საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-416(კს-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. გ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო
მესამე პირი - მ. ქ-ე
დავის საგანი - უფლებამონაცვლეობის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 5 აპრილს რ. ყ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 6 მარტის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა რ. ყ-იის მიმართ სახელმწიფო სერტიფიკატის (სპეციალობა - ....) გაუქმების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, №3/2495-19 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ქ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ყ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ყ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2023 წლის 4 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა რ. ყ-იის წარმომადგენელმა ც. ც-იმა და რ. ყ-იის გარდაცვალების მოწმობა №68237004926 წარადგინა. 2023 წლის 1 ნოემბერს კი, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. ყ-იის მეუღლემ ნ. გ-იმა, წარადგინა 2023 წლის 25 სექტემბრის №231344788 სამკვიდრო მოწმობა და მოითხოვა მოცემულ დავაში რ. ყ-იის უფლებამონაცვლედ ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა აპელანტ რ. ყ-იის უფლებამონაცვლედ დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტ რ. ყ-იის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 6 მარტის სხდომის №3 ოქმის გადაწყვეტილებით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად, ექიმ რ. ყ-ის, სპეციალობაში „....“ გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი, რაც გასაჩივრებულ იქნა რ. ყ-იის მიერ. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ რ. ყ-იი გარდაიცვალა 2023 წლის 22 მარტს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2023 წლის 25 სექტემბრის №231344788 სამკვიდრო მოწმობაზე, რომლის თანახმად, რ. ყ-იის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მეუღლე, ნ. გ-ი, რომელმაც სრულად მიიღო გარდაცვლილი მეუღლის ქონება თავისი აქტივებითა და პასივებით.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - ...., წარმოადგენდა რ. ყ-იის პირადი ხასიათის არაქონებრივ უფლებას, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ შესაბამის პირს, რომელიც მოქმედებს მის სიცოცხლეში და სამკვიდროში არ შედის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელი იყო უფლებამონაცვლეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი რ. ყ-იის უფლებამონაცვლედ დადგენა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სარჩელით გასაჩივრებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. ყ-იის მიმართ სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების ნაწილში და სარჩელი არის აღიარებითი.
ნ. გ-ი აკონკრეტებს, რომ იგი არ ითხოვს სერტიფიკატის მოქმედების აღდგენას, თუმცა, თავის იურიდიულ ინტერესად ასახელებს იმ გარემოებას, რომ რ. ყ-ის არ ჩაუდენია სამედიცინო გადაცდომა და არასწორად გაუუქმდა სერტიფიკატი. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე იყო პროფესიონალი ექიმი, რომელიც შელახული სახელით გარდაიცვალა და სადავო აქტის კანონიერების გამოკვლევა პირდაპირ უკავშირდებოდა რ. ყ-იის რეპუტაციას. ამდენად, ნ. გ-ი მიიჩნევს, რომ აქტის კანონიერების დადგენის ნაწილში, მისი უფლებამონაცვლეობა დასაშვებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით ნ. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, ამ დროს მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში (სუსგ №ას-1136-1082-2014; 22.12.2014წ.).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს გაცემულია სუბსპეციალობის მოწმობა რ. ყ-იის სახელზე, სერია ... №..., სპეციალობა - ...., სუბსპეციალობა - ..... პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 6 მარტის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა რ. ყ-იის სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - .....
ასევე დადგენილია, რომ რ. ყ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას რ. ყ-იის მიმართ სახელმწიფო სერტიფიკატის (სპეციალობა - ....) გაუქმების ნაწილში პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 6 მარტის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რ. ყ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აწ. გარდაცვლილი რ. ყ-იის მიერ აღძრულია არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელი, არამედ მის მიერ, დასახელებული კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, აღძრულია შეცილებითი სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ რ. ყ-იმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების მიმდინარეობის პერიოდში იგი გარდაიცვალა.
დადგენილია, რომ 2023 წლის 4 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა რ. ყ-იის წარმომადგენელმა ც. ც-იმა და წარადგინა რ. ყ-იის გარდაცვალების მოწმობა №68237004926. 2023 წლის 1 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. ყ-იის მეუღლემ ნ. გ-იმა, წარადგინა 2023 წლის 25 სექტემბრის №231344788 სამკვიდრო მოწმობა და მოითხოვა რ. ყ-იის უფლებამონაცვლედ ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით რ. ყ-იის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით. ამდენად, პირადი ხასიათისაა იმგვარი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც შესაძლოა მხოლოდ მისი მონაწილეობით იყოს განხორციელებადი ან მისთვის იყო განკუთვნილი და მისი ხასიათიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო სხვა პირის მხრიდან მისი განკარგვა. შესაბამისად, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სადავოდ ქცეული უფლება ან/და ინტერესი მემკვიდრეობით გადადის გარდაცვლილი პირის მემკვიდრეებზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო სერტიფიკატი, როგორც კონკრეტულ სპეციალობაში საექიმო საქმიანობის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი, ამ საქმიანობის მკაცრად პერსონალური ხასიათიდან გამომდინარე, არ არის აქცესორული ბუნების მატარებელი, რადგანაც იგი ეკუთვნის სათანადო განათლებისა და უნარ-ჩვევების მქონე კონკრეტულ პირს, შესაბამისად, შეუძლებელია შედიოდეს სამკვიდრო აქტივში. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 6 მარტის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლის არსებობას. შესაბამისად, ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა