Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1068(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - შ. კ-ი, ნ. ჯ-ე, დ. ხ-ი, თ. გ-ი, კ. მ-ე, მ. ა-ე, კლ. მ-ე, დ. მ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 04 სექტემბერს შ. კ-ის, ნ. ჯ-ეის, დ. ხ-ის, თ. გ-ის, კ. მ-ეის, მ. ა-ეის, კლ. მ-ეის და დ. მ-ეის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო გასაცემლის, პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 11.04.2023 წლის N359419-2023/1 (დ. მ-ეის მიმართ), 25.07.2023 წლის N775028/2023/1 (შ. კ-ის მიმართ), N757630-2023/1 (ნ. ჯ-ეის მიმართ), N775076/2023/1 (თ. გ-იი), N776401/2023/1 (კ. მ-ეის მიმართ), 21.07.2023 წლის N757677-2023/1 (დ. ხ-ის მიმართ), N757664-2023/1 (კლ. მ-ეის მიმართ) და 19.07.2023 წლის N749595/2023.1 (მ. ა-ეის მიმართ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემის შესახებ, რომლითაც შ. კ-ის, ნ. ჯ-ეს, დ. ხ-ის, თ. გ-ის, კ. მ-ეს, მ. ა-ეს და კლ. მ-ეს 2023 წლის 01 აგვისტოდან, ხოლო დ. მ-ეს 2023 წლის 01 მაისიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

სარჩელის თანახმად, შ. კ-ი დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ...ად, ნ. ჯ-ე მრავალპროფილიანი ...ად, დ. ხ-ი - სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის გაზეთ „...ს" ...ად, თ. გ-ი - ...ად, კ. მ-ე - ...ის ...ად, მ. ა-ე - სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ...ის ...ად, კლ. მ-ე - ...ად, დ. მ-ე ...ის ...ად. ყველა მათგანი არის საპენსიო ასაკის, შესაბამისად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრს მიმართეს პენსიის დანიშვნის თხოვნით, რაზეც უარი ეთქვათ პენსიის დანიშვნაზე იმ დასაბუთებით, რომ მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციაში/საჯარო სამსახურში.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით შ. კ-ის, ნ. ჯ-ეის, დ. ხ-ის, თ. გ-ის, კ. მ-ეის, მ. ა-ეის, კლ. მ-ეის, დ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 2023 წლის 25 ივლისის N775028/2023/1 გადაწყვეტილება შ. კ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 2023 წლის 25 ივლისის N757630-2023/1 გადაწყვეტილება ნ. ჯ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 2023 წლის 21 ივლისის N757677-2023/1 გადაწყვეტილება დ. ხ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 2023 წლის 25 ივლისის N775076/2023/1 გადაწყვეტილება თ. გ-იისათვის სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 2023 წლის 25 ივლისის N776401/2023/1 გადაწყვეტილება კ. მ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 2023 წლის 19 ივლისის N749595/2023/1 გადაწყვეტილება მ. ა-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 2023 წლის 21 ივლისის N757664-2023/1 გადაწყვეტილება კლ. მ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრი) 2023 წლის 11 აპრილის N359419-2023/1 გადაწყვეტილება დ. მ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.

ამავე გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლითაც შ. კ-ის, ნ. ჯ-ეს, დ. ხ-ის, თ. გ-ის, კ. მ-ეს, მ. ა-ეს და კლ. მ-ეს 2023 წლის 01 აგვისტოდან, ხოლო დ. მ-ეს 2023 წლის 01 მაისიდან დაენიშნებათ სახელმწიფო გასაცემელი პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, კანონმდებლის მიზანია საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. თუმცა, საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია - მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ხელფასს იღებენ ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულებიდან. მიუთითა სსიპ ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის" დებულება, რომელიც დამტკიცებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 14.11.2022 წლის Nბ72.722985 ბრძანებით, კულტურის ცენტრის მიზნებს და ფუნქციას წარმოადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სასწავლო საგანმანათლებლო და კულტურულ შემეცნებითი მოღვაწეობის ხელშეწყობა, ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, სამუსიკო, ქორეოგრაფიული თეატრალური სასწავლო საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების (სკოლების, სტუდიების და სხვ) შექმნა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა.... სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა, სამეცნიერო - კვლევითი და კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.... თანამშრომლობა ყველა ტიპის შემოქმედებითი, სასწავლო - სამეცნიერო, საქმიან, პიროვნების კულტურული მომსახურებითა და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ დაწესებულებებთან, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი" წარმოადგენს განათლების (საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და სამეცნიერო კვლევით, სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას. კერძოდ, კულტურის ცენტრის საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად საფუძვლებით უდავოდ დგინდება დაწესებულების საქმიანობის საგანმანათლებლო (განათლების) სააღმზრდელო და სამეცნიერო - კვლევითი და სამუზეუმო საქმიანობის ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - „სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი" კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებებს. ამდენად, სსიპ ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი", სადაც მოსარჩელეები მუშაობენ - განათლების (საგანმანათლებლო) სააღმზრდელო, სამეცნიერო - კვლევითი და სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას წარმოადგენს. ამრიგად, მიიჩნია, რომ მოსარჩელეების სამუშაო ადგილი და განხორციელებული საქმიანობის მახასიათებლები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის დასახელებულ ნორმებს, რომლის მიხედვითაც კულტურულ სფეროში საქმიანობა საჯარო საქმიანობის განხორციელებად არ მიიჩნევა. ქუთაისის ,სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობა არ განიხილება საჯარო საქმიანობად, მათ კანონის შესაბამისად არ ეზღუდებათ უფლება მიიღონ სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად მიუთითა, რომ მათზე სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორის განმარტებით, შ. კ-ი, ნ. ჯ-ე, დ. ხ-ი, თ. გ-ი, კ. მ-ე, მ. ა-ე, კლ. მ-ე და დ. მ-ე დასაქმებულნი არიან სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. აღნიშნული კულტურის ცენტრი, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ჭიათურის სერვის ცენტრმა იხელმძღვანელა რა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით (რომელიც ადგენს, რომ პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება) და მათ უარი ეთქვათ მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: შ. კ-ი დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ...ად. მან 2023 წლის 24 ივლისს განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ასაკის პენსიის დანიშვნის თხოვნით რასთან დაკავშირებითაც სოციალური მომსახურების სააგენტომ 2023 წლის 25 ივლისს გამოსცა N775028/2023/1 გადაწყვეტილება შ. კ-ისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის მიზეზით.

ნ. ჯ-ე დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მრავალპროფილიანი ...ად. მან 2023 წლის 19 ივლისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრს მიმართა განცხადებით ასაკის პენსიის დანიშვნის თაობაზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2023 წლის 21 ივლისს მიღებულ იქნა N 757630-2023/1 გადაწყვეტილება ნ. ჯ-ეისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საჯარო სამსახურში მუშაობის მიზეზით.

დ. ხ-ი დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის გაზეთ „...ს" ...ად. მან 2023 წლის 18 ივლისს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრს ასაკის პენსიის დანიშვნის თხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრის მიერ 2023 წლის 21 ივლისს მიღებულ იქნა N757677/2023/1 გადაწყვეტილება დ. ხ-ისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საჯარო სამსახურში მუშაობის დასაბუთებით; თ. გ-იი დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ...ის პოზიციაზე. მან 2023 წლის 24 ივლისს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრს პენსიის დანიშვნის თხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2023 წლის 25 ივლისს მიღებულ იქნა N775076/2023/1 გადაწყვეტილება თ. გ-იისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თმის შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის დასაბუთებით.

კ. მ-ე მუშაობს სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ...ის ...ად. მან 2023 წლის 24 ივლისს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრს პენსიის დანიშვნის თხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2023 წლის 25 ივლისს მიღებულ იქნა N776401/2023/1 გადაწყვეტილება კ. მ-ეისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის დასაბუთებით.

მ. ა-ე დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ...ის ...ად. მან 2023 წლის 17 ივლისს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრს პენსიის დანიშვნის თხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2023 წლის 19 ივლისს მიღებულ იქნა N749595/2023/1 გადაწყვეტილება მ. ა-ეისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საჯარო სამსახურში მუშაობის დასაბუთებით.

კლ. მ-ე დასაქმებულია სსიპ მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ...ად. მან 2023 წლის 19 ივლისს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრს პენსიის დანიშვნის თხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2023 წლის 21 ივლისს მიღებულ იქნა N757664/2023/1 გადაწყვეტილება კლ. მ-ეისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საჯარო სამსახურში მუშაობის დასაბუთებით.

დ. მ-ე დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ...ის ...ად. მან 2023 წლის 04 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასაკის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვისცენტრის მიერ 2023 წლის 11 აპრილს მიღებულ იქნა N 359419/2023/1 გადაწყვეტილება დ. მ-ეისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო სამსახურში მუშაობის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.3 მუხლზე, რომლის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა - პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება, კანონით დადგენილ საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ საგამონაკლისო დაწესებულებათა რიცხვისადმი სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის კუთვნილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დებულებაზე, რომლის თანახმად, კულტურის ცენტრი არის ერთიანი კომპლექსი, რომელიც ახორციელებს პედაგოგიურ სწავლებებს, ხელს უწყობს კულტურული აზროვნების განვითარებას, ატარებს მუშაობას ახალგაზრდებთან შემოქმედებითი მოღვაწეობის ახალი ფორმების სრულყოფისათვის (1.7 მუხლი), კულტურის ცენტრის მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურულ - შემეცნებითი (ყველა ტიპის) დაწესებულების საქმიანობის კოორდინირება და მეთოდური დახმარების გაწევა (2.1 მუხლი), ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სასწავლო - საგანმანათლებლო და კულტურულ - შემეცნებითი მოღვაწეობის ხელშეწყობა (2.2 მუხლი), ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, მივიწყებული, ხალხური, ტრადიციული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კოლექტივის შექმნა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო, ქორეოგრაფიული, თეატრალური, სასწავლო - საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების (სკოლების, სტუდიების და სხვა) შექმნა და მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობა, პოლიგრაფიული, საგამომცემლო და საინფორმაციო საქმიანობის წარმართვა, კონცერტების, საღამოების, კონფერენციების, სემინარების, რიტუალების, გამოფენების, შოუ - პროგრამების მოწყობა (2.3 მუხლი), სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა, სამეცნიერო - კვლევითი და კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია (2.4 მუხლი). საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, სადაც შ. კ-ი, ნ. ჯ-ე, დ. ხ-ი, თ. გ-ი, კ. მ-ე, მ. ა-ე, კლ. მ-ე და დ. მ-ე მუშაობენ, მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე ეწევა საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამეცნიერო და სამუზეუმო საქმიანობას. ამდენად, არ არსებობდა მათთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მათი სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუშაობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას, რამეთუ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღნიშნული ცენტრის საქმიანობის ხასიათს ენიჭება და არა მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსს (იხ. სუსგ 22.10.20წ. Nბს-1273(კ-19); 26.04.23წ. Nბს-97(კ-23); 20.06.23წ. Nბს-1108(კ-21)).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი