Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-648(კ-24) 19 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - გ. გ-ა, ლ. ს-ე, მ. გ-ა, ა. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 16 დეკემბერს გ. გ-ამ, ლ. ს-ემ, მ. გ-ამ და ა. გ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 დეკემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელეებმა საბოლოოდ მოითხოვეს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხის 2021 წლის 4 ნოემბრის №03-3721/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის კანონით დადგენილი წესითა და ვადებში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელეების: გ. გ-ას, ლ. ს-ეის, მ. გ-ას (არასრულწლოვანი) და ა. გ-ას (არასრულწლოვანი) საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც ბოლო 6 წელია ქირით ცხოვრობენ მ. ხ-ას საკუთრებაში. მძიმე სოციალური პირობების გამო, მათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის განცხადებით მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მიენიჭათ 5.5 ქულა, თუმცა სააგენტოს გადაწყვეტილებით მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის მიზეზით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საჩივარი, რომელიც რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ას, ლ. ს-ეის, მ. გ-ას (არასრულწლოვანი) და ა. გ-ას (არასრულწლოვანი) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 ნოემბრის №03-3721/ო ბრძანება „დევნილი ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების: გ. გ-ას (ოჯახით გათვალისწინებული პირები) განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ა და მისი შვილები - მ. გ-ა და ა. გ-ა წარმოადგენდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კერძოდ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომლებსაც 2018 წლის 28 სექტემბერს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მიენიჭათ 5.50 ქულა.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 ნოემბრის №03-3721/ო ბრძანებით გ. გ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო.

სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებების და საქმის მასალების, მათ შორის წარმოდგენილი მონიტორინგის ფორმების, ასევე სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 10 დეკემბრის №03/21519 წერილის ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა გ. გ-ას არა სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების, არამედ სხვა მისამართზე ქირით ცხოვრების ფაქტი, ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული გარემოებები არ იძლეოდა ადმინისტრაციულ ორგანოს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ გ. გ-ა რეგისტრირებულია/ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაში და მას შეუძლია აღნიშნული ფართი დაიკანონოს. კასატორი განმარტავს, რომ იგი მიუთითებდა არა ცხოვრების ფაქტზე, არამედ მითითებულ მისამართზე რეგისტრაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ გ. გ-ას ოჯახს გაქირავებული ჰქონდა საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ... ქ. №..., რაც ადასტურებდა, რომ მოსარჩელე დღემდე სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებით.

გარდა ამისა, კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ დევნილთა მონაცემების ელექტრონული ბაზის თანახმად, გ. გ-ას ფაქტობრივ და იურიდიულ (რეგისტრაციის ადგილი) მისამართად მითითებულია სწორედ ქ. თბილისი, ..., ... ქ. №.... ამასთან, მისი არასრულწლოვანი შვილები - მ. გ-ა და ა. გ-ა ასევე დასახელებულ მისამართზე არიან რეგისტრირებულნი და მათი ფაქტობრივი მისამართიც იგივეა.

კასატორმა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მეუღლე - ლ. ს-ე იყო თერჯოლაში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრე, რომელიც 2019 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მამას - ა. ს-ეს, რა გარემოებაც ასევე არ გაითვალისწინა სასამართლომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 ნოემბრის №03-3721/ო ბრძანების კანონიერება და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. გ-ა, ასევე მისი შვილები, მ. გ-ა (დაბ.: ...წ.) და ა. გ-ა (დაბ.: ...წ.) წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კერძოდ აფხაზეთიდან, იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს.

საქმის მასალებში არსებული 2018 წლის 28 სექტემბერს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ გ. გ-ას ოჯახს მიენიჭა 5.50 ქულა. განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასების თანახმად, მოსარჩელის მდგომარეობა შეფასდა შემდეგი ქულებით: საცხოვრებელი ფინანსური პირობები 1.5 ქულა (ნაქირავები), 18 წლამდე ასაკის წევრები - 1.00 ქულა (2 არასრულწლოვანი), ომში დაღუპული წევრი ო. გ-ა, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში - 3.00 ქულა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 12 აპრილის №24 სხდომის ოქმის თანახმად, გ. გ-ას ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ განსახილველ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო. აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 ნოემბრის №03-3721/ო ბრძანებით გ. გ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ მონიტორინგის დასკვნაზე, რომლის თანახმად, გ. გ-ა ოჯახის წევრებთან ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებდა ერთი მხრივ საქმეში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველ პირთა ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მისამართი, სადაც მითითებულია ქ. თბილისი, ...ის მე-... მ/რ, კორპ. ..., ბინა ..., ხოლო მეორე მხრივ 2021 წლის 23 მარტის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმად, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის მე-... მ/რ, კორპ. ..., ბინა ... განხორციელდა დამატებითი გადამოწმება, რა დროსაც მისამართზე იმყოფებოდნენ გ. გ-ა, მეუღლე ლ. ს-ე, შვილები მ. გ-ა (არასრულწლოვანი) და ა. გ-ა (არასრულწლოვანი). გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 10 დეკემბრის №03/21519 წერილზე, რომელშიც განმარტებულია, რომ გ. გ-ა რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ..., ... ქ. №..., ... სართული, ბინა №..., საკადასტრო კოდი №.... ამასთან აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 20 მაისის მონიტორინგი შედგა მისამართზე: ... ქ. №..., ... სართული, ბინა №..., სადაც დახვდათ მოქალაქე, რომელმაც განმარტა, რომ ამ ბინაში ცხოვრობდა ქირით და ქირას უხდიდა გ. გ-ას დედას დ. მ-ას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება გ. გ-ას არა სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების, არამედ სხვა მისამართზე ქირით ცხოვრების ფაქტი და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული გარემოებები არ აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ერთი მხრივ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები ცხოვრობდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაში, ხოლო მეორე მხრივ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, გ. გ-ას ოჯახის მიერ მიღებული 5.50 ქულიდან 1.5 ქულა მოპოვებული იყო საცხოვრებელი ფინანსური პირობების კრიტერიუმით, ვინაიდან მოსარჩელე ცხოვრობდა ნაქირავებ ფართში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მსჯელობაზე, რომ იგი მიუთითებდა არა ცხოვრების ფაქტზე, არამედ მითითებულ მისამართზე რეგისტრაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ გ. გ-ას ოჯახს გაქირავებული ჰქონდა საცხოვრებელი ფართი. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში ახსენა, რომ მოსარჩელის მეუღლე - ლ. ს-ე იყო თერჯოლაში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრე, რომელიც 2019 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მამას. აღნიშნულ გარემოებებზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განმცხადებელ დევნილებთან დაკავშირებული პირ(ებ)ის, მათ შორის მშობლების საკუთრებაში საცხოვრებლის არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე ვალდებულია დასახელებულ დევნილ პირს დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან მისცეს მასში ცხოვრების უფლება. ამასთან, ოჯახის წევრის საკუთრებაში უძრავი ნივთის არსებობა არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, მან თავად მიიღოს შესაბამისი საცხოვრებელი ფართი. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ ... ქ. №..., ... სართული, ბინა №... გაქირავებულია და დამქირავებელი პირი თანხას ქირას უხდის არა გ. გ-ას, არამედ მის დედას - დ. მ-ას. გ. გ-ას მეუღლის - ლ. ს-ეის შემთხვევაში კი, კასატორი თავად მიუთითებს, რომ მან უძრავი ქონების წილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მამამისს. ამდენად, არცერთი დასახელებული გარემოება არ ადასტურებს მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა