საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-322(კ-24) 11 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 21 აპრილს ზ. კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზ. კ-ასთვის ქ. თბილისში, ...ს გამზირი ..., კორპუსი -ის მიმდებარედ (სართო ფართობი - 16.00 კვ.მ) მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 23 იანვრის №02 საოქმო გადაწყვეტილების, ასევე „მიწის ნაკვეთზე ზ. კ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ მოპასუხის 2023 წლის 13 თებერვლის №523 განკარგულების ბათილად ცნობა და კომისიისთვის მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ს გამზირი ..., კორპუსი 1-ის მიმდებარედ (საერთო ფართობი - 16.00 კვ.მ) ზ. კ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე 2005 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა მისი საცხოვრებელი სახლის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს გამზირი ..., კორპუსი ...-ის მიმდებარედ არსებული 16 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. მოსარჩელემ 2017 წლის 21 დეკემბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ზემოაღნიშნულ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია, რომელმაც თავის მხრივ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განხილვის მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა როგორც მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჯავშანის“ 2018 წლის 9 იანვრის კრების ოქმი, რომლებიც ადასტურებდნენ მის მიერ 2005 წლიდან უძრავის ქონებით სარგებლობის ფაქტს. მიუხედავად აღნიშნულისა, კომისიამ ზ. კ-ას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი ფართობითა და მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 13 თებერვლის განკარგულება №523 „მიწის ნაკვეთზე ზ. კ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ს გამზირი ..., კორპუსი -ის მიმდებარედ მდებარე 16.00 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ზ. კ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 13 თებერვლის №523 განკარგულებით ზ. კ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ს გამზირი ..., კორპუსი -ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 16.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობით, ფართობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღიარების კომისიის სადავო აქტში არ იყო გამოკვეთილი, კონკრეტულად, რა გარემოებებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდებოდა, მოხდა თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებაზე, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. გარდა ამისა, სამართალწარმოების პროცესში, არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია სადავო ტერიტორიის განაშენიანების გეგმა და პროექტი და იგი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებებით შემოიფარგლა სადავო ტერიტორიის ზონასთან და მისი განვითარების სამომავლო გეგმებთან (ზონის შესაძლო ცვლილება) დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ტერიტორია მოქცეული იყო საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ-2) ზონაში და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გამორიცხავდა აღნიშნულ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას, შესაბამისად დაუსაბუთებელი იყო თუ კონკრეტულად რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება, რაც ადასტურებდა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა მომხდარიყო იმის გარკვევა, სადავო ქონება დღეის მდგომარეობით ხომ არ წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას. ზ. კ-ა განმარტავდა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დანიშნულების ობიექტი იყო განთავსებული, რის შემდეგ განხორციელდა საცხოვრებელი ბინების განკერძოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, საქმის მასალების, ორთოფოტოების (აეროგადაღებების) და ფოტოსურათების საფუძველზე დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი ფართობითა და მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ტერიტორია მოქცეულია საზოგადოებრივ საქმიან (სსზ-2) ზონაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №14-39 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით დადგენილია განაშენიანების რეგულირების პარამეტრები, რომლითაც მიწის ნაკვეთის ფართობის მინიმალური ოდენობა უნდა იყოს 700 კვ.მ, სიგანე 20მ, სიღრმე 30მ. კომისია მიიჩნევს, რომ დასახელებული დადგენილებით დამტკიცებული პარამეტრები წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის დაზუსტებას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმები ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას საკუთრების უფლების აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკითხი სივრცითი დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით შეაფასოს.
კასატორის მოსაზრებით, მას არ ეკისრებოდა იმის ვალდებულება, რომ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი მატერიალურად წარმოედგინა, ვინაიდან ის ნორმატიულად იყო გაწერილი, დადგენილი იყო შესაბამისი პარამეტრები და მათი გაზიარება სავალდებულო იყო როგორც ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ასევე სასამართლოსთვის. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა არა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არამედ ნორმა იყო სრულად განსაზღვრული და ადგენდა შესაბამის საზღვრებს, ხოლო სასამართლომ თავი აარიდა კანონის განმარტებას და საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტა საკითხი.
კასატორმა ასევე არ გაიზიარა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ მოახერხა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან ობიექტი არ ექცეოდა ამხანაგობის წითელ ხაზებში და მიმდებარე ნაკვეთებზე სწორედ ამგვარად იყო რეგისტრირებული საკუთრებები. აღნიშნულის საპირისპიროდ კომისია განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მხოლოდ არასაცხოვრებელი შენობა და არა ავტოფარეხი, შესაბამისად მიმდებარედ რეგისტრირებულ ავტოფარეხებთან მისი შედარება იყო არარელევანტური. ამასთან, კომისიამ მიუთითა, რომ აღნიშნული ავტოფარეხების განკარგვა განხორციელდა ამხანაგობის კრების ოქმებით, ვინაიდან ისინი წარმოადგენდნენ ამხანაგობის საკუთრებას და ინდივიდუალურად განკარგეს შესაბამის პირებზე. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამხანაგობის კრების ოქმს ვერ ექნება მტკიცებულებითი ხასიათი, ვინაიდან ამხანაგობა ვერ დაადასტურებს მისი საზღვრების გარეთ არსებულ შენობა-ნაგებობებზე ვერანაირ ფაქტს და მას ვერ ექნება სამართლებრივი ძალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე ზ. კ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 23 იანვრის №02 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2023 წლის 13 თებერვლის №523 განკარგულების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად; კერძოდ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ხოლო დასახელებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც თავის მხრივ მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, ზ. კ-ამ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს გამზირი ..., კორპუსი ...-ის მიმდებარედ. აღნიშნული განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 იანვრის №... წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023წლის 23 იანვრის №02 ოქმით ზ. კ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ.თბილისი, ...ს გამზირი ..., კორპუსი ...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 16.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან იგი თავისი მდებარეობით, ფართობითა და კონფიგურაციით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის, ამდენად კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 13 თებერვლის №523 განკარგულებით ზ. კ-ას უარი ეთქვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. როგორც სადავო აქტით იკვეთება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ მომხდარა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ ფლობა-სარგებლობის საკითხის განხილვა, რასაც ადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოც.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2023 წლის 13 იანვრის №16-0123013609 წერილის თანახმად, მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.თბილისი, ...ს გამზირი ..., კორპუსი ...-ის მიმდებარედ, 16 კვ.მ., დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ-2) ზონაში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ სამართალწარმოების ეტაპზე, კომისიის წარმომადგენელმა ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, ვინაიდან სადავო ტერიტორია მოქცეული იყო საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ-2) ზონაში, თუმცა შემუშავებული იყო ერთიანი კონცეფცია, რომელიც დასახელებულ და მის მსგავს ტერიტორიებზე სამომავლოდ მოიაზრებდა სხვა ზონის მინიჭებას და სკვერის, მოედნის ან სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც გამორიცხავდა სადავო ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა წარმოდგენილი სადავო ტერიტორიის განაშენიანების გეგმა და პროექტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთი მხრივ არ იკვეთება კომისიამ სათანადოდ გამოიკვლია თუ არა წარდგენილი დოკუმენტაცია და თუ რა გარემოებებს დაეყრდნო იგი დასკვნის გაკეთების პროცესში, მეორე მხრივ კი, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სამომავლო განვითარების გეგმებთან დაკავშირებით არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. იმ პირობებში კი, როდესაც მიმდინარე მოცემულობით სადავო ტერიტორია მოქცეული იყო სსზ-2-ში, ზონის შესაძლო ცვლილებაზე (სკვერის, მოედნის ან სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება) მითითება, მისი სათანადო ფორმით დადასტურების გარეშე, არ ქმნიდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სათანადო საფუძველს. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით“ გათვალისწინებულ შეზღუდვებზე კასატორის მითითება ვრცელდება მიწის ნაკვეთის სამომავლოდ განაშენიანების პირობებზე, შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მათ შორის ადგილზე დათვალიერებით შესაფასებელია, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსების პირობებში, მითითებული ნორმატიული აქტით განსაზღვრული შეზღუდვის კონკრეტულ შემთხვევაზე გავრცელების მიზანშეწონილობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომ „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა“ (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინკვიზიციურობის პრინციპზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად, აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარების ორ ძირითად წინაპირობას - კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. აღსანიშნავია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია განსახილველ შემთხვევაში სათანადოდ არ დასტურდება მითითებული საფუძვლით (დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შეუსაბამობა) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონთან შესაბამისობა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებას ექვემდებარება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ მომხდარა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ ფლობა-სარგებლობის საკითხის განხილვა. ამდენად, ხელახალი განხილვის ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნაზე სამსჯელოდ, მათ შორის უნდა დადგინდეს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, ვინაიდან მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დანიშნულების ობიექტი იყო განთავსებული და შემდეგ მოხდა საცხოვრებელი ბინების განკერძოება, უნდა გამოიკვეთოს სადავო ქონება ხომ არ არის აღრიცხული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ან ხომ არ იკვეთება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი სხვა რომელიმე გარემოების არსებობა. ამდენად, ხელახალი წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ საკითხის სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის/შეფასების, შემდეგ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა