საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-502(კ-24) 18 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ჯ. კ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 2 მარტს ზ. კ-ამ სარჩელით, ხოლო 2023 წლის 21 მარტს და 2023 წლის 3 აპრილს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთზე ჯ. კ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 14 ივნისის №1166 განკარგულების ბათილად ცნობა და აღიარების კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ჯ. კ-ისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ასევე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 22 იანვრის №1/1-1791 ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით - 125 კვ.მ ფართის ნაწილში, ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ჯ. კ-ის სარჩელზე, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 2023 წლის 22 მარტის №1/1-1791 ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
წინამდებარე საქმეზე საბოლოო მოპასუხე მხარედ განისაზღვრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ხოლო საბოლოო სასარჩელო მოთხოვნებად ჩამოყალიბდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 14 ივნისის №1166 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სახელზე ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ 129 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე 2001 წლიდან ფლობს და სარგებლობს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთით მდებარე: ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, რომელზეც აშენებული აქვს შენობა-ნაგებობა. მოსარჩელემ 2014 წლის 7 თებერვალს, დასახელებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, 2022 წლის 25 თებერვალს კი წარადგინა დამატებითი განცხადება, რომლითაც დააზუსტა მოთხოვნა და დასახელებულ მისამართზე მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება დაზუსტებული ფართობით. აღიარების კომისიამ მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გაედინებოდა შპს „ჯ...ის“ ბალანსზე რიცხული ქსელები.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2023 წლის 24 თებერვალს მიმართა შპს „ჯ...ს“ და გამოითხოვა ინფორმაცია სადავო ქონების ნაწილზე გამავალი ქსელის შესახებ, რაზეც ეცნობა, რომ დასახელებულ ფართზე კომპანიის ბალანზე რიცხული წყალსადენ-წყალარინების ქსელები არ გაედინებოდა. აღნიშნული კი, მოსარჩელის მოსაზრებით, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ კომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს სრულყოფილად არ შეისწავლა საკითხი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. კ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 14 ივნისის №1166 განკარგულება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. კ-ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 14 ივნისის №1166 განკარგულებით უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს მე-... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 125 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში არსებულ შპს „ჯ...ის“ 2023 წლის 1 მარტის №OG23-0759087 წერილზე, რომლითაც ჯ. კ-ის ეცნობა, რომ ქალაქ თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 125 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 40 კვ.მ ფართზე, კომპანიის ბალანსზე რიცხული წყალსადენ-წყალარინების ქსელები არ გაედინებოდა. პალატამ ასევე მიუთითა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 2 მარტის №16-0122061837 წერილზე, რომლის თანახმად, სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განმეორებით განიხილა ..., მე-... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 125 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა საცხოვრებელი (სზ-6) ზონა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კერძოდ, 40 კვ.მ ფართზე, არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელი გარემოება, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია შპს „ჯ...ის“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის ქსელებისგან თავისუფალ ნაკვეთზე რამდენად იყო შესაძლებელი ჯ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარება.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ისე გამოსცა გასაჩივრებული აქტი, რომ სადავო საკითხი არ გამოუკვლევია სრულყოფილად, რაც მის მიერ მიღებული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს ქმნიდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საკითხის თავიდან განხილვის დროს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რა დროსაც უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ 40 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული წყალსადენის ქსელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და რეალურად არ არსებობდა მტკიცებულება და გარემოება, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესაძლოა დამატებით გამოკვეთილიყო.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში თავადვე აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო არაერთი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი, რაც არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიამ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ 40 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული წყალსადენის ქსელი. აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით, კასატორი ხაზს უსვამს, რომ განმცხადებელი საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა 125 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა მასზე განთავსებული შენობის კონტურს და სწორედ აღნიშნულ ნაკვეთზე იყო განთავსებული საზოგადოებრივი ინფრასტურქტურის ობიექტები, სასამართლოს მიერ მითითებული 40 კვ.მ კი წარმოადგენს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი 125 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის კონკრეტულ ფრაგმენტულ ნაწილს.
კასატორმა ასევე მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის -51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა მოპასუხეს ემსჯელა 40 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარებაზე იმ პირობებში, რომ განცხადებით მოთხოვნილ 125 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 40 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ერთი შენობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად; კერძოდ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ხოლო დასახელებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები. მსგავსი შინაარსის ჩანაწერს შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტიც, რომელიც თავის მხრივ მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული წესის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, დაინტერესებულ პირს კომისია უგზავნის წერილობით შეტყობინებას, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. თუ დაინტერესებული პირი საკუთრების უფლების აღიარების საფასურს გადაიხდის წერილობითი შეტყობინებით დადგენილი ოდენობით, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზეც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ. კ-იმა 2014 წლის 7 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 129 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. 2022 წლის 25 თებერვალს კი, ჯ. კ-იმა, კომისიას წარუდგინა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება, ქალაქ თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 125 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე. დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 14 ივნისის №1166 განკარგულებით ჯ. კ-ის უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სადავო განკარგულებით განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადიოდა მიწისქვეშა კომუნიკაციის, წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ: ..., ს/კ: ...). განკარგულებაში ასევე მითითებულ იქნა შპს „ჯ...ის“ 2022 წლის 4 მაისის №OG22-0634077 წერილზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გაედინებოდა შპს „ჯ...ის“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის ორი D-200 მმ-იანი და D=100 მმ-იანი ქსელი, ხოლო ნაკვეთის მიმდებარედ გაედინებოდა წყალარინების D=200 მმ-იანი ქსელი. ამავე წერილში, კომპანიამ მიუთითა რომ მიწის ნაკვეთზე შესაძლოა გაედინებოდეს სხვა, მესამე პირთა კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული წყალსადენ-წყალარინების ქსელები, რომელთა შესახებ კომპანია ინფორმაციას არ ფლობდა. აღნიშნული გარემოებები კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ერთი მხრივ საქმის მასალებში არსებულ შპს „ჯ...ის“ 2023 წლის 1 მარტის №OG23-0759087 წერილზე, რომლითაც ჯ. კ-ის ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 125 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 40 კვ.მ ფართზე, კომპანიის ბალანსზე რიცხული წყალსადენ-წყალარინების ქსელები არ გაედინებოდა, ხოლო მეორე მხრივ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 2 მარტის №16-0122061837 წერილზე, რომლის თანახმად, სააგენტომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განმეორებით განიხილა ..., მე-... მ/რ, კორპუსი №...-ის მიმდებარედ, 125 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდებოდა საცხოვრებელი (სზ-6) ზონა და კვეთდა ... საკადასტრო ერთეულს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კერძოდ, 40 კვ.მ ფართზე, არ დასტურდება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა და იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია შპს „ჯ...ის“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის ქსელებისგან თავისუფალ ნაკვეთზე რამდენად იყო შესაძლებელი ჯ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარება. ადმინისტრაციულ ორგანოს მათ შორის განმცხადებლისთვის არ მოუთხოვია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რათა ემსჯელა დარჩენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, აღიარების კომისიამ სადავო განკარგულება გამოსცა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე და მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების და კომისიისთვის დამატებითი გარემოებების გამოკვლევის, მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთის 40 კვ.მ-ზე წყალსადენის ქსელის არ არსებობის მხედველობაში მიღების შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა