Facebook Twitter

ბს-49(2კ-24) 26 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ზ. დ-ე (მოსარჩელე), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდება, განმეორებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის მართლზომიერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. დ-ემ 08.09.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს შს მინისტრის 15.03.2021წ. №MIA 6 21 00622729 ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება, ასევე გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის და სხვა მიუღებელი შემოსავლის (საყოველთაო ხასიათის პრემიების, დანამატებისა და წახალისებების) ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.11.2017წ. ბრძანებით ის გათავისუფლდა შსს პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.07.2018წ. გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალის აქტის გამოცემა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 15.03.2021წ. გამოსცა ბრძანება 2017 წლის 04 ნოემბრიდან ...ს ზ. დ-ეის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული ბრძანება არის დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო. მინისტრმა ბრძანება მიიღო შსს გენერალური ინსპექციის 10.03.2021წ. დასკვნის საფუძველზე კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.07.2018წ. გადაწყვეტილების დასაბუთების გაცნობისა და გათვალისწინების გარეშე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასათვის შესასრულებლად, თუმცა მოპასუხე კვლავ იმ არგუმენტებს და შეფასებებს იმეორებს, რომლებზეც წინა სასამართლოს დავის პერიოდში მიუთითებდა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2022წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 04.11.2017წ. დასკვნის თანახმად, ...მა ზ. დ-ემ ჩაიდინა შსს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა შსს-ში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლაში და შემდგომი გამოყენების მიზნით შსს-ს კუთვნილი ქონების (საწვავის ბარათის) მესამე პირისათვის გადაცემაში, სამსახურებრივი ავტომანქანისადმი დაუდევარ მოპყრობაში, რასაც შედეგად მისი დაზიანება მოჰყვა და შსს-ს მიადგა ქონებრივი ზიანი, ამასთან, დისციპლინური გადაცდომა გამოიხატა ზ. დ-ეის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობასა და შემთხვევის ადგილის თვითნებურად მიტოვებაში, შსს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილ არაგულწრფელობაში, შს მინისტრის 24.08.2012წ. №709 ბრძანების (არასამსახურებრივი მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვების, გამოყენების ან გავრცელების აკრძალვა) მოთხოვნათა დარღვევაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.11.2017წ. ბრძანებით შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს ..., ... ზ. დ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.07.2018წ. გადაწყვეტილებით აღნიშნული ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა. 25.12.2018წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.05.2020წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს 25.12.2018წ. განჩინება. საკასაციო პალატამ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია კასატორის მოსაზრება ზ. დ-ეის მიერ პერსონალური მონაცემების არასამსახურებრივი მიზნით მოპოვების შესახებ, ხოლო საწვავთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდება რიგ შემთხვევებში ზ. დ-ეის მიერ საწვავის ვალად აღება და ვალის გადახდის მიზნით სამსახურებრივი ბარათის ბენზინგასამართ სადგურში დასაქმებული პირებისათვის დატოვება, თუმცა შეფასებას საჭიროებს აღნიშნული დარღვევის სიმძიმე, ხსენებული ქმედებების შედეგად დამდგარი ზიანი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწვავის მომხმარების წესის შესახებ მინისტრის ბრძანება შესასრულებლად სავალდებულოა ყველა თანამშრომლისთვის. თანამშრომლის მიერ თავისი სურვილისამებრ საწვავის მოხმარებისა და ამ ბრძანებით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლის შემთხვევაში, ყველანაირი კონტროლის მექანიზმი მოიშლება, დამატებითი საწვავის საჭიროების შემთხვევაში მოსარჩელეს პატაკით უნდა მიემართა შესაბამისი თანამდებობის პირისათვის. საკასაციო პალატამ მეორე დარღვევასთან (სამსახურებრივი ავტომანქანისადმი დაუდევარი მოპყრობა, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობა, შემთხვევის ადგილის მიტოვება) დაკავშირებით მიუთითა, რომ მართალია ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით გამოვლინდა გარკვეული დაზიანებები, თუმცა არ დგინდება აღნიშნული დაზიანებების წარმოშობის საფუძვლები, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრება კონკრეტული შემთხვევის შედეგად სამინისტროსთვის მატერიალური ზიანის მიყენების შესახებ, არ არის დასაბუთებული. მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის დასკვნაში აღინიშნა, რომ საგზაო შემთხვევასა და შემთხვევის ადგილის მიტოვების ფაქტს ადასტურებენ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე მანქანის მძღოლი კ. ჯ-ე და თვითმხილველი გ. ა-ე, აგრეთვე ბენზინ-გასამართ სადგურზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. რაც შეეხება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაუკისრებლობას, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დისციპლინური სახდელის გამოყენების მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე მასალები გადაიგზავნა შს გენერალურ ისნპექციაში. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზ. დ-ეის სამსახურიდან დათხოვნით დარღვეული იქნა სახდელის დაკისრების თანაზომიერებისა პროპორციულობის პრინციპი. გადაცდომის სიმძიმესთან ერთად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზ. დ-ეს გათავისუფლებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 17.05.2017წ. ბრძანებით დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი - საყვედური. მხარეთა პოზიციებისა და საქმეზე დადასტურებული მტკიცებულებათა შეფასებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ დაასაბუთა ზ. დ-ეის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციულობა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2022წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. დ-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. გადაწყვეტილებით, ზ. დ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2022წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. დ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შს სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 15.03.2021წ. №MIA 6 21 00622729 ბრძანება და ზ. დ-ესთან მიმართებით მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.11.2017წ. ბრძანებით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს ..., ... ზ. დ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. აღნიშნულის აქტის მართლზომიერება შეფასდა სასამართლო წესით და დადგინდა, რომ სადავო საკითხი არ იყო სრულყოფილად შესწავლილი და საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ხელახალი წარმოების ფარგლებში უნდა შეფასებულიყო შს სამინისტროში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დარღვევის სიმძიმე და დამდგარი ზიანი, ავტოსაგზაო შემთხვევის არსებობის ფაქტი, ავტომობილებისთვის მიყენებული დაზიანების ტიპი და ამგვარი დაზიანების არსებობა ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ამ შემთხვევის შედეგად სამინისტროსთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, ზ. დ-ეის მიერ პერსონალური მონაცემების არასამსახურებრივი მიზნით მოპოვების ფაქტის არსებობა და დარღვევის თანაზომიერი და მიზანშეწონილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. საკასაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში ზ. დ-ეის სამსახურებრივი მანქანა ხშირად იყო გაუმართავი, რის გამო შესაკეთებლად გადაჰყავდათ თბილისში, ამ მიზნით ზ. დ-ე ახდენდა კონკრეტული პირების საწვავით უზრუნველყოფას, ამასთანავე, სამსახურებრივი მანქანის გაუმართაობის პერიოდში ზ. დ-ე სარგებლობდა პირადი ავტომობილით, რა დროსაც მოიხმარდა ბენზინს სამსახურებრივი ბარათის გამოყენებით. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში დგინდება ზ. დ-ეის მიერ საწვავის ვალად აღება და ვალის გადახდის მიზნით სამსახურებრივი ბარათის ბენზინგასამართ სადგურში დასაქმებული პირებისთვის დატოვება, თუმცა შეფასებას საჭიროებს აღნიშნული დარღვევის სიმძიმე, ხსენებული ქმედებების შედეგად დამდგარი ზიანი, რასაც მნიშვნელობა ენიჭება ზ. დ-ეის მიმართ გამოყენებული სახდელის თანაზომიერების შეფასებისას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელახალი წარმოების ფარგლებში შსს გენერალური ინსპექციის მიერ შედგენილ დასკვნაში მითითებული გარემოებები სრულად არ ასახავს რეალურ სურათს და არ პასუხობს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ გამოსაკვლევ საკითხებს, კერძოდ, არ არის გამოკვლეული ყველა კონკრეტული შემთხვევა, რა დროსაც სადავო გახდა ზ. დ-ეის მიერ საწვავის გამოყენების წესის გვერდის ავლა, არ არის შეფასებული ამგვარი ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა და სიმძიმე. ავტოავარიის საკითხზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ დგინდებოდა ავტომობილზე არსებული დაზიანებების ზუსტი წარმოშობა, ამასთან იმ პირობებში, როდესაც ზ. დ-ემ შეაკეთა დაზიანება, არ იყო გამოკვლეული სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით არ იყო შეფასებული ფაქტის სიმძიმე. დასმულ საკითხებს არ პასუხობს არც ხელახალი წარმოების შედეგები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ნ. მ-ეის მართვაში მყოფი ავტომობილის გაჩერების ფაქტი ზ. დ-ეის მიერ მითითებულ ადგილზე და გამორიცხა არასამსახურებრივი მიზნით ინფორმაციის მოძიების ფაქტი. ახალი წარმოების ფარგლებში ლ. ხ-ეის მიერ გენერალური ინსპექციის მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად 20.10.2017წ. ნ. მ-ეის ავტომანქანა მისი სახლის წინ იყო გაჩერებული, დასახელებული ლოკაციიდან 13:00სთ-ის შემდეგ ნ. მ-ე თბილისისკენ გაემგზავრა და ჩოხატაურში აღარ შეჩერებულა. აღნიშნული ჩვენების საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სა...დან, რომლის მიხედვითაც ნ. მ-ემ აიღო თანხა ჩოხატაურში, ...ის ქ. №20-ში მდებარე ბანკომატიდან, რაც გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ლ. ხ-ეის ახსნა-განმარტებასთან. საკასაციო სასამართლოს შეფასებით ყველა სადავო გარემოება საჭიროებდა დამატებითი კვლევას, შეფასებას და იმგვარი მტკიცებულებების მოძიებას, რაც უტყუარად დაადასტურებდა ზ. დ-ეის მხრიდან ზოგადად გადაცდომის ჩადენას ან იმგვარი და იმ სიმძიმის გადაცდომათა ჩადენას, რომლისთვისაც რელევანტური იქნებოდა ყველაზე უფრო მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება და ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელი ვერ უზრუნველყოფდა მიზანს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი წარმოების პირობებში არ შეუსრულებია სასამართლოს მითითებები, ჯეროვნად არ გამოუკვლევია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საკითხები. ადმინისტრაციული ორგანო ახალი წარმოების ფარგლებში დაეყრდნო მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებსაც ეყრდნობოდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობილი ბრძანების მიღებისას და რაც არასაკმარისად, არათანაზომიერად ჩათვალა სასამართლომ ზ. დ-ეის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებისთვის. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 12.01.2021წ. გამოკითხული იქნენ გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებლები, რომელთა ჩვენებები იდენტურია, ამასთან აღნიშნული ჩვენებები საფუძვლად არ დასდებია გენერალური ინსპექციის დასკვნას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხები დამოკიდებულია ახალი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შედეგზე, შესაბამისად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საქმის განხილვის ამ ეტაპზე იმსჯელოს აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. დ-ეის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კასატორმა ზ. დ-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო საკითხი არსებითად უნდა გადაეწყვიტა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ხელახლა იგივე გარემოებების გამოკვლევის დავალება, დაუსაბუთებელია. კასატრომა მიუთითა საკასაციო სასამართლოს 28.05.2020წ. განჩინების შინაარსსა და ხელახლა ჩატარებული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების სათანადოდ აღუსრულებლობაზე. მოპასუხის მიერ ახალი აქტის გამოცემის საფუძველი არ გამხადარა რაიმე ახალი ფაქტი. ადმინისტრაციულ ორგანოს ერთხელ უკვე დაუბრუნდა საკითხი უკან განსახილველად. საკითხის განსახილველად კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნება არ ემსახურება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს. ყველა სადავო გარემოებას სჭირდებოდა დამატებითი კვლევა, შეფასება და იმგვარი მტკიცებულებების მოძიება, რაც უტყუარად დაადასტურებდა ზ. დ-ეის მხრიდან ზოგადად გადაცდომის ჩადენას ან იმგვარი და იმ სიმძიმის გადაცდომათა ჩადენას, რომლისთვისაც რელევანტური იქნებოდა ყველა უფრო მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება და ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელი ვერ უზრუნველყოფდა მიზანს. პირველი სასამართლოწარმოების ფარგლებში მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, თუმცა ამ შემთხვევაში დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კასატორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, თუმცა თვლის, რომ გამოყენებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის ანალოგია, კერძოდ თუ არ დასტურდება ბრალდება, საქმე უბრუნდება არა გამოძიებას, არამედ მიიღება გამამართლებელი განაჩენი. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და საკითხი უნდა გადაწყდეს არსებითად, ასევე დაკმაყოფილდეს თანმდევი მოთხოვნებიც. მართალია, მოსარჩელის თანამდებობა ვაკანტური არ არის, მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 118.3 მუხლის საფუძველზე.

კასატორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ შს მინისტრის 24.01.2017წ. №27 ბრძანებით განსაზღვრულია საწვავის უზრუნველყოფის წესი, რომელიც წინასწარ და მკაცრად აყალიბებს საწვავის გამოყენების წესსა და გამოსაყენებლი საწვავის ოდენობას. ბრძანება აგრეთვე მკაცრად ზღუდავს საწვავის მიმღებ პირთა წრეს, საფუძველს და საწვავის ყოველთვიურ ლიმიტს. ამ ლიმიტის ფარგლებში კონკრეტული დანაყოფი ანაწილებს საწვავს მოსამსახურეზე განპიროვნებულ ან პირად სარგებლობაში არსებულ მანქანაზე. თუ მოსამსახურე საწვავის ლიმიტს ვერ ამოწურავს, ყოველი თვის ბოლოს ხდება დარჩენილი ოდენობის განულება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საწვავის ლიმიტი სამსახურებრივი მიზნებისთვის არ არის საკმარისი, პატაკით შესაძლოა მიმართონ ლოჯისტიკის დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გაზრდას. ამდენად, სამინისტრო მოქმედებს იმ სახელმწიფოებრივი ინტერესის ფარგლებში, რომ სახელმწიფო ქონება (საწვავი) იხარჯებოდეს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის. აღნიშნულის კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ხსენებული ბრძანების მოთხოვნათა დაცვის პირობებში. ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გენერალური ინსპექციის 10.03.2021წ. დასკვნაში აღინიშნა, რომ ზ. დ-ეის გადაცდომას წარმოადგენს შს სამინისტროში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესისათვის გვერდის ავლა, კერძოდ, ზ. დ-ე მასზე განპიროვნებულ ავტომანქანაზე საწვავის ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო საწვავს სესხულობდა, ხოლო ვალის გასტუმრების მიზნით საწვავის ბარათს გადასცემდა მესამე პირს, რის შემდეგ საწვავის ჩასხმა ხორციელდებოდა მესამე პირის განკარგვით არაავტორიზებულ ავტომანქანებში, ასევე დადგენილი წესისთვის გვერდის ავლას წარმოადგენდა შს სამინისტროზე რიცხულ კონკრეტულ ავტომანქანაზე გაცემული საწვავის ბარათიდან ზ. დ-ეის მიერ ან/და მითითებით შს სამინისტროს მოსამსახურეთა კუთვნილ (არაავტორიზებულ) ავტომანქანებში საწვავის ჩასხმა. კასატორის მითითებით ზ. დ-ეს არ გააჩნდა უფლებამოსილება მისი ავტომობილისთვის განკუთვნილი პლასტიკური ბარათი გადაეცა სხვა პირისთვის, თუნდაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით. აუცილებლობის შემთხვევაში მას შეეძლო ხელმძღვანელისთვის მიმართვა, რომელიც უზრუნველჰყოფდა სამსახურებრივი საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვას. ზ. დ-ეის მიერ პლასტიკური ბარათის სხვა პირებისთვის გადაცემა იყო თვითნებობა, იგი არ გამომდინარეობდა რაიმე საჭიროებით, სხვა შემთხვევაში მას შეეძლო და ევალებოდა ხელმძღვანელისთვის მიმართვა, რაც მას არ განუხორციელებია, აგრეთვე არ შეუსრულებია ბრძანებით დადგენილი ვალდებულება საწვავის ლიმიტის გამოყოფის შეჩერების მოთხოვნის თაობაზე, ვინაიდან მისი განმარტებით ავტომობილი, რომლისთვისაც გადაეცა პლასტიკური ბარათი, იყო გაუმართავი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სამინისტროს მსჯელობა ზ. დ-ეის მიერ სხვა პირისთვის პლასტიკური პარათის გადაცემის უფლებამოსილების არარსებობის თაობაზე, თუმცა აღნიშნული არ მიიჩნია მძიმე გადაცდომად. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ზ. დ-ეის ქმედებამ საფრთხე შეუქმნა ადმინისტრაციული ორგანოს საბიუჯეტო რესურსს, ვინაიდან კონტროლს მიღმა დარჩა საწვავის მიმღებ პირთა წრე, ოდენობა და მიზნობრიობა.

კასატორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ 20.10.2017წ. ზ. დ-ემ შს სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემის მეშვეობით მოიპოვა ინფორმაცია „...“-ის მოდელის ავტომანქანის (სახელმწიფო №...) მესაკუთრისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ. ზ. დ-ეის განმარტებით, ხსენებულ თარიღში ...ის ცენტრში მდებარე კლინიკა „...ს“ წინ შეამჩნია ავტომანქანა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ავტომანქანებისთვის დაბრკოლების შექმნა, ამის გამო საჭირო გახდა ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობის დადგენა. მოსარჩელის აღნიშნული განმარტება არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ავტომობილის მოსარგებლის ნ. მ-ეის განმარტებით, ნ. მ-ეს 20.10.2017წ. ხსენებული ავტომობილი გაჩერებული ჰყავდა სხვა ლოკაციაზე, კერძოდ, ლ. ხ-ეის სახლთან, საიდანაც 13:00 სთ-ზე დაიწყო სვლა თბილისის მიმართულებით და ჩოხატაურში არ გაჩერებულა. ლ. ხ-ეემ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვისას დაადასტურა, რომ ხსენებული ავტომობილი მისი სახლის წინ ნამდვილად იყო გაჩერებული. დამატებით მან განმარტა, რომ მას მეგობრული ურთიერთობა აქვს ზ. დ-ესთან და ამ უცხო მანქანის გაჩერებამ გამოიწვია ზ. დ-ეის დაინტერესება მისი მფლობელის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავების საქმეებზე მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა, კერძოდ, მონაცემთა დამუშავების კანონიერის მტკიცების ტვირთი, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების კანონიერების, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობის მტკიცების ტვირთი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 26.4 მუხლის თანახმად, ეკისრება მონაცემთა დამმუშავებელს, ამ შემთხვევაში ზ. დ-ეს. მოსარჩელე უთითებს ხსენებული ავტომობილის მიერ სხვა ავტომობილებისთვის შესაძლო ხელისშეშლაზე, ანუ აბსტრაქტულ გარემოებაზე და არა იმწუთიერ საფრთხეზე. თუ მოქალაქეს არასწორად ჰყავდა პარკირებული ავტომობილი, გაურკვეველია მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლობა ან/და საპატრულო პოლიციისთვის მიუმართველობა. ცხადია, რომ ზ. დ-ე პერსონალური ინფორმაციის მოპოვების პროცესში მოქმედებდა პირადი ინტერესით და არა სამსახურებრივი მიზნით, შესაბამისად, მან დაარღვია, როგორც „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ 24.08.2012წ. №709 ბრძანება, აგრეთვე საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი.

კასატორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ შემდგომ დისციპლინურ დარღვევას - საგზაო შემთხვევასა და შემთხვევის ადგილის მიტოვების ფაქტს ადასტურებს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მეორე მანქანის მძღოლი კ. ჯ-ე და თვითმხილველი გ. ა-ე, აგრეთვე ბენზინ-გასამართ სადგურზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის ფაქტის ეჭვის ქვეშ დაყენებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაუკისრებლობის გამო, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დისციპლინური სახდელის გამოყენების მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე მასალები გადაიგზავნა შსს გენერალურ ინსპექციაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ზ. დ-ეის მიერ ავტომობილის შეკეთების გამო მიიჩნია, რომ არ არსებობს სამინისტროსთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. სასამართლოს არ შეუფასებია მოქმედი პოლიციელის მხრიდან საგზაო შემთხვევისა და შემთხვევის ადგილის მიტოვების ფაქტის სიმძიმე, აგრეთვე ზ. დ-ეის მიერ გამოჩენილი არაგულწრფელობა. ზ. დ-ეის და მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების ერთ-ერთ ფუნქცია-მოვალეობას შეადგენს საგზაო მოძრაობის შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულება. კასატორმა მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე და 1271.6 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ზ. დ-ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის კანონმდებლობა - სამსახურებრივი ავტომანქანით მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი მიატოვა თვითნებურად. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს გადაცდომას. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისკენ ზ. დ-ემ უბიძგა სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მეორე მძღოლსაც. შემთხვევას შეესწრო ასევე სხვა მოქალაქეც, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზ. დ-ეის თანამდებობა. ამდენად, მოსარჩელემ ჩაიდინა ისეთი ქმედება, რითაც შეილახა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტი და მოახდინა მისი დისკრედიტაცია, რაც წარმოადგენს მძიმე დისიციპლინურ გადაცდომას. კასატორმა მიუთითა სკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ ზიანის ანაზღაურების საფუძველზე და აღნიშნა, რომ ავტომობილი, რომლითაც ზ. დ-ე გადაადგილდებოდა იყო შს სამინისტროს ბალანსზე. თანამშრომელი, რომელიც იყენებს სამინისტროს ბალანსზე არსებულ ავტომობილს, უნდა აცნობიერებდეს მომეტებულ პასუხისმგებლობას და ნებისმიერი შეჯახებისას ხელმძღვანელს პირს უნდა აყენებდეს საქმის კურსში. ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე ზ. დ-ეს ეკისრებოდა უშუალო უფროსისთვის და გენერალური ინსპექციისთვის შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, მიუხედავად გამოწვეული ზიანის სიმცირისა. შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის აჭარის არ საექსპერტო-კრიმინალისტურ სამსახურში 07.01.2018წ. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის („...“) ვიზუალური დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ შეადგინა 1360 ლარი, შესაბამისად, იგი აღდგენილია მხოლოდ ნაწილობრივ. კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოს მიერ აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. საქმეზე წარმოდგენილია ახალი მტკიცებულებები, აგრეთვე დაზუსტებულია მთელი რიგი გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო ზ. დ-ეის გათავისუფლებას. რაც შეეხება სახდელის პროპორციულობას, მოსარჩელის სამინისტროდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ერთდაერთი და თანაზომიერი საშუალებაა. გასათვალისწინებელია აგრეთვე ზ. დ-ეის პიროვნება და დამსახურება. მოსარჩელეს სამსახურებრივი შემოწმებისას გააჩნდა მოქმედი დისციპლინური სახდელი - საყვედური. იგი ხელმძღვანელის მხრიდან დახასიათდა, როგორც ინერტული და უპასუხისმგებლო, გამოკითხვისას სხვა თანამშრომლებმაც აღნიშნეს, რომ ზ. დ-ე იყო ნაკლებად მოტივირებული ხელმძღვანელი პირი. შს სამინისტროს არ გადაუჭარბებია მისთვის დაკისრებული დისკრეციული უფლებამოსილებისთვის. გადაწყვეტილება ზ. დ-ეის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მის მიერ ჩადენილი გადაცდომების პროპორციულია, რის გამო არ არსებობდა შს მინისტრის 15.03.2021წ. ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 25.09.2024წ. საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების მიზნით გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე მოსარჩელემ გამოთქვა მორიგების სურვილი გარკვეულ პირობებზე მითითებით, შესაბამისად მხარეებს მიეცათ ვადა საქმის მორიგების დასრულების მიზნით. საკასაციო პალატაში 25.11.2024წ. წარმოდგენილი იქნა შს სამინისტროს წარმომადგენლის წერილი, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგებაზე უარი განაცხადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ზ. დ-ეის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს. სააპელაციო ინსტანციაში პროცესუალურ-სამართლებრივი რეგულაციური ფუნქციის ფარგლები გამოიხატება სასამართლოს უფლებამოსილებაში თავად გამოიკვლიოს მტკიცებულებები და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძირითადად შეიცავს საკასაციო პალატის განჩინებაზე მითითებას, სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს განჩინებაში ასახულ გამოსაკვლევ გარემოებებზე მითითება მიიჩნია საკასაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებად მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლოს პროცესუალურ უფლებამოსილებას არ შეადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სააპელაციო სასამართლოს მიერ არამართებულად იქნა გამოყენებული სასკ-ის 32.4 მუხლი, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების წინაპირობას წარმოადგენს.

საქმის მასალებში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.11.2017წ. №2665742 ბრძანებით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს ..., ... ზ. დ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. აღნიშნული ბრძანება სასამართლო წესით გასაჩივრდა ზ. დ-ეის მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.07.2018წ. გადაწყვეტილებით ზ. დ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.11.2017წ. №2665742 ბრძანება ზ. დ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2018წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს 10.07.2018წ. გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2020წ. განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მიჩნეული იქნა დაუშვებლად. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოს აქტი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა, ახალი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონვენციის 6.1 მუხლით დაცულია საბოლოო და აღსასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება („Ouzounis and others v. Greece“, §21), წინააღმდეგ შემთხვევაში კონვენციის აღნიშნული მუხლი აზრს იქნებოდა მოკლებული („Burdov v. Russia“, §34,37). ეფექტური დაცვის საშუალებები და კანონიერების აღდგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სასამართლოს აქტების შესრულების ვალდებულებას („Hornsby v. Greece“, § 41). გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს სრულად და არა ნაწილობრივ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გაუთვალისწინებლობა შედეგად იწვევს ერთი და იგივე საკითხზე სასამართლოწარმოებათა სერიას, რაც ასევე ეწინააღმდეგება კონვენციის 6.1 მუხლს („Turczanik v. Poland“, §49). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კონვენციის 6.1 მუხლის მოთხოვნებს, უნდა დაექვემდებარონ იმ „სასამართლო ორგანოს კონტროლს, რომელსაც სრული იურისდიქცია“ გააჩნია („Ortenberg v. Austria“, §31). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 15.03.2021წ. მიღებული იქნა №MIA 6 21 00622729 ბრძანება, რომლითაც ზ. დ-ე კვლავ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 4 ნოემბრიდან. განსახილველი დავის საგანს აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა შეადგენს. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე 15.03.2021წ. №MIA 6 21 00622729 ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო იმაზე მითითებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსრულებია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავალებული მითითებები და არ გამოუკვლევია სათანადო გარემოებები. ამდენად, ზ. დ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება სასამართლოს მიერ შეფასდა ორი სასამართლოწარმოების ფარგლებში და ორივე შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი მოსარჩელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვტელად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლოს უფლება ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 03.04.2015წ. №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თ. ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს მისი უფლებების, მათ შორის შრომის თავისუფლების უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების დაცვისათვის სათანადო პროცესუალური კანონმდებლობის შექმნა, თავის მხრივ, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას წარმოადგენს. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის და შეფასების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების უცილობელი პირობის, დაუცველობის შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლოს უფლებამოსილება ცნოს აქტი ბათილად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად (სასკ-ის 32.4 მუხ.). სზაკ-ის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო სზაკ-ის 96.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული იმპერატიული ხასიათის უმნიშვნელოვანეს დანაწესს წარმოადგენს. სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, აქტის ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულია კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ვალდებულება - საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის და მათი შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევით ინდივიდუალური აქტის გამოცემის შემთხვევაში სასამართლო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს ადმინისტრაციულ აქტს და ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს არა კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს უთითებს საკითხებს, რომლებიც მის მიერ დამატებით უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული ახალი აქტის გამოცემისას. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული არ უნდა იწვევდეს ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის გზით უფლების დაცვა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილ გადამოწმებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლოს აქვს უფლებამოსილება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების და შესწავლის საფუძველზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული. ადმინისტრაციული წარმოება არის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენების ანუ გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებული პროცესი, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ამოცანებს და აწესრიგებს სამართალურთიერთობის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციული წარმოება შედგება რამდენიმე ეტაპისაგან (ინფორმაციის მოპოვება, გადაწყვეტილების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება), რაც ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე კანონით დაკისრებული ძირითადი ფუნქციის შესრულებას, საჯარო მმართველობის განხორციელებას. ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტის პროცესში სასამართლო ახორციელებს სასამართლოწარმოებას და არა ადმინისტრაციულ წარმოებას, უკანასკნელი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების განსაზღვრას, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას, მოძიებული ინფორმაციის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობასთან შესაბამისობის დადგენას და სამართლებრივი შედეგის განსაზღვრას. სასამართლოს მიერ მითითებული ფუნქციების საკუთარ თავზე აღების შემთხვევაში, სასამართლო სრულად ჩაანაცვლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს და განახორციელებდა არა მართლმსაჯულებას, არამედ საჯარო მმართველობას, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე არ არის დასაშვები (სუსგ 05.02.2020წ. საქმე №ბს-1350(2კ-19)). ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების დროს ხორციელდება სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თუ განხორციელებული ქმედების კანონიერებაზე. სასამართლო არ არის შებოჭილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოსთვის მინიჭებული საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილება ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპის დაცვას. განსახილველ შემთხვევაში მართალია შეფასებას საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მითითებული გარემოებების კვლევის ვალდებულების შესრულება, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასეთი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის ფაქტის არარსებობა იმთავითვე არ გულისხმობს საკითხის განმეორებით ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების საფუძვლების არსებობას, ხელახლა იგივე გარემოებების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გამოკვლევის დავალებას. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებითა და ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის საფუძველზე, ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები და მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. უკეთუ საკითხის ხელახალი შესწავლისას დადგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არასათანადო გამოკვლევა, ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების ფარგლებში შეგროვებული და გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე საკითხის არსებითად გადაწყვეტა არ გამოირიცხება. ყოველ ჯერზე სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობამ შესაძლოა გამოიწვიოს დავის უსასრულოდ გაგრძელება. აღნიშნულმა შესაძლოა საერთოდ დაუკარგოს აზრი დავის საბოლოო შედეგს. ამდენად, სასამართლოს მიერ კონკრეტულ საკითხზე განმეორებით სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება საჭიროებს სათანადო დასაბუთებას, ასევე საჭიროებს გონივრული ბალანსის დაცვას სასამართლომ მიერ ადმინისტრაციული ორგანოს ჩანაცვლების დაუშვებლობასა და მართლმსაჯულების განხორციელებას შორის.

„პოლიციის შესახებ“ კანონის 4.3 მუხლის მიხედვით, პოლიციელი არის საჯარო მოხელე. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს ყოველი მოქალაქის საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლებას. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი იცავს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.05.2014წ. №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტია. საჯარო მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირები, დამოუკიდებლად იმისგან, წარმოადგენენ თუ არა ისინი კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო ფუნქციის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის უნდა სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური გარანტიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 11.04.2014წ. №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ. კანდელაკი, ნ. დვალი, ზ. დავითაშვილი, ე. გოგუაძე, გ. მელაძე და მ. ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5-6). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ. საქმე №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158 კონვენციის (1982წ.) N166 რეკომენდაცია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ“). ამდენად, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საკმარისად და სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული.

„პოლიციის შესახებ“ კანონის 41.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას. ამავე კანონის 59.3 მუხლი შეიცავს დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს, რომელთაგან სამსახურიდან დათხოვნა („ზ“ ქვ.პ.) წარმოადგენს ყველაზე მძიმე სახდელს. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ 41.2 მუხ.). პირის გათავისუფლება სამსახურიდან, როგორც ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი, სარწმუნოდ უნდა დასაბუთდეს. განსახილველ შემთხვევაში არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, რომელიც საკმარისი იქნებოდა აღნიშნულ საკითხებზე დასკვნის მისაღებად. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შს მინისტრის 04.11.2017წ. და 15.03.2021წ. ბრძანებებს საფუძვლად დაედო შსს გენერალური ინსპექციის დასკვნები, რომლებითაც ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების (საწვავის მოხმხარების წესის დარღვევა, პერსონალური მონაცემების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება, ავტოსაგზაო შემთხვევის შეუტყობინებლობა, სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაზიანება) გამო მიზანშეწონილად მიიჩნია დისციპლინური სახდელის სახით ზ. დ-ეისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდება. გენერალური ინსპექციის დასკვნების მიხედვით ზ. დ-ემ დაარღვია შს მინისტრის 24.01.2017წ. №27 ბრძანებით დამტკიცებული საწვავის გამოყენების წესი, რომელიც დამტკიცებული ლიმიტის ზემოთ საწვავის გასაცემად ადგენს შესაბამისი პირის მიერ მოტივირებული პატაკის წარდგენის საჭიროებას. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ... ზ. დ-ეზე განპიროვნებული იყო შს სამინისტროზე რიცხული ავტომანქანა, რომლისთვისაც სს „ვ...ს“ მიერ დამზადებული იქნა საწვავის ბარათი. აღნიშნულ ბარათზე ყოველთვიურად ირიცხებოდა 400 ლიტრი ბენზინის საწვავი. დისციპლინური გადაცდომა მდგომარეობს იმაში, რომ 2017 წლის აპრილსა და მაისში ზ. დ-ემ საწვავის ლიმიტის ამოწურვის გამო საწვავი ბენზინგასამართი სადგურიდან აიღო ვალად, შემდგომ ვალის დაბრუნების მიზნით ბარათი სარგებლობისთვის გადასცა ჩოხატაურში იმავე ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს სხვა პირთა კუთვნილ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის მიზნით, ასევე ზ. დ-ეის მიერ ან/და მისი მითითებით ხდებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა კუთვნილ (არაავტორიზებულ) ავტომანქანებში საწვავის ჩასხმა. საკასაციო პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ კანონის 55.2 მუხლზე, რომლის თანახმად თუ პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, ამ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით უზრუნველყოფს სამინისტრო მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. შს მინისტრის 24.01.2017წ. №27 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საწვავით უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია სწორედ მითითებული ნორმის საფუძველზე, აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს მინისტრის არა ნორმატიულ, არამედ ინდივიდუალურ აქტს, რომლის გაცნობის წესი დადგენილია კანონმდებლობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული საწვავის მოხმარების „წესის“ დარღვევის გამო დისციპლინური გადაცდომის დადგენა საჭიროებდა მოსარჩელის მიერ შს მინისტრის 24.01.2017წ. №27 ბრძანების გაცნობის ფაქტის დადგენას. საკასაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე შს სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერ გასცა დაზუსტებული პასუხი და გამოთქვა მხოლოდ ვარაუდი იმის შესახებ, რომ ელექტრონული კანცელარიის მეშვეობით მოსარჩელე გაცნობილი უნდა იყოს აღნიშნულ ინდივიდუალურ აქტს. საქმეში არსებული მასალების მიხედვით მოსარჩელის სახელზე განპიროვნებული შს სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა პერიოდულად საჭიროებდა შეკეთებას. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსი ზ. მ-ი 18.05.2017წ. ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ მიმდინარე წელს ზ. დ-ეზე განპიროვნებული ავტომობილი რამდენიმეჯერ იქნა გადაყვანილი ქ. თბილისში შესაკეთებლად და მოსარჩელე სამსახურში ცხადდებოდა პირადი ავტომობილით. ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ს. მ-ი 18.05.2017წ. ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ ზ. დ-ეის სამსახურებრივი ავტომანქანა შეკეთების მიზნით, ევაკუატორის საშუალებით, გადაყვანილი იქნა ქ. თბილისში. ს. მ-ის მითითებით 2017 წლის მარტში ის გაემგზავრა ქ. თბილისში აღნიშნული ავტომობილის ჩამოყვანის მიზნით, რის გამოც ზ. დ-ემ მას გადასცა თავისი სამსახურებრივი საწვავის ბარათი, რომლითაც ს. მუკბანიანმა ისარგებლა ჩოხატაურში ჩამოსვლის მიზნით. ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს ...ის ნ. ტ-ეის 18.05.2017წ. ახსნა-განმარტების თანახმად, 11.04.2017წ. ზ. დ-ეის თხოვნით ქ. თბილისიდან ჩამოიყვანა ზ. დ-ეის სამსახურებრივი ავტომაქანა, რომელიც თბილისში შესაკეთებლად იმყოფებოდა, ავტომანქანის ჩამოსაყვანად მან ისარგებლა ზ. დ-ეის მიერ გადაცემული საწვავის ბარათით, კერძოდ, საწვავი ავტომობილში ჩაასხა ქ. თბილისში, ...ში მდებარე „ვ...ს“ ბენზინგასამართ სადგურში. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება სს „ვ...ს“ მიერ გაცემული საწვავის ჩასხმის ცხრილით. ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს ...ის ვ. ნ-ეის 18.05.2017წ. ახსნა-განმარტებით, იმავე წლის 25-26 აპრილს ქ. თბილისში წაიყვანა მოსარჩელის სამსახურებრივი ავტომანქანა შეკეთების მიზნით, 27 აპრილს ქ. თბილისიდან ჩოხატაურში დასაბრუნებლად ავტომობილში საკუთარი სახსრებით ჩაასხა საწვავი, სანაცვლოდ რამდენიმე დღეში სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ზ. დ-ემ ჩოხატაურში არსებული „ვ...ს“ ბენზინგასამართი სადგურის პერსონალთან გასაუბრების შემდგომ საწვავი ჩაუსხა მის კუთვნილ „...ს“ მარკის ავტომანქანაში. ზ. დ-ეის 17.05.2017წ. ახსნა-განმარტების თანახმად, მან საწვავი ვალად აიღო 2017 წლის მარტსა და აპრილში, საქმის მასალებში დაცული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ახსნა-განმარტებების შესაბამისად მოსარჩელის სამსახურებრივი ავტომანქანა სწორედ მითითებულ პერიოდში საჭიროებდა შეკეთებას. ამდენად, მოსარჩელის სახელზე განპიროვნებული ავტომობილისთვის გამოყოფილი საწვავის ოდენობის არასაკმარისობა შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო სწორედ ავტომანქანის შეკეთების გამო ჩოხატაურიდან თბილისში და თბილისიდან ჩოხატაურში ტრანსპორტირებით, შესაბამისად დასაბუთებული არ არის კასატორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საწვავის ბარათის სხვა პირისათვის გადაცემის საჭიროება არ არსებობდა. ამასთანავე ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენელს არ მიუთითებია ავტომანქანის შეკეთების შემდგომ მისი თბილისიდან ჩოხატაურში დაბრუნების მიზნით გამოსაყენებელი საწვავის მოხმარების კონკრეტულ წესზე. საწვავის გამოყენებასთან დაკავშირებით მითითებული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია. სააპელაციო პალატის მითითებით საკასაციო სასამართლომ 28.05.2020წ. განჩინებით დადასტურებულად მიიჩნია სადავო პერიოდში ზ. დ-ეის სამსახურებრივი მანქანის ხშირად გაუმართაობა, ამის გამო თბილისში შესაკეთებლად მანქანის გადაყვანა, გადაყვანის მიზნით კონკრეტული პირების საწვავით უზრუნველყოფა, სამსახურებრივი მანქანის გაუმართაობის პერიოდში ზ. დ-ეის მიერ თავისი პირადი ავტომობილით სარგებლობა და სამსახურებრივი ბარათით ბენზინის მოხმარება, რიგ შემთხვევებში ზ. დ-ეის მიერ საწვავის ვალად აღება და ვალის გადახდის მიზნით სამსახურებრივი ბარათის ბენზინგასამართ სადგურში დასაქმებული პირებისთვის დატოვება. ამდენად, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის ნაცვლად სააპელაციო პალატა შემოიფარგლა საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ საკასაციო პალატის განჩინებაზე მითითებით, აღნიშნულ განჩინებაში ასახული გარემოებები მიიჩნია საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებად მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პროცესუალური უფლებამოსილება არ გააჩნია, ამასთანავე საკასაციო სასამართლოს განჩინება ეხებოდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე დავის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობაზე და საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემაზე შეტანილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლობას. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების ნაცვლად გაიმეორა საკასაციო პალატის დასკვნა საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევის სიმძიმის და ამ ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის შეფასების საჭიროებაზე, შესაბამისად საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების მართებულება ასეთის არარსებობის გამო. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს ბენზინგამასართი სადგურის თანამშრომლების ახსნა-განმარტებებზე, რომელთა მიხედვით ზ. დ-ეს საწვავის ვალი არ გააჩნია, აღნიშნულ გარემოებას არც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უარყოფს, შესაბამისად შეფასებას საჭიროებს საწვავის გამოყენებასთან დაკავშირებით ზ. დ-ეის ქმედებით მძიმე შედეგების დადგომის არსებობა, ვინაიდან მოსარჩელის ქმედებით გარკვეული სახის რისკის შექმნა არ ქმნის ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების საკმარის საფუძველს (სუსგ 10.11.2022წ. საქმე ͏№ბს-763(2კ-22), 26.06.2024წ. საქმე ͏№ბს-227(კ-24)). ამასთანავე, გენერალური ინსპექციის დასკვნებში საწვავის გამოყენების „წესის“ დარღვევად მიჩნეულია აგრეთვე საწვავით პირადი მანქანის უზრუნველყოფა სამსახურებრივი ავტომობილის გაუმართაობის პერიოდში. აღნიშნულთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 55.2 მუხლი ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისა და ამ სატრანსპორტო საშუალების საწვავით სამინისტროს მიერ უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ასეთ შესაძლებლობას ადგენს აგრეთვე შს მინისტრის 24.01.2017წ. ͏№27 ბრძანებით დამტკიცებული საწვავის გამოყენების „წესის“ მე-2 მუხლი. ამდენად, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად პირად საკუთრებაში მყოფ მანქანაში ბარათის გამოყენებით საწვავის ჩასხმა არ წარმოადგენს დისციპლინური დევნის საფუძველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საწვავის ბენზინგასამართი სადგურიდან ვალად აღებისა და შემდეგ ვალის დაბრუნების ფაქტთან მიმართ - დადგენილი არ არის გადაცდომის სიმძიმე და ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით გამოყენებული სახდელის ადეკვატურობა. ადმინისტრაციული ორგანო არ მიუთითებს ზ. დ-ეის მიერ საწვავთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების შედეგად სამინისტროსთვის ზიანის მიყენების ან საწვავის არასამსახურებრივად გამოყენების ფაქტზე. მოპასუხე მიუთითებს საწვავის მოხმარების კონტროლის მექანიზმის მოშლაზე, სამსახურებრივი მიზნით გამოყოფილი საწვავის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საწვავის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, არასამსახურებრივი მიზნით საწვავის გამოყენებას მოპასუხე მოსარჩელეს არ ედავება. კასატორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ვერ დააზუსტა აგრეთვე დადგენილი „წესის“ ავლით გამოყენებული საწვავის ოდენობა, შესაბამისად საწვავის ამ ოდენობის დაუდგენლობის გარეშე არ არსებობს ზ. დ-ეის ქმედების მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევის საკმარისი საფუძველი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია. „წესის“ დარღვევით მოხმარებული საწვავის ოდენობის, გადაცდომის სიმძიმის, გადაცდომის შედეგად სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის შეფასების შეუძლებლობის შემთხვევაში, არ არსებობს აღნიშნული გარემოების დასაქმებულის საწინააღმდეგოდ განმარტების და მის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საკმარისი საფუძველი.

საქმის მასალებში დაცული გენერალური ინსპექციის 04.11.2017წ. და 10.03.2021წ. დასკვნების მიხედვით ზ. დ-ე 01.11.2017წ. დაახლოებით 18:00 საათზე ...ში ბენზინგასამართი სადგურის „ს...ს“ მიმდებარედ მოძრაობისას შეეჯახა კ. ჯ-ეის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, ზ. დ-ემ მომხდარის შესახებ არ შეატყობინა შს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს ან გურიის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, მან მიატოვა შემთხვევის ადგილი და აღნიშნული ქმედების დაფარვის მიზნით ავტომანქანა მიიყვანა ხელოსანთან, ხოლო ახსნა-განმარტება ავტომანქანის დაზიანების შესახებ დაწერა ხელმძღვანელი პირის მოთხოვნის შემდგომ. გენინსპექციის დასკვნის თანახმად, ზ. დ-ემ გამოიჩინა არაგულწრფელობა და განმარტა, რომ ავტომანქანა დაზიანდა არა სხვა ავტომანქანასთან შეჯახების, არამედ მისი საცხოვრებელი სახლის ლითონის კარებთან შეხების შედეგად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ ნაწილში გადაცდომა მდგომარეობს ზ. დ-ეის მიერ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად სამინისტროზე რიცხული ავტომანქანის დაზიანებაში, თუმცა საქმეზე დადგენილი არ არის ზ. დ-ეის მიერ კონკრეტული საგზაო მოძრაობის წეს(ებ)ის დარღვევა და ამგვარი წეს(ებ)ის დარღვევით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წარმოშობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის იმ პირთა პასუხისმგებლობას, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ მიუთითებია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი ორგანოსთვის მასალების გადაგზავნის ფაქტზე, ამასთან მითითებული ნორმით დადგენილი უფლებამოსილება არ გამორიცხავს შესაბამისი ორგანოს (მაგ. დისციპლინური პასუხისგების საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი პირის) ვალდებულებას დაადგინოს პირის ქმედების საგზაო მოძრაობის კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და გამოიკვლიოს რელევანტური გარემოებები, მათ შორის პირის ბრალეულობა. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გენერალური ინსპექციის დასკვნები არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩელის მიერ კონკრეტული საგზაო წესების დარღვევაზე (მაგ. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი განსაზღვრავს გზაჯვარედინზე გზის დათმობის მოვალეობის წარმოშობის შემთხვევებს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი შეიცავს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევათა ჩამონათვალს). მოპასუხეს არ მიუთითებია ამ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული ნორმებით დადგენილი კონკრეტული მოვალეობის ან საგზაო მოძრაობის წესის ზ. დ-ეის მიერ დარღვევაზე, რამაც გამოიწვია შეჯახება და შესაბამისად სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაზიანება. იმ შემთხვევაში თუ სამინისტროს მოსაზრებით ავტომანქანა დაზიანდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მნიშვნელოვანია დადგინდეს ამ ფაქტის - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წარმოშობაში ბრალეული პირი. შემთხვევის ადგილის მიტოვება ან/და შეუტყობინებლობა ავტო-საგზაო შემთხვევის წარმოშობაში პირის ბრალს არ ადასტურებს, ვინაიდან ადგილის მიტოვება და შეუტყობინებლობის ვალდებულება სწორედ ასეთი შემთხვევის შემდგომ შეიძლება წარმოიშვას. კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის 1271.6 მულხზე, რომლითაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევის გამო, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტი საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება (ადმინისტრაციული წარმოების მასალები აღნიშნულ ნორმაზე მითითებას არ შეიცავს). კასატორის მიერ მითითებული სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი აგრეთვე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვისათვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. გარდა იმისა, რომ განსახილველი დავის საგანს ზიანის ანაზღაურება არ შეადგენს, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება ზ. დ-ეის მიერ მგზავრის ან ტვირთის გადაზიდვის გარემოება, ამასთანავე კასატორი არ მიუთითებს კონკრეტულ საგზაო წესზე, რომელიც მისი მოსაზრებით იქნა მოსარჩელის მიერ დარღვეული. საქმის მასალებში დაცულია 01.11.2017წ. ბენზინ-გასამართი სადგურის მიმდინარე ტერიტორიის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც მოპასუხის მითითებით ასახულია ზ. დ-ეის სამსახურებრივი ავტომობილისა და კ. ჯ-ეის ავტომობილის შეჯახების ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვიდეო ჩანაწერით ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია იმის შეფასება ადგილი ჰქონდა ავტომობილების შეჯახებასა თუ მკვეთრ დამუხრუჭებას. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნული გარემოება ცალსახად დადასტურდებოდა. ზ. დ-ეის განმარტებით, ავტომობილი დაზიანდა არა ბენზინგასამართი სადგურის „ს...ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოს კარებთან შეხების შედეგად. საქმის მასალებში დაცულია აღნიშნული შემთხვევის ამსახველი სქემა, რომელიც შედგა ზ. დ-ეის მიერ მითითებულ ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინური გადაცდომად მიჩნეული იქნა „ს...ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილთან შეჯახება, რაიმე სახის სქემის შედგენა ან ქმედების განხორციელება „ს...ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამოკვლევის მიზნით არ მომხდარა.

საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით ზ. დ-ე ან მეორე ავტომობილის მძღოლი მანქანიდან არ გადმოსულა. გონიერი დამკვირვებლის თვალში, ჩვეულებრივ ავტოავარიის შემთხვევაში ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ან შეჯახების შედეგად არსებული სიტუაციის შეფასების მიზნით მძღოლი გადმოდის თავისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანიდან და ვიზუალურად ათვალიერებს თავის ან შემთხვევაში მონაწილე მეორე მანქანას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ორივე ავტომობილის მძღოლმა რამდენიმე წამში, მანქანიდან გადმოსვლის გარეშე გააგრძელა მოძრაობა. 04.11.2017წ. „ს...ს“ თანამშრომელთან გ. ა-ესთან გასაუბრების შესახებ ოქმიდან გამომდინარე მას უშუალოდ შეჯახება არ დაუნახავს, მან დაინახა მანქანები როგორ ტოვებდნენ ტერიტორიას. კ. ჯ-ესთან 04.11.2017წ. გასაუბრების ოქმის მიხედვით, მანქანები ოდნავ შეეხო ერთმანეთს, შეხება იყო იმდენად უმნიშვნელო, რომ მანქანიდან არ გადმოსულა და გზა გააგრძელა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ადგილი ჰქონდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას, გაურკვეველია აღნიშნული მოვლენის წარმოშობაში ბრალეული პირი. ამ საკითხის დადგენა მნიშვნელოვანი იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამინისტროს ქონებისთვის ზიანის მიმყენებელი პირის დასადგენად. იმის მტკიცება, რომ ზ. დ-ემ ზიანი მიაყენა სამინისტროს ბალანსზე არსებულ ავტომანქანას, საჭიროებდა ავტოსატრანპორტო შემთხვევის გამომწვევი ბრალეული პირის დადგენას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია. უკეთუ მანქანას დაზიანება მიადგა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და ამ შემთხვევის გამომწვევი პირი ზ. დ-ე არ ყოფილა, გამოირიცხება მის მიერ სამინისტროს ქონებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ავტოავარიის საკითხზე სააპელაციო პალატა შემოიფარგლა საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ საკასაციო სასამართლოს 28.05.2020წ. განჩინებაში ასახულ დასკვნაზე მითითებით (ავტომობილზე არსებული დაზიანების ზუსტი წარმოშობის, სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენის და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით ფაქტის სიმძიმის შეფასების საჭიროებაზე). ამდენად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული გარემოებები არც სააპელაციო სასამართლოს გამოუკვლევია, რომელსაც საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით მინიჭებული აქვს ფაქტების კვლევის უფლებამოსილება.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შეუტყობინებლობას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 27.1 მუხლის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი მოვალეა დაუყონებლივ გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად. საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ. დ-ემ იმავე დღეს, 01.11.2017წ. შეატყობინა შესაბამის უფლებამოსილ პირს საცხოვრებელი სახლის ეზოდან გამოსვლისას ავტომანქანის ეზოს კარებთან შეჯახების შესახებ, იმავე დღეს მას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, ასევე შედგა აღნიშნული მოვლენის - საცხოვრებელი სახლის ეზოდან გამოსვლისას ეზოს კარებთან ავტომანქანის შეჯახების ამსახველი სქემა. მითითებული სამართლებრივი ნორმისა და იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკმარისად არ არის დასაბუთებული ზ. დ-ეის ქმედების (შეუტყობინებლობა და შემთხვევის ადგილის მიტოვება) დისციპლინური გადაცდომად მიჩნევა. დასაბუთებული არ არის აგრეთვე სამინისტროს ქონებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. საქმის მასალებში დაცულ ახსნა-განმარტებებში, ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს 02.11.2017წ. წერილში აღნიშნულია, რომ ზ. დ-ეის სამსახურებრივ ავტომანქანას 01.11.2017წ. შეჯახების შედეგად დაუზიანდა წინა მარჯვენა ფრთა. ზ. დ-ეის მიერ სამინისტროსთვის მიყენებული ზიანის დასადასტურებლად მოპასუხე მიუთითებს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის არ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 07.11.2018წ. ექსპერტიზის დასკვნაზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომანქანისთვის ვიზუალური დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 1360 ლარს. დასკვნა არ შეიცავს მითითებას მანქანისთვის მიყენებული ზიანის წარმომშობ მიზეზებზე, ამასთან დასკვნაში ასახულია ისეთი სახის დაზიანებებიც (მაგ. გვერდითი სარკის მინა, მაშუქი, სანისლე მაშუქი და სხვ.), რომელთა კავშირი ზ. დ-ეის ქმედებასთან არ არის დადგენილი, შესაბამისად მითითებული დასკვნა არ ადასტურებს ზ. დ-ეის მიერ ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტს. 01.11.2017წ. ზ. დ-ესთან გასაუბრების შესახებ ოქმის თანახმად, ავტომანქანის გარე დაზიანება აღმოფხვრილი იქნა და წინა მარჯვენა ფრთას დაბრუნებული აქვს პირვანდელი სახე. 04.11.2017წ. ახსნა-განმარტებით ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსი ზ. მ-ი ასევე ადასტურებს, რომ ზ. დ-ემ მანქანა მიიყვანა ხელოსანთან, სადაც მიმდინარეობდა დაზიანებული ავტომანქანის შეკეთება, კერძოდ, ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა წინა მარჯვენა ფრთა, რომელსაც ხელოსანი ასწორებდა. იმ შემთხვევაში თუ ზ. დ-ემ აღმოფხვრა ავტომანქანისთვის მიყენებული დაზიანება, დასაბუთებული არ არის მოპასუხის მოსაზრება სამინისტროსთვის ზიანის მიყენების ფაქტზე, შესაბამისად აღნიშნული გარემოება საჭიროებს გამოკვლევას დისციპლინური გადაცდომის - ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად.

გენერალური ინსპექციის 04.11.2017წ. და 10.03.2021წ. დასკვნების თანახმად ზ. დ-ეის ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომა მდგომარეობს შს სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების არასამსახურებრივად მოპოვებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 28.12.2011წ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 14.06.2023წ. კანონით) მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ორგანიზება, შენახვა, გამოთხოვა, გამოყენება, დაჯგუფება, კომბინაცია და სხვ.. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია შეაგროვოს ის პირადი მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად. აღნიშნულის შესაბამისად, დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო მონაცემების დამუშავება არის მონაცემთა დამუშავების დასაშვებობის ერთ-ერთი საფუძველი (მე-5 მუხ. „გ“ ქვ.პ.). დისციპლინური წარმოების მასალების მიხედვით, 20.10.2017წ. ზ. დ-ე პირადი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით დაუკავშირდა ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს სამორიგეო განყოფილებას ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი ...) მესაკუთრისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ავტომანქანის იმდროინდელ მესაკუთრეს ლ. ჩ-ის მანქანა ფაქტობრივად გაყიდული ჰქონდა ნ. მ-ეზე. ამ უკანასკნელის 04.11.2017წ. ახსნა-განმარტებით, ნ. მ-ე 2017 წლის 18 ოქტომბრიდან იმყოფებოდა ...ში, 20.10.2017წ. ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა 13:00 საათამდე ლ. ხ-ეის საცხოვრებელი სახლის წინ, ხოლო 13:00სთ-ზე აღნიშნული მისამართიდან დაიწყო მოძრაობა თბილისის მიმართულებით ჩოხატაურში შეჩერების გარეშე. აღნიშნულის საპირისპიროდ ნ. მ-ე 21.03.2018წ. ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ 20.10.2017წ. დაახლოებით 11:30სთ-ზე გამოვიდა ჩოხატაურში მდებარე კლინიკიდან, დაძრა ავტომობილი (სახელმწიფო ნომერი ...), წავიდა სს „სა...ს“ ბანკომატთან და მანქანა გააჩერა კლინიკა „...ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბანკომატიდან თანხის გამოტანისა და მაღაზიაში პირადი ნივთების შეძენის შემდგომ ნ. მ-ე წავიდა ჩოხატაურიდან. სს „სა...ს“ ცნობის თანახმად, 20.10.2017წ. 12:17 სთ-ზე ნ. მ-ემ ჩოხატაურში, ...ის ქ. №20-ში მდებარე ბანკომატის საშუალების სს „სა...ს“ ანგარიშიდან გაიტანა 30 ლარი. საქმეში დაცული მასალებით ლ. ჩ-ის (ყოფილი მესაკუთრე) ავტომანქანის შესახებ მონაცემები გადამოწმდა 20.10.2017წ. 11:32 სთ-ზე. ზ. დ-ეის 03.11.2017წ. ახსნა-განმარტებით 20.10.2017წ. დღის საათებში ჩოხატაურში მდებარე „...ს“ კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა გზის პირას გაჩერებული ავტომანქანა, რომელსაც შეეძლო სხვა მანქანებისთვის დაბრკოლების შექმნა, ავტომანქანაში მძღოლი არ იმყოფებოდა, რის გამო დაუკავშირდა მორიგეს და სთხოვა აღნიშნული ავტომობილის მფლობელის მონაცემების გადამოწმება, ავტომანქანის მფლობელს ზ. დ-ე აღარ დაკავშირებია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმავე ადგილზე ჩავლისას მანქანა აღარ იდგა, ამასთან საკასაციო სასამართლოში ზეპირის მოსმენის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზ. დ-ეის მიერ ავტომანქანის მფლობელის გადამოწმების დროისათვის ევაკუატორის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მანქანების გადაყვანას, ადგილზე არ იმყოფებოდა. მოპასუხის მიერ დისციპლინური წარმოებისას ზ. დ-ეის ახსნა-განმარტება არ იქნა გაზიარებული იმის გამო, რომ 20.10.2017წ. ნ. მ-ეს ავტომობილი გაჩერებული ჰყავდა არა კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ ლ. ხ-ეის საცხოვრებელი სახლის წინ. მიუხედავად 21.03.2018წ. ნ. მ-ეის ახსნა-განმარტებაში ასახული და ბანკომატიდან თანხის გატანის თაობაზე სს „სა...ს“ ცნობაში მითითებული გარემოებებისა, საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხეს ავტომანქანის მფლობელი - ნ. მ-ე არ გამოუკითხავს. აღნიშნული პირი მოწმის სახით არც სააპელაციო სასამართლოს არ დაუკითხავს. ხელახალი დისციპლინური წარმოებისას გენერალური ინსპექციის მიერ 12.01.2021წ. ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ლ. ხ-ეეს, რომელიც აღნიშნული ავტომობილის მფლობელი ან მესაკუთრე არ ყოფილა და არც მითითებული ავტომობილი იმყოფებოდა მისი მართვის ქვეშ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სზაკ-ის 2.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საიდუმლო ინფორმაციათა რიგს განეკუთვნება. მოქალაქე მოკლებულია ადმინისტრაციულ ორგანოში მის შესახებ არსებული ინფორმაციის სათანადო დაცულობის გაკონტროლების შესაძლებლობას, თუმცა მას აქვს კონფიდენციალობის, მონაცემთა დაცულობის გონივრული, ლეგიტიმური მოლოდინი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №999 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ 2.14 მუხლის თანახმად, პოლიციელმა სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით ბოროტად არ უნდა ისარგებლოს საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისათვის. ამავე კოდექსის 2.18 მუხლის მიხედვით, პოლიციამ პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და გამოყენება უნდა მოახდინოს პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით. საქართველოს პარლამენტის 28.10.2005წ. №2010 დადგენილებით რატიფიცირებული „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემები, რომლებიც ექვემდებარებიან ავტომატიზირებულ დამუშავებას შენახული უნდა იქნას ზუსტად განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის და არ უნდა იყოს გამოყენებული მათთან შეუთავსებელი მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 9.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას სამინისტროში სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები. შს სამინისტროს თანამშრომლებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების არასამსახურებრივი მიზნით მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება ასევე აკრძალული აქვთ შს მინისტრის 24.08.2012წ. №709 ბრძანებით. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით ზ. დ-ეის მიერ არასამსახურებრივი მიზნით ავტომობილის მფლობელის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება არ გამოირიცხება. აღნიშნული გარემოების დასადგენად სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ მიუცია საქმეში დაცული მტკიცებულებებისთვის, საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო პალატა ასევე უფლებამოსილი იყო მოწმის სახით მოეწვია იმ ავტომობილის მფლობელი, რომლის ავტომობილის ადგილმდებარეობის განსაზღვრას 20.10.2017წ. შესაძლოა გავლენა მოეხდინა ზ. დ-ეის მიერ გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადგენაზე. სააპელაციო პალატა შემოიფრაგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ საკასაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ნ. მ-ეის მართვაში მყოფი ავტომობილის გაჩერების ფაქტი ზ. დ-ეის მიერ მითითებულ ადგილზე, ასევე საკასაციო სასამართლომ გამორიცხა არასამსახურებრივი მიზნით ინფორმაციის მოძიების ფაქტი. ამდენად, როგორც საწვავის გამოყენებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის, ასევე პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე სააპელაციო სასამართლომ, ნაცვლად საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასებისა, მიუთითა საკასაციო სასამართლოს 28.05.2020წ. განჩინებაში ასახულ მსჯელობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ - დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს თავადვე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მტკიცებულებების გამოკვლევასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილი სასამართლო სააპელაციო სასამართლოა. სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპების დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ 02.06.2021წ. საქმე №ბს-568(2კ-კს-20). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ძირითად იმეორებს საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის საკითხზე საკასაციო სასამართლოს განჩინებაში ასახულ დასაბუთებას. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს 28.05.2020წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი შს სამინისტროს საკასაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შესაბამისად სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტა იმთავითვე გულისხმობდა დამატებითი გარემოებების გამოკვლევის საჭიროებას. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს შეფასებები და მითითება დასადგენ ფაქტებზე მიიჩნია საკასაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა და შეფასება ფაქტობრივად არ განუხორციელებია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53-ე მუხ. 1-ელი ნაწ.), დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53-ე მუხ. მე-4 ნაწ.). თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (სზაკ-ის 53.4 მუხ.). აქტის დასაბუთების შინაარსისა და მოცულობისადმი მოთხოვნები დეტერმინირებულია საკითხის თავისებურებებით. სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე მითითებას. დასაბუთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დისკრეციული აქტებისათვის, დასაბუთების არარსებობა არის აქტის გაუქმების საფუძველი. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია რაიმე აღმატებული სტატუსი ან აბსოლუტური ძალაუფლება, შესაბამისად მას ევალება დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ხსენებული ზრდის აქტის ხარისხს. წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით დასაბუთების მოთხოვნა სამართლებრივი სახელმწიფოს ჯანსაღი გამოვლინებაა. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგის დასაბუთებას, რომლის მეშვეობით ირკვევა მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება (სუსგ 07.03.2019წ. საქმე №ბს-797(კ-18)). როგორც უკვე აღინიშნა, დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ და ყველაზე მკაცრ სახეს წარმოადგენს პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნა („პოლიციის შესახებ“ კანონის 59.3 მუხ. „ზ“ ქვ.პ., საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ 3.2 მუხ. „ზ“ ქვ.პ.). „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-41 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცავს იმ გადაცდომათა ჩამონათვალს, რომელთა ჩადენის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის სახით გამოიყენება სამსახურიდან დათხოვნა (ესენია: აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე თამაშობაში მონაწილეობა; ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც მოსამსახურის მიმართ გამოიცა შემაკავებელი/დამცავი ორდერი; მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროსთან დადებული შეთანხმების პირობების დარღვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნისას აღნიშნული გადაცდომის არსებობის დადგენის მიზნით შემოწმებისათვის თავის არიდება; აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებით გადაცდომის ფაქტზე დისციპლინური წარმოების დაწყების შემთხვევაში საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე ინფორმაციის გენერალური ინსპექციისთვის წარუდგენლობა), ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტი შეიცავს იმ გადაცდომაზე მითითებას, რომლის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნა, კერძოდ აღნიშნულ გადაცდომას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნისას აღნიშნული გადაცდომის არსებობის დადგენის მიზნით შემოწმებისათვის თავის არიდება. განსახილველ შემთხვევაში არ არის ცხადად დასაბუთებული ზემოთ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რომლითაც იმთავითვე გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის შეფარდების შესაძლებლობა, შესაბამისად მოსამსახურის მიმართ ყველაზე უკიდურესი ღონისძიების - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება სათანადო დასაბუთებასა და დათხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დადასტურებას საჭიროებს. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 59.3 მუხლი შეიცავს დისციპლინური სახდელების გრადაციას, სადაც „შენიშვნა“ წარმოადგენს ყველაზე მსუბუქ, ხოლო „სამსახურიდან დათხოვნა“ ყველაზე მძიმე სახდელს. მართალია, მოსარჩელეს დისციპლინური წარმოების პერიოდში გააჩნდა მოქმედი სახდელი - „საყვედური“ (მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის გამო), თუმცა გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას „საყვედურზე“ მძიმე და „სამსახურიდან დათხოვნაზე“ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენების დაუშვებლობაზე, მაგალითად ისეთი სახდელის სახის გამოყენებაზე, როგორიცაა სასტიკი საყვედური, სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, თანამდებობიდან ჩამოქვეითება.

კასატორი საქართველოს შიგანან საქმეთა სამინისტრო აგრეთვე მიუთითებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას ზ. დ-ეის პიროვნებისა და დამსახურების გათვალისწინების სავალდებულობაზე. საქმეში დაცული მასალებით ზ. დ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შს მინისტრის 04.11.2017წ. ბრძანებას საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის 04.11.2017წ. დასკვნა. მითითებული დასკვნის მიხედვით ზ. დ-ე ხელმძღვანელის მიერ დახასიათდა უარყოფითად, კერძოდ მიეთითა, რომ იგი გამოირჩევა ინერტულობით, თითქმის არ იღებს მონაწილეობას ჩოხატაურის სამმართველოში შემოსული შეტყობინებების, საჩივრებისა და განცხადებების განხილვასა და რეაგირებაში, ასევე არის ნაკლებად მოტივირებული ხელმძღვანელი პირი. ხელახალი ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში შედგენილი გენერალური ინსპექციის 10.03.2021წ. დასკვნის მიხედვით ზ. დ-ე ხელმძღვანელის მიერ დასახიათდა კვლავ უარყოფითად, ინერტულ და უპასუხისმგებლო მოსამსახურედ. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში დამატებით გამოკითხული იქნენ შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს ...ები. მათი განმარტებით ზ. დ-ე იყო ნაკლებად მოტივირებული ხელმძღვანელი პირი, იგი ყოველდღიურ რეჟიმში არ ამოწმებდა მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების საქმიანობას და არ ახორციელებდა კონტროლს, სამსახურებრივი დროის დიდ მონაკვეთს უთმობდა პირად საკითხებს, რის გამო ხშირად არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, მყისიერად გადასაწყვეტი საკითხების შეთანხმება მოსამსახურეებს უხდებოდათ ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსთან, რაც აფერხებდა საამართველოს ეფეტურ მუშაობას, ზ. დ-ე არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, მისი ინერტულობა, დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა უარყოფითად აისახებოდა სამსახურის ფუნქციონირებაზე. გენინსპექციის 04.11.2017წ. და 10.03.2021წ. დასკვნები მითითებულია ზ. დ-ეის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შს მინისტრის 15.03.2021წ. ბრძანების საფუძვლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. შს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს მათ საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან (სუსგ 17.01.2019წ. საქმე №ბს-809-805(3კ-17)). გასაჩივრებული 15.03.2021წ. ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთ სახეს. იგივე დათქმას შეიცავს „წესდების“ 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქცია. ამდენად, პოლიციელის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების დაუდევრად შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს (სუსგ 20.04.2017წ. საქმე №ბს-644-637(კ-16)). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული საკითხი საერთოდ არ გამოუკვლევია და მისთვის შეფასება არ მიუცია. პირიქით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების ჩვენებები საფუძვლად არ დასდებია გენერალური ინსპექციის დასკვნას, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შს მინისტრის 15.03.2021წ. ბრძანების საფუძველად მითითებული გენინსპექციის 04.11.2017წ. და 10.03.2021წ. დასკვნებიდან. საკასაციო პალატა უთითებს, რომ საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. ასეთი გარემოებების გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია დაკისრებული სახდელის პროპორციულობის დადგენა ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესთან, შესაბამისად აღნიშნული გარემოების გამოკვლევის შედეგად სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული გარემოებების დისციპლინური გადაცდომის სახედ მიჩნევისა და აღნიშნულის გამო სახდელის სახედ - სამსახურიდან დათხოვნის შეფარდების პროპორციულობა.

მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას შეადგენს აგრეთვე თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლების არსებობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების მართლზომიერების შესაფასებლად, ამასთანავე სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის საფუძვლიანობაზე მსჯელობა საჭიროებს მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ვაკანტურობის ან მისი არარსებობის შემთხვევაში ტოლფასი თანამდებობის ვაკანტურობის დადგენას, ასევე საჭიროებს ხელფასის (მისი ელემენტების) ოდენობასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელაცია მიზნად ისახავს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების გზით მხარეთა უფლებების დაცვას. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა თავად გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში. სააპელაციო სასამართლო ერთი მხრივ ამოწმებს პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო მეორე მხრივ თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისათვის (სუსგ 02.06.2021წ. №ბს-568 (2კ-კს-20)). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის განმეორებით შესწავლის დავალების საკმარის დასაბუთებას, აგრეთვე არ შეიცავს მითითებას დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტის შეუძლებლობაზე. ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების ფარგლებში ერთხელ უკვე შეფასდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერება და ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის ხელახალი შესწავლა დაევალა. უკეთუ სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ გამოკვლეულა, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მას გააჩნია აღნიშნული გარემოების თავად გამოკვლევის და შეფასების უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლო, როგორც საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო უფლებამოსილია, გამოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები, დაკითხოს მოწმეები, შეაფასოს მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიების პროპორციულობა და გააკეთოს დასკვნები დავის გადაწყვეტის მნიშვნელობის მქონე ყველა საკითხზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტაცია არ წარმოადგენს სადავო საკითხზე განმეორებით სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარემოებების ხელახალი გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების პირობას. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას საქმეში დაცული მტკიცებულებების ანალიზის, მტკიცებულებათა შეგროვების, გარემოებების გამოკვლევის შედეგად საკითხი უნდა გადაწყვიტოს არსებითად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზ. დ-ეის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2023წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი