№ბს-355(კ-23) 11 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლს განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ...“, მესამე პირი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „კ...ის“ მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს - შპს „კ...ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 9 372,29 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 იანვრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აგვისტოს განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 28 მაისის №02-241/მ ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „ხ...ში“ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების ინსპექტირება. რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის აქტით მიმწოდებელს დაეკისრა ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას სადავოდ არ გაუხდია. ამის შემდეგ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 10 აგვისტოს №04/48636 წერილით კლინიკას ეთხოვა შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევებით მოთხოვნილი თანხის - 9 372,29 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
შპს „კ...ის“ წარმომადგენელი სადავოდ ხდის რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის შემოწმების აქტის ჩაბარების ფაქტს და სწორედ ზემოაღნიშნული გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლო უთითებს, რომ არ დასტურდება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის აქტის უფლებამოსილ პირზე ჩაბარების ფაქტი, ვინაიდან აქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მხარეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 9 372,29 ლარის ანაზღაურება, ჩაბარდა ლ. დ-ის, რომელიც მოცემულ პერიოდში (2012 წლის 27 აპრილიდან) აღარ წარმოადგენდა საწარმოს დირექტორს. საწარმოს დირექტორი აღნიშნულ პერიოდში იყო თ. შ-ე.
კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და უარყოფილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, ის ფაქტი, რომ შემოწმების აქტზე დირექტორად და პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია, სწორედ ლ. დ-ი. ინსპექტირების პროცესში კომისიას სისტემატურად დირექტორის სახელით განმარტებებს აძლევდა ლ. დ-ი და ინპექტირების დასრულებისას, სწორედ მან განიხილა შესაბამისი აქტი. მანვე, როგორც დირექტორმა, აღნიშნული აქტი დაადასტურა ხელმოწერით. ამდენად, კომისიას არ ჰქონდა ეჭვის შეტანის საფუძველი დაწესებულების პასუხისმგებელი პირების ვინაობასა და მათი ხელმოწერების ვალიდურობასთან დაკავშირებით. ეს საკითხი მოპასუხესაც არ გაუხდია სადავოდ და მხოლოდ შესაგებელში უთითებს, რომ ლ. დ-ი არის 2012 წლის 6 ივნისის შემოწმების აქტზე ხელმომწერი პირი. ამასთან, შპს „ხ...“ სსიპ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთან, რომლის სამართალმემკვიდრესაც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, იყო სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ნებისმიერ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარეები ვალდებულები არიან შეატყობინონ ერთმანეთს ცვლილებების თაობაზე, მით უფრო, დირექტორის ცვლილების საკითხი.
კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებს აქტის კანონიერებაზე არ უმსჯელიათ. ამასთან, მოპასუხეს აქტი სადავოდ არ გაუხდია არც მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 28 მაისის №02-241/მ ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „ხ...“-ში (მის: ..., ...ს ქ. №...) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების ინსპექტირება. კომისია მუშაობდა 2012 წლის 30 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით. საინსპექციო პერიოდი: 2009 წლის პირველი აპრილიდან 2011 წლის პირველ დეკემბრამდე. აქტში აღნიშნულია, რომ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები: 1. დაწესებულებაში არ იყო სრულყოფილად დაცული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის დანართი №19-1-ის მოთხოვნები. კერძოდ, დაწესებულებას არ გააჩნდა სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების ნუსხიდან ორი მედიკამენტი, რის გამოც გამოყენებულ იქნა ხელშეკრულების 11.4 პუნქტი, რომლის მიხედვით, „2009-2010წწ. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის“ თანახმად მიმწოდებელი შემსყიდველს უხდის ჯარიმას დარღვევის ცალკეულ პუნქტებზე პროგრამით (კომპონენტით, ქვეკომპონენტით) შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 1%-ის ოდენობით“. 2009 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 1 მარტამდე პერიოდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამით მოთხოვნილი თანხის (367927,80 ლარი) 1% შეადგენს 3679,27 ლარს, რაც ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას. 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრებოდა აღნიშნული პროგრამით 2011 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 1 დეკემბრამდე საინსპექციო პერიოდში თითოეულ თვეზე თვის ლიმიტით (პროგრამით, საწვავის გარეშე) გათვალისწინებული თანხის (2567,80 ლარი) 2%-ის ოდენობით - 251, 34 ლარით. 2011 წლის მარტიდან 2011 წლის დეკემბრამდე აღნიშნული მიზეზის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 2262,06 ლარი. სულ საინსპექციო პერიოდში 2009 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის დანართი №19-1-ის მოთხოვნების სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 5941,33 ლარი; 2. რიგ შემთხვევაში გამოვლენილია გამოძახებები ადმინისტრაციულ ფარგლებს გარეთ. „გამოძახების ბარათების“ და ოპერატორის „სარეგისტრაციო ჟურნალების“ მონაცემების მიხედვით, სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ ადმინისტრაციულ ფარგლებს გარეთ შესრულებულ გამოძახებებზე გარბენილია - 9750 კმ. საწვავის ხარჯის და ფასის გათვალისწინებით აღნიშნულ შემთხვევებზე გახარჯულია 3430,96 ლარი, რაც აღსადგენია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. კომისიამ დაასკვნა, რომ საინსპექციო პერიოდში 2009 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 1 დეკემბრამდე შპს „ხ...“-ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა სულ 9372,29 ლარი (ს.ფ 12-15); ბ) დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის აქტს ხელს აწერს ლ. დ-ი, როგორც შპს „ხ...“-ის დირექტორი (ს.ფ 12-15); გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 10 აგვისტოს №04/48636 წერილით შპს „ხ...“-ს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაევალა დაებრუნებინა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაწეული მომსახურების ფარგლებში, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის მიერ შემოწმებისას გამოვლენილი ხელშეკრულების პირობების დარღვევით ზედმეტად მოთხოვნილი თანხა 9372,29 ლარის ოდენობით. დაწესებულებას ეთხოვა აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენა ერთი თვის ვადაში (ს.ფ 11); დ) 2011 წლის 3 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „ხ...“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: ...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 27.04.2005წ.) დირექტორს წარმოადგენს ლ. დ-ი (ს.ფ 48-49); ე) 2012 წლის 27 აპრილს მომზადებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „ხ...“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: ...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 27.04.2005წ.) დირექტორს წარმოადგენს თ. შ-ე (ს.ფ 50-51); ვ) 2015 წლის 4 მარტს მომზადებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, საიდენტიფიკაციო კოდით ..., შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „კ...“. ამონაწერით ასევე დგინდება, რომ საწარმოს მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო (ს.ფ 16-17).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „კ...ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 9 372,29 ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებით დამტკიცებულ „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე“ რომლის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას, ხოლო დაწესებულება ვალდებულია სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის აქტით შპს „ხ...“-ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა განისაზღვრა სულ 9372,29 ლარის ოდენობით. 2012 წლის 6 ივნისის აქტს ხელს აწერს ლ. დ-ი, როგორც შპს „ხ...“-ის დირექტორი, თუმცა დადგენილია, რომ აღნიშნულ პერიოდში კომპანიის დირექტორს წარმოადგენდა არა ლ. დ-ი, არამედ თ. შ-ე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუმენტი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების მოთხოვნებს. ლ. დ-ი, რომელიც ხელს აწერს 2012 წლის 6 ივნისის აქტზე, მითითებულ პერიოდში არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს, ამასთან, საქმის მასალებით არც მისთვის სათანადო უფლებამოსილების მინიჭებაა დადასტურებული. აგრეთვე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ლ. დ-ი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი არც კომპანიის ინსპექტირების პერიოდში (2012 წლის 30 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით) არ ყოფილა. 2012 წლის 27 აპრილიდან კომპანიის დირექტორი თ. შ-ე იყო. კასატორი კი განმარტავს, რომ ინსპექტირების პროცესში კომისიას სისტემატურად დირექტორის სახელით განმარტებებს აძლევდა ლ. დ-ი, რაც ეჭვქვეშ აყენებს ინსპექტირების პროცესში მოპასუხის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ჩართულობის საკითხს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობდა 2012 წლის 6 ივნისის აქტიდან გამომდინარე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 04.05.2023წ. №13290 და 27.06.2023წ. №18306 საგადახდო მოთხოვნებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 468.61 ლარის 70% - 328.03 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია