Facebook Twitter

საქმე #ბს-729(კ-24) 24 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ე. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირი (ასკ 16.1) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 7 ნოემბერს ე. კ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ (1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 16 ოქტომბრის #1-1/499 ბრძანებისა და (2) ქალაქ თბილისში, ...ს ქ. #2-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3403 კვ.მ მიწის ნაკვეთის, #1 და #2 შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ოქტომბრის #1/1-2558 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, (3) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება და (4) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ე. კ-ისათვის (პ/ნ ...) ქალაქ თბილისში, ...ს ქ. #2-ის მიმდებარე 3403 კვ.მ ს.კ. ... საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლის ივლისიდან 2004 წლამდე იგი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მიმართულება „...ს“ ...ად. 2000 წლის 1 თებერვალს მან განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ს ჩიხში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული 0.7 ჰა ტერიტორიისა და მასზე განლაგებული ამორტიზებული შენობების გარემონტების მიზნით გამოყოფა, რამდენადაც მას თბილისში საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდა. 2000 წლის 20 მარტის #105 წერილის საფუძველზე, აღმოსავლეთ რეგიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ...ის - ... ნ. რ-ის მიმართვის საფუძველზე, ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო მას შეუთანხმდა და მისცა თანხმობა აღნიშნული ტერიტორიის მისი სახსრებით მოწყობაზე.

მოსარჩელის მითითებით, ზურგის მთავარი სამმართველოს ...ის - ა. ბ-ეის 2000 წლის 22 მარტის #3-8/110 წერილით ირკვევა, რომ შესაძლებელი იყო მისი განცხადების დაკმაყოფილება და მოთხოვნილი ტერიტორიის გადაცემა. აღნიშნულის თაობაზე, ...-...ის - თ. ლ-ას მიერ მომზადდა თავდაცვის მინისტრის სახელზე 2000 წლის 22 მარტს #3/6-65 წერილი. შესაბამისად, ამ წერილზე არსებობს მინისტრის - დ. თ-ეის რეზოლუცია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რამდენადაც ამ დროისათვის იგი იყო ...ს ერთადერთი სარდალი, თანხმობის წერილშიც ამიტომ არის აღნიშნული, რომ ფართი გადაეცეს ...ს სარდლობას.

მოსარჩელის მითითებით, 2000 წლის 24 მარტს გადმოსაცემი ქონება შეფასდა 3100 (სამი ათას ასი) ლარად. 2000 წლის 22 მარტის თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის - ...-... თ. ლ-ას წერილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შესაძლებლად მიიჩნია მისი განცხადების დაკმაყოფილება. 2002 წლის 19 თებერვალს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში გაგზავნილ იქნა #60 წერილი, რომლითაც სამსახურს ეცნობა, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კუთვნილი საბინაო ფონდი მიიღო თავდაცვის სამინისტრომ. 2002 წლის 12 სექტემბერს შედგა აქტი, რომლის საფუძველზეც, ...ს ოპერატიულ მიმართულებაზე სარგებლობაში იქნა გადაცემული ქალაქ თბილისში, ...ს ჩიხში არსებული შენობა-ნაგებობები და 0.7 ჰა მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, გაიცა უძრავი ქონების პასპორტი, რომელიც სწორედ მოსარჩელეს აქვს.

მოსარჩელის მითითებით, 2003 წლის 25 დეკემბერს მან განცხადებით მიმართა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს და ...ს ქ. #...-ში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა მოითხოვა.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ფართში იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა ოჯახთან - მეუღლესთან, შვილებთან და დედასთან ერთად. პოლიტიკური დევნის გამო, 2006 წელს იგი იძულებული გახდა საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასულიყო. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ფართი მან საკუთარი სახსრებით გაარემონტა იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ჰქონდა დაპირება ფართის საკუთრებაში გადმოცემის შესახებ, რამდენადაც იგი მსახურობდა თავდაცვის სამინისტროში და სხვა საცხოვრებელი ფართი მას არ გააჩნდა. თუმცა, მოსარჩელის მითითებით, სადავო ფართის მის საკუთრებად რეგისტრაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აყოვნებს.

2020 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში (მოხსნა მე-4 სასარჩელო მოთხოვნა).

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ე. კ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების ნაწილში, დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ამდენად, საბოლოოდ, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს (1) ქალაქ თბილისში, ...ს ქ. #2-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3403 კვ.მ მიწის ნაკვეთის, #1 და #2 შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ოქტომბრის #1/1-2558 ბრძანებისა და (2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 16 ოქტომბრის #1-1/499 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 16 ოქტომბრის #1-1/499 ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კანონით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ე. კ-ის საჩივართან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. კ-ის - როგორც ფიზიკურ პირს, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არასდროს წარმოშობია და აღნიშნული ტერიტორია თავის დროზე გადაეცა „...ს“ კონკრეტული მიზნობრიობით. ის გარემოება, რომ „...ს“ სარდლობა გამოთქვამდა საკუთარი სახსრებით ტერიტორიის მოწესრიგების სურვილს, არ წარმოადგენდა უძრავ ქონებაზე კერძო პირთა საკუთრების წარმოშობის საფუძველს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ე. კ-ის, როგორც ფიზიკურ პირს, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმური მოლოდინის საფუძველი არ გააჩნდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე საკასაციო საჩივრით ე. კ-იმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის გადაცემის თაობაზე იშუამდგომლა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საქმე უნდა განიხილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რამდენადაც იგი, თავისი შინაარსით, წარმოადგენს იშვიათ დავას. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო საცხოვრებელი ფართის გამოყოფის ფაქტი. აღნიშნულზე შედგა კიდეც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც დღემდე ძალაშია. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკვლეულა, თუ ვის მიერ იქნა აგებული შენობა-ნაგებობა, კეთილმოწყობილი მიმდებარე ტერიტორია და სხვა მრავალი გარემოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 16 ოქტომბრის #1-1/499 ბრძანებისა და (2) ქალაქ თბილისში, ...ს ქ. #2-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3403 კვ.მ მიწის ნაკვეთის, #1 და #2 შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ოქტომბრის #1/1-2558 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ე. კ-ის მიერ მთელი სამართალწარმოების მანძილზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთ რეგიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის 2000 წლის 20 მარტის #105 წერილი ან თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს „...ს“ ოპერატიული მიმართულების უფროსის 2000 წლის 1 თებერვლის #28 წერილი წარმოადგენს ე. კ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტს სადავო უძრავ ქონებაზე.

საგულისხმოა, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული ქონების გადაცემა ე. კ-იმა, როგორც „...ს“ ...მა, მოითხოვა და ამ ქონების გადაცემის მიზანი უნდა ყოფილიყო „...ს“ უბინაო ოფიცრებისათვის ფართის გამოყოფა. 2000 წლის 18 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით ოპერატიულ მიმართულება „...ს“ საექსპლუატაციოდ გადაეცა ...ს ჩიხში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ნაგებობები და ტერიტორია 0.7 ჰა ფართობით. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 19 ივლისის #179, 2004 წლის 29 დეკემბრის #403 და 2005 წლის 27 მაისის #180 ბრძანებების თანახმად, გაუქმდა ოპერატიული მიმართულება „...ს“ საშტატო ერთეულები. გაუქმებული საშტატო სტრუქტურების ბაზაზე ჩამოყალიბდა სამთო-მსროლელი რაზმი „...“, რომელიც, ასევე, გაუქმდა 2005 წლის 1 ივნისიდან. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მიმართულება „...ს“ გაუქმების შემდეგ, ზემოთმითითებული უძრავი ქონება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აღარ აღრიცხულა.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, „უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ოქტომბრის #1/1-2558 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ს ქ. #2-ის მიმდებარედ 3403 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ #1 და #2 შენობა-ნაგებობებზე (ს.კ. ...) 2017 წლის 11 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, დაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე მოითხოვოს სახელმწიფოს უფლების რეგისტრაცია, თუმცა აღნიშნულ მოქმედებას წინ უნდა უძღოდეს სარეგისტრაციო უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის სათანადო კვლევა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქ. #2-ის მიმდებარედ, 3403 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და #1 და #2 შენობა-ნაგებობებზე კერძო პირის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. როგორც ზემოთ აღინიშნა, „...ს“ გაუქმების შემდგომ, უძრავი ქონება აღრიცხული არ იყო არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ ე. კ-იმა აღნიშნული ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკითხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა, რაც, სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, მიუთითებს იმაზე, რომ განმცხადებელს - ე. კ-ის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნდა.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომელმაც ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ე. კ-ის, როგორც ფიზიკურ პირს, არასდროს წარმოშობია საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და აღნიშნული ტერიტორია, თავის დროზე, გადაეცა „...ს“ კონკრეტული მიზნობრიობით - „...ს“ უბინაო ოფიცრებისათვის ფართის გამოყოფისათვის.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ „...ს“ სარდლობა გამოთქვამდა ტერიტორიის საკუთარი სახსრებით მოწესრიგების სურვილს, არ წარმოადგენს უძრავ ქონებაზე კერძო პირთა საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. ამ კუთხით, მართალია, საკასაციო სასამართლო აცნობიერებს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე გაწეულ დანახარჯებთან მიმართებით, შესაძლოა, კასატორს გააჩნდეს კანონიერი ინტერესი, თუმცა ცხადია, ქონების გაუმჯობესებაზე უშუალოდ ე. კ-ის მიერ ხარჯის გაღების ფაქტი, პირველ რიგში, საჭიროებს სასამართლოს წინაშე სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებას. ამავდროულად, ხსენებული ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლებელია განსახილველი დავის ფარგლებში, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მოთხოვნილი უძრავი ქონების ე. კ-ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამდენად, კასატორს შესაძლებლობა აქვს, ეძიოს ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის საჭირო სხვა სამართლებრივი გზები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ე. კ-ის, როგორც ფიზიკურ პირს, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმური მოლოდინის საფუძველი არ გააჩნია.

აქვე, საკასაციო სასამართლო 2024 წლის 18 დეკემბერს ე. კ-ის წარმომადგენლის - ნუნუ შალამბერიძის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებასთან (#ბ-1814-24) დაკავშირებით, დამატებით განმარტავს, რომ მასში ასახული გარემოებები გავლენას ვერ იქონიებს განსახილველი საქმის შედეგზე, ვინაიდან მოცემულ დავაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, სადავო უძრავი ქონების კონკრეტული მიზნობრიობით „...ს“ სარდლობისათვის გადაცემის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოშობდა თუ არა მასზე უშუალოდ ე. კ-ის საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმურ მოლოდინს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მომავალში ყადაღის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ამონაწერში, კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, არ იქნა ასახული, მოცემულ საქმესთან მიმართებით ვერ გამოიწვევს განსხვავებული შედეგის დადგომას.

რაც შეეხება შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას), საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმისადმი დიდი ინტერესის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროების, იშვიათი სამართლებრივი პრობლემის არსებობის საფუძვლით საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა განეკუთვნება საქმის განმხილველი საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებულ, დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლო თავისი შეხედულებით განსაზღვრავს საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხს. საკასაციო პალატა დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის საჭიროებას წყვეტს არა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, არამედ - დამოუკიდებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, განსახილველ საქმეზე სადავოდ ქცეული სამართლებრივი საკითხის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში შუამდგომლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დავის გადაწყვეტისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. კ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე ო. თ-ეს (პ/ნ ...) 13.09.2024წ. #1843 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ო. თ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ე. კ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. კ-ის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ე. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;

4. ო. თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე. კ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 13.09.2024წ. #1843 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა