Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-379(კ-24 24 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. დ-ის, ლ. დ-ეის და ნ. ლ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ივნისის განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი, მოსარჩელე - გ. გ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. დ-იმა, ლ. დ-ეემ, ნ. ლ-ამ და გ. გ-ემ 2022 წლის 05 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ და მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 10 ივნისის №04-00-ი/14562 გადაწყვეტილება, რ. დ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი რ. დ-ისათვის მიუღებელი პენსიის (01.01.2016-01.05.2019 წ.წ. პერიოდზე) ანაზღაურების შესახებ 6820 ლარის ოდენობით; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ივნისის №04- 00-ი/14534 გადაწყვეტილება, გ. გ-ეისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გ. გ-ეისათვის მიუღებელი პენსიის (01.05.2014-01.08.2016 წ.წ. პერიოდზე) ანაზღაურების შესახებ 5720 ლარის ოდენობით; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ივნისის №04-00-ი/14548 გადაწყვეტილება, ლ. დ-ეისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ლ. დ-ეისათვის მიუღებელი პენსიის (01.09.2015-01.06.2018 წ.წ. პერიოდზე) ანაზღაურების შესახებ 6380 ლარის ოდენობით; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 9 ივნისის №04- 00-ი/14542 გადაწყვეტილება, ნ. ლ-ასათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ნ. ლ-ასათვის მიუღებელი პენსიის (01.02.2017-01.06.2018 წ.წ. პერიოდზე) ანაზღაურების შესახებ 3520 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. დ-ის, გ. გ-ეის, ლ. დ-ეის, ნ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ივნისის განჩინებით რ. დ-ის, გ. გ-ეის, ლ. დ-ეისა და ნ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-13, მე-14 მუხლები, დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელეებს საპენსიო ასაკის (60-65 წელი) მიღწევისთანავე განცხადებით - წერილობით ან ელექტრონულად არ მიუმართავთ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასაკით პენსიის დანიშვნის თაობაზე, სახეზე არ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. დ-ის, ლ. დ-ეის, ნ. ლ-ას და გ. გ-ეის მიერ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, სასამართლოების მიერ არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს საპენსიო ასაკის მიღწევისას წერილობით არ მიუმართავთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის. კასატორების განმარტებით, მათ საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე მიმართეს შესაბამის სამსახურს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზეპირსიტყვიერად უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლები ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას. მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა საწარმოს მუშები და მათ შემოსავალი დააკარგვინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. დ-ის, ლ. დ-ეის და ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებით გ. გ-ეის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ივნისის განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-ის, ლ. დ-ეის და ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 10 ივნისის №04-00-გ/14562, 2022 წლის 09 ივნისის №04-00ი/14548 და 2022 წლის 09 ივნისის №04-00-ი/14542 გადაწყვეტილებების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. მითითებული აქტებით, მოსარჩელეებს რ. დ-ის, ლ. დ-ეესა და ნ. ლ-ას უარი ეთქვათ პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მათ მიერ ამ პერიოდისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართვის ფაქტი.

დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პენსიის მიღება, საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, განცხადება არის უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა, ხოლო მაძიებელი არის პენსიის მიღების უფლების მქონე პირი პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან. საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ პენსიის დანიშვნისათვის საჭიროა საპენსიო ასაკის მიღწევა და შესაბამისი განცხადებისა და მტკიცებულებების წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში. შესაბამისად, მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევა ავტომატურად არ ნიშნავს პირისათვის შესაბამისი გასაცემელის დანიშვნას. კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წარდგენას.

საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 10 ივნისის №04-00-გ/14562 გადაწყვეტილებით, რ. დ-ის განცხადება პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რ. დ-ის პენსიაზე უფლება წარმოეშვა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 60 წლის ასაკის მიღწევის გამო. რ. დ-ის 2019 წლის 11 აპრილის განცხადება სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მაძიებელს 2019 წლის პირველი მაისიდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. რ. დ-ის არ უდასტურდება პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსთვის მიმართვის სხვა ფაქტი.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 09 ივნისის №04-00-ი/14548 გადაწყვეტილებით, ლ. დ-ეეს განცხადება პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ლ. დ-ეეს პენსიაზე უფლება წარმოეშვა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 60 წლის ასაკის მიღწევის გამო. ლ. დ-ეეს 2018 წლის 03 მაისის განცხადება სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მაძიებელს 2018 წლის პირველი ივნისიდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. ლ. დ-ეეს არ უდასტურდება პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსთვის მიმართვის სხვა ფაქტი.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 09 ივნისის №04-00-ი/14542 გადაწყვეტილებით, ნ. ლ-ას განცხადება პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნ. ლ-ას პენსიაზე უფლება წარმოეშვა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. ნ. ლ-ას 2018 წლის 04 მაისის განცხადება სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მაძიებელს 2018 წლის პირველი ივნისიდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. ნ. ლ-ას არ უდასტურდება პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსთვის მიმართვის სხვა ფაქტი.

საკასაციო პალატა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ნორმა ცალსახად ადგენს საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის გასაცემელის (პენსიის) დანიშვნის თარიღს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული გასაცემელი ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. შესაბამისად, კანონმდებელი პირისათვის გასაცემელის (პენსიის) დანიშვნის თარიღს უკავშირებს მის მიერ განცხადების წარდგენას და არა საპენსიო ასაკის მიღწევის თარიღს. მართალია პირს სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) მიღების უფლება წარმოეშობა სწორედ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, თუმცა ასაკის მიღწევა ავტომატურად არ ნიშნავს პირისათვის ამ გასაცემელის დანიშვნას. ამისათვის საჭიროა განცხადების წარდგენა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სწორედ ამ განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ხდება პირისათვის გასაცემელის (პენსიის) დანიშვნა. განსახილველ შემთხვევაში კი დასტურდება, რომ კასატორებს (მოსარჩელეებს) უკვე დაენიშნათ სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამასთან მათ აუნაზღაურდათ განცხადების წარდგენიდან დანიშვნამდე განაცდური თანხა, ხოლო ის გარემოება, რომ მათ ასაკის მიღწევისთანავე მიმართეს სააგენტოს, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

რაც შეეხება კასატორთა მითითებას, რომ მათ ზეპირსიტყვიერად მიმართეს სააგენტოს და მოპასუხის მხრიდანაც ზეპირსიტყვიერად მიიღეს უარი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ზეპირსიტყვიერად მიმართვის შესაძლებლობას არ იძლევა. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ცალსახად ადგენს, რომ განცხადება არის უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, იგი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს პირის უსაფუძვლო გამდიდრება, პირის იმაზე უკეთეს ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენა, ვიდრე იგი იქნებოდა ზიანის გამომწვევი ქმედების არ არსებობის შემთხვევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის №ბს-1031(კ-20) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზოგადად უფლება, მისი ვიწრო გაგებით, არის ადამიანის შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისა და კანონის შესაბამისად განახორციელოს გარკვეული ქმედება. ამ სახის უფლებას ნორმატიული, კანონწარმომშობი საწყისი გააჩნია და მისი ძირითადი განზრახულობა ამ უფლებით აღჭურვილი პირისათვის კონკრეტული სარგებლის მიღებას უკავშირდება. სარგებლის მიღება, როგორც ზოგადი მოქმედების უფლების ერთ - ერთი გამოვლინება, ზოგჯერ არ არის დამოკიდებული მხოლოდ უფლების ნორმატიულ ბუნებაზე, არამედ მოითხოვს უფლებით აღჭურვილი პირის ნებელობით მოქმედებას მისი რეალიზების თვალსაზრისით. ამდენად არსებობს უფლება, რაც მისი ეფექტურად გამოყენებისათვის, საჭიროებს ნებაყოფლობითი და თანმიმდევრული მოქმედების განხორციელებას, კონკრეტული შედეგის მიღწევის მიზნით. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს იმ გარემოების დადასტურება, რომ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. სადავო შემთხვევაში, უდავოა, რომ რ. დ-ის 2019 წლის 11 აპრილამდე, ლ. დ-ეეს 2018 წლის 3 მაისამდე და ნ. ლ-ას 2018 წლის 4 მაისამდე სააგენტოს შესაბამისი სამსახურისათვის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით წერილობითი ფორმით არ მიუმართავთ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კასატორების მიერ საპენსიო ასაკის (60-65 წელი) მიღწევისთანავე განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასაკით პენსიის დანიშვნის თაობაზე მიმართვის ფაქტი, უსაფუძვლოა მათი მოთხოვნა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. დ-ის, ლ. დ-ეის და ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. დ-ის, ლ. დ-ეის და ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე