საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-83(კს-24) 16 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოსარჩელე - გ. კ-ი
მესამე პირი - შპს „ი...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - საქმეში მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-იმა 2022 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ 2022 წლის 12 იანვრის №... და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2022 წლის 11 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. კ-იმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
2023 წლის 17 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის წერილობითი შუამდგომლობა, რომლითაც განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა. მხარის განმარტებით, 2023 წლის 14 აგვისტოს მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ზედდება დადგინდა ... და ... სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის. ამასთან, ზედდება დადგინდა ტყის მასივის კონტურთან და გზასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმოადგენდნენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომელთა თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით (ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 2023 წლის 5 ივნისის „რეგისტრაციის შესახებ“ №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს და „თანამესაკუთრეების“ თანასაკუთრებაში (ს/კ ...). 2023 წლის 12 ივლისის „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დანიშნულებად მიეთითა სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეოს ნაცვლად. პალატის მოსაზრებით, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული რეგისტრაციები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულია სადავო აქტების გამოცემის შემდეგ და აპელანტის მიერ მოთხოვნილ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი არ წარმოადგენდა.
რაც შეეხება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმეში მესამე პირად ჩაბმის საკითხს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კვეთს გზას, რომელსაც მინიჭებული აქვს ასეთი სტატუსი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს უძრავ ნივთზე რეგისტრაციის გზით საკუთრების გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის უფლებამოსილება მინიჭებული. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებას, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სხვა ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე ან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორის არგუმენტაცია ტყის მასივის კონტურთან დადგენილ ზედდებაზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს გ. კ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ თანახმა იყო ზედდების კორექტირებაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებულ ...-ე ნაკვეთზე, ტყის მასივის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება (ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან) კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2023 წლის 14 აგვისტოს მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად, №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ზედდება დადგინდა ... და ... სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან. ამასთან, ზედდება დადგინდა ტყის მასივის კონტურთან და გზასთან. სააგენტოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ზედდების ნაწილში სახელმწიფოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკუთრების უფლება გაუქმებას (მიწის ნაკვეთის კორექტირებას) გამოიწვევს, რაც ცალსახად გულისხმობს მათი უფლების შეზღუდვას და შესაბამისად, ქმნის მათი საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმის წინაპირობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა, კონკრეტული გარემოებების არსებობისას, ვალდებულებაა. მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან საკუთარი კანონიერი ინტერესები, რომლებიც საქმეში არ არიან მოსარჩელე ან მოპასუხე მხარე, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მათ კანონიერ უფლებასა და ინტერესზე გავლენას მოახდენს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხ. 1-ლი ნაწ.) ან ისინი სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი არიან (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხ. მე-2 ნაწ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოში მესამე პირების აუცილებელ, სავალდებულო მოწვევას. მოწვევა სავალდებულოა, თუ მოსაწვევი მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას ახდენს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე. მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმა შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს ინიციატივით, თავად დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მოტივირებული განცხადების საფუძველზე. მესამე პირების მოწვევის სავალდებულო ხასიათი სახეზეა მაშინ, როდესაც მესამე პირი დაინტერესებულია პროცესის შედეგით და ამავდროულად იგი თავად არის გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის ადრესატი.
პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი ზემოქმედება, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირისათვის აღნიშნული პროცესუალური სტატუსის მინიჭება შესაძლოა მხოლოდ იმ პირობებში, თუ ის არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს სამართლებრივი ინტერესების დაცვა, საქმის ყოველმხრივი განხილვა, ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნება და სამართლებრივი უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობა მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტთან მიმართებაში გამოიხატება იმით, რომ ერთი სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრება რამდენიმე ურთიერთობის შინაარსი, მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე ურთიერთობის შინაარსს განსაზღვრავს, პრეიუდიციული დანიშნულება აქვს. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ჩაბმისას სახეზეა მესამე პირთა როგორც სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მათთვის გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ხსენებული ადმინისტრაციული ორგანოები არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ 2022 წლის 12 იანვრის №... გადაწყვეტილებაში, მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ სარეგისტრაციო ობიექტი არ აკმაყოფილებს თვითნებურად დაკავებული მიწისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აზომილ სარეგისტრაციო ობიექტზე, რომელიც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა და არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. ამდენად, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი არ წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სავალდებულო მესამე პირებად საქმის განხილვაში მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზემოქმედებას მოახდენს მათ სამართლებრივ ინტერესზე, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები. მესამე პირების მოწვევის სავალდებულო ხასიათი სახეზეა მაშინ, როდესაც მესამე პირი დაინტერესებულია პროცესის შედეგით და ამავდროულად იგი თავად არის გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის ადრესატი, რაც არ დასტურდება მოცემულ საქმეში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად საქმეში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩაბმის შესახებ შუამდგომლობა. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი