Facebook Twitter

საქმე Nბს-1120(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ. თ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 19 ივნისს ვ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლიდან დასაქმებული იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ფონდების მცველის პოზიციაზე. მის ძირითად საქმიანობას მუზეუმ-ნაკრძალის ექსპონატების აღრიცხვა და დაცვა წარმოადგენდა. ვ. თ-ე დაიბადა ... წლის ...ს. იგი საპენსიო ასაკს არის მიღწეული პირია. მოსარჩელე ყოველთვიურად შეწყვეტამდე იღებდა პენსიას 438 ლარს, საიდანაც 365 ლარი არის სახელმწიფო პენსია, ხოლო 73 ლარი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. ზემოაღნიშნული წერილი მოსარჩელემ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: 1.საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის SSA 0 23 00443483 შეტყობინების ბათილად ცნობა; 2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის SSA 6 23 00551130 გადაწვეტილების ბათილად ცნობა; 3.სსიპ სოციალური მომსახურების ასპინძის სერვის ცენტრისთვის ვ. თ-ეის მიმართ სახელმწიფო პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; 4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ვ. თ-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანაზღაურების დაკისრება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. თ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის N3 23 00443483 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების 2023 წლის 29 მაისის N6 23 00551130 გადაწყვეტილება; სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვისცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ვ. თ-ეს 2023 წლის 1 მაისიდან აღუდგება სახელმწიფო კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ. თ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - სახელმწიფო პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის ანაზღაურება 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.02.2024წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის შეტყობინებით ვ. თ-ეს ეცნობა, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდებოდა სახელმწიფო პენსია. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. თ-ე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ფონდების მცველის პოზიციაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “გ” ქვეპუნქტზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “გ” ქვეპუნქტზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, 8.1, მე-9 მუხლებზე.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის შინაარსით, მიზნებით, ამოცანებითა და ფუნქციებით უდავოდ დგინდება მუზეუმის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათი, იგი არ წარმოადგენდა საჯარო სამსახურს და არც მასში დასაქმებული პირები წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს. ამდენად, ვ. თ-ე არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და არ არსებობდა მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 5.3 მუხლზე და მე-4 მუხლის “გ” ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავენ, რომ პირს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ეზღუდება სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია მასზედ, რომ ვ. თ-ე ეწეოდა საჯარო საქმიანობას და ამავდროულად იგი იღებდა სახელმწიფო პენსიას.

კასატორები მიუთითებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ზემოაღნიშნული დებულების მე-8 მუხლის თანახმად, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები შედის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ შემადგენლობაში, რის გამოც აღნიშნული მუზეუმი სააგენტოსაგან ვერ გაიმიჯნება. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე, ვ. თ-ე წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს, რიც გამოც მას მართებულად შეუწყდა სახელმწიფო პენსია. კასატორების მოსაზრებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისადაა გამოცემული, რის გამოც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ვ. თ-ეისთვის სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის SSA 0 23 00443483 შეტყობინების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის SSA 6 23 00551130 გადაწყვეტილების (27.04.2023წ. შეტყობინების ძალაში დატოვების შესახებ) კანონიერება.

მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ სახელმწიფო პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის გაცემის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ზემოაღნიშნული სახელმწიფო გასაცემლის, როგორც იძულებითი განაცდურის 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. თ-ე დაიბადა ... წლის ...ს. იგი საპენსიო ასაკს მიღწეული პირია. მოსარჩელე ყოველთვიურად იღებდა პენსიას 438 ლარს, საიდანაც 365 ლარი სახელმწიფო პენსიას, ხოლო 73 ლარი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულად დანამატს წარმოადგენს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 16 ივნისის ცნობით დგინდება, რომ ვ. თ-ე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ფონდების მცველის პოზიციაზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 აპრილის NSSA 4 23 004434483 შეტყობინებით ვ. თ-ეს ეცნობა, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი 2023 წლის 1 მაისიდან. ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ. თ-ემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის NSSA 3 23 00551130 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტა განაპირობა მისმა საქმიანობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ვ. თ-ე ახორციელებდა თუ არა საჯარო საქმიანობას, რაც “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე შესაძლოა გამხდარიყო მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის კანონისმიერი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახელმწიფო პენსიის მიღების უფლება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ საკუთრებად მიიჩნევა. საქმეში „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ (SPORRONG AND LÖNNROTH v. SWEDEN, no. 7151/75) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს სამ წესს. პირველი წესი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს; ის გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით. მეორე წესი მოიცავს ქონების ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს; ის მოიპოვება იმავე ნაწილის მეორე წინადადებაში. მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ზომების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით; ეს წესი გათვალისწინებულია პირველი მუხლის მეორე ნაწილით“. ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, პენსიის შემცირება ან შეწყვეტა შესაძლოა წარმოადგენდეს საკუთრების უფლებაში ჩარევას. თუმცა, როგორც წესი, სასამართლო ამგვარ ჩარევებს აფასებს არა საკუთრების ან მის გამოყენებაზე კონტროლის წართმევის კუთხით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველი წინადადების ჭრილში. შედეგად, ის ამ სახის ქმედებებს პირის მიერ მისი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევად მოიაზრებს. ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, საქმეზე ვიეცზორეკი პოლონეთის წინააღმდეგ (Wieczorek v. Poland, § 57), ევროსასამართლომ დაადგინა, რომ „როცა სარგებლის მოცულობა მცირდება ან მისი გაცემა წყდება, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ჩარევას საკუთრებაში, რაც გამართლებას საჭიროებს“.

საკასაციო სასამართლო მითითებს, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო ამავე კანონის მე-17 მუხლით რეგლამენტირებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის მიზნებისათვის საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო სამსახურად ერთმნიშვნელოვნად არ მიიჩნევა კულტურულ, საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში განხორციელებული საქმიანობა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები), ხოლო მეორე პუნქტის “კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალია ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი. ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიეროპოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადებაგანხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით, კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ უნდა იქნას დაშვებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო საამართლოს განმარტებას მასზედ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე, კონკრეტული სამსახურების სახეობები და მათი საქმიანობა და ფუნქციები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მუზეუმების საქმიანობის მიზნებიდან და დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში განხორციელებული საქმიანობა არ განეკუთვნება საჯარო საქმიანობას, ხოლო მასში დასაქმებული პირი წარმოადგენს, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის 25 მაისის და 29 მაისის ელექტრონული შეტყობინებები, რომელთა თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და ამავე კანონის 1261 მუხლის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არასამეწარმეო იურიდიულ პირში (მუზეუმი) განხორციელებული საქმიანობა არ განეკუთვნება საჯარო სამსახურს და არც აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელებული საქმიანობა განეკუთვნება საჯარო საქმიანობას. ასევე, მასში დასაქმებული პირები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. თ-ე არ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, სახეზე არ იყო მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტები, რომელთა არაკანონიერად მიჩნევის პირობებში, ასევე არსებობდა მოპასუხისთვის ვ. თ-ეის მიმართ 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო პენსიის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერთა ფულადი დანამატის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამასთან, მოსარჩელეს ასევე უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური სახელმწიფო პენსია შეწყვეტიდან მის აღდგენამდე პერიოდზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასპინძის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა