Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-45(კ-24) 20 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ას უფლებამონაცვლე მ. გ-ა, მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 13 მაისს გ. გ-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება, ქ. ფოთში, ...ზე გ. გ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 156 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოახდინოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემთა კორექტირება (ს.კ. №...) გ. გ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (შესაბამისად ცვლილება განახორციელოს შესაბამის ბრძანებაში, ნახაზში და საჯარო რეესტრის ამონაწერში).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 29 მარტის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ მოახდინოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემთა კორექტირება (ს.კ. ...) გ. გ-ას (პ/ნ ...) მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (შესაბამისად ცვლილება განახორციელოს შესაბამის ბრძანებაში, ნახაზში და საჯარო რეესტრის ამონაწერში); დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს მოახდინოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია - ქ. ფოთში, ...ზე არსებული გ. გ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 156 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, გ. გ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. გ-ა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლზე, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის №12/447 და 1986 წლის 17 დეკემბრის №25/980 გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგებოდა ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს და სახეზეა ვითარება, როდესაც გ. გ-ას, როგორც კოოპერატივის წევრს, სათანადო თანხის გადახდის შემდეგ (1987 წლის 13 იანვარი) რეალურად გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ის მითითებული პერიოდიდან სასამართლოში დავის განხილვის დრომდე მართლზომიერად ფლობს. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მონაცემები აღნიშნული ნაკვეთის გასხვისების, დათმობის ან ჩამორთმევის შესახებ. ამდენად, ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ზემოხსენებული გადაწყვეტილებები აღსრულებული იქნა, ხოლო შემდგომ პერიოდში კი, როგორც მხარეთა მიერ განიმარტა, ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ახალი მარეგულირებელი აქტი ქ. ფოთის არც მმართველობის და არც თვითმმართველობის ორგანოებს არ მიუღიათ. შესაბამისად, დღემდე არსებობს მითითებული გადაწყვეტილებებისადმი კანონიერი ნდობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტები - ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 1986 წლის 17 დეკემბრის №25/980 გადაწყვეტილება მცურავ საშუალებათა კოოპერატივისთვის ...ს სანაპირო ზოლში ნავმისადგომის ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, ...ს ზოლში ნავმისადგომის მფლობელთა სია, მიწის ნაკვეთის ტექნიკური პასპორტი, აზომვითი ნახაზი და გეგმა, აგრეთვე, ნავმისადგომის მოწყობის საფასურის დაფარვის მიზნით თანხის (350 მანეთის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში შეფასებით აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მოთხოვნებს და მიჩნეული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ „სხვა დოკუმენტად“, რაც განცხადების განმხილველ ორგანოს ანიჭებდა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილებას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის შესახებ, სადავო მიწის ნაკვეთის წყლის სახელმწიფო ფონდისადმი მიკუთვნების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დასაშვებია წყალდაცვითი ზოლის მიწების გადაცემა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში (22.1 მუხ.). ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის დანაწესი დასაშვებად თვლის ასევე წყალდაცვით ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებას, ხოლო რაც შეეხება სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გამოვლენილ ზედდებას №... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, აღნიშნული არ წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, შესაძლებელია მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებზე, მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ. გ-ას კოოპერატივის წევრად ყოფნისა და მისთვის 156 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტს. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 22 თებერვალს გ. გ-ამ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს, მიუთითა №... საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე და მოითხოვა ქალაქ ფოთში, ...ში მდებარე 156 კვ.მ. (ნავმისადგომი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფოთის ადგილობრივი არქივის წერილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა არქივში დაცული ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 1986 წლის 17 დეკემბრის №25/980 გადაწყვეტილება და თვითმმართველი ქალაქ ფოთის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 18 აპრილს გაცემულ N203 საკუთრების უფლების მოწმობაზე თანდართული ,,მცურავ საშუალებათა ნავმისადგომის კოოპერატივისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სიტუაციური გეგმა“.

ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 1986 წლის 17 დეკემბრის №25/980 გადაწყვეტილების თანახმად, კოოპერატივის გამგეობას დაევალა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის №12/447 გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარება. კერძოდ, ნავმისადგომის ტერიტორიის მისასვლელი გზისა და ღობეების მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, დადგინდა თანხის შესატანი მოცულობა თითოეულ წევრზე 350 მანეთი, ნავმისადგომის გასხვისების უფლებით. ასევე, კოოპერატივის თითოეულ წევრზე ნავმისადგომის ტერიტორია დადგინდა სიგანით 52 მეტრი.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 18 აპრილს გაცემულ N203 საკუთრების უფლების მოწმობაზე თანდართულ ,,მცურავ საშუალებათა ნავმისადგომის კოოპერატივისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სიტუაციურ გეგმაზე“ მითითებულია ,,გ-ა - 156 კვ.მ.“. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია 1987 წლის 13 იანვრის ქვითარი, რომლის თანახმად, გ. გ-ამ გადაიხადა 350 მანეთი, კოოპერატივის საწევრო შენატანი ნავმისადგომის კეთილმოწყობისთვის.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ 2021 წლის 26 თებერვალს მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით, არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. კერძოდ, ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 17 დეკემბრის N25/980 გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი გამოეყო მცურავ საშუალებათა კოოპერატივის წევრებს, თუმცა მოძიებული დოკუმენტაციით ვერ დადგინდა კონკრეტულად გ. გ-ას კოოპერატივის წევრობა ან/და მიწის გამოყოფის ფაქტი. ამასთანავე, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის დაწესებულ პირობებს, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე განთავსებული არაა საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ასევე მიწის ნაკვეთი არაა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე. ასევე, ფიქსირდება ზედდება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. დადგენილია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სახელმწიფო. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განმცხადებელს განემარტა, რომ წარმოსადგენია გ. გ-ას მცურავ საშუალებათა კოოპერატივის წევრობის ან/და მიწის გამოყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, რისთვის განესაზღვრა ვადა 30 კალენდარული დღის ოდენობით.

2021 წლის 15 მარტს გ. გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და წარუდგინა კოოპერატივის წევრთა სია. აღნიშნულ სიაში 61-ე ნომრად მითითებულია გ. გ-ა.

დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილებით, გ. გ-ას კვლავ განემარტა 2021 წლის 26 თებერვლის №... გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებისა და დამატებითი დოკუმენტის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის თაობაზე. მითითებულ ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ 2021 წლის 29 მარტს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ასევე დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილება გ. გ-ამ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, 2021 წლის 29 მარტს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილებით, გ. გ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 29 მარტის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №... გადაწყვეტილების კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, გ. გ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის არსებით საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოებები, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიციით, წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა გ. გ-ას მცურავ საშუალებათა კოოპერატივის წევრობისა და მისთვის მიწის გამოყოფის ფაქტი. ამასთან, ფიქსირდებოდა ზედდება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე - სახელმწიფო).

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ სააპელაციო და საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო დაეთანხმა მათში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში კასატორს წარმოადგენს მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც საკასაციო საჩივარს არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ. გ-ას კოოპერატივის წევრად ყოფნისა და მისთვის 156 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები: ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 1986 წლის 17 დეკემბრის №25/980 გადაწყვეტილება, თვითმმართველი ქალაქ ფოთის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 18 აპრილს გაცემულ N203 საკუთრების უფლების მოწმობაზე თანდართული ,,მცურავ საშუალებათა ნავმისადგომის კოოპერატივისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სიტუაციური გეგმა“, 1987 წლის 13 იანვრის ქვითარი და ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში ქმნიდა სადავო უძრავ ნივთზე გ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაშვებია წყალდაცვითი ზოლის მიწების გადაცემა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში. გარდა ამისა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი დასაშვებად თვლის ასევე წყალდაცვით ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებას. (სუსგ. Nბს-51-51(კ-18), 01.11.2018 წელი).

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ რაც შეეხება სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გამოვლენილ ზედდებას №... საკადასტრო კოდით, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, აღნიშნული არ წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, შესაძლებელია მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი