Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-53(2კს-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორები (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოსარჩელე – შპს „ი...“

დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ი...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვა: სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 11 მარტის №000131 დადგენილების ბათილად ცნობა, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 აგვისტოს №959 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ი...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა შპს „ი...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შპს „ი...ს“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა №3ბ/2570-23 ადმინისტრაციული საქმის წარმოება აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ი...“; მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ საქმეზე №3/4875-20 (მოსარჩელე-შპს „ი...“; მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა) საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „ი...ს“ სარჩელი მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 19 თებერვლის Nშ-48/20 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ივლისის N884 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შპს „ი...ს“ ხსენებულ საკადასტრო კოდზე არ გააჩნია საკუთრების უფლება და მის სახელზე მშენებლობის ნებართვაც არ გაცემულა. შესაბამისად, მოსარჩელე არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებას მასზედ, რომ სამშენებლო სამუშაოებს ის ახორციელებდა. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა შეუძლებელია ზემოაღნიშნული საქმის გადაწყვეტამდე, რამეთუ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის დავის საგანს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 11 მარტის №000131 დადგენილების კანონიერება წარმოადგენს, რომლითაც შპს „ი...“ დაჯარიმდა 50 000 ლარით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 19 თებერვლის №შ-48/20 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრებით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება მოცემულ შემთხვევაში არამართებულია, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს საგამონაკლისო წესს და გამოიყენება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, რომლის დროსაც მოცემული საქმის განხილვა საერთოდ (პრაქტიკულად) შეუძლებელია სხვა საქმის განხილვის დასრულებამდე. ამასთან, გასათვალისწინებელია იმ შესაძლო გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტის არარსებობა, რაც შეუჩერებლობის შემთხვევაზე შესაძლოა მხარეს მიადგეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ N3/4875-20 საქმე მხარის სასარგებლოდ დასრულდება, მხარეს კვლავ ექნება შესაძლებლობა ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოების ფარგლებში თავიდან მიმართოს სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ შპს „ი...ს“ მიერ ჩადენილ იქნა სამართალდარღვევა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება, როგორც დამოუკიდებელი სამართალდარღვევისთვის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების კანონიერების საკითხის საბოლოო გადაწყვეტის მიუხედავად. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების კანონიერების საკითხის განხილვა არ აბრკოლებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების გამოცემას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაში პროცესუალური მოქმედებების დროებითი შეჩერება, გამოწვეული ობიექტური, სასამართლოსგან დამოუკიდებელი, პროცესის დამაბრკოლებელი გარემოებებით. სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მიღებას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე №3/4875-20 საქმე შპს „ი...ს“ სარჩელის გამო, სადაც დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 19 თებერვლის Nშ-48/20 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 ივლისის N884 ბრძანების ბათილად ცნობა. განსახილველ დავაში კი, №3ბ/2570-23 ადმინისტრაციული საქმის დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 11 მარტის №000131 დადგენილების ბათილად ცნობა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 3 აგვისტოს №959 ბრძანების ბათილად ცნობა.

უპირველესად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ორივე საქმეში ეხება ერთსა და იმავე უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ.N..., ს.კ: ....

№3/4875-20 ადმინისტრაციული საქმის დავის ფარგლებში შესაფასებელია სადავო მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეჩერების კანონიერება (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 19 თებერვლის №შ-48/20 დადგენილება). მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შპს „ი...ს“ ხსენებულ საკადასტრო კოდზე არ გააჩნია საკუთრების უფლება და მის სახელზე მშენებლობის ნებართვაც არ გაცემულა. შესაბამისად, მოსარჩელის მითითებით ის არ ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს. №შ-48/20 დადგენილების მე-3 პუნქტით მხარისათვის განმარტებულია, რომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. მოცემულ №3ბ/2570-23 ადმინისტრაციულ საქმეში კი, ზემოაღნიშნული №შ-48/20 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, შპს „ი...ს“ 50 000 ლარით დაჯარიმების კანონიერებაა შესაფასებელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს სათანადო არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პოზიციას, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების კანონიერების საკითხის განხილვა არ აბრკოლებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოცემას. საკასაციო პალატა თვლის, რომ №3/4875-20 საქმის ფარგლებში აღძრული სარჩელის განხილვისას დამდგარ შედეგს არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული №3ბ/2570-23 საქმის სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის, ისინი გამომდინარეობენ ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე №3/4875-20 დავის ფარგლებში შესაფასებელია დარღვევის გამოსწორებამდე მშენებლობის შეჩერების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 19 თებერვლის №შ-48/20 დადგენილების კანონიერების საკითხი და სწორედ აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს შპს „ი...ს“ დაჯარიმების საფუძველს (სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 11 მარტის №000131 დადგენილება). საფუძველსაა მოკლებული შპს „ი...ს“ დაჯარიმების კანონიერების შეფასება იმ პირობებში, თუ დადგინდება დაჯარიმების საფუძვლად მითითებული №შ-48/20 დადგენილების უკანონობა. ადმინისტრაციული საქმის შეჩერების წინაპირობებს ვერ გააქარწყლებს ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითება ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოების ფარგლებში სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შესაძლებლობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ №3ბ/2570-23 და №3/4875-20 საქმეებს შორის არსებობს იმგვარი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი კავშირი, რაც გამორიცხავს ერთ-ერთის გადაწყვეტის გარეშე მეორე საქმის განხილვის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი