პირობებში იმყოფება ყველა იმ პირთან მიმართებით, ვისაც, განმცხადებლის მსგავსად, გაუფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და არ მოხდა მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლის გამო. კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში ხელშეკრულება გაუგრძელდათ 9 თემის რწმუნებულს (ცხრავე იყო მამრობითი სქესის). მოპასუხის მიერ დასახელებული ე. ბ-იი, რომელიც დაინიშნა ხ. ბ-ეის ნაცვლად, დღემდე არის მოვალეობის შემსრულებელი და არა თემის რწმუნებული, ხოლო მეორე პირს - ო. ა-ას, ხელშეკრულება გაუფორმდა 2022 წლის აგვისტოში, მაშინ როცა მოსარჩელე უკვე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე დავობდა სასამართლოში. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ...ში თავდაპირველად ხელშეკრულება გაუგრძელდა მამაკაც რწმუნებულს - თ. ლ-ეს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ მოხდა (აგვისტოში) ო. ა-ას დანიშვნა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში შესადარებელი პირები არიან მხოლოდ 2022 წლის მარტის თვეში დანიშნული პირები - მამაკაცები. ამასთან, ო. ა-ას და ე. ბ-ის არ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი.

კასატორის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასრულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 მარტის ბრძანებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, ...ის სპეციალისტს - ე. ბ-ის 2022 წლის 1 მარტიდან დაეკისრა მერის წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება ...ში მერის წარმომადგენლის ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე. ეს გარემოება სასამართლომ შემდგომში არასწორად გამოიყენა დისკრიმინაციის გამოსარიცხად, კერძოდ, განმარტა შემდეგი: „მოცემულ შემთხვევაში, გენდერული ნიშნით მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად ხ. ბ-ემ მიუთითა ფარულ ჩანაწერზე, სადაც ასახულია მისი საუბარი ...თან. საუბრის პროცესში მერმა განაცხადა: „არის ძალიან სარბენი საქმე, ძალიან შავი და უმადური საქმე, დღე და ღამე სარბენი სამუშაო საქმე...ბავშვი გყავთ... ისეთი საქმეა, იქ უნდა იყოს სოფლის მოურავი, ნაჯახი უნდა ეჭიროს, უნდა ირბინოს...რატომ უნდა ჩააცივდეთ ამ მოურავის საქმეს’’...სწორედ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით მიუთითებს მოსარჩელე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მითითება სამუშაოს სიმძიმეზე არ ნიშნავს, რომ ამ საქმის შესრულება მხოლოდ მამაკაცს შეუძლია, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა მოვალეობის შემსრულებლად ხ. ბ-ეის შემდეგ კვლავ ქალი დაინიშნა იგივე პოზიციაზე’’. სასამართლოს აღნიშნული განმარტება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ე. ბ-იი ...ის წარმომადგენლის პოზიციაზე იყო დროებითი მოვალეობის შემსრულებელი (და არა წარმომადგენელი - ე.ი. შესადარებელი პირები არ იყვნენ). ამასთან, ...ში ფიზიკურად სხვა თანამშრომელი არ არსებობდა იმ დროისთვის, რომ სხვისთვის დაეკისრებინათ ხ. ბ-ეის მოვალეობები დროებით. ამდენად, ე. ბ-იის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა იყო ავტომატური. თავად მოწმე კ-იმაც (სხდომის ოქმი 16:05:30) განაცხადა, რომ ე. ბ-იი იყო 71 წლის ქალბატონი და მოსახლეობაში, ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე ან მოსახლეობის შეკრებებზე ვერ გაჰყავდათ, რადგან სიარული არ შეეძლო თავისუფლად, ამიტომაც მას ტოვებდნენ ოფისში მოქალაქეების დასახვედრად. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ის გაიზიარა, რომ დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ქალი დაინიშნა ხ. ბ-ეის ადგილზე და ამიტომ გამორიცხა დისკრიმინაცია სქესის ნიშნით. აღსანიშნავია ისიც, რომ ხ. ბ-ეს მერი მიუთითებდა მცირეწლოვან ბავშვზეც, კერძოდ, ,,ბავშვი გყავს, ეს შავი საქმეა’’, ამავდროულად, ე. ბ-იი არის 70 წელს გადაცილებული და რამდენად არის შესადარებელი პირები სასამართლოს არც ის შეუფასებია, ასევე ჰყავს თუ არა ე. ბ-ის მცირეწლოვანი შვილი. ამდენად, მერმა თავისი სიტყვებით მიუთითა მოსარჩელეს გენდერზე, დედობაზე, სუსტ სქესზე, ბავშვზე და ა.შ., რაც პირიდაპირ მადისკრიმინირებელი ქცევაა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ხ. ბ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების მთვარი საფუძველი იყო მის ადმინისტრაციულ ერთეულში დ. ჩ-ის მიერ არჩევნებში წაგება და ამის შემდგომ ამ უკანასკნელის დამოკიდებულება ხ. ბ-ეისადმი როგორც ქალისადმი - რომ ქალმა არჩევნებზე სასურველი შედეგი (ხმები) ვერ მოუტანა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის (ძველი რედაქციის 29-ე მუხლი) თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება (ძველი რედაქცია) „გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის №1/4/419 განჩინება საქმეზე „ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამასთანავე, თავად ეს კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს, ანუ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და ამ თანამდებობისათვის გონივრული პირობების დადგენას, ასევე უზრუნველყოფას იმისა, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდება მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში და განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/2-389). შესაბამისად, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში შრომითი უფლებების დაცვის მიზნით ეფექტური მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა წარმოადგენს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის დანიშვნის ზოგად საფუძველს, რომლის თანახმად, მერს ენიჭება ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება.

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი საჯარო სამსახურში გამწესდება უკონკურსოდ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ხოლო ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას.

ზემოხსენებული ნორმის შინაარსიდან აშკარად იკვეთება, რომ მერის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველს წარმოადგენს. კანონმდებლობა არ იძლევა ნორმის რაიმე განსხვავებული შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას. ამასთან, საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს არეგულირებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 82-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წყდება: ა) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმებით; დ) შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტისას, ხოლო ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ხოლო ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ. ბ-ე 2017 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა მერის წარმომადგენლად ...ში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამი თვის ვადით (2018 წლის 21 მარტამდე) (ტ.1. ს.ფ. 93-94, 98).

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით (2020 წლის 18 თებერვლის საქართველოს კანონი №5717-IIს) 78-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიიღება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი.

დადგენილია, რომ 2020 წლის 13 მარტს ხ. ბ-ე გადაიყვანეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დაკავებულ პოზიციაზე - ტყიბულის მუნციპალიტეტის მერის წარმომადგენლად ...ში, სამი თვის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების ვადა დასაქმებულს გაუგრძელდა რამდენჯერმე, კერძოდ, 2020 წლის 17 ივნისის №47-849 ბრძანებით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 13 სექტემბრამდე, 2020 წლის 30 ივნისის №47-932 ბრძანებით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 1 იანვრამდე, 2020 წლის 24 დეკემბრის №47-1971 ბრძანებით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 1 აპრილამდე, 2021 წლის 31 მარტის №47-438 ბრძანებით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო 2021 წლის 30 ივლისის ბრძანებით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადით (ტ.1. ს.ფ. 28-34). ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ბ74.74213007 ბრძანებით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კნაონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეწყდა ტყიბულის მუნიციაპლიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ...ში ხ. ბ-ესთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 27 ოქტომბრიდან (ტ.1. ს.ფ. 97); 2021 წლის 27 ოქტომბერს, ერთი მხრივ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას (წარმოდგენილი ...ს - დ. ჩ-ის მიერ) და, მეორე მხრივ, ხ. ბ-ეს შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის (ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე, 79-ე, მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების საფუძველზე გაფორმდა №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხ. ბ-ე დასაქმდა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე. ხელშეკრულების 6.1 მუხლით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 8.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითა ხელშეკრულების ვადის გასვლა (ტ.1. ს.ფ. 35-39). 2022 წლის 11 იანვარს, ერთი მხრივ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას (წარმოდგენილი ...ს - დ. ჩ-ის მიერ) და, მეორე მხრივ, ხ. ბ-ეს შორის გაფორმდა №02-40 შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა №02-9 ხელშეკრულების 6.1 პუნქტში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 თებერვლამდე. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 11 იანვრის №ბ74.742201122 ბრძანებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ...ში - ხ. ბ-ეს, გაუგრძელდა 2021 წლის 27 ოქტომბერს დადებული №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე (ტ.1. ს.ფ. 40-41). ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 27 იანვრის №ბ74.74220273 ბრძანებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ...ში - ხ. ბ-ეს, გაუგრძელდა 2021 წლის 27 ოქტომბერს დადებული №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2022 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 1 მარტამდე (ტ.1. ს.ფ. 100). ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 1 მარტის №ბ74.74220603 ბრძანებით ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, 2022 წლის 1 მარტიდან შეწყდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან (...ში) ხ. ბ-ესთან, 2021 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 47).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მართვის ოპტიმიზაციისათვის მუნიციპალიტეტი შეიძლება დაიყოს ადმინისტრაციულ ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას ემთხვევა. თვითმმართველ ქალაქში ადმინისტრაციული ერთეული დასახლების ნაწილია.

სადავო პერიოდში მოქმედი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით. ამავე დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. ამავე მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად, მერის წარმომადგენელი: ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მოქალაქეებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის დაბადების შესახებ შეტყობინებისა (იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) და გარდაცვალების ფაქტის შესახებ ოქმის შედგენას და გაცემას (პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან) 5 სამუშაო დღის ვადაში); დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას; ე) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს; ვ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური ქონების აღრიცხვას, ახორციელებს ამ ქონების დაცვას და აკონტროლებს მის მიზნობრივ გამოყენებას; ზ) ამზადებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის თაობაზე ცნობების პროექტებს; თ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის „ა.ვ.“ ქვეპუნქტით დელეგირებული უფლებამოსილებათა განხორციელება; ი) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელები მათზე დაკისრებულ საჯარო ფუნქციებს ახორციელებენ.

,,შინაარსის გათვალისწინებით, სახელმწიფო თანამდებობის სახეობები საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია. მათ შორის არის როგორც პოლიტიკური ნიშნით გამორჩეული, ისე წმინდად პროფესიული ბუნებით იდენტიფიცირებადი თანამდებობები. საჯარო მმართველობას არ ახორციელებენ მხოლოდ პოლიტიკის დამგეგმავი, ქვეყნის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი პირები. სახელმწიფო თანამდებობების თავისებურებების გათვალისწინებით უფლების დაცვის სხვადასხვა მასშტაბების და სტანდარტების გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, თანამდებობები, რომელთა დაკავება სრულად პოლიტიკური პროცესის ნაწილს წარმოადგენს (მაგალითად, მთავრობის წევრების შერჩევა) და, მეორე მხრივ, თანამდებობები, რომლებზეც შერჩევა მხოლოდ პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება და მათი არჩევისას უფლებამოსილი ორგანო არ ხელმძღვანელობს კონკრეტული პირის შერჩევის პოლიტიკური მიზანშეწონილობით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის არსის საწინააღმდეგო იქნება, რიგ პოლიტიკურ თანამდებობებზე პოლიტიკური მიზანშეწონილობის გარეშე ამა თუ იმ პირის განწესების მოთხოვნა და პირიქით, ცალკეულ თანამდებობებზე პოლიტიკური მიზანშეწონილობით პირის განწესების დაშვება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/5/626 გადაწყვეტილება, საქმე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი და მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრები და მათი მოადგილეები. ამავე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური თანამდებობის პირი განმარტებულია, როგორც სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, კონკრეტული თანამდებობის სტატუსი არ გამომდინარეობს მხოლოდ მისი ლეგალური დეფინიციიდან და იგი დამოკიდებულია მის ნამდვილ არსსა და ფუნქციებზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული თანამდებობის პოლიტიკურ, თუ პროფესიულ თანამდებობად მიჩნევის საკითხი უნდა გადაწყდეს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებისა და გაანალიზების საფუძველზე. კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო ნორმებით განსაზღვრული პოლიტიკური თანამდებობების გარდა რჩება მნიშვნელოვანი საჯარო თანამდებობები, რომლებიც შესაძლოა ლეგიტიმაციის წყაროს, მათზე დაკისრებული ფუნქციებისა თუ თავად თანამდებობის არსის გათვალისწინებით, განეკუთვნებოდეს პოლიტიკური ხასიათის თანამდებობას. ,,კონკრეტული თანამდებობის არსის გამორკვევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს მისი ლეგიტიმაციის წყარო. „საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება და სახალხო სუვერენიტეტი მოითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩართული იყვნენ სახელმწიფო მმართველობაში. სწორედ ხალხის მონაწილეობა განაპირობებს საჯარო მმართველობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაციას. დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად მოქმედი სახელმწიფო ეფუძნება კანონშემოქმედებისა და კანონის აღსრულების შეუქცევად პროცესს. დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ერთი მხრივ, გულისხმობს ხალხის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების პირველადი წყაროს ნების განუხრელ გამოვლენას, ხოლო, მეორე მხრივ, ხალხის ნების მიუკერძოებლად აღსრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. თავის მხრივ, წარმომადგენლობითი დემოკრატია ხალხის მიერ წარმომადგენლების არჩევასა და მათი მეშვეობით სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობას, სუვერენული ძალაუფლების განხორციელებას გულისხმობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7,8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/5/626 გადაწყვეტილება, საქმე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ პუნქტი 18-19).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და მის მიერ განხორციელებული ქმედებები, როგორც წესი, რიგ შემთხვევებში განპირობებულია პოლიტიკური მიზანშეწონილობით. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა (საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი), მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის მიზანი არის მართვის ოპტიმიზაცია და შესაბამისად, ცხადია, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობა ემსახურება მერის მიერ განსახორციელებელი მართვის ოპტიმიზაციას. სწორედ აღნიშნულის გამო, ადმინისტრაციულ ერთეულში მერს თავისი წარმომადგენელის დანიშვნაზე მინიჭებული აქვს ფართო დისკრეცია, მხოლოდ მისი უშუალო შეხედულებით, კონკურსის გარეშე გადაწყვიტოს თავისი წარმომადგენელის დანიშვნის საკითხი. საყურადღებოა, რომ იგივე წესი ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ სხვა პირების დანიშვნასთან დაკავშირებით („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი - პირი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში, როგორც წესი, უკონკურსოდ მიიღება).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეულწილად მერის წარმომადგენლის მუშაობაზეა დამოკიდებული ადმინისტრაციული ერთეულის გამართული და სტაბილური ფუნქციონირება, შესაბამისად, ბუნებრივია, მერი ამ თანამდებობაზე დასანიშნად შეარჩევს ისეთ პირს, რომელთან მუშაობაც არ გაუჭირდება და მისი დახმარებით წარმართავს მუნიციპალიტეტის ეფექტიან საქმიანობას. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმეზე „თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ( 2021 წლის 23 აპრილის №3/1/1298,1313 გადაწყვეტილება) განმარტა შემდეგი: ,,რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და, ამასთანავე, წარმომადგენლობით ორგანოს გააჩნია მერის საქმიანობის კონტროლის კონსტიტუციური კომპეტენცია, საკრებულოს ჩართულობა მერისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცესში, თავისთავად, ვერ იქნება მიჩნეული კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების კონსტიტუციური ნების შესაბამისად გადაწყვეტა შეიძლება შეაფერხოს არა მხოლოდ მერის მიერ კანონის დარღვევამ ან უფლებამოსილების უკანონოდ გამოყენებამ, არამედ საკრებულოსა და მერს შორის სისტემურმა შეუთანხმებლობამაც კი, როდესაც ამას თან ახლავს საკრებულოს გადაწყვეტილებების დროული და ეფექტიანი აღსრულების შეფერხება მერის მხრიდან’’.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი მერს ანიჭებს თავისუფლებას საკუთარი შეხედულებით და პასუხისმგებლობით შეარჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, განსაზღვროს მისი კვალიფიციურობა, ხელმძღვანელობითი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა, უნარ-ჩვევები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება მისი თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. აღნიშნულ მსჯელობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ხოლო ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას. საყურადღებოა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი უშვებს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით მოქმედი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტასაც კი, კერძოდ, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ხოლო ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც ვერ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გათვალისწინებით იმისა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის ფუნქციები მჭიდროდ არის დაკავშირებული მერის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი მმართველობის განხორციელებასთან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილებიდან გამომდინარე შეეძლო აღარ გაეგრძელებინა ხ. ბ-ესთან ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო, მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანო, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლიც. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფ ადამიანებს მიენიჭოთ თანაბარი პრივილეგიები და შესაბამისად, დაეკისროთ თანაბარი პასუხისმგებლობა. ზაკ-ის 4.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე ბს-1249(კ-20).

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

„შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ კონვენციის პირველი მუხლით, ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „დისკრიმინაცია“ შეიცავს: ა) ყოველ განსხვავებას, დაუშვებლობას ან უპირატესობას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური მრწამსის, უცხოური წარმოშობის ან სოციალური წარმოშობის ნიშნით, რაც იწვევს შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის განადგურებას ან დარღვევას შრომისა და საქმიანობის სფეროში; ბ) ყოველგვარი სხვა განსხვავება, დაუშვებლობა ან უპირატესობა, რაც იწვევს დამქირავებლებისა და მუშაკების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, სადაც ასეთები არსებობს, და სხვა შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად შესაბამისი წევრის მიერ განსაზღვრული შრომისა და საქმიანობის სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის განადგურებას ან დარღვევას.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-14 მუხლის გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. განმცხადებელმა უნდა აჩვენოს, რომ ის არსებითად მსგავს მდგომარეობაშია იმ პირებთან შედარებით, რომლებიც სხვანაირ მოპყრობას ექვემდებარებიან. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვისთან შედარებითაც ხდება განსხვავებული მოპყრობა. არაპირდაპირი დისკრიმინაციის ელემენტებია: ნეიტრალური წესი, კრიტერიუმი ან პრაქტიკა, რომელიც გავლენას ახდენს „დაცული საფუძვლით“ განსაზღვრულ რომელიმე ჯგუფზე გამორჩეულად უარყოფითი ფორმით, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. არაპირდაპირი დისკრიმინაციის ბოლო ორი ელემენტი პირდაპირი დისკრიმინაციის ელემენტების მსგავსია. შესაბამისად, არაპირდაპირი დისკრიმინაციის განსაზღვრისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნეიტრალური წესის, კრიტერიუმის ან პრაქტიკის არსებობას, რომელსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტულ ჯგუფზე უარყოფითი ეფექტი. ანუ, თუ პირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია თავად დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, არაპირდაპირი დისკრიმინაციის დროს, ნიშანდობლივია უთანასწოროთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უარყოფითი ეფექტი.

პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა დასაქმებულის უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი ნორმა-პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. ამ გარემოებათა გამორკვევისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ისე საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულებაა მიუთითოს კონკრეტული ფაქტები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, უარყოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამტკიცოს, რომ დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, რომ ამ საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება არ მომხდარა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს დადგინდეს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი პოლიტიკური და გენდერული ნიშნით. ამასთან, მოსარჩელე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ დისკრიმინაციას უკავშირებს მერის არჩევნებს, როდესაც ...ის საარჩევნო უბანზე (საარჩევნო ოლქის №...), სადაც მერის წარმომადგენლობას ახორციელებდა ხ. ბ-ე, დ. ჩ-იმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში №... საარჩევნო უბანზე მიიღო 199 ხმა, ხოლო ოპოზიციურმა კანდიდატმა - ბ. ზ-იმა 261 ხმა. რაც შეეხება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, კასატორი აღნიშნავს, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არის ათი ადმინისტრაციული ერთეული, სადაც მერის წარმომადგენელი ...ის გარდა, ყველგან იყო მამაკაცი, რომლებთანაც გაგრძელდა ხელშეკრულება, ხოლო მასთან მერმა აღარ გააგრძელა ხელშეკრულება შესასრულებელი სამუშაოს სიმძემესა და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართა 2021 წლის 2 ოქტომბერს. შესაბამისად, 2021 წლის 27 ოქტომბერს, როდესაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას (წარმოდგენილი მერის - დ. ჩ-ის მიერ) და ხ. ბ-ეს შორის გაფორმდა №02-9 ადმინისტრაციული ხელშეკრულება და ხ. ბ-ე დასაქმდა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე, ბუნებრივია, რომ არჩევნების შედეგები ცნობილი იყო, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა დამაბრკოლებელი გარემოება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს ხ. ბ-ესთან დაედო ხელშეკრულება და ეს უკანასკნელი დაესაქმებინა მერის წარმომადგენელის პოზიციაზე ...ში. რაც შეეხება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 13 მარტიდან ხ. ბ-ესთან უწყვეტად ფორმდებოდა ხელშეკრულებები, რომლითაც იგი იკავებდა ...ში მერის წარმომადგენელის პოზიციას და მასთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პოზიციაზე კვლავ ქალი დაინიშნა. ამასთან, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ხ. ბ-ესთან ხელშეკრულება შეწყდა ვადის ამოწურვის გამო, ხოლო ახალი ხელშეკრულების გაფორმება სრულად წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის მერის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანცის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - დადგინდეს მოპასუხის მხრიდან ხ. ბ-ეის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია გენდერული და პოლიტიკური ნიშნით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე