Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1021(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. წ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. წ-ემ 2022 წლის 7 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა სააგენტოს 2022 წლის 28 ივლისის №DP 5 22 00000693 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ი. წ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის შესყიდვის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე არის ცხინვალიდან დევნილი. დევნილობის პერიოდში დასახლდა გორში, ...ს ქუჩაზე ე.წ. ...ში. მან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ განაცხადით მიმართა სააგენტოს, თუმცა უსაფუძვლოდ უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე, იმ ეტაპზე განსახლების საჭიროების არარსებობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ი. წ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 ივლისის №IDP 5 22 00000693 ბრძანება „დევნილი ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“; სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი. წ-ეის განაცხადის (ოჯახის, განცხადებით გათვალისწინებული პირების, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის) დაკმაყოფილების თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის ფაქტი. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, სააგენტოს შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მას საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილებში და ასევე ნათესავის საკუთრებაში, ხოლო ფართი, რომლის თანამესაკუთრესაც განმცხადებელი წარმოადგენს, არის სარდაფი. სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა კერძო საკუთრება, რომელიც მისი შრომის შედეგად მოპოვებული ქონება იყო და, რომელიც შემდგომ გაყიდა იმ მიზნით, რომ შვილებისთვის უზრუნველეყო ცხოვრების პირობები, არ გამორიცხავს სახელმწიფო ვალდებულებას დევნილი პირის საცხოვრებელი ფარით დაკმაყოფილების თაობაზე. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის ომის ვეტერანის სტატუსზე, რაც დევნილობასთან ერთად, ზუსტადაც წარმოადგენს კრიტერიუმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პირობას ქულებისათვის. დევნილის სტატუსისა და ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილეობის, ასევე სხვა დადგენილი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და მიუთითა საჯარო რეესტრიდან ამონაწერებზე, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ საცხოვრებელი ბინა და ავტოსადგომი ი. წ-ეის მხრიდან გასხვისებულია სადავო საკითხის გადაწყვეტამდე გაცილებით ადრე, კერძოდ, 2008-2010 წლებში, ხოლო ამჟამად მის საკუთრებაში არსებული სარდაფი და ასევე შპს ,,ლ...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის 33%-იანი წილის მესაკუთრეც მოსარჩელეა, არ წარმოადგენს საცხოვრებელი დანიშნულების მქონე უძრავ ქონებას. ამდენად, პალატის შეფასებით უდავოა, რომ მოსარჩელეს რაიმე სახის ქონება, სადაც შეუძლია იცხოვროს, არ გააჩნია, რის გამოც დროებით სარგებლობს მისი დის საკუთრებაში არსებული ბინით. რაც შეეხება ი. წ-ეის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებას, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული პირები არიან სრულწლოვნები და დამოუკიდებლად ახორციელებენ საოჯახო მეურნეობას, მათთან ერთად მოსარჩელე არ ცხოვრობს და შესაბამისად, განაცხადს აკეთებს მარტო და ითხოვს მხოლოდ ერთი პირის (საკუთარი თავის) უზრუნველყოფას. ამრიგად, სხვის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტი, თუნდაც ეს ქონება მოსარჩელის დასა და შვილს ეკუთვნოდეთ და მოსარჩელეს გააჩნდეს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი და ომის ვეტერანი, განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებითა და მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელეს 2021 წლის 11 მაისის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით მინიჭებული აქვს 4.5 ქულა: 1) 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 1 წევრი - 1.5 ქულა; 2) საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის /ახლობლის ბინაში ქირის გარეშე 1.5 ქულა; 3) ი. წ-ეის ომში მონაწილეობა/ომის ვეტერანი - 1.5 ქულა. კასატორის მოსაზრებით, ი. წ-ე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებს, რადგან ის შეუფერხებლად ცხოვრობს დის საკუთრებაში. ამასთან, უტყუარად დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა არა ერთი უძრავი ქონება, რომელიც გაასხვისა, შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია უძრავი ქონება. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის შვილს გ. წ-ეს გააჩნია 5 უძრავი ქონება და დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება უახლოეს მომავალში. ამიტომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ _ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, ის ოჯახები, რომლებიც საერთოდაც თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები და სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას.

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის საფუძველზე, მოსარჩელე ი. წ-ეს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარი ეთქვა კანონიერად, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის - დის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 ლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, ი. წ-ეის მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 ივლისის №DP 5 22 00000693 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

რაც შეეხება დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. პალატა მიუთითებს აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ომის ვეტერანის ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში; ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დევნილი ოჯახები; საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი დევნილი პირების ოჯახები, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი არადევნილი პირების დევნილი ოჯახები; იმ ვეტერანების დევნილი ოჯახები, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად მიენიჭათ მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I,II ან III ჯგუფი).

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ი. წ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ომის ვეტერანი. სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო. მისი საცხოვრებელი პირობები შესაბამისი სამსახურის მიერ შეფასდა 4,5 ქულით, შესაბამისად, წარმოადგენს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის უფლების მქონე სუბიექტს, რა გარემოებასაც არც კასატორი ხდის სადავოდ. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, იმის გამო, რომ საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი სახლი, იძულებულია დროებით იცხოვროს დასთან.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია გარემოებები ი. წ-ეის განსახლების საჭიროებაზე. სადავო საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არსებობდა ი. წ-ეის განსახლების გადაუდებელი საჭიროება, თუმცა არ გაითვალისწინა მისი, როგორც ვეტერანის სტატუსი, ასევე გაურკვეველია რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს შვილისა და დის საცხოვრებელ ფართში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. საცხოვრებელი ბინა და ავტოსადგომი ი. წ-ეის მხრიდან გასხვისებულია სადავო საკითხის გადაწყვეტამდე გაცილებით ადრე, კერძოდ, 2008-2010 წლებში, ხოლო ამჟამად მის საკუთრებაში არსებული სარდაფი და ასევე შპს ,,ლ...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის 33%-იანი წილის მესაკუთრეც მოსარჩელეა, არ წარმოადგენს საცხოვრებელი დანიშნულების მქონე უძრავ ქონებას, შესაბამისად, მოსარჩელის, როგორც ცალკე ოჯახად რეგისტრირებული დევნილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება ამ ეტაპზე შეუსრულებელია, რაც ასევე დადასტურებულია კასატორის პოზიციით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, კომისიის 2022 წლის 20 აპრილის №42 ოქმითა (ს.ფ. 71-75) და მოსარჩელის მიერ შევსებული კითხვარით დადასტურებულია მოსარჩელის დასთან ცხოვრების ფაქტი და კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული 4,5 ქულით, როგორც დევნილი, ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არ გაითვალისწინა მისი როგორც ვეტერანის სტატუსი ასევე, ის გარემოება, რომ დის სახლში ცხოვრება არ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ განმცხადებელს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრისით სარგებლობის (ქირით ან ქირის გარეშე) ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუსგ 18.03.2020წ., №ბს-156(კ-20)). მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული გარემოება არ შეიძლება გამხდარიყო დევნილის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა ი. წ-ეის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ შეფასების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელის დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 ივლისის №DP 5 22 00000693 ბრძანების ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა