Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-89(კ-24) 17 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ც. ო-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ც. ო-იმა 2021 წლის 15 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №2640 განკარგულების ბათილად ცნობისა და ც. ო-ისათვის ქ. თბილისში, ...ში, ე.წ. ...ს ტერიტორიაზე მდებარე 788.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლიდან დაეუფლა და დღემდე მის სარგებლობაშია ...ში, ე.წ. ...ს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობი 788.00 კვ.მ), რაც დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ორთოფოტოებით, თუმცა კომისიამ საკითხის გამოკვლევისა და მტკიცებულებების შეფასების გარეშე, 2020 წლის 24 დეკემბერს მიღებული №2640 განკარგულებით, მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უკანონოდ და დაუსაბუთებლად უთხრა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №2640 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ც. ო-ის მოთხოვნასთან მიმართებით.

სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესსა“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ც. ო-ის მიერ 2014 წლის 22 სექტემბერს წარდგენილი №14/12729 განაცხადის განხილვისას, კომისიამ ერთხელ უკვე იმსჯელა ქ. თბილისში, ...ში, ...ს ტერიტორიაზე მდებარე 788 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც კომისიის 2015 წლის 6 აპრილის №432 საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიისთვის 2017 წლის 3 ივლისს №... განცხადებით განმეორებით მიმართვისას, ც. ო-იმა განცხადებას დაურთო ახალი მტკიცებულებები, კერძოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 1999 წლის №23-1 გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის დადგენილება და მიწის ნაკვეთების განაწილების სია, ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის განაცხადის განხილვისას უნდა ემსჯელა დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებზე, შესაბამისად, არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, რაც თავის მხრივ, ადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის არასრულყოფილად გამოკვლევასა და სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების წინაპირობების არსებობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არსებითად უნდა განეხილა ც. ო-ის 2017 წლის 03 ივლისის №... განცხადება, სათანადოდ უნდა შეეფასებინა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, ასევე ადგილზე დათვალიერების ოქმი და ემსჯელა, წარმოადგენდა თუ არა ც. ო-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ან/და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული ახალი ინფორმაცია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს, ხოლო თუკი სათანადო მსჯელობის შედეგად მივიდოდა დასკვნამდე, რომ არ არსებობდა მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით გათვალისწინებული სხვა რომელიმე უარის თქმის საფუძველი, უნდა მიეღო გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, „განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას“.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ც. ო-ის 2017 წლის 3 ივლისის განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას 2015 წლის 6 აპრილს მიღებული ჰქონდა №432 საოქმო გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, განცხადების ხელახალი წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონმდებლობის ფარგლებში, შესაძლებელი იქნებოდა, თუკი იარსებებდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება. კომისიის მიერ საქმის განხილვისას კი დადგინდა, რომ შპს „ა...“-ის 2022 წლის 29 მარტის №01-29/22 საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ...ში, ...ს ტერიტორიაზე, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, ნამდვილად არსებობდა მყარი შენობა-ნაგებობის ნარჩენები, რომელიც ორთოფოტოების შესაბამისად, აგებული იყო მიწის ნაკვეთის ცენტრში, არ იყო წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოებისას, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს 1999 წლის №23-1 გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის დადგენილება და მიწის ნაკვეთების განაწილების სია არ წარმოადგენდა იმგვარი შინაარსის დოკუმენტებს, რომელიც დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეცვლიდა სამართლებრივ მდგომარეობას. ამასთან, საქმეზე არ არსებობს ისეთი მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს დამატებითი გამოკვლევის საგანი ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის ხელახლა განხილვისას, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება იყო უსაფუძვლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 6 აპრილის №432 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 56-ე საკითხი), ც. ო-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ..., ნაკ.№...) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა, ასევე, არ წარმოადგენდა საკუთრების მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. აღნიშნულის შემდგომ, კომისიისთვის განმეორებით მიმართვისას, ც. ო-იმა განცხადებას დაურთო ქალაქ თბილისის საკრებულოს 1999 წლის №23-1 გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის დადგენილება და მიწის ნაკვეთების განაწილების სია, სადაც 204-ე ნომრად მითითებულია მოსარჩელე, ხოლო შენიშვნაში მითითებულია - მეწყერი. ამასთან, კომისიის 2020 წლის 16 სექტემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილზე გასვლით გაირკვა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია კაპიტალურ ღობეებში, რომლებიც მეზობლებმა ააშენეს. მიწის ნაკვეთზე დგას ერთი ხის დროებითი ნაგებობა. ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ მოქალაქემ ნაკვეთის ზედა მხარეს (შესასვლელში) მიუთითა ბეტონის მცირე ზომის კედელზე და განმარტა, რომ ის ძველი სახლის საძირკველი იყო, რომელიც წყლის მოვარდნის დროს დაინგრა. მიუხედავად ამ მტკიცებულებების წარდგენისა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №2640 განკარგულებით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ 2015 წლის 6 აპრილს კომისიას ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევდა საკითხის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამდენად, კომისია ც. ო-ის განცხადების განხილვისას ფორმალურად მიუდგა საკითხს, რამაც განაპირობა მისი განაცხადის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან აღიარების კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის №432 განკარგულებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „ა...“-ის 2022 წლის 29 მარტის №01-29/22 საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ...ში, ...ს ტერიტორიაზე, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, ნამდვილად არსებობს მყარი შენობა-ნაგებობის ნარჩენები, რომელიც ორთოფოტოების შესაბამისად, აგებული იყო მიწის ნაკვეთის ცენტრში; გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის - რ. ხ-ის (მეზობელი) განმარტებით ირკვევა, რომ ც. ო-ი ჯერ კიდევ ქ. თბილისის საკრებულოს მიერ ...ის მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფამდე (2000 წლამდე) ფლობდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს, სადაც იდგა ერთსართულიანი შენობა, ბეტონის საძირკვლითა და კედლებით, რომელიც მოგვიანებით წყალდიდობამ გაანადგურა (30.03.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, დაედგინა წარმოადგენდა თუ არა ც. ო-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს. კომისიამ ვერ უზრუნველყო ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შესრულება და მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცება საქმეზე სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე სასამართლო წესით საქმის განხილვისას წარდგენილი ახალი მტკიცებულებები, რა დროსაც უპირველეს ყოვლისა დასადგენია დამატებით წარდგენილი განაწილების სიის საფუძველზე მოსარჩელე დაკმაყოფილებულია თუ არა შესაბამისი ფართით, შესაბამისად, არსებობს თუ არა წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა