Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-718(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სს „ს...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - შპს „...“ (ს/კ ...), შპს „რ...“ (ს/კ ...), სს „რუ...“ (ს/კ ...), სს „...ი“ (ს/კ ...)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს...მა“ 2021 წლის 15 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ 2021 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემდგომ დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება ამავე გადაწყვეტილების 3.2.9. პუნქტის გათვალისწინებით; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2021 წლის 6 ივლისის №..., №... და №... გადაწყვეტილებებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 6 აგვისტოს №..., №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 აგვისტოს №... და 2021 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი გადაწყვეტილებების მიღების დავალება, რომლებითაც სრულად დაკმაყოფილდება სს „ს...ს“ 2021 წლის 28 მაისის №254535/17, 2021 წლის 19 ივლისის №347530/17 და 2021 წლის 1 სექტემბრის №415309/17 ადმინისტრაციული საჩივრები.

მოსარჩელის განმარტებით, მათ სრულად წარუდგინეს საჯარო რეესტრს ის დოკუმენტაცია, რაც საჭირო იყო იპოთეკის ცვლილების რეგისტრაციისათვის. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლები - რეგისტრირებული იპოთეკა, ასევე უზრუნველყოფდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით №2/32972-17 სამოქალაქო საქმეზე დადგენილ სს „ს...ს“ მოთხოვნის უფლებას სოლიდარული თავდებების - შპს „რ...ს“, სს „რუ...ს“ და სს „...ის“ მიმართ. მოთხოვნილი ცვლილება არ გულისხმობდა არსებული იპოთეკის უფლების რაიმე სახით შეცვლას ან/და არარსებული იპოთეკის უფლების რეგისტრაციას (უძრავი ნივთის ამონაწერში ასახვას), არამედ ბანკის მოთხოვნა მიმართული იყო იპოთეკის უფლებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესახებ უძრავი ნივთის ამონაწერის დაზუსტებაში. იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია გულისხმობდა კონკრეტულად განსაზღვრულიყო იპოთეკის უფლებით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, კერძოდ დაზუსტებულიყო უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალეთა წრე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „ს...ს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო დავის დასრულებამდე აეკრძალა ქ. თბილისში, ...ს №...-ში, №...-ში და №...-ში არსებულ ...; ... და ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე №..., №..., №... განცხადებების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლებების გაუქმების რეგისტრაციის განხორციელება და ასევე, სააგენტოს სასამართლო დავის დასრულებამდე აეკრძალა ქ. თბილისში, ...ს №...-ში, №...-ში და №...-ში არსებულ ...; ... და ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე №..., №..., №... განცხადებების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლებებში იპოთეკარის - სს „ს...ს“ წერილობითი თანხმობის გარეშე ნებისმიერი ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განჩინებით სს „ს...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად არ მიიჩნია იპოთეკის ხელშეკრულება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. სს „ს...ს“ მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულება თავისთავად წარმოადგენდა უკვე რეგისტრირებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, ასევე, მესაკუთრის მონაწილეობით შედგენილ და თავად საჯარო რეესტრის მიერვე დამოწმებულ წერილობით ურთიერთშეთანხმებას. სასამართლომ კი არ შეაფასა ადმინისტრაციული ორგანოს არათანმიმდევრული ქმედებები, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთხელ უკვე უფლების დამადასტურებელ სარეგისტრაციო დოკუმენტად მიჩნეულ გადაწყვეტილებაზე ამჯერად განსხვავებული მიდგომა გაავრცელა. განცხადებით მოთხოვნილი საკითხის განხილვა, მართალია, ტექნიკურად დაკავშირებული იყო ცვლილების შეტანის შესახებ წარმოების დაწყებასთან, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო არ იყო იმგვარი დოკუმენტის წარდგენა, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო ცვლილების რეგისტრაციის საფუძვლად განმარტავდა, რადგანაც ჩანაწერის დაზუსტების საფუძველს წარმოადგენდა არა ახალი სარეგისტრაციო დოკუმენტი, არამედ უკვე არსებული ჩანაწერის საფუძველი - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილი განცხადება თავისი შინაარსით არ ხელყოფდა მესაკუთრის უფლებებს, არ უქმნიდა საფრთხეს სამოქალაქო ბრუნვასა და სტაბილურობას, არ ხელყოფდა საჯარო რეესტრის მიმართ მოქმედ სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას, არამედ აზუსტებდა მოთხოვნის ადრესატთა წრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.

ზემოხსენებული კანონი განსაზღვრავს რეგისტრაციის დეფინიციას, კერძოდ, კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ხოლო ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მუხ. 8.1). განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია (მუხ. 8.2). რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე (მუხ.9.1). „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი ასევე განსაზღვრავს სარეგისტრაციო დოკუმენტის დეფინიციას - კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.04.2018 წ. №2/32972-17 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სს „ს...ს“, რ. ფ-ას და ქ. ჩ-ას შორის 2011 წლის 5 იანვარს გაფორმდა №... გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის მოცულობად განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარი. 2014 წლის 26 თებერვალს მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნული გენერალურ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში და საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 20 000 000 აშშ დოლარით. 2015 წლის 24 ივნისს მხარეთა შეთანხმებით კიდევ ერთხელ იქნა შეტანილი ცვლილება საკრედიტო ხაზის მოცულობაში და განისაზღვრა 40 000 000 აშშ დოლარით. 2014 წლის 24 დეკემბრის „ს...სა“ და შპს „...“-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა უზრუნველყოფილი მოთხოვნები და მათი საფუძვლები. ხელშეკრულების შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა შპს „...“-ის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: 1) ქ. თბილისი, ... ქ. №6, რესტორან „...სა“ და ფირმა „...“-სათვის დამაგრებულ ნაკვეთებს შორის, (ნაკვეთი 2/1) მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1540.00 კვ.მ ს/კ ...; 2) ქ. თბილისი, ...სა და ყოფილ რესტორან „...ს“ შორის, (ნაკვეთი №...) / ქალაქი თბილისი, ...სა და ყოფილ რესტორან „...ს“ შორის, ...ის ... №1 (რესტორან „...ს“ მიმდებარე ტერიტორია), (ნაკვეთი №...) / ქალაქი თბილისი, ...სა და ყოფილ რესტორან „...ს“ შორის, ...ის ... №1 (რესტორან „...ს“ მიმდებარე ტერიტორია), (ნაკვეთი №...) მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 2177.00 კვ.მ ს/კ ...; 3) ქ. თბილისი, ...ზე, ...სა და რესტორან „...ს“ შორის, ...სა და ყოფილ რესტორან „...ს“ შორის, ...სა და ...ის ასასვლელი გზის კუთხეში, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 8001.00 კვ.მ ს/კ .... მხარეთა შეთანხმებით მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს: ა) ძირითადი ხელშეკრულება - ... გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება; ბ) ძირითად ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები - ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად დადებული შემადგენელი ან/და სხვა გარიგება ან/და დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ძირითადი ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე, და რომლის მხარეებსაც წარმოადგენს/წარმოადგენენ ქვემოთ მითითებული არსებული ან/და სამომავლო მოვალეები. არსებული ან/და სამომავლო მოვალე ხელშეკრულების მიხედვით წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარე (გარდა ბანკისა) ან/და პირი, რომელიც მომავალში გახდება ძირითადი ხელშეკრულების მხარე. რაც შეეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა შემდეგნაირად - ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე, სასამართლოს (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლოს) აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.

ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2014 წლის 18 თებერვლის №...-გ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით შპს „რ...მა“ 2011 წლის 5 იანვრის №... ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში, სს „ს...ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. 2015 წლის 6 ნოემბერს M...-ს და სს „ს...ს“ შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც სს „ს...ს“ სასარგებლოდ დაგირავებული იქნა M...-ს არამატერიალური აქტივი - A...-ს 10%-იანი წილი. 2016 წლის 22 აგვისტოს M...-ს და სს „ს...ს“ შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც სს „ს...ს“ სასარგებლოდ დაგირავებული იქნა M...-ს არამატერიალური აქტივი - შპს „რ...ს“ 10%-იანი წილი.

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვარს სს „ს...ს“, რ. ფ-ას, ქ. ჩ-ასა და შპს „ფ...ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები №..., რომლის მიხედვით შპს „ფ...ი“ გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი, ხოლო რ. ფ-ა და ქ. ჩ-ა გავიდნენ დასახელებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან. 2017 წლის 30 იანვრის №...-დ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით სს „...მა“ და სს „რუ...მა“ 2011 წლის 5 იანვრის №... ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 35 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში, სს „ს...ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრეს მითითებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. მსესხებელს 2015 წლის 24 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და 2017 წლის 30 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობების №... საფუძველზე შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილი.

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. შესაბამისად, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე, დაერიცხა პირგასამტეხლო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს...ს“ სარჩელი შპს „ფ...ის“, შპს „რ...ს“, სს „რუ...ს“ და სს „ე...ს“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „ს...ს“ სარჩელი M...-ს და შპს „...“-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; შპს „ფ...ის“, შპს „რ...ს“, სს „ე...ს“ და სს „რუ...ს“ სს „ს...ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 24 ივნისის №...საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 19 717 897,41 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 17 500 000 აშშ დოლარი, პროცენტი 2 180 977,96 აშშ დოლარი, ჯარიმა - 36 919,45 აშშ დოლარი; შპს „ფ...ის“, შპს „რ...ს“, სს „ე...ს“ და სს „რუ...ს“, სს „ს...ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის შემოტანიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან, 2015 წლის 24 ივნისის №...საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 17 500 000 აშშ დოლარზე, 2018 წლის 19 თებერვლამდე, წლიური 12,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5993,15 აშშ დოლარს; შპს „ფ...ს“, შპს „რ...ს“, სს „ე...ს“ და სს „რუ...ს“ სს „ს...ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის შემოტანიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან, 2015 წლის 24 ივნისის №...საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 17 500 000 აშშ დოლარზე, 2018 წლის 19 თებერვლამდე, წლიური 25% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11986,30 აშშ დოლარს; შპს „რ...ს“ პასუხისმგებლობა მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის დაკისრების ნაწილში განისაზღვრა 2 500 000 აშშ დოლარით; თანხის დაკისრების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს "ს...ს" სარჩელი შპს "ს..."-ის მიმართ, მათ შორის დავალიანების დაფარვის მიზნით, შპს "ს..."-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში.

დადგენილია, რომ 2021 წლის 14 მაისს სს „ს...ს“ წარმომადგენელმა №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა ... ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე სს „ს...ს“ სასარგებლოდ რეგისტრირებულ იპოთეკის უფლებებში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, იპოთეკის უფლებებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის კონკრეტულად განსაზღვრა, რაც გულისხმობდა რეგისტრაციის შედეგად იპოთეკის გრაფაში შემდეგი შინაარსის ჩანაწერის დამატებას - „იპოთეკა _ უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმე №2/32972-17) დადგენილ სს „ს...ს“ მოთხოვნის უფლებას სოლიდარული თავდებების, შპს „რ...ს“, სს „რუ...ს“ და სს „...ის“ მიმართ“. 2021 წლის 20 მაისს სარეგისტრაციო სამსახურმა №..., №..., №... სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №..., №..., №... გადაწყვეტილებები, რაც სს "ს...ს" მხრიდან გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ს...ს“ №254535/17 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 20.05.2021წ. №..., №... და №... გადაწყვეტილებები და ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოებების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.9. პუნქტის (აღნიშნული პუნქტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, დადგინდა მოვალეების პასუხისმგებლობა) გათვალისწინებით.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (06.07.2021), №... (06.07.2021) და №... (06.07.2021) გადაწყვეტილებებით, სს „ს...ს“ დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების 3.2.9. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სს „ს...მა“, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ხოლო რადგან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო სამსახურში არ იქნა წარდგენილი, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (06.08.2021წ.), №...), (06.08.2021წ.) №... (06.08.2021წ.) გადაწყვეტილებები, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის საფუძვლად უთითებდა კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/32972–17), ასევე უთითებდა 2014 წლის 24 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ჯამში ხელშეკრულებით დადგენილი იპოთეკის უფლება უზრუნველყოფს არა მარტო 2011 წლის 5 იანვრის ძირითადი გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნის უფლებას, არამედ ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგებიდან გამომდინარე არსებულ, სამომავლო და პირობით მოთხოვნებს. მისი განმარტებით, ჩამოთვლილი ხელშეკრულებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მიხედვით, მოთხოვნის უფლება სს „ს...ს“ გააჩნია როგორც ძირითადი მოვალის მსესხებლის შპს „ფ...ის“, ისე სოლიდარული თავდებების - შპს „რ...ს“, სს „რუ...ს“ და სს „...ის“ მიმართ. სასამართლო გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ძირითადი ვალდებულების მოვალის (მსესხებლის) მიმართ იპოთეკის შემხებლობის საკითხს, შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებით რეგისტრირებული იპოთეკის უფლება მოცემული დროისთვისაც უზრუნველყოფს სს „ს...ს“ მოთხოვნის უფლებას სოლიდარული თავდებების - შპს „რ...ს“, სს „რუ...ის“ და სს „...ის“ მიმართ.

პალატა მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში კონკრეტულად არის მითითებული ის საფუძვლები (21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები), რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ხოლო 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე განმცხადებელს სწორედ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით უთხრა უარი. მითითებული ნორმის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას.

საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიხედვით, მოთხოვნის უფლება სს „ს...ს“ გააჩნია როგორც ძირითადი მოვალის/მსესხებლის - შპს „ფ...ის“, ისე სოლიდარული თავდებების - შპს „რ...ს“, სს „რუ...ის“ და სს „...ის“ მიმართ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, .... ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეა შპს „...“ (ს/კ ...). აღნიშნულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება „ს...ს“ იპოთეკის უფლებები. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, სასამართლომ დააკმაყოფილა სს „ს...ს“ მოთხოვნა მოვალეებისთვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ საჯარო რეესტრმა ცვლილება უნდა შეიტანოს რეგისტრირებული იპოთეკის უფლებებში. ამგვარად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად განუმარტა განმცხადებელს, რომ მოთხოვნილი იპოთეკის ცვლილების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში წარსადგენია ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც მაგალითად, შეიძლება წარმოადგენდეს მესაკუთრის მონაწილეობით შედგენილი, სათანადო წესით დამოწმებული ურთიერთშეთანხმება იპოთეკის რეესტრში უფლებებში ცვლილების თაობაზე ან სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდება, რომ რეგისტრირებული იპოთეკა ასევე უზრუნველყოფდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე დადგენილ სს „ს...ს“ მოთხოვნის უფლებას სოლიდარული თავდებების - შპს „რ...ს“ სს „რუ...ის“ და სს „...ის“ მიმართ. ანუ მოთხოვნილი იქნა იპოთეკის ცვლილების იმგვარი დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკის ცვლილებების რეგისტრაციის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს იმ საკითხზე, რამდენად უზრუნველყოფს ..., ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე სს „ს...ს“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა სს „ს...ს“ მოთხოვნის უფლებას სოლიდარული თავდებების, შპს „რ...ს“, სს „რუ...ის“ და სს „...ის“ მიმართ“.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ მოთხოვნილია ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების/ვალდებულების ან რეგისტრირებულ მონაცემებში ისეთი ცვლილების (გარდა მესაკუთრის ცვლილებისა) რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ნივთზე რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, მაგრამ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორმა მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა წერილობითი თანხმობა ამგვარი რეგისტრაციის განხორციელებაზე, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა არ არის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია, რომ არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი შინაარსით, არსებული ჩანაწერის შესაცვლელად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართებულად იქნა მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტის/ურთიერთშეთანხმების წარდგენა, რაც სს „ს...მა“ ვერ უზრუნველყო. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები კი ვერ მიიჩნევა მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე სს „ს...ს“ 16.05.2024წ. №20464 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „ს...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განჩინება;

3. სს „ს...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.05.2024წ. №20464 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე