Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1169(კ-24) 25 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. გ-იმ 2022 წლის 28 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 ნოემბრის N1000832685 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიუროს 2023 წლის 6 მარტს MIA 9 23 00635339 წერილზე, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს ეცნობა, რომ ანკარას ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით იძებნება ს. გ-ი (S. G-Y, დაბ. ...წ. ასევე ცნობილია როგორც S. A-U, დაბ. ...წ.). პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება ს. გ-იას განცხადების განხილვისას სწორად გამოიყენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წერილის არსებობის პირობებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მართებულად მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. გ-ის მიერ.

კასატორის მითითებით, თუკი იგი მართლაც ძებნილია და მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მაშინ საინტერესოა, რატომ იძლევა განსხვავებულ ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო პირის ძებნის და ნასამართეობის შესახებ, რატომ არ არის მითითებული ამ დოკუმენტში იგივე საკითხები. ასევე, კასატორის მოსაზრებით, არალოგიკურია, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებები ანკარის ინტერპოლის წერილზე არ ახდენენ რეაგირებას. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ს. გ-ი არის პოლიტიკური დევნილი, მისი შეხედულებების გამო და მის მიმართ ანკარის ინტერპოლის მიერ დაწყებული საქმე არის გამოგონილი. კასატორი აღნიშნავს, რომ მსგავსი საკასაციო საჩივარი წარდგენილია გასულ წელს ადმინისტრაციულ საქმეზე - Nბს-470(კ-21). აღნიშნული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი იყო ყველა მტკიცებულება რაც პრიორიტეტულს ხდიდა კასატორის ინტერესებს და მისი სასარჩელო მოთხოვნები იყო სამართლიანი და ადეკვატური. მისი პრიორიტეტი არის მუშაობა, სტაბილური სტატუსი და კანონიერ საფუძველზე საქართველოში ცხოვრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 19 ოქტომბერს ს. გ-იმ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს 2022 წლის 1 ნოემბრის MIA 0 22 03064819 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ელექტრონული ბაზების შემოწმების შედეგად ს. გ-ი (S. G-Y, დაბ. ...წ. ასევე ცნობილია როგორც S. A-U, დაბ. ...წ.) იძებნება ანკარას ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 ნოემბრის N1000832685 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ს. გ-ის უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უცხოელზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემას, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის მე-17 მუხ. მე-10 პუნქტ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (მე-13 მუხ. მე-5 პუნქტ.).

დადგენილია, რომ მოსარჩელეს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

საქმის მასალებში დაცულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს 2022 წლის 1 ნოემბრის MIA 0 22 03064819 წერილი, რომლის შესაბამისად, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ელექტრონული ბაზების შემოწმების შედეგად ს. გ-ი (S. G-Y, დაბ. ...წ. ასევე ცნობილია როგორც S. A-U, დაბ. ...წ.) იძებნება ანკარას ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით. სწორედ ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე მიიღო სააგენტომ ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა - მოსარჩელე იძებნება ანკარას ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით. აღნიშნულს ვერ გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ ჩანაწერების და სტატისტიკის გენერალური დირექტორის 2022 წლის 14 ნოემბრის N000-2022- 382618717 დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ ს. გ-ი არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს 2022 წლის 1 ნოემბრის MIA 0 22 03064819 წერილის გარდა, საქმეში მოიპოვება სასამართლოს მიერ გამოთხოვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს 2023 წლის 6 მარტს MIA 9 23 00635339 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ, ანკარას ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით იძებნება ს. გ-ი (S. G-Y, დაბ. ...წ. ასევე ცნობილია როგორც S. A-U, დაბ. ...წ.).

რაც შეეხება კასატორის მითითებას საკასაციო პალატის პრაქტიკის (საქმე Nბს-470(კ-21)) განსახილველ საქმესთან მსგავსებაზე, პალატა აღნიშნავს, რომ მოხმობილი საქმე არ წარმადგენს ს. გ-ის სარჩელის ფარგლებში განსახილველი საქმის მსგავს ადმინისტრაციულ საქმეს, კერძოდ, ზემოაღნიშნულ საქმეში სადავოდაა გამხდარი სააგენტოს გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გამო, ხოლო საკასაციო პალატის მიერ საქმე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა გამოკვლევისა და დამუშავების მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. გ-ის (პ.ნ: ...) უნდა დაუბრუნდეს 2024 წლის 09 სექტემბრის N1725865303 საგადახდო დავალებით ბ. მ-ის (პ.ნ: ...) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება;

3. ს. გ-ის (პ.ნ: ...) დაუბრუნდეს 2024 წლის 09 სექტემბრის N1725865303 საგადახდო დავალებით ბ. მ-ის (პ.ნ: ...) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი