Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-414 (კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. თ-ის, ზ. ც-ის და ნ. მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. თ-იმა, ზ. ც-იმა და ნ. მ-ეემ 2021 წლის 09 მარტს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ და სარჩელის დაზუსტების ფარგლებში მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №... და 2017 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები; ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის №04/29 გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს. თ-ისათვის 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 1 მაისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის, ზ. ც-ისა და ნ. მ-ეისათვის 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 1 მაისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №... და 2017 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, დაუშვებლობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ს. თ-ის, ზ. ც-ის და ნ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განჩინება და 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ს. თ-ის, ზ. ც-ისა და ნ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება; ასევე არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ უპირველესად შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე აპელანტების (კერძო საჩივრის ავტორების) მიერ მითითებული არგუმენტები და განმარტა, რომ სწორედ გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე არის დამოკიდებული სასარჩელო მოთხოვნის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 06 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ იძულებითი განაცდური სახელმწიფო გასაცემელის ანაზღაურების დაკისრების საკითხიც. გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითება და განმარტა, რომ მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ არაინფორმირებულობაზე აპელირებისა, მოსარჩელეები თავად ადასტურებენ შესაბამისი ორგანოებისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე მიმართვის ფაქტს და განმარტავენ, რომ საბოლოოდ, 2018 წლის 01 მაისიდან სახელმწიფო პენსია დაენიშნათ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, თუმცა სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენდა 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრიდან მიუღებელი პენსიის საკითხის გადაწყვეტა.

სასამართლოს მსჯელობით, მართალია საქმეში არ მოიპოვება გასაჩივრებული აქტების მოსარჩელეებისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საპენსიო ურთიერთობის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მხრიდან თვეების განმავლობაში პენსიის მიუღებლობა, იმ პირობებში, როცა თავად მიმართეს განცხადებებით ადმინისტრაციულ ორგანოს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, ცალსახად მიუთითებს და ადასტურებს, რომ მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო 2016/2017 წლებში მოთხოვნის დროიდან პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის ფაქტი, ხოლო აღნიშნულის ცოდნამ მათ წარმოუშვა გასაჩივრების შესაძლებლობა. ამდენად, მიიჩნია, რომ სახეზეა ის შემთხვევა, როდესაც მოსარჩელეთათვის აქტის ჩაუბარებლობა არ აბრკოლებდა კანონით დადგენილი წესით სასამართლოსათვის მიმართვას. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების რამდენიმე წლის შემდეგ გასაჩივრების პირობებში, მოსარჩელეებს გაშვებული აქვს აღნიშნული გადაწყვეტილებების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოსარჩელეები პენსიას თავდაპირველად ითხოვდნენ 2016 წლის 28 ოქტომბრის და 2017 წლის 30 ოქტომბრის განცხადებებით, თუმცა 2020 წლამდე პენსიის გაუცემლობა სადავოდ არ გაუხდიათ, მათ არც ყოველთვიური სარგებლის გაუცემლობის სახით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს უმოქმედობა არ გაუსაჩივრებიათ. ამდენად, მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ დარღვეულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №...17/01 და 2017 წლის 03 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების გასაჩივრების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა. მიუთითა, რომ კერძო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები არ ქმნიან გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის ნაწილში კი მიუთითა, რომ პენსიის მიღება, საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ საპენსიო ასაკის მქონე პირებს, რომელთაც პენსიის დანიშვნაზე უფლებამოსილ ორგანოს მიმართეს 2016 წლის 28 ოქტომბერს (ს. თ-ი), 2017 წლის 30 ოქტომბერს, (ზ. ც-ი და ნ. მ-ეე). ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №... და 2017 წლის 03 ნოემბრის №... გადაწყვეტილებებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ სახელმწიფო პენსიის გაცემაზე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო - სამეცნიერო ...ში“ მუშაობის მოტივით. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №...17/01 და 2017 წლის 03 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ 2020 წლის 22 სექტემბრამდე, თუმცა მათ თავიდან მიმართეს შესაბამის ორგანოებს სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე და მეორედ მიმართვის ფარგლებში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, სამივე მათგანს დაენიშნათ სახელმწიფო პენსია, 2018 წლის 01 მაისიდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 06 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №... და 2017 წლის 03 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლასა და მათთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ამდენად, მოსარჩელეების მოთხოვნა 2016 წლის 01 ნოემბრიდან/2017 წლის 01 ნოემბრიდან 2018 წლის 01 მაისამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის პენსიის ანაზღაურების შესახებ მიიჩნია უსაფუძვლოდ და განმარტა, რომ არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეების მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამოხატული უნდა იყოს სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნაზე უარის თქმის უკანონობის დადასტურების გზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. თ-ის, ზ. ც-ის და ნ. მ-ეის წარმომადგენელმა. მიიჩნევს, რომ კასატორთა მიმართ დაირღვა თანასწორობის ფუნდამენტური უფლება. განმარტავს, რომ არც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და არც ოფიციალური ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოდან არ მიუღიათ, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით გაესაჩივრებინათ სადავო ადმინისტრაციული აქტები. მისივე განმარტებით, სადავო აქტები ჩაბარდათ 2020 წლის 25 აგვისტოს და კანონით დაცულ ვადაში - 2020 წლის 22 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს 2016 წლის 01 ნოემბრის N..., 2017 წლის 31 ოქტომბრის N... და 2017 წლის 03 ნოემბრის N... ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მიუღებელი პენსიის - ზიანის ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის N04/29 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს მიიჩნევს დაუსაბუთებლად, აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. თ-ის, ზ. ც-ის და ნ. მ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. თ-ის, ზ. ც-ის და ნ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 06 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №... და 2017 წლის 03 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლასა და მათთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორები სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის შემაჯამებელ განჩინებასთან ერთად, ასევე სადავოდ ხდიან ამავე განჩინებით კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. შესაბამისად, საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც, იგი მოსარჩელეთა მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრების შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დარჩა ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლიანობის თაობაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ოქტომბერს, ს. თ-იმა (დაბ. ...წ.) სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) დანიშვნის მოთხოვნით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ს. თ-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სს ...ში“ მუშაობის გამო.

2017 წლის 30 ოქტომბერს, ზ. ც-იმა (დაბ. ...წ.) №... განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრს და საპენსიო პაკეტის დანიშვნა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ზ. ც-ის უარი ეთქვა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე, სს ...ში“ მუშაობის გამო.

2017 წლის 30 ოქტომბერს, ნ. მ-ეემ (დაბ. ...წ.) №88181 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრს და საპენსიო პაკეტის დანიშვნა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი -სამგორის სერვის ცენტრის 2017 წლის 03 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ნ. მ-ეეს უარი ეთქვა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე, სს ...ში“ მუშაობის გამო.

დადგენილია, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს, ს. თ-ის, ზ. ც-ისა და ნ. მ-ეის წარმომადგენელმა საჩივრით (რეგ. 24.09.2020წ. №98956) მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №... და 2017 წლის 03 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები. ამავე განცხადება/საჩივრით მოთხოვნილი იქნა ს. თ-ისათვის, ზ. ც-ისათვის და ნ. მ-ეისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 06 იანვრის №04/29 გადაწყვეტილებით ხ. ხ-ის, 2020 წლის 21 სექტემბრის (რეგ. 22.09.2020წ. №98033), 22 სექტემბრის (რეგ. 24.09.2020წ. №98956) და 23 დეკემბრის (რეგ. 23.12.2020წ. №132654) განცხადებების პასუხად, განემარტა, რომ განცხადებებში მითითებულ ბენეფიციართა სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფა განხორციელდა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდების და ოდენობის შესაბამისად. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას განმცხადებლის მიერ განსაზღვრულ პერიოდში შესაბამისი გასაცემელის ანაზღაურების თაობაზე სათანადო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღსასრულებლად მიქცეული სასამართლო გადაწყვეტილებით არ იყო განსაზღვრული განმცხადებლის მოთხოვნის აღნიშნულ პერიოდზე დაკმაყოფილების საკითხი.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის №3/300618 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 ივლისის №04-1308/ო ბრძანების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2019 წლის 04 ივლისის №30259-2019/01 გადაწყვეტილებით ს. თ-ის დაენიშნა სახელმწიფო პენსია, 2018 წლის 01 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის №3/3006-18 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 ივლისის №04-1308/ო ბრძანების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2019 წლის 04 ივლისის №30174-2019/01 გადაწყვეტილებით ნ. მ-ეეს დაენიშნა სახელმწიფო პენსია, 2018 წლის 01 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ივლისის №3/3009-18 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისის №04-1428/ო ბრძანების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2019 წლის 04 ივლისის №30165-2019/01 გადაწყვეტილებით ზ. ც-ის დაენიშნა სახელმწიფო პენსია, 2018 წლის 01 მაისიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით განსაზღვრული დებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №... და 2017 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილებებით უარი ეთქვათ პენსიის დანიშვნაზე. მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ არაინფორმირებულობაზე აპელირებისა, მოსარჩელეებმა თავად დაადასტურეს შესაბამისი ორგანოებისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე მიმართვის ფაქტი და განმარტეს, რომ საბოლოოდ, 2018 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო პენსია დაენიშნათ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, თუმცა სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენდა 2016 წლის ნოემბრიდან/2017 წლის ნოემბრიდან მიუღებელი პენსიის საკითხის გადაწყვეტა. როგორც საქმეზე კანონიერ ძალაში შესული, საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით დგინდება, მოსარჩელეები პენსიას თავდაპირველად ითხოვდნენ 2016 წლის 28 ოქტომბრის და 2017 წლის 30 ოქტომბრის განცხადებებით, თუმცა 2020 წლამდე პენსიის გაუცემლობა სადავოდ არ გაუხდიათ, მათ არც ყოველთვიური სარგებლის გაუცემლობის სახით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს უმოქმედობა არ გაუსაჩივრებიათ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით იქნა დადგენილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №... -17/01 და 2017 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები, რომლითაც უარი ეთქვათ პენსიის დანიშვნაზე არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სასამართლოები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას ემსჯელათ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხზე.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 06 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 01 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №... და 2017 წლის 03 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლასა და მათთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც, იგი მოსარჩელეთა მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრების შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დარჩა ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს არ აქვს პროცესუალური შესაძლებლობა იმსჯელოს კასატორთათვის პენსიის დანიშვნაზე უარის თაობაზე (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სერვის ცენტრის 2016 წლის 1 ნოემბრის №..., 2017 წლის 31 ოქტომბრის №... და 2017 წლის 3 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები) გამოცემული აქტების კანონიერების შესახებ. აღნიშნული აქტების უკანონობის დადასტურების გარეშე კი, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 06 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის კასატორთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.

იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს მსგავსად, ქვედა ინსტანციის სასამართლოები, მოსარჩელეთა მიერ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების კანონით დადგენილ ვადაში გაუსაჩივრებლობის გამო, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას შეემოწმებინათ მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერება, სასამართლო ბუნებრივია ვერ იმსჯელებდა მოპასუხეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობისა და ამ საფუძვლით, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 06 იანვრის №04/29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის, მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. თ-ის, ზ. ც-ის და ნ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. თ-ის, ზ. ც-ის და ნ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი